სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ძვირფასო ძმანო და დანო!
უპირველეს ყოვლისა, ვმადლობ უფალს, რომ ვიმყოფები თქვენს ქვეყანაში და საშუალება მაქვს ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე პირისპირ გესაუბროთ.
მინდა წინასწარ გაგაფრთხილოთ, რომ არაფერს ახალს არ გასწავლით, არამედ მხოლოდ გაგახსენებთ ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების ზოგიერთ საწყისს და ამ სულიერი საკითხებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას გაგიზიარებთ.
თქვენ იცით, რომ საქართვვლოს ეკლესია ერთ-ერთი უძველესია ქრისტიანულ ეკლესიათა შორის და წმიდა მოციქულების, ანდრია პირველწოდებულისა და სიმონ კანანელის მიერაა დაარსებული.
სამწუხაროდ, ზოგიერთი თქვენგანი ნაკლებად იცნობს მართლმადიდებელ ეკლესიას, კერძოდ ჩვენს ეკლესიას და ისეთი წარმოდგენა აქვს, თითქოს იგი კონსერვატული, ხალხისაგან მოწყვტილი და ჩაკეტილია, რაც არ არის სწორი. ჩვენთან მრევლი ძალიან ახლოს დგას მოძღვართან და მოძღვარი ხალხთან. თანდათანობით დიდ მასშტაბებს იძენს მისიონერული მოღვაწეობა, გაჭირვებულ ადამიანთათვის დახმარება. ახლახანს საქართველოს საპატრიარქოსთან დაარსდა საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური დახმარების საერთაშორისო ფონდი. ჩვენ შესაძლებლობისამებრ ვეხმარებით ყველას, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. ფუნქციონირებს უფასო სასადილოები, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ლტოლვილებს, მოხუცებულთა თავშესაფრებს, ბავშვთა სახლებს, საავადმყოფოებსა და ციხეებს.
კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ უკვე ორი წელია საპატრიარქოსთან არსებობს ახალგაზრდული ცენტრი „ძლევაი“, რომელშიც გაერთიანდა საქართველოში არსებული თითქმის ყველა ახალგაზრდული ორგანიზაცია. „ძლევაი“ ცდილობს ქრისტიანული სარწმუნოება განამტკიცოს ერში, განსაკუთრებით მოზარდ თაობასა და სტუდენტებს შორის,
მიუხედავად გაწეული მუშაობისა, გასაკეთებელი ძალიან ბევრია, მითუმეტეს დღეს, როდესაც ასე დაძაბულია ვითარება მთელს მსოფლიოში, როცა ყველა გრძნობს, რომ კაცობრიობა საბედისწერო ზღვრისაკენ მიექანება, რომლის იქით უფსკრული და დაღუპვაა.
დღეს ხშირად ლაპარაკობენ სხვადასხვა სახეობის დეფიციტზე დეფიციტი რწმენისა, ენერგორესურსებისა და მრავალი სხვ. მე მიმაჩნია, რომ ყველაზე დიდი დეფიციტი მსოფლიოში არის სიყვარულისა. ერთი ინდური სიმღერა ასე იწყება: „დაცარიელდა ტაძარი სიყვარულისა“. ეს სიტყვები ზუსტად შეესაბამება ჩვენს ყოფას.
რა ხდება?
ადამიანი თითქოს დგას განვითარების გზაზე, სოციალურ ცხოვრებაში, მეცნიერებაში და ტექნიკაში გადადგმულია უზარმაზარი ნაბიჯები, ხოლო სულიერებაში და ზნეობაში მოხდა დეგრადირება; ირღვევა ოჯახი, ირღვევა ნორმალური ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის, ადამიანთა შორის. თქვენ ალბათ დამეთანხმებით, რომ მიზეზი ერთია. პიროვნება დაშორდა უფალს, რომელიც, წმიდა იოანე ღვთისმეტყველის თქშით, არის სიყვარული, დაუსაბამო და დაუსრულებელი, როგორც თვით ღმერთი.
სამწუხაროდ, დღეს ძალიან უხეში და აგრესიული გახდა ადამიანი, სიყვარულის მაგივრად მასში შური, სიძულვილი, მოუთმენლობა, ეგოიზმი ბუდობს. ასეთი ცხოვრებით იგი, უპირგელეს ყოვლისა, ანგრევს თავის სულიერ ტაძარს და შემდეგ კი სიძულვილს განავრცობს გარშემო მყოფ ადამიანებზეც. ამგვარი ადამიანის მიზანი მტრობისა და შუღლის თესვა ხდება.
ერთხელ ჩემთან მოვიდა ერთი ქალბატონი და მითხრა, რომ მას ჰყავს ქალიშვილი, რომელიც გათხოვდა, ეყოლა შვილები და რომლის ოჯახიც ამ ქალმა თავისთან შეიფარა. დედას და სიძე-ქალიშვილს შორის უკმაყოფილება თანდათან სიძულვილში გადაიზარდა. ბოლოს ამ ქალბატონს მათ სახლის დატოვება მოსთხოვეს. კითხვაზე, თუ სად წასულიყო? უპასუხეს - ეს ჩვენი საქმე არ არისო, თან დაემუქრნენ, თუ არ წავიდოდა, ფანჯრიდან გადააგდებდნენ და გამოაცხადებდნენ, თითქოს თავი მოიკლა.
რამდენიმე ღამე ამ ქალბატონმა რკინიგზის სადგურში გაატარა. შემდეგ მოეწყო სასამართლო დედასა და შვილს შორის. პროცესს ოჯახის ყველა წევრი ესწრებოდა. როცა ბავშვებს ბებიის შესახებ აზრი ჰკითხეს, დედისგან დარიგებულებმა თქვეს: ბებია ფსიქიურად ავადმყოფია, ჩვენ არ გვინდა მასთან ცხოვრებაო. ეს ქალი კი სრულიად ჯანმრთელი იყო.
ყველაზე საშიში არის ის, როცა ჩვენ ჩვენი ნებით ვდგებით ბოროტების მხარეს, როცა ჩვენი ენერგია არ ეწინააღმდეგება მას.
არანაკლები ცოდვაა ინდიფერენტიზმი, განურჩევლობა, გულგრილობა, ნელთბილობა, ეს სენი XX საუკუნის დაავადებაა და ფრიად საძულველ არის წინაშე უფლისა.
ხშირია შემთხვევებიც, როცა ადამიანი ოფიციალურად ეკუთვნის ამა თუ იმ ეკლესიას, ესწრება წირვა-ლოცვებს, მაგრამ მისი გული და გონება მაინც შორსაა ღვთისაგან და ჭეშმარიტებისაგან. ამიტომაც იგი თავისუფალ ნებისყოფას თავისივე თავის საწინააღმდეგოდ იყენებს, უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლება განუყოფელია ჭეშშარიტებისაგან. „სცნათ ჭეშმარიცი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ“ (იოანე. 8,32) - ბრძანებს უფალი. წმიდა პავლე მოციქული გვაფრთხილებს: „თქვენ ძმებო, თავისუფლებისათვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს“ (გალატ, 5,13) სამწუხაროდ, კაცობრიობა დღეს ძირითადად ხორცის საამებლად ზრუნავს, მოყვასისა და ღვთის სიყვარულზე ნაკლებად ფიქრობს, თუმცა, მადლობა ღმერთს. უანგარო თავდადებული სიყვარულის მაგალითებიც არაერთია ჩვენს გარშემო.
გავიხსენებ ორ ფაქტს ჩვენი ცხოვრების სულ ახლო წარსულიდან:
თქვენ იცით, ქართველმა ხალხმა მძიმედ განიცადა აფხაზეთის ტრაგედია, როცა ექსტრემისტები გარეშე ძალების დახმარებით უძვლესი ქართული მიწა-წყლის, აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას შეეცადნენ.
ეპისკოპოსი და ჩვენი სამღვდელოება ბოლომდე ხალხის გვერდით იდგნენ და ცდილობდნენ მისთვის ომის სიმძიმე შეემსუბუქებინათ. მე მინდა მოგითხროთ მღვდელმონოზონ ანდრია ყურაშვილის შესახებ. იგი სოხუმის ახლო სოფელ კომანში მოღვაწეობდა, იმ ადგილზე, სადაც წმიდა იოანე ოქროპირი გარდაიცვალა.
როდესაც სეპარატისტებმა ეს ტერიტორია დაიკავეს, მამა ანდრია იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად ტაძარში ლოცულობდა და შეშინებულ ხალხს სარწმუნოებით განამტკიცებდა. მათთვის ერთადერთი ნუგეში ეს ღვთისსათნო ბერი იყო.
როცა მოძალადეებშა ყველანი ტყვედ აიყვანეს, ხალხში მეტი შიშისა და მორჩილების დანერგვის მიზნით ვანდალური აქტის ჩადენა გადაწყვიტეს, გაიყვანეს მამა ანდრია და ეზოში ვერაგულად მოკლეს. მამა ანდრიამ სიკვდილის წინ ყველა აზიარა, ყველას ცოდვები იტვირთა და იქ მყოფთა შორისაც სიცოცხლე პირველმა გაიღო მსხვერპლად, ვითარცა ზვარაკმა.
მომხდარმა ყველა შეაძრწუნა, მოძალადეებიც კი. მშვიდი და სააოცრად ნათელი სახით ესვენა მამა ანდრიას სხეული, როგორც მაგალითი ქრისტიანული სიყვარულისა, თავდადებისა და სიწმინდისა. იმდენად ძლიერი იყო ეს გრძნობა, რომ მტრებმაც კი მოიყარეს მუხლი მის წინაშე.
კიდევ ერთ მაგალითს გაგაცნობთ აფხაზეთში მომხდარი მოვლენებიდან. იმ პერიოდში ამ რეგიონის ხელმძღვანელად დაინიშნა ბატონი ჟიული შარტავა. ადრე იგი ცეკას მდივანი, ქ. რუსთავის მერი იყო, სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. მას ყველგან იცნობდნენ, როგორც გამორჩეულად პატიოსან, მომთხოვნ, გონიერ, ერთგულ ადამიანს. კომუნისტური რეჟიმის დროს იგი ეკლესიური არ ყოფილა, მაგრამ შემდეგ თანდათან დაუახლოვდა ტაძარს და ღრმადშორწმუნე გახდა. აფხაზეთში ყოფნისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იქ მყოფ სამღვდელოებას, ბერებსა და მონოზვნებს, ისინიც ხშირად ესტუმრებოდნეხ ხოლმე მას.
სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთი მიტროპოლიტი ჩავიდა ამ ქალაქში და ბატონი ჟიული-დავითიც (ასე ეწოდებოდა მას ეკლესიურად) მოინახულა. ეს მეუფე შემდეგ იხსენებდა: მარტო რომ დავრჩით ოთახში, ჟიული ხატებთან მივიდა და უფალს გულმხურვალედ შესთხოვა, ღმერთო, ყველას ნაცვლად მე დამსაჯე, ოღონდ სამშობლო გადამირჩინეო,
სამი დღის შემდეგ სოხუმი ექსტრემისტებმა დაიკავეს. ბატონი ჟიული-დავითი ტყვედ აიყვანეს (მას გაქცევა შეეძლო, მაგრამ ხალხი არ დატოვა) და იმავე დღეს წამებით მოკლეს. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს სახელზე საპატრიარქოში უცზობი ავტორის წერილი მოვიდა. იგი თვითმხილველი იყო ჟიულის და კიდევ ერთი მისი თანამშრომლის მკვლელობისა. მასთან ავტორმა არ იცოდა, რომ ის პიროვნება ვის შესახებაც მწერდა, აფხაზეთის მისისტრთა საბჭოს თავმჯდომარე იყო, წერილში, რომელიც რუსულად იყო შედგენილი, ეწერა: გამაოცა ამ კაცის შეუდრეკელობამ, უშიშრობამ, ამტანობამ, სიმამაცემ, სამშობლოს და თავისი ხალხის სიყვარულმა. მისი სახელი ასანთის კოლოფზე დავიწერე, რომ არ დამვიწყნოდა და გწერთ თქვეს რომ იცოდეთ, როგორი გმირები ჰყავს საქართველოს. მჯერა, ასეთი შვილების გამზრდელი ერი არ გადაშენდებაო,
ეს ბარათი მომწერა კაცმა, რომელიც მტრის ბანაკში იბრძოდა და ალბათ თვითონაც იღებდა მონაწილეობას (შეიძლება პასიურს) შარტავას და მისი მეგობრის წამებაში.
მე მახსენდება წმიდა იოანე ოქროპირის სიტყვები: „სიყვარული კედელივით ძლიერია და ანდამატზე უმტკიცესი. მას ვერ დაამარცხებს სიმდიდრე, ვერც სიღარიბე. შეხედე, რა ხდება: თუმც საკუთრების დარიგება არ არის სასიამოვნო, მაგრამ სიყვარული ამას სიხარულით გაკეთებინებს, სხვისი ქონების მითვისება ყველას უნდა, მაგრამ სიყვარული არ მოგცემს ნებას, სიამოვნება პოვო ამაში“.
ღმერთმა ყველას მოგცეთ ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭი. ამ მადლს ადამიანი მხოლოდ სულიერი განწმენდით მოიპოვებს. მაშ, ყოველმა ჩვენგანმა ჩაიხედოს თავის გულში და სცადოს დაინახოს სად და რაშია საუნჯე მისი. გახსოვდეთ, ამ სოფლად ყოველივე წარმავალია. ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი მარადიული ცხოვრებისათვის მზადება უნდა იყოს. თუ ჭეშმარიტების გზით სიარული გვსურს, სიყვარული უნდა შევიმოსოთ და წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა აღვასრულოთ: „მეუფეო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა“. მაშინ ადვილად დავინახავთ გაჭირვებულს, სნეულს... და რაც მთავარია, უკეთესად დავინახავთ საკუთარ თავს. ჩვენ დავადგებით განწმენდის გზას და უეჭველად მივალთ უფალთან.
შეგეწიოთ უფალი თქვენს სულიერ ცხოვრებაში და თვითგამორკვევაში, ამინ!
დიდი ბრიტანეთი, კენტერბერიის ტაძარი
ივნისი, 1995 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.