სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა...
კაცობრიობის წინაშე მუდამ იდგა და დგას მეტად მნიშვნელოვანი საკითხები: - რა არის ადამიანის ცხოვრება? ვინ არის ადამიანი? საიდან მოვიდა, ან საით მიდის იგი? - ეს კითხვები მუდამ აწუხებდა კაცობრიობას.
ინტერესი არც დღეს შენელებულა და არც მომავალში შენელდება...
ადამიანი არის არსება, რომელიც შექმნა ღმერთმა ხატად და მსგავსად თვისსა; ადამიანი არის არსება, რომელიც ცხოვრობს დედამიწაზე; ადამიანმა უნდა გაიაროს განსაცდელი დედამიწისა და წარდგეს წინაშე ღვთისა.
მაშასადამე, მიზანი ადამიანის ცხოვრებისა ყოფილა მიახლოება ღმერთთან. ღმერთთან და კიდევ... მის ირგვლივ მყოფ ადამიანებთან...
სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა - ესაა მთავარი, ამას გვასწავლის სახარება. მთელი საღმრთო წერილის შინაარსი არის სწორედ სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა.
ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, უნდა სწამდეს და უყვარდეს ღმერთი. რწმენა არის საფუძველი ადამიანის ცხოვრებისა.
ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი, თუ მას არა აქვს რწმენა. ვერავითარი მატერიალური სიმდიდრე ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რაც არსებობს ადამიანში, როცა მასში არ არის ღმერთი. ადამიანს აქვს მრავალი მისწრაფება. იგი ცდილობს მიიღოს განათლება, ცოდნა... მაგრამ ეს არ კმარა... ამით იგი ბოლომდე ბედნიერი მაინც ვერ იქნება. თვითონაც გრძნობას ამას... გრძნობს, რომ რაღაც სხვა სჭირდება და ეძიებს ამ სხვას... ცდილობს, უზრუნველყოფილი იყოს მატერიალურად, ჰყავდეს ოჯახი, შვილები, ნათესავები, მეგობრები... ჰქონდეს კარგი, კეთილმოწყობილი სახლი... მაგრამ როდესაც აღწევს ყველაფერ ამას, ხედავს, რომ არც ეს ყოფილა მთავარი... ამაში არ ყოფილა ბედნიერება. ყველას თავისი გზა აქვს. ყველა სხვადასხვა გზით ეძიებს ბედნიერებას... ზოგი პოულობს, ზოგი კი - ვერა. რა არის ამის მიზეზი? საქმე ის არის, რომ ადამიანს უსათუოდ სჭირდება ღვთის რწმენა. თუ მას არ უყვარს ღმერთი... უფრო ზუსტად, ღმერთი და ადამიანი, იგი ვერასოდეს ვერ იქნება ბედნიერი. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რწმენა და სიყვარული.
ადამიანს ღმერთმა მიანიჭა თავისუფალი ნება... ეს ნება კი შეიძლება სიკეთისკენაც წარიმართოს და სიბოროტისკენაც... ეს უკვე თვით ადამიანზეა დამოკიდებული. ასეთი თავისუფლება ღმერთს არ მიუცია არცერთი სხვა არსებისათვის. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ამ თავისუფლებით ადამიანი ხშირად ისე ვერ სარგებლობს, როგორც საჭიროა. ხშირად ამას ბოროტად იყენებს და ნაკლებად ფიქრობს საკუთარი სულისა და სხვა ადამიანთა სასიკეთოდ. ჩვენი მიზანია, ისე წარვმართოთ ადამიანის ნება, რომ იგი ღვთის განგებასა და მცნებას ღვთისას არ ეწინააღმდეგებოდეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს როგორც ღვთაებრივი, ისე ადამიანური ენერგია. და როცა ორი ენერგია არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს, როცა ისინი ერთი მიმართულებით მიდიან, ადამიანი დგას კეთილ გზაზე, დგას ცხოვნების გზაზე და იგი მიდის ღმერთთან, უახლოვდება ღმერთს... ხოლო, როცა ადამიანი უახლოვდება ღმერთს, უახლოვდება ადამიანსაც.
არ შეიძლება ითქვას: - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარს ადამიანი... უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ ამ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.
როდესაც მყარდება კავშირი მიწასა და ზეცას შორის, როდესაც ადამიანი აღწევს ამას, ის ძლიერია, ძლიერია სულით და ძლიერია ხორცით.
1978 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.