სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
ადამიანს ხშირად აფიქრებს კითხვა: რისთვის არის მოწოდებული, რისთვის დაიბადა, ამ ქვეყნად მისი გაჩენა შემთხვევითია თუ რაღაც გარკვეული მოვალეობა აკისრია და გარკვეული მისიით არის მოსული და აი, გარდა ყოველდღიური საზრუნავისა, მას ახალი, უფრო სერიოზული და უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი უჩნდება: როგორ იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში და რა აკეთოს.
მორწმუნეებმა ვიცით, რომ ყოველი ადამიანი ღვთისგანაა მოვლენილი, მაგრამ ხშირად ღვთის განგებით შექმნილი არსება თავის შემოქმედს სცილდება და სულიერად იღუპება, კვდება, რაც ფიზიკურ სიკვდილზე ბევრად უფრო მძიმეა. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ღმერთთან კავშირი არ დავკარგოთ და ეს სულიერი სიკვდილი ავიცდინოთ? უპირველეს ყოვლისა, ამისათვის საჭიროა განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება, საკუთარი პიროვნების შეცნობა და შესწავლა. ადამიანს ხშირად უნდა ჰქონდეს ასეთი წუთები, წუთები საკუთარ თავთან და უფალთან საუბრისა.
მინდა გავიხსენო მოსკოვის აკადემიის პროფესორი, დეკანოზი მამა იოანე, გვარად კოზლოვი. სტუდენტებს ძალიან გვიყვარდა მისი ქადაგების მოსმენა, რომელიც ძალიან მოკლე იყო ხოლმე და ჩვეულებრივად ხუთ წუთზე მეტხანს არ გრძელდებოდა. ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ მამა იოანე ადრე მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა, სახარებას ქადაგებდა ადამიანების ჭეშმარიტ გზაზე მოსაქცევად. მისიონერულ მოღვაწეობას რევოლუციამდელ რუსეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, ქვეყნის განაპირა პროვინციებში ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად წასულ მისიონერებს თავად იმპერატორები ულოცავდნენ გზას. სწორედ ამგვარი მოღვაწეობა იყო ალბათ ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რომ მამა იოანეს შეეძლო სხარტად და მოკლედ, სულ რამდენიმე ფრაზით გადმოეცა უმნიშვნელოვანესი საკითხები რწმენისა. მახსოვს ერთ-ერთ ქადაგებაში მან გვიამბო ორ მეგობარ ასტრონომზე, რომელთაგან ერთი ურწმუნო იყო და მეგობარს უმტკიცებდა, რომ იმ მრავალი წლის მანძილზე, როცა იგი ცას ტელესკოპით სწავლობდა, ღმერთი არასოდეს უხილავს, რაზეც მისმა მორწმუნე მეგობარმა ასეთი პასუხი გასცა: მაგისთვის ტელესკოპი არ გჭირდება, შენს გულში ჩაიხედე და ღმერთს იქ იხილავო. მართლაც, ჩვენ ჭეშმარიტებასა და ღმერთს სადღაც შორს, ჩვენს გარეთ ვეძებთ და გვავიწყდება, რომ ღმერთი აქ არის, ძალიან ახლოს ჩვენთან, ჩვენ მივდივართ მისგან, თორემ უფალი მუდამ ჩვენთანაა.
აქვე უნდა მოვიხსენიოთ ფრიად საინტერესო მოგონებები მიტროპოლიტი ნესტორისა, რომელსაც მისიონერული მოღვაწეობა სრულიად უკულტურო და გაუნათლებელ ხალხში მოუხდა. ეს ხალხი კარვებში ცხოვრობდა და ხელ-პირის დაბანაც კი არ იცოდა. მიტროპოლიტ ნესტორს მათთან მოღვაწეობა სახარების ქადაგებით კი არ დაუწყია, არამედ იმის ახსნა-განმარტებით, რომ ხელ-პირის დაბანა აუცილებელი საქმეა და თვითონვე უჩვენებია მაგალითი, თუ როგორ უნდა მოეხმარათ ამ მიზნით წყალი და საპონი. რამდენიმე ხნის შემდეგ უკვე სხვა სოფელში ყოფნისას მისიონერთა ჩვეულებრისამებრ თავისი ძველი მეგობრების მონახულება გადაუწყვეტია, რათა საკუთარი თვალით ენახა როგორ შეითვისეს ის, რაც ასწავლა და აღმოჩნდა, რომ საპონი შეეჭამათ.
ჩვენც ხშირად გვემართება იგივე, როცა სულ ხორცზე ვფიქრობთ და ამ ფიქრით გატაცებულები ჩვენს თავში და ჩვენს გარშემო ვერ ვამჩნევთ იმას, რაც აუცილებლად უნდა შევამჩნიოთ და დავინახოთ, მაგალითად, ვერ ვხედავთ ბუნებას, ღვთის მიერ შექმნილ მშვენიერ სამყაროს ცხოველებისა და მცენარეებისა. იგი ხომ ადამიანის არა მხოლოდ მატერიალურ მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, არამედ მისი სულის სამკურნალოდაც შეიქმნა. დღეს რომ ჩვენ მეტი კავშირი გვქონდეს ბუნებასთან, ნერვული დაძაბულობა, რომლითაც აღსავსეა თანამედროვე ცხოვრება, ნაკლები საგრძნობი შეიქნებოდა.
სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ცოცხალი სამყაროს ის ცოდნაც დავკარგეთ, რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, მათ იცოდნენ უამრავი საიდუმლო ბუნებისა, მაგალითად, ერთი შეხედვით, ასეთ უბრალო მაგალითს მოგიყვანთ, თუ დარგვისას მცენარე ერთი ხელით გიჭირავთ, ნაყოფს წელგამოშვებით მოისხამს, ხოლო თუ ორი ხელით, მაშინ ყოველ წელს, ხოლო კიტრის ბეწვთან შეხება ადამიანში მაღალი წნევის მოხსნას იწვევს. ჩვენ რომ ცოცხალი სამყარო გვიყვარდეს და მის იდუმალებათა წვდომას ვცდილობდეთ, მრავალ რამეს აღმოვაჩენდით, აუცილებელს სულიერი ტკივილებისა და მღელვარების განსაკურნებლად.
ნუ დაივიწყებთ სულსა და მასზე ყოველდღიურად იზრუნეთ, მოახერხეთ ისე, რომ ხორცზე უფრო დიდ დრო სულზე ზრუნვას დაუთმოთ, და მაშინ თქვენი შრომაც ღვთისაგან ნაკურთხი და დალოცვილი იქნება.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ამინ.
13 სექტემბერი, 1992 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.