სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა! დღეს დიდი დღესასწაულია - კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და ყოველთა ზეციურთა ძალთა. ეს დღე დღესასწაულია აგრეთვე ჩვენი მფარველი ანგელოზებისა, რომელიც ღვთისაგან ნათლობისას გვეძლევა და ამიტომ განსაკუთრებულია ყოველი ჩვენგანისათვის. ბიბლიის დასაწყისში ვკითხულობთ: დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი. წმიდა მამების განმარტებით, როცა მოსე წინასწარმეტყველი ცისა და ქვეყნის შექმნის შესახებ ლაპარაკობს, „ცაში“ ზეციურნი ძალნი იგულისხმებიან; ე.ი. სანამ მატერიალური სამყარო, დედამიწა და სხვა პლანეტები შეიქმნებოდა, უფალმა ზეციური, სულიერი სამყარო შექმნა. იერარქიული განსხვავება ზეციურ ძალთა შორისაც არსებობს, კერძოდ, როგორც ვიცით, არსებობს ცხრა დასი წმიდათა ანგელოზთა, რომელთაც მთავარანგელოზი მიქაელი მეთაურობს. მთავარანგელოზ მიქაელს მიეცა ღვთისაგან განსაკუთრებული ძალა ბოროტი სულის - ეშმაკის დათრგუნვისა.
არა მარტო სამყარო, არამედ ყოველი ადამიანის გულიც ასპარეზია განსაკუთრებული ბრძოლისა სიკეთესა და ბოროტებას შორის, რის შედეგადაც ადამიანი თითქოს ორადაა გაყოფილი; ერთი შინაგანი ხმა რომ სიკეთის ქმნისაკენ მოუწოდებს, მეორე მას სრულიად საპირისპიროს შეაგონებს, ჩვენი მოვალეობა ისაა, რომ ამ ბრძოლაში სიკეთეს გავამარჯვებინოთ, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სულიერი სამყაროს განწმენდას შევძლებთ. სწორედ ამ სულიერ განწმენდაში ეხმარებიან ადამიანებს ზეციურნი ძალნი.
დღეს განსაკუთრებით უნდა შევსთხოვოთ ზეციურ ძალებსა და წმიდა მთავარანგელოზ მიქაელს, რომ ღმერთმა მათი ლოცვით ხილული და უხილავი მტრებისაგან განათავისუფლოს და იხსნას არა მხოლოდ ყოველი ჩვენგანი, არამედ სრულიად საქართველო. ჩვენ უნდა შევსთხოვოთ დღეს მთავარანგელოზ გაბრიელს, რომელიც მახარებელია, სიხარული და მშვიდობა მოუტანოს საქართველოს და ის სიყვარული დაგვიბრუნოს, რომელიც ჩვენ წინაპრებს ჰქონდათ. ჩვენ უნდა შევთხოვოთ მთავარანგელოზ რაფაელს აწ და მარადის თანამგზავრი იყოს საქართველოსი და ყოველი ადამიანისა. ჩვენ უნდა ვთხოვოთ ჩვენს მფარველ ანგელოზებს, მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა და ცოდვებისა, არ გაგვშორდნენ და ამ რთულ ცხოვრებაში გვიწინამძღვრონ.
უფალი იესო ქრისტე მოგვიწოდებს ჩვენ, რომ ისევე სრულყოფილნი ვიყოთ, როგორც მამა ჩვენი ზეციური სრულყოფილ არს. ეს პროცესი სრულყოფისა დაუსრულებელია. ადამიანი, რომელიც სულიერ კიბეზე ასვლას დედამიწაზე იწყებს, ამ სვლას იმ ქვეყანაშიც აგრძელებს, ასევე ადამიანი, რომელიც აქ ეცემა, იმ ქვეყნადაც ეცემა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი აქაური ყოფა გამოცდაა ყოველი ჩვენგანისა და ამ გამოცდის არა მხოლოდ ატანა, არამედ ჩაბარებაც გვევალება. ჩვენს გართულებულ ცხოვრებაში წამოჭრილმა პრობლემებმა არ უნდა შეგვაშინოს, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს მდგომარეობა, რომელსაც გამოსავალი არ ჰქონდეს. ამიტომ არავითარი გამართლება არა აქვს იმ ადამიანს, რომელიც სასოწარკვეთილებას ეძლევა და ყველაზე მძიმე ცოდვას - თვითმკვლელობას სჩადის. ამ შემთხვევაში იგი სულს თავისი ნებით აძლევს ეშმაკს და მას ვერავითარი ლოცვა ვეღარ იხსნის, მით უმეტეს, რომ მისთვის ლოცვაც კი არ შეიძლება.
ამცხოვრებისეულ მძიმე განსაცდელთა დაძლევაში, სულიერ განწმენდასა და ფერისცვალებაში გვეხმარებიან ჩვენ სწორედ მთავარანგელოზი მიქაელი და ზეციურნი ძალნი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოროტებასთან ბრძოლის განსაკუთრებული ძალა მთავარახგელოზ მიქაელს აქვს. ალექსანდრიის ერთ-ერთი პატრიარქი გვირჩევს, რომ თუ გვსურს ბოროტი ძალებისაგან დაცულნი ვიყოთ, ჩვენი სახლის ოთხივე კუთხეში უნდა მოვათავსოთ წარწერა წმიდაო მთავარანგელოზო მიქაელ, დამიცევ და დამიფარე მე, დაიცევ და დაიფარე ჩვენი ოჯახი. იმ არეულობის მიზეზი, რომელსაც ჩვენ დღეს საზოგადოებასა და ოჯახებში ვხედავთ, ბოროტი ძალების სიმძლავრეა, ძალიან ხშირად ადამიანები თვითონ იხმობენ ამ ბოროტ ძალებს საზოგადოებაზე ამაო გამარჯვების მოსაპოვებლად. თავიანთი ბოროტი მიზნების განსახორციელებლად ისინი შავ მაგიას იყენებენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ უკვე მიჰყიდეს სული ეშმაკს. ვინც ამ დამღუპველ გზას აირჩევს, მან ჯერ ყველაზე დიდი სიწმინდე უნდა შეურაცხყოს, რის შედეგადაც ეშმაკი ძალას აძლევს, მაგრამ ეს ძალა არა მხოლოდ დამანგრეველია, არამედ ამაოცაა, როგორც კი მას ღვთის ჭეშმარიტი რწმენა დაუპირისპირდება. ამიტომაც გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე და აუცილებლად გვჭირდება შემწეობა ზეციური ძალებისა - მთავარანგელოზ მიქაელისა და ჩვენთა მფარველთა ანგელოზთა.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. წმიდა მთავარანგელოზი მიქაელი და ყოველნი ზეციურნი ძალნი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს ხილულსა და უხილავ მტრებთან ბრძოლაში, ამინ.
21 ნოემბერი, 1993 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.