თქვენო უწმინდესობავ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, პატიოსანო მამანო და ძმანო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო!
ჩვენ, ყველა ასეთ საქმეში, ღვთის ნებას ვხედავთ, მის მოწყალებას, მისი მარჯვენის ძლიერებას, სამართალს მისას; ნათლით მოსილ სიყვარულს ყველა მათდამი, ვისაც მან თავისი წმინდა სული ჩაჰბერა და სიცოცხლე მიანიჭა. ღვთაების ამ დიდმა სიკეთემ, მე, მისგან ბოძებული ძლიერების კვერთხით დამაყენა ჩემი საყვარელი ქართველი ერის წინაშე, როგორც მსახური მისი და აღმსრულებელი ყოვლად მაღალის ნებისა; ამის რწმენამ მოიყვანა დღეს სვეტიცხოველში ღვთისმოყვარე ქართველი ერი, მოძმე რუსეთის დიდი ეკლესიის მესვეურნი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი პიმენის მამათმთავრობით.
ასეთივე მეგობრობის გრძნობამ მოიყვანა დღეს ჩვენს დედაქალაქში მოძმე სომხეთის უმაღლესი პატრიარქი ვაზგენ I...
მივესალმებით ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის, უნეტარეს ნიკოლოზ VI-ის წარმომადგენელს, არქიმანდრიტ გრიგორიოსს; ჩვენს ეკლესიას ახსოვს მისი უნეტარესობის, ნიკოლოზ VI-ის ჩამობრძანება სოხუმის ეპარქიაში. ვთხოვთ, არქიმანდრიტ გრიგორიოსს, პატივი დაგვდოს და გადასცეს მის უნეტარესობას, რომ საქართველოს ეკლესია თავის მომავალ საქმიანობაში დაინტერესებული იქნება, იქონიოს უახლოესი კავშირი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ეკლესიასთან. ჩვენ უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენელს, არქიმანდრიტ ნაუმს. ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიებს ძმური ურთიერთობა აქვთ. ჩვენი ეკლესია სიამოვნებით იგონებს ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქის, უწმინდეს მაქსიმეს ჩვენს ქვეყანაში ყოფნას. ვთხოვთ არქიმანდრიტ ნაუმს, გადასცეს მის უწმინდესობას ჩვენი კეთილი სურვილები.
გვწამს, რომ მთელი ჩვენი მოღვაწეობითა და სულიერი მრწამსით მუდამ ერთად უნდა ვიყოთ ჩვენს ერთან.
ძვირფასო სტუმრებო, ჩემო თანამემამულენო, ქალბატონებო და ბატონებო! ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც დაფლულია უფლისა ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტეს პერანგი, იმ ქვეყანაში დაბადებულნი და აღზრდილნი ვართ, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად, იმ წინაპართა შთამომავალნი ვართ, რომელთაც წმინდა მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა უქადაგეს ქრისტიანობა; ასეთი წარსული გვავალებს, მუდამ ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიის სიწმინდის ამაღლებისათვის. რა თქმა უნდა, იოლი არ არის ღვთისა და ერის წინაშე ვალის მოხდა, მაგრამ განა შეიძლება რაიმე ტვირთის სიმძიმეზე ფიქრი, ან საუბარი მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ეს ტვირთი ღვთისგან მივიღეთ!
ჩვენც, ამ საზეიმო დღეს, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის განუზომელ მადლს ვხედავთ, ზეცით მოვლენილს. ეს მადლი მთელი პასუხისმგებლობით გვავალდებულებს ჩვენი მშობელი ქვეყნის წინაშე. ღვთით კურთხეული ტახტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მუდამჟამ ერის სულიერი სიწმინდის ამაღლებას უნდა ემსახუროს, ემსახუროს მშვიდობის წმიდათაწმიდა საქმეს, რომელსაც განუხრელად მიჰყვება ჩვენი დიდი და ძლიერი სახელმწიფო.
ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომლიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა. ბედნიერებას მანიჭებს ფიქრი, რომ ეს მოწყალება და ქრისტეს მოძღვრების ერთგული ქართველი ერის მუდმივი თანადგომა შემმატებს ძალას, რათა განვახორციელო ყოველივე, რაც მაღალმა უფალმა ღმერთმა დამისახა.
„მშვიდობა ძმათა და სიყუარული სათნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“ (ეფეს. 6,23),ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.