ფსალმუნში ვკითხულობთ: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. ძალა და მშვიდობა აუცილებელია როგორც მთელი ერის, ისე ყოველი ჩვენგანისათვის. მაგრამ სამწუხაროდ ამ ძალასა და მშვიდობას ხშირად იქ ვეძებთ, სადაც მათი პოვნა შეუძლებელია. ამის მიზეზი ისაა, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გვაქვს და გვგონია, რომ მათ შეძენას ღვთის შემწეობის გარეშეც შევძლებთ. როცა ძალაზე ვლაპარაკობთ, უპირველეს ყოვლისა, სულიერ ძალას ვგულისხმობთ, რომელიც ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა, თუ იგი ჭეშმარიტი მორწმუნეა და მისი გული ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ტახტს წარმოადგენს. ანუ თუ გული უკეთური ზრახვებისაგან, ღვარძლისა და შურისაგან განწმენდილია, თუ ეს სიწმინდე და სულიერი საუნჯე არ გააჩნია, რა დიდი თანამდებობაც არ უნდა ჰქონდეს და რა დიდ სიმდიდრესაც არ უნდა ფლობდეს ადამიანი, მაინც უძლური და საცოდავია. ამიტომ პირველ რიგში ჩვენზეა დამოკიდებული ძლიერი ვიქნებით თუ არა. უფალთან მისვლის სურვილი პირველ რიგში ჩვენ უნდა გვქონდეს და ისიც მოვა, ხოლო ღვთისა და ადამიანის შეერთებულ ძალას, რომელსაც სინერგია ეწოდება, ყველაფერი შეუძლია, მას წინ ვერაფერი დაუდგება. მხოლოდ ის ადამიანი და ერია ჭეშმარიტად ბედნიერი, ვისშიც ეს სინერგია არსებობს.
ამ ორი დღის უკან აზერბაიჯანიდან დავბრუნდით, სადაც ოფიციალური ვიზიტით ოთხი დღე ვიმყოფებოდი. ამ ხნის მანძილზე შეხვედრები გვქონდა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, მილი მეჯლისის, ჩვენებურად პარლამენტის, თავმჯდომარესთან, კავკასიის მუსულმანთა სამმართველოს უფროსთან, აზერბაიჯანის ინტელიგენციასთან, რომლის დროსაც ვსაუბრობდით იმის თაობაზე, რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს იმ კეთილმეზობლური ურთიერთობის განსამტკიცებლად, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის დღეს განსაკუთრებით იგრძნობა. ამიტომ ჩვენმა ვიზიტმა არა მხოლოდ რელიგიათა შორის ურთიერთობის, არამედ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის განვითარების მნიშვნელობაც შეიძინა.
ბაქოში ქართული სათვისტიმოს წარმომადგენლებსაც შევხვდით და სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ იქაური ქართული ინტელიგენციის ეროვნულმა სულისკვეთებამ ფრიად გაგვახარა. იქაური ქართველები მშვენივრად ფლობენ ქართულ ენას, უყვართ სამშობლო და მის მომავალზე ფიქრობენ, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩვენზე მაინც საინგილოს მოსახლეობასთან შეხვედრამ მოახდინა. ყველა სოფელში, სადაც კი მივედით, ხალხი ანთებული გულებით, ანთებული სანთლებითა და პურ-მარილით გვხვდებოდა. ბევრი მათგანი სიხარულისგან ტიროდა. მთავარი ის იყო, რომ დედა სამშობლოს მოწყვეტიმლა იქაურმა ქართველებმა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ავბედობის გამო ახლა სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი არიან, იგრძნეს, რომ ისინი უპატრონონი არ არიან, რომ მათ ქვეყანა ფიქრობს და ზრუნავს მათზე, მათთვის ლოცულობს. ხშირათ მესმოდა როგორ ამბობდნენ, ჩვენ არაფერი არ გვინდა, ჩვენ მხოლოდ გვინდოდა დაგვენახა საქართველოს პატრიარქიო. რა თქმა უნდა, მათ ბევრი რამ სჭირდებათ, განსაკუთრებით ქართული წიგნები, მაგრამ ყველაზე მეტად, ჩვენს ყურადღებასა და გულის სითბოს საჭიროებენ.
მე მინდა გთხოვოთ, რომ მათთვის ვილოცოთ, რათა ღვთის მადლით დადგეს დრო, როცა ქართველი ერი გამთლიანდება.
6 ივლისი, 1997 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.