დადგა დრო, როცა საქართველოს უძველეს მადლმოსილ ეკლესიას მიეცა საშუალება, გამოუშვას თავისი ჟურნალი. ისეთი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე, დამოუკიდებელი სამოციქულო ეკლესია როგორიც ჩვენია, წარმოუდგენელია ბეჭდვითი ორგანოს გარეშე.
ბოლო ათეული წლების განმავლობაში საქართველოში აღარ გამოდიოდა საეკლესიო ჟურნალი, მაგრამ ფიქრი და ზრუნვა მასზე არასოდეს შეწყვეტილა.
დღეს კა ვმადლობთ უფალსა ჩვენსა, განმგებელსა და მწყალობელს, რომ გვიკურთხა ამ ოცნების განხორციელება.
მე მინდა, მოკლედ მოვახსენო ჩვენს საყვარელ სამწყსოს, ჩვენს მკითხველებს, თუ რა მიზნებს ისახავს ეს ჟურნალი.
უპირველეს ყოვლისა, თვით სახელწოდება „ჯვარი ვაზისა“ უკვე მეტყველებს იმაზე, რომ ჟურნალი უმთავრესად შეეხება ჩვენი ეკლესიისა და იმ ერის სულიერ ცხოვრებას, რომელიც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ეზიარა ქრისტეს მოძღვრებას და რომელსაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა უბოძა ჯვარი ვაზისა, როგორც სიმბოლო ძლევისა და სულიერი ამაღლებისა. ამ ჯვარმა უმძიმეს საუკუნეებში გამოატარა ჩვენი ქვეყანა, რამეთუ ცნება „ქრისტიანისა“ და „ქართველისა“, თავისი ღმერთისა და მშობელი მიწის ერთგული, მუსულმანურ სამყაროში მოქცეული მცირე, მაგრამ სულით ძლიერი ერისთვის სინონიმად იყო ქცეული.
ქრისტეს ჯვარმა საქართველო დაღუპვისაგან გადაარჩინა... ჯვარი ვაზისა უწმიდესი სიმბოლოა ჩვენი ერის მიერ განვლილი დიდი სახელოვანი გზისა... მისი რწმენისა და სასოებისა...
მრავალი უძვირფასესი საგანძური ჩაკარგულა ჩვენი ქვეყნის ძნელბედობის ისტორიაში... ბევრი ცეცხლს დაუწვავს, ბევრი წყალს წაუღია... ჯვარი ვაზისა კი გადარჩა... სხვანაირად წარმოუდგენელიც იყო... იგი ხომ საქართველოს მფარველია...
ჟურნალს, როგორც წესი, ექნება ოფიციალური ნაწილი, სადაც გამოქვეყნდება საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის დადგენილებანი. ადგილი დაეთმობა მიწერ-მოწერას სხვა ეკლესიების პატრიარქებთან და მამათმთავრებთან.
საღვთისმეტყველო განყოფილებაში, რომელიც ჟურნალში უსათუოდ ფართო ადგილს დაიჭერს, ჩვენ შევეხებით დოგმატური და ძირითადი ღვთისმეტყველების მთავარ საკითხებს: ღმერთი, წმიდა სამება, ზეციური სამყარო, რწმენა და ადამიანი, ძალა და მატერია, პატროლოგია, ასკეტიზმი, წმიდა მამათა ცხოვრებანი და სხვა.
ჩვენი მიზანია, ავუხსნათ მკითხველს, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისათვის სულიერ მოღვაწეობას, რა საშუალებანი არსებობს ღმერთსა და ადამიანს შორის სულიერი კავშირის დამყარებისათვის.
ჟურნალში ფართო ადგილი დაეთმობა ქართული ეკლესიის ისტორიას, მისი მდიდარი ტრადიციების გაშუქებას, ერისა და ისტორიის ღირსშესანიშნავ საკითხებს.
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია მშვიდობის საკითხი. მეცნიერებისა და ტექნიკის უდიდესი. მიღწევების ხანაში კაცობრიობამ ისეთი სრულყოფილი და საშიში იარაღი დააგროვა, რომელსაც შეუძლია მოსპოს სიცოცხლე დედამიწაზე. განა შეიძლება ასეთ შემთხვევაში, ეკლესია მხოლოდ მაყურებლის როლში იყოს და არ აღიმაღლოს ხმა მშვადობის დასაცავად?
ქართული ეკლესია, ისევე როგორც ქართველი ერი, მუდამ მშვიდობის სადარაჯოზე იდგა. ასე იქნება მომავალშიც და ყოველივე ეს ასახვას პოვებს ჩვენს ჟურნალში.
ჟურნალი ფართოდ გააშუქებს საქართველოს ეკლესიის კავშირს სხვა ქვეყნების ეკლესიებთან.
ყურადღება დაეთმობა საკითხებს, რომლითაც დაინტერესებულია ჩვენი საზოგადოება. იქნება ეს ძველი ქართული ენის სწავლება, ტაძრებისა და მონასტრების დაცვა და რესტავრაცია, ძველი ქართული საგალობლების აღდგენა, ფრესკული მხატვრობა, თუ სხვა მრავალი...
საქართველოს საპატრიარქო მადლობის გრძნობით მიიღებს ჩვენი მკითხველის შენიშვნებსა და წაბადადებებს.
მე ღვთისგან მონიჭებული მადლით ვლოცავ ჩვენს ახალ ჟურნალს და შევთხოვ უფალს: - „ჯვარი ვაზისამ“ შეასრულოს ის მისია, რომელიც მას ეკისრება.
განსაკუთრებული ღვთაებრივი სიყვარულით ვლოცავ ჩვენს მკითხველს, ღვთივდაცულ ჩვენს ქართველ ერს და ვუსურვებ მას სულიერ და ფიზიკურ ძლიერებას.
„აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ამინ!
1978 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.