ადამიანის ცხოვრება ძალიან ხშირად უდაბნოს ემსგავსება, რომელიც მან უნდა განვლოს. შარშან ეგვიპტეში გახლდით და კაიროდან სინას მთისაკენ მანქანით გავემგზავრეთ. გზა უდაბნოზე გადიოდა და ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს მას დასასრული არ ექნებოდა. თუმცა ჩვემ კომფორტულ მანქანებში ვისხედით, სადაც კარგი კონდიციონერების წყალობით სიგრილე იყო, მაგრამ უდაბნოს ცხელი მზის აუტანელ მხურვალებას იმ ხანმოკლე შესვენებების დროსაც ვგრძნობდით, როცა მანქანებიდან გადმოვდიოდით.
მე წარმოვიდგინე, რას განიცდიდა ებრაელთა ერი, როცა იგი მოსე წინასწარმეტყველს ამ უდაბნოს გავლით აღთქმული მიწისკენ მიჰყავდა. პატარა წყაროს ან დაბალი ბუჩქის დანახვაც კი, როგორც სიცოცხლის ნიშანწყლისა, საოცარ სიხარულს განგვაცდევინებდა.
სინას უდაბნოს ჰგავს ადამიანის ცხოვრებაც, რომელიც, როგორც მართალი იობი ამბობს, გამოცდას წარმოადგენს. ადამიანმა ამ უდაბნოს გავლაც უნდა შეძლოს და გამოცდასაც გაუძლოს, რათა ღმერთთან მივიდეს და თავისი ჯვარი, რომელიც უფალმა მისცა, მიიტანოს.
მე მინდა დღეს რამდენიმე სიტყვით სიხარულზე გესაუბროთ. ჩვენ ძალიან ხშირად ვუსურვებთ ერთმანეთს სიხარულს, თუმცა იგი სხვადასხვაგვარად გვესმის. არსებობს სიხარული ხანმოკლე და მსწრაფლწარმავალი და არსებობს სიხარული სრული და წარუვალი. ამასთან დაკავშირებით მინდა მაცხოვრის სიტყვები შეგახსენოთ. იოანეს სახარების მე-16 თავის 24-ე მუხლში უფალი გვეუბნება: ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს. ყურადღება მიაქციეთ ამ სიტყვებს სავსებით იყოს ანუ სრული იყოს. სრული სიხარული მის წარუვალობასა და დაუსრულებლობას გულისხმობს. ამგვარი სრული სიხარულის წყარო ანუ სათავე უფალია, რომელიც სიყვარულია, მხოლოდ სიყვარულს ძალუძს წარმოშვას სრული სიხარული.
როცა მაცხოვარმა თავისი სამოცდაათი მოწაფე საქადაგებლად გაგზავნა, მათ ძალა ქადაგებისა, ძალა სიტყვისა მიანიჭა, ჩვენც, როცა გვინდა, რომ ჩვენი სიტყვა მსმენელმა შეისმინოს და ამაოდ წარმოთქმული არ აღმოჩნდეს, ძალა სიტყვისა უფალს უნდა ვთხოვოთ. როცა მოწაფენი იესო ქრისტესთან დაბრუნდნენ, მოახსენეს, რომ მისგან მიმადლებული ძალის წყალობით, მათ სიტყვებს თვით ეშმაკიც კი ემორჩილებოდა. მაშინ მაცხოვარმა უპასუხა, რომ უკეთურთა დამორჩილებით კი არ უნდა გაეხარათ, არამედ იმით, რომ მათი სახელები ცათა შინა დაიწერა. აი, სად მიჰყავს ადამიანი უფალს, - ჭეშმარიტ სიყვარულსა და სიხარულს, მისი სახელი ცათა შინა დაიწერება. თითოეული ჩვენგანის, ყოველი ქრისტიანის მიზანიც ის უნდა იყოს, რომ მისი სახელი არა საკუთარი დამსახურების გამო, არამედ ღვთის მადლითა და წყალობით ზეციურ წიგნში იქნეს ჩაწერილი.
თქვენ გახსოვთ, რომ როცა მთავარანგელოზი გაბრიელი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს გამოეცხადა, მაცხოვრის შობის შესახებ შემდეგი სიტყვებით აუწყა: გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა.
ყველაზე დიდი ბედნიერება მადლმოსილებაა, ხოლო მადლმოსილი ისაა, ვისთანაც უფალია. უფალთან ყოფნის, მისი სიახლოვის განცდის სიხარულს ვერავითარი სხვა სიხარული ვერ შეედრება.
რა თქმა უნდა, როგორც მოგახსენეთ, მიწიერი სიხარულიც არსებობს, როგორიც მაგალითად საყვარელი ადამიანის ნახვა და მასთან ყოფნაა, რომელიც გულს სათნოებით ავსებს და შინაგან კმაყოფილებას განგვაცდევინებს, მაგრამ გავა დროს და იგი თითქოს დასრულდება. მედიცინაში ასეთი ტერმინიც კი არსებობს - კუნთების სიხარული, და იგი გულისხმობს სიხარულს, რომელიც ადამიანს მოძრაობისას ეუფლება. მაგრამ კიდევ ერთხე ვიმეორებ, რომ ეს და სხვა ამგვარი მიწიერი სიხარული, როგორიცაა მაგალითად, სიხარული სიმდიდრით და კეთილდღეობით გამოწვეული, მეტისმეტად ხანმოკლეა და წარმავალი, რადგან წარმავალია მისი საფუძველიც.
ადამიანის ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი მიზანი სხვისთვის სიხარულის მინიჭება, სხვისი გახარება უნდა იყოს. ალბათ თქვენც გამოგიცდიათ ის დიდი სიხარული, რომელსაც გაჭირვებულისათვის დახმარება განგვაცდევინებს. ამ დროს გულში სიხარული სუფევს, რადგან ვგრძნობთ, რომ გაღებული მატერიალური შემწეობის ნაცვლად ისეთი დიდი საუნჯე მოვიპოვეთ, რომელსაც ის, რაც გავეცით, ვერც კი შეედრება. აი, სწორედ ეს არის ის სრული სიხარული, რომელიც ადამიანს ღმერთთან აკავშირებს.
როცა ჩვენ იმ უდაბნოში მივდივართ, რომელსაც ამქვეყნიური ცხოვრება ჰქვია, ერთმანეთის დახმარებისათვის ძალა და ენერგია არ უნდა დავზოგოთ და ერთმანეთი უნდა გავახაროთ.
ღმერთმა დაგლოცოთ და თქვენ და სრულიად საქართველოს მოგანიჭოთ სრული სიხარული, რომელიც ჩვენს ერს უფალთან მიიყვანს, ამინ!
16 ივლისი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.