ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე 11 საუკუნით ადრე ღმერთი დიდი წინასწარმეტყველის, ისრაელის მეფე დავითის პირით ასე ბრძანებდა: „აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა“. მართლაც, დგება დრო და ჟამი, როცა უფალი ირჩევს თავის რჩეულს, რომელმაც უნდა იტვირთოს ჯვარი ერისა.
ადამიანისათვის ძნელია ჯვრის ტარება; უმრავლეს შემთხვევაში მას საკუთარი ჯვრის, განსაცდელისა და ტანჯვის ზიდვაც უჭირს, მაგრამ არიან რჩეულნიც ღვთისანი, განსაკუთრებული ადამიანები - ტაძარნი ღვთისა, რომელთაც ღმერთი ჯვარსა ერისასა ანდობს. აი, ასეთი რჩეული ჩვენი ერისათვის დიდი მეფე დავით აღმაშენებელი იყო.
რთულ დროს მოუხდა ჭაბუკ მეფეს ქვეყნის მართვა. საქართველოს მეფეს წინააღმდეგობას უწევდნენ დიდგვაროვანნი, არ ასევნებდნენ თურქ-სელჯუკნი... შინაური და გარეშე მტერნი. ხმალჩაუგებად იბრძოდნენ საუკეთესო მამულიშვილნი სამშობლოს გადასარჩენად. ძლივსღა სუნთქავდა სისხლისგან თითქმის მთლიანად დაცლილი ქვეყანა და აი, ასეთ დროს საქართველოს გადარჩენა ღმერთმა დავით აღმაშენებელს დააკისრა. მისი ღვაწლი აღწერილია „ქართლის ცხოვრებაში“. მრავალი ომი, მრავალი განსაცდელი გადაიტანა დიდმა მეფემ, მაგრამ ყველაზე მტკივნეული, ყველაზე მძიმე მისთვის, ალბათ, შინაურ მტრებთან ბრძოლა იყო.
ისტორია გვაუწყებს, რომ ასეთნიც მრავლად იყვნენ საქართველოში.
როდესაც ვკითხულობთ დავით აღმაშენებლის ცხოვრებას, ჩვენს წინაშე წარმოდგება არა მარტო ბრწყინვალე მიფე, არა მარტო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, არამედ მოძღვარი და სულიერი მამა საქართველოსი.
იმ დროს ქართველ ერს ჩინებული სასულიერო პირნი წინამძღვრობდნენ. მაგრამ ნამდვილ მამობას მეფე უწევდა, რასაც მისი „გალობანი სინანულისანიც“ ადასტურებს.
ეს საოცარი ნაწარმოები, შეგვიძლია შევადაროთ ანდრია კრიტჟლის კანონს, ანდა ნეტარი ავგუსტინეს - „აღსარებას“. იგი შესანიშნავი სარკეა დავით მეფის სულისა, მისი შინაგანი ცხოვრებისა.
თუ დავით აღმაშენებლის მოსახსენებლად დაწერილ სძლისპირებს გადავხედავთ, საყურადღებო მინაწერს გნახავთ. „გულსავსე ვიქმენ დავით, ვითარმედ ყოვლად სრულ ხარ“, - მიმართავს ღმერთს დიდი მეფე.
მიუხედავად იმ მძიმე ჯვრისა, რომელიც უფალმა მას უბოძა, მაინც მადლიერებით ამბობს. „გულსავსე ვიქმენ დავით. ვითარმედ ყოვლად სრულ ხარ.“
დავით აღმაშენებელმა თავისი ცხოვრებით, თავისი მოღვაწეობით სრულყოფის კიბის მაღალ საფეხურს მიაღწია. მან იცოდა, რომ ადამიანი გულსავსე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს, თუ მისი გული გახდება ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულისა წმიდისა, რაც მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ პიროვნება იგრძნობს და მიუახლოვდება ღმერთს.
და მან იგრძნო, რომ ღმერთი ყოვლად სრულ არს, იგრძნო ისიც, რომ ამ სრულყოფას, გულის ამ სისავსეს ადამიანი მხოლოდ სინანულითა და აღსარებით მიაღწევს.
თქვენ იცით, ძალიან ბევრი წიგნია დაწერილი დავით აღმაშენებლის შესახებ. თითქმის არ არსებობს ჩვენში მეცნიერი, მწერალი, ისტორიკოსი, რომელიც მის ნათელ პიროვნებას არ შეხებოდა, მაგრამ დღემდე კიდევ ერთი რამ არის გასაკეთებელი! უნდა შევისწავლოთ დავით აღმაშენებელი როგორც თეოლოგი, როგორც უდიდესი ღვთისმეტყველი.
ეს შესაძლებელი იქნება, თუკი ჩვენი თბილისის სასულიერო აკადემია და ჩვესი ღვთისმეტყველები ამ თვალსაზრისით დაამუშავვბგნ მის შესანიშნავ ნაწარმოგბს - „გალობანი სიჩანულისანი“. როგორც თვითონ მეფე ამბობს, ეს ნაწარმოები აღსარებას წარმოადგენს. „გალობანის“ პირველივე სტრიქონები ერთდროულად სადიდებელი და სავედრებელია ღვთისა.
რომლისაცა წინაშე ქედდადრეკილ არს ყოველი,
მუხლი ყოველი მოდრკების
და ენაჲ ყოველი შენსა ხმობს აღსარებასა,
მეცა, სიტყუაო, აღმსარებელსა მომხედე“.
რა თავმდაბლობაა! ვის მიმართავს წმიდა მეფე? - სიტყვას, იესო ქრისტეს. როგორი შინაგანი სიახლოვეა ღმერთსა და მეფეს შორის!
აღსარება საიდუმლოა. ყოველი თქვენგანი მოძღვართან ამბობს აღსარებას და იგი საიდუმლოდ რჩება, რადგან არავინ იცის, გარდა ღმრთისა. მოძღვარი მხოლოდ შუამდგომელია თქვენსა და უფალს შორის. უფალი ამბობს: „ვისაცა შეუნდობთ ქუეყანასა ზედა, შენდობილ იყოს იგი ცათა შინა“.
პირველ საუკუნეებში ხშირი იყო შემთხვევა, როცა ადამიანი ტაძარში მივიდოდა და თავის საიდუმლოს, თავის ცოდვებს ხმამაღლა ამბობდა, რაშიც პირველი ქრისტიანების უდიდესი რწმენა და თავდადებული სიყვარული იგრძნობოდა. სწორედ მათ ემსგავსება ჩვენი დიდი წინაპარი, როცა თავის აღსარებას საქვეყნოდ ამბობს.
რა ცოდვა ჰქონდა მეფე დავითს ისეთი, ასე რომ იმდაბლებს თავსო? - ხშირად კითხულობენ ადამიანები და მისი ცხოვრების წიგნს ჩაჰყურებენ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი, რაც უფრო მაღლა ადის სრულყოფის კიბეზე, რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით უფრო მეტად გრძნობს თავის ცოდვებს.
ჩანს, დავით აღმაშენებელმა ბრწყინვალედ იცოდა ლოცვა დიდი სულიერი მამის, ეფრემ ასურისა „ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდაჲ თჳსთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემსა“. დავით მეფეს ჰქონდა განსაკუთრებული განცდა თვისთა ცოდვათა და გრძნობა არგანკითხვისა ძმისა თვისისა.
მეფე წუხს, რომ ღმერთმა იგი მსგავსად თვისსა ჰყო, ხოლო მან „ვნებათა ლირწთა მონებად მიჰყიდა თავი“ და ისრაელის ცოდვილ მეფეებს დაემსგავსა. ეს სიტყვები ბრწყინვალედ ღაღადებს მის სულიურ სიმაღლეზე.
ვის ძალუძს თქვას: ხოლო მე ვნებათა ლირწთა მონებად მივჰყიდე თავი? - მხოლოდ წმიდანს, მხოლოდ სულით ამაღლებულს. ხოლო ვინც ცოდვილია, ვინც მიწიერ ვნებებშია ჩაფლული, იგი მხოლოდ სხვის ცოდვებს ხედავს და საკუთარი თავის გამოსწორებას კი არ ცდილობს, არამედ „მოღვაწეობას“ სხვისი გამოსწორებით იწყებს.
საერთოდ, სიმდიდრე იზიდავს და ამდაბლებს ადამიანს, დავით აღმაშენებელმა ყოველივე მოიხვეჭა - ძალაუფლებაცა და სიმდიდრეც, მაგრამ მაინც შეინარჩუნა სულიერი სიმაღლე. იგი გრძნობს, რომ ყოველივე წარმავალია, ამაოა, სიკვდილი ყოველივეს განაქარვებს.
მეცხრე საგალობელი ნამდვილი შედევრია, სხვაგან არსად წამიკითხავს, ვინმე ასეთი განცდით წერდეს სიახლოვეზე ღმერთთან. დავითი თითქოს უკვე ღვთის წინაშე დგას, როცა ამბობს: „ოდეს ზარი მეფობისაჲ წარხდეს და დიდებაჲ დაშრტეს, შვებანი უქმ იქმნენ, ყვავილოვნებაჲ დაჭნეს, სხვამან მიიღოს სკიპტრაჲ, სხვასა შეუდგეს სპანი, მაშინ შემიწყალენ, მსაჯულო ჩემო“.
ალბათ, არც ერთ მეფეს არ წარმოუთქვამს ასეთი სიტყვები. დავითი ითხოვს შეწყალებას მაშინ, როცა ყველაფერი წავა, როცა სხვა მიიღებს სკიპტრას, სხვას შეუდგებიან სპანი, როდესაც სულ მარტო დარჩება ერთადერთი მსაჯულის - ღმერთის წინაშე, რომელსაც მიმართავს საოცარი სიტყვებით. მარტივო, სრულო, სამმზეო, ერთცისკროვნებაო, - მხოლოდ წმიდანს შეეძლო ასე ეთქვა.
ღვთის მადლით, ღვთის ლოცვა-კურთხევით, დავით აღმაშენებლის შუამდგომლობით ჩვენ მოვესწარით იმ დღეს, როცა აღვნიშნავთ დიდი მეფის აღსაყდრების 900 წლისთავს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ სისხლი და ხორცი ვართ დავით აღმაშენებლისა, ჩვენში იგივე გენებია, რაც იყო მასში, ჩვენს დიდებულ წინაპარში, მაგრამ ის ნიჭი, ის სულიერება, ის რწმენა, ის სიყვარული, ის თავმდაბლობა, ის სიწმინდე, რომელსაც ვხედავთ მასში, დღეს სრულად არ არის გამოვლენილი ჩვენს ერში და მე დარწმუნებული ვარ, იგი გამოვლინდება.
არაერთხელ მითქვამს, რომ არის წინასწარმეტყველება, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისაგან მოისმინეს ჩვენმა წინაპრებმა ათონის ივერთა მონასტერში, „საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს“.
ამას ველით ჩვენ ამ სულიერ გაბრწყინებას, სახარებიდან ვიცით, რომ უკანასკნელ ჟამს მთელი ქვეყანა დაეცემა სულიერად, ადამიანები დაკარგავენ ჭეშმარიტ რწმენას, მშობელი შვილს აღარ დაინდობს და შვილი მშობელს. და აი, ამ დროს, ამ უკანასკნელ ჟამს, გაბრწყინდება საქართველო, გაბრწყინდება თავისი სულიერებით, იმიტომ, რომ ჩვენი მფარველი არის ღმერთი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ I საუკუნეში იყო ჩამოტანილი კვართი უულისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ეს იყო პირველი ნიშანი ღვთის ლოცვა-კურთხევისაი შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა, ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა, შემთხვევითი არ არის, რომ IV საუკუნეში წმიდა ნინომ გააგრძელა ანდრია პირვილწოდებულის ქადაგება.
არაფერი არ არის შემთხვევითი არც ერის ისტორიაში და არც ადამიანის ცხოვრებაში - ყველაფგრი კანონზომიერია. მაგრამ ამ მადლს, ღვთის ლოცვა-კურთხევას მზად უნდა შევხვდეთ. უნდა ვიყოთ ღირსნი ამ დიდი წყალობისა.
როცა ვფიქრობთ, თუ რა სჭირდება დღეს ჩვენს ერს, ყველანი დამეთანხმებიან, რომ გვჭირდება ის, რაც ჭირდებოდა 900 წლის წინანდელ საქართველოს. ჩვენ გვჭირდება მართლმადიდებელი, ნამდვილი, ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ გვაკლია ერთსულოვნება, სიყვარული და ურთიერთთანადგომა. უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ღვთის მადლი ტრიალებს ჩვენს მოყვასში - ახლობელსა თუ შორეულში, მტერი კი არ უნდა დავინახოთ მასში, არამედ მეგობარი. როგორც შენს ძმას, დედას და მამას ეერ გაიმეტებ ცუდისთვის, ბოროტისთვის, ისევე არ უნდა გაიმეტო სხვა. ეს გრძნობა გვჭირდება დღეს. ჩვენ კი, სამწუხაროდ, გათიშვის, გაყოფის ცოდვა მოგვდევს. ეშმაკი ჰყოფს, ღმერთი კა აერთიანებს. მე მწამს, ჩვენ ღმერთი გაგვაერთიანებს.
დავით აღმაშენებელმა, ჩვენმა დიდმა წინაპარმა და დიდმა მეფემ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. დავით აღმაშენებელმა მოგცეთ თქვენ და სრულიად საქართველოს ჭეშმარიტი, მტკიცე სარწმუნოება. ღმერთმა მოგცეთ ის სიწმინდე, ის განცდა თვისთა ცოდვათა, რომელიც სუფევდა ჩვენს წინაპრებში.
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო!
სიონი, 8 თებერვალი, 1989 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.