თქვენ ალბათ იცით, რომ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ჩემი მეთაურობით ბულგარეთში გახლდათ, ამიტომ მინდა ორიოდე სიტყვით გიამბოთ იმ ზეიმის შესახებ, რომელიც ბულგარეთში ჩატარდა. ბულგარეთის სამოციქულო ეკლესიამ ორი დიდი თარიღი აღნიშნა: პატრიარქობის აღდგენის ოცდაათი და პეტრიწონის ქართული მონასტრის დაარსების ცხრაასი წლისთავი. უნდა მოგახსენოთ, რომ ბულგარეთის საპატრიარქო ერთ-ერთი უძველესია, ბულგარეთის ეკლესიის მამამთავარმა პატრიარქის წოდება X-XI საუკუნეებში მიიღო, მაგრამ, როგორც ცნობილია, ეს ქვეყანა ხუთასი წლის მანძილზე თურქების ბატონობის უღელქვეშ იმყოფებოდა. ეს მონობა 1393 წელს დაიწყო, როცა თურქებმა ბულგარეთი დაიპყრეს და ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა. მტერმა იცოდა, რომ ეკლესიას უდიდესი ძალა ჰქონდა ქვეყნის აღდგენისა და გადარჩენის საქმეში, ამიტომ მასაც შეუტია. ბულგარეთის უკანასკნელი პატრიარქი ექვთიმე საპატრიარქოში ჩაკეტეს, სადაც იგი გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბულგარეთის ეკლესია კონსტანტინეპოლის ეკლესიას დაუმორჩილეს და მისი დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 1953 წელს გახდა შესაძლებელი. მიუხედავად ამისა, ბულგარეთის ეკლესიას არც ხუთასწლიანი მონობის მანძილზე დაუკარგავს თავისი ძალა და მნიშვნელობა. სწორედ მისი საშუალებით შეინარჩუნა ბულგარელმა ხალხმა თავისი ენა, დამწერლობა და კულტურა. ეკლესიის როლს ქვეყნის გადარჩენის საქმეში დღევანდელი სახელმწიფო მოღვაწენის აღნიშნავენ. 1953 წელს ბულგარეთის მთავრობის მცდელობითა და შუამდგომლობით და რუსეთის ეკლესიის, კერძოდ მისი პატრიარქის ალექსი I-ის უშუალო შემწეობით, ბულგარეთის ეკლესიამ დამოუკიდებლობა აღიდგინა და პატრიარქად არჩეული იქნა კირილე. რადგან იგი ფაქტის წინაშე დადგა, ბულგარეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა დროთა განმავლობაში კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქომაც სცნო.
თქვენ გახსოვთ, ჩვენთან სტუმრად ბრძანდებოდა ბულგარეთის პატრიარქი უწმიდესი მაქსიმე, რომელთანაც ჩვენ ერთობლივი წირვა ჩავატარეთ. იგი მეორე პატრიარქია, რომელიც კირილეს შემდეგ აირჩიეს. უწმიდესი კირილე, ისევე როგორც მისი შორეული წინაპარი ექვთიმე, პეტრიწონის მონასტერშია დასაფლავებული.
როგორც ხედავთ, პეტრიწონის მონასტერს ბულგარეთის ეკლესიის ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს და ჩვენ გვეამაყება, რომ იგი ქართველების მიერ იყო დაარსებული. მართალია, მეცნიერებაში კამათიც კი ატყდა იმის თაობაზე, თუ სინამდვილეში ეს მონასტერი ვინ დააარსა (ზოგიერთი ამტკიცებდა, რომ იგი სომხების მიერ იქნა დაარსებული), მაგრამ დღეს ეჭვმიუტანლად დასაბუთებულია, რომ მისი დამაარსებლები ქართველი ძმები - გრიგოლ და აბას ბაკურიანის ძენი იყვნენ. მინდა, მოკლედ გაგაცნოთ ამ კამათის ისტორია. მონასტრის სომხურობის მომხრენი ეყრდნობოდნენ ანა კომნენოსის ცნობას იმის თაობაზე, რომ თითქოს გრიგოლი აღმოსავლეთიდან იყო და იყო სომეხი. გრიგოლი ბაკურიანის ძეს მართლაც უმოღვაწია აღმოსავლეთში, მაგრამ ძირითადად იგი ბიზანტიაში, ალექსი კომნენოსის სამეფო კარზე მოღვაწეობდა. წარმოშობით იგი ტაო-კლარჯეთიდან იყო. მისი მამა, ბაკურიანი, ერისთავთ-ერისთავი ყოფილა. საბედნიეროდ, ჩვენამდე მოაღწია პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონმა, რომელიც თვითონ მის დამაარსებელს, გრიგოლ ბაკურიანის ძეს შეუდგენია ქართულსა და ბერძნულ ენებზე. შეიძლება თქვენ გაგიჩნდეთ კითხვა: რატომ შეიქმნა ტიპიკონი ბერძნულ ენაზე. სწორედ იმ პერიოდში, როცა ეს მონასტერი დაარსდა, იმპერატორ ალეექსი კომნენოსს თესალონიკში მომხდარი ამბოხების დასაწყნარებლად იერუსალიმის პატრიარქი გაუგზავნია. უკან დაბრუნებულ პატრიარქს გრიგოლ ბაკურიანის ძის მამულზე გამოუვლია. დასავლეთის დომესტიკი იერუსალიმის პატრიარქს დიდი ზეიმით შეხვედრია, მის მიერ დაარსებული მონასტერი უნახვებია და მისი დალოცვა უთხოვია. სწორედ იმიტომ, რომ იერუსალიმის პატრიარქს წაეკითხა და ხელი მოეწერა, ტიპიკონი ბერძნულადაც შეუდგენიათ, რა თქმა უნდა, ქართული დედანის მიხედვით. ამ ტიპიკონში პირდაპირაა ნათქვამი, ვინ იყო გრიგოლ ბაკურიანის ძე. კერძოდ, იგი თავისი თავის შესახებ ამბობს, რომ იყო ქართველი და დააარსსა ქართული მონასტერი. აქვე განმარტებულია, რომ ტიპიკონი დაიწერა ქართულად, რადგან მონასტრის მკვიდრნი ქართველები იყვნენ, რომელთაც ბერძნული ტექსტით ხელმძღვანელობა არ შეეძლოთ. ტექსტის სხვა ადგილას ვკითხულობთ, რომ გრიგოლს ამ ქართული მონასტრისათვის დიდძალი ადგილ-მამული შეუწირავს. ასე როშ, დღეს უკვე სადაო არაფერია. რაც მთავარია, თვითონ ბულგარეთის ეკლესია აღიარებს, რომ მონასტერი ქართველების მიერაა დაარსებული. პეტრიწონში აღსრულებული ყველა წირვა-ლოცვის დროს იხსენიება სახელები მისი დამაარსებლების - გრიგოლ და აბას ბაკურიანის ძეთა.
მონასტრის დაარსებიდან სამი წლის შემდეგ გრიგოლი ერთ-ერთ ომში დაღუპულა. ისიცა და მისი ძმა აბასიც ამ მონასტერშო არიან დაკრძალულნი, მაგრამ სამწუხაროდ მათი საფლავები დღეს დაკარგულია. სამაგიეროდ შემორჩენილია ფრესკა, რომელზეც კტიტორებს, გრიგოლსა და აბასს შორის, იმპერატორი ალექსი კომნენოსი დგას. ძმებს ხელში ტაძრის მოდელი უჭირავთ.
პეტრიწონის ქართულ მონასტერს ჩვენ ხეში ნაკვეთი ეკლის გეირგვინიანი მაცხოვრის ხატი მივართვით. უნდა მოგახსენოთ, რომ პეტრიწონში ბრძანდება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი ძვირფასი პერანგით და ქართული ასომთავრული წარწერით. ქართველი ბერები, რომლებიც პეტრიწონში მოღვაწეობდნენ, თვლიდნენ, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს ხატი არა მხოლოდ მონასტრის, არამედ მთელი საქართველოს მფარველი იყო. ჩვენც კრძალვით და თაყვანისცემით მივეახლეთ სასწაულმოქმედ ხატს და ქართველი ერისა და ქართული ეკლესიის კეთილდღეობა შევავედრეთ.
დიდად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბულგარეთის მთავრობა დიდ ყურადღებას იჩენს პეტრიწონის მონასტრის მიმართ და მისი განახლებისა და გამშვენიერებისათვის ზრუნავს, ჩვენ შევხვდით ბულგარეთის სახელმწიფოს მეთაურს ტოდორ ჟივკოვს, რომელსაც კარგად ესმის ეკლესიის როგორც ისტორიული, ასევე დღევანდელი როლი მისი ხალხის ცხოვრებაში და საერთოდ მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნების საქმეში.
და ბოლოს მინდა გაგიზიაროთ გრძნობა, რომელიც პეტრიწონის მონასტერში ყოფნისას დამებადა. ჩვენ, ქართველები, დღენიადაგ უცხოეთში მყოფ პეტრიწონის, ივირონის, ჯვრისა და სხვა ქართულ მონასტრებს მივსტირით და ისინი, რომელიც საქართვეღოშია, უყურადღებოდ გვყავს მიტოვებული, უნდა ვაღიაროთ, რომ უცხოეთის ქართული მონასტრები უკეთაა მოვლილი, ვიდრე ჩვენი მონასტრები. ამაში ყოველ ჩვენგანს მიუძღვის ბრალი. მინახავს სოფლებში ტაძრები, რომლებზეც ხეებია ამოსული, მცხოვრებთაგან კი არავინაა ისეთი, წინაპართა ნაღვაწზე რომ გული შესტკიოდეს და ეს ხეები მაინც მოთხაროს, რომ ტაძრები საბოლოო განადგურებას გადაურჩეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ეკლესიას მხოლოდ იმ ტაძრის რესტავრაციისა და მოვლა-პატრონობის უფლება აქვს, რომელიც აღმასკომის მიერაა რეგისტრირებული და მოქმედად ითვლება, დანარჩენ ტაძრებს თვითონ ხალხმა უნდა უპატრონოს. მართალია, ამ ტაძრის ბედი ძეგლთა დაცვის კომიტეტს აქვს ჩაბარებული, რომელსაც ჩვენი დიდი მოღვაწე და მეცნიერი ირაკლი ციციშვილი ხელმძღვანელობს, მაგრამ იგი თავისი შესაძლებლობებით ყველას ვერ გასწვდება. თუ მთელმა ჩვენმა ხალხმა არ მიიღო მონაწილეობა ტაძრების დაცვის საქმეში, ისე არაფერი გამოვა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ ტაძარი, არამედ მისი ნანგრევებიც კი უდიდესი სიწმინდეა ჩვენი ერისა, თავის დროზე დიდი რწმენითა და სიყვარულით აშენებული. რომ არა ეს რწმენა და სიყვარული, რა ძალა ააშენებდა მიუვალ ადგილებზე ამდენ ეკლესია-მონასტერს. ყოველ მათგანში იწირებოდა უსისხლო მსხვერპლი, აღევლინებოდა წირვა-ლოცვა, იღვრებოდა, ცოდვისაგან განმწმენდი სინანულის ცრემლები, ჩვენ კი ისე გავცივდით, რომ მოვლა-პატრონობის ნაცვლად ხშირად ამ სიწმინდეს შეურაცხვყოფთ, კედლებზე ათასგვარ მინაწერს ვაკეთებთ, კიდევ არაფერი, თუ ეს მინაწერები საღებავებითაა შესრულებული, რა ეშველება იმათ, რომელიც კედლებზეა ამოკვეთილი, ამ შემთხვევაში კედლის ქვები უნდა გამოიცვალოს,
ამიტომ დამებადა შურის გრძნობა, როცა პეტრიწონის მონასტერში ვიმყოფებოდით და ვუყურებდით როგორ ზრუნავდნენ ბულგარელები მისი განახლებისათვის, თითქოს გვეუბნებოდნენ, მართალია, ეს მონასტერი ქართველებმა დააარსეს, მაგრამ ისიც ნახეთ, როგორ ვუვლით და ვპატრონობთ მასო.
მინდა ყოვლადწმიდა სამებას შევსთხოვო, რომ ჩვენს ხალხსაც მისცეს უფალმა პასუხისმგებლობის გრძნობა, როგორც წინაპართა ხსოვნის, ისე მომავალი თაობის წინაშე.
ღმერთმა დაგლოცთთ თქვენ და სრულიად საქართველო,
ამინ.
12 მაისი, 1983 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.