დღეს მინდა შევეხო საკითხს იმის თაობაზე, თუ რა კავშირშია ერთმანეთთან ფერისცვალება და ჯვარცმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, - თაბორი და გოლგოთა. როგორც მოგეხსენებათ, თაბორი მთაა, რომელზეც იესო ქრისტემ თავისი სამი მოწაფე - პეტრე, იაკობი და იოვანე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა. ამ დროს მისი სახე და სამოსელი ისე გაბრწყინდა, რომ მოწაფეებმა თვალის გასწორება ვერ შეძლეს. უფალი მოსე და ილია წინასწარმეტყველებს შორის იდგა, რომელნიც მის ჯვარცმაზე საუბრობდნენ. პეტრემ მაცხოვარს აქ სამი კარვის დადგმა სთხოვა - მისთვის, მოსესა და ილიასათვის, რითაც გამოხატა სურვილი, რომ ნეტარება, რომელსაც გაბრწყინვებული მაცხოვრის ხილვა ანიჭებდათ, დაუსრულებლად გაგრძელებულიყო.
გოლგოთაც მთაა, ოღონდ სამსხვერპლო მთა, რომელზეც აღიმართა ჯვარი უფლისა, რომლითაც მთელი კაცობრიობა იქნა გამოხსნილი. ებრაელთა შორის ზოგიერთს ეგონა, რომ მაცხოვრის ჯვარცმა და წამება დაუსრულებელი იქნებოდა, მაგრამ დაუსრულებელი არც ფერისცვალება იყო უფლისა და არც ჯვარცმა. თაბორსა და გოლგოთას მესამე მთა მოსდევდა - მთა ამაღლებისა.
ჩვენი სულიერი ცხოვრებით ჩვენც ხშირად ვდგევართ ხანაც თაბორსა და ხანაც გოლგოთაზე. ისეც ხდება, რომ ზოგჯერ ადამიანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდ თანამდებობას ან დიდ სიმდიდრეს შეიძენს, თავი თაბორზე წარმოუდგენია და ყველას ზემოდან დაჰყურებს, სინამდვილეში კი ამ დროს უფსკრულში დგას და ზემოდან, პირიქით, მას დაჰყურებენ. რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი გოლგოთის აღმართს ვერ გაუძლებს და აუცილებლად დაეცემა, გოლგოთაზე თავისი ჯვრის ატანას მხოლოდ ის შეძლებს, ვინც მართლაც თაბორის მთაზე მდგარა და ჭეშმარიტი ფერისცვალება განუცდია, რადგან მას ამ დროს ღვთის ძალა და მადლი შეეწევა.
ზოგჯერ ისე გვიჭირს, რომ თითქოს გამოსავალს ვერაფერში ვხედავთ, თითქოს ყველა გზა გადაკეტილია და არც მშველელი ჩანს სადმე, მაგრამ სწორედ ამ დროს მოდის ძალა უფლისა და სულიერი თუ ფიზიკური ტანჯვისაგან გვათავისუფლებს. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ ადამიანის ცხოვრება ცვალებადია. თუ დღეს განსაცდელში ხარ, ნუ დაგავიწყდება, რომ განსაცდელს ნუგეშისცემა და სიხარული მოსდევს, ხოლო თუ სიხარული და ბედნიერება არ გაკლია, ნუ გაამაყდები, რადგან შეიძლება წინ განსაცდელი გელოდებოდეს. ადამიანის ცხოვრება ხომ დაცემათა და აღდგომათა გაბმულ ჯაჭვს წარმოადგენს.
ღმერთმა მოგვცეს ძალა, მადლი სულისა წმიდისა, სნეულთა მკურნალისა და ნაკლულევანთა აღმავსებელისა, რათა ჩვენი ცხოვრების გოლგოთა მოთმინებით ავიტანოთ. დღეს ხშირად გამოხატავენ გაოცებას იმის გამო, რომ ებრაელებმა იესო ქრისტე, რომელიც მათ გვერდით ცხოვრობდა და სასწაულებს სჩადიოდა, ვერ იცნეს და ჯვარზე გააკრეს, მაშინ, როცა მათ რომ ასეთი ბედნიერება ღირსებოდათ, ყველაფერს დატოვებდნენ და მაცხოვარს შეუდგებოდნენ. საკითხის ასე დასმა გაუმართლებელია, რადგან მაშინაც იყვნენ ისეთი ადამიანები, რომელთაც მართლაც ყველაფერი დატოვეს და იესოს მიმდევრები გახდნენ და ისეთებიც, რომლებიც უფალს დასცინოდნენ და რომელთაც იგი ბოლოს ჯვარზე გააკრეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ თუ რწმენა, სასოება და თავმდაბლობა გვაქვს, ეს ჩვენი დამსახურება კი არა, უფლის წყალობაა და მისი მადლიერი უნდა ვიყოთ. შეუძლებელია, ქრისტიანმა მხოლოდ საკუთარი სულის გადარჩენისა და პირადი ინტერესებისათვის იღვაწოს, მითუმეტეს მაშინ, თუ ხედავს, რომ მის გვერდით სხვა ადამიანს რაღაც დიდი გასაჭირი ადგას და იღუპება.
ღმერთმა მოგცეთ ძალა, რწმენა და დიდი სიყვარული, რადგან ცხონება რწმენისა და სიყვარულის გარეშე შეუძლებელია. ღმერთმა გაგაძლიეროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.
26 თებერვალი, 1985 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.