უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

თბილისობა

დღეს თბილისობაა - ჩვენი დიდი და ეროვნული დღესასწაული. ვფიქრობ ამ დღეს ჩვენ განსაკუთრებით უნდა გავიხსენოთ ჩვენი წარსული, ის წინაპრები, რომელთაც ეს ქალაქი დააარსეს, ააშენეს და დაიცვეს. პირველ რიგში ვახტანგ გორგასალი, რომელმაც, როგორც ჩანს, ამ ადგილას ქალაქი ღვთის ლოცვა-კურთხევით დააარსა, რადგან შემდეგში იგი მთელი საქართველოს დედაქალაქად იქცა; დავით აღმაშენებელი, რომელმაც თბილისი 1122 წელს არაბების მრავალწლიანი მონობისგან გაათავისუფლა. თბილისის ისტორია ისევე მრავალტანჯულია, როგორც მთელი ქართველი ერისა, იგი მრავალგზის დაუნგრევიათ და დაურბევიათ, მაგრამ უფლის ნებით კვლავ აღმდგარა და წელში გამართულა, წინანდელზე უფრო ძლიერი და მშვენიერი. შეუძლებელია თბილისობაზე არ გავიხსენოთ ის ასიათასი ქართველი, რომელიც ჯალალედინმა აწამა რწმენისათვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყოველივე არა მხოლოდ წარსული, არამედ დღევანდელი დღეცაა, რადგან ის ასიათასი ქართველი ახლაც იცავს არა მხოლიად თბილისს, არამედ მთელ საქართველოს. ეს ის ზეციური მხედრიონია, რომელიც უფალს ქართველ ხალხს ავედრებს.

წინაპრების გახსენებამ მომავალზეც უნდა დაგვაფიქროს და საკუთარ გულშიც ჩაგვახედოს, კონკრეტულად რას ვაკეთებთ ჩვენ დღეს საქართველოსა და თბილისისათვის.

მინდა ასეთი შემთხვევა გავიხსენო. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემი ვიზიტის დროს, ერთ ოჯახს ვეწვიეთ, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა. როცა შევეკითხეთ, სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ვინ სურდა გამოსულიყვნენ, ყველაზე უმცროსმა გვიპასუხა, რომ მისიონერობას აპირებდა, რათა აფრიკაში ან სამხრეთ ამერიკაში სახარება ექადაგა. აი, როგორი ძლიერი სული იყო ამ ათი-თორმეტი წლის ბავშვში. სწორედ ეს ძლიერი სული გვაკლია ჩვენ. ჩვენი ცხოვრება ხშირად მხოლოდ საკუთარ თავსა და ოჯახზე ზრუნვითაა შემოფარგლული და სხვა არაფერი გვაინტერესებს. მაგალითად, გასაოცარია, როგორ შეგვიძლია მშვიდად ყოფნა მაშინ, როცა ვიცით, რომ საქართველოს ზოგიერთი უძველესი მხარე მოსახლეობისაგან სრულიად დაცლილია და თავის ნამდვილ პატრონს ელოდება. როცა სიტყვა საქართველოს სიყვარულზე ჩამოვარდება, მჭევრმეტყველებაში ერთმანეთს ვეჯიბრებით, მაგრამ მხოლოდ ლაპარაკით საქმე არ კეთდება.

მე ჩემს თავზე მოგახსენებთ. მართალია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ვარ, მაგრამ წესი მოითხოვს, რომ როგორც მოქალაქე, სადმე ჩაწერილი ვიყო. ამჟამად მე ჯავახეთში, ბოგდანოვკის რაიონის სოფელ ფოკაში ვარ ჩაწერილი, რისი წყალობითაც, იქ თავისუფლად შესვლის ნება მაქვს მოპოვებული. ამ ზაფხულს მთელი სამხრეთ-ჯავახეთი მოვიარე და ვნახე, როგორ ენატრება იქაურ მიწა-წყალს ქართული მოსახლეობა. დაბრუნების შემდეგ ჩვენს მთავრობას შევხვდი და ვითხოვე, რომ ფარავნის ტბის სანაპიროზე ქართულ ეკლესიას 20 ჰექტარი მიწა გამოყოფოდა, რაზეც თანხმობა მივიღე. ეს 20 ჰექტარი მიწა უკვე გადმოგვცეს და იქ საეკლესიო ცენტრის აშენებას ვაპირებთ. მადლობა ღმერთს, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს დღეს უკვე ქართველი მოძღვარი ჰყავს. ახლა საჭიროა იქ ქართული მოსახლეობა მომრავლდეს, ამ საქმეში დიდი იმედი მაქვს ჩვენი ახალგაზრდობისა, მჯერა, რომ იგი წინაპართა სისხლით მორწყულ მიწას არ მიატოვებს და იქ დამკვიდრდება.

მეორე საკითხი, რომელზეც მინდა ამ ეროვნულ დღესასწაულზე თქვენი ყურადღება შევაჩერო და რომელიც ასევე ძალიან მტკივნეულია, შობადობის შემცირებაა. ის, რაც დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით საქარდველოში ხდება, სრულიად მიუღებელია. შობადობის შემცირება ხელოვნური გზით ევროპიდან შემოსული სენია. იგი უდიდესი ცოდვაა, რომელიც მთელ ერს მძიმე ტვირთად გვაწევს. საქართველოს არცერთ მტერს, ერთად აღებულთაც კი, იმდენი ქართველი არ მოუკლავს, რამდენიც ამ წლების მანძილზე ჩვენ თვითონ გავანადგურეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების ქირურგიული ოპერაციის გზით მოშორება ნამდვილი მკვლელობაა. მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომ ნუ ჩაიდენენ ამ ცოდვას და იმდენი შვილი იყოლიონ, რამდენსაც უფალი მისცემს. იმაზეც კი მიფიქრია, რომ იქნებ ახალგაზრდობამ ღვთის და ერის წინაშე ფიცი დადოს, რომ მომავალი თაობების განადგურებაზე ხელს აიღებს.

როცა ეს დღესასწაული ახლოვდებოდა, ვფიქრობდი, რითი მომელოცა იგი თქვენთვის. სწორედ ახლახან მივიღეთ ნებართვა თექვსმეტი ეკლესიის გახსნისა, აი, ამას გილოცავთ. ამ ტაძრებში 60 წელზე მეტია წირვა-ლოცვა არ შესრულებულა. მინდა ისიც იცოდეთ, კერძოდ რომელია ეს ტაძრები: შემოქმედისა - გურიაში, ქარელში, წილკანში, სადაც დაკრძალულია ჩვენი სულიერი მამა ისე წილკნელი, ცაგერში, ყვარელში, ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალთაში, ჭიათურის რაიონის სოფელ კაცხში, თელეთში შავნაბადაზე, ანანურში, წალენჯიხაში, საფარაში, ვარძიაში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კოთელიაში, ბორჯომში, ატენში და ბოლოს, საგარეჯოს რაიონის სოფელ უჯარმაში. ღვთის წყალობით ასეთი დიდი სიხარულით ვხვდებით წლევანდელ თბილისობას.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ჩვენი საამაყო დედაქალაქი. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ამინ.

28 ოქტომბერი, 1988 წ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.