თქვენო მოწყალებავ, კენტერბერიის მთავარეპისკოპოსო, ბატონო ჯორჯ კერი,
ძმანო და დანო!
გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, იმ ეკლესიის სახელით, რომელიც დააარსეს მოციქულებმა წმიდა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა, იმ კურთხეული ქვეყნის სახელით, სადაც განისვენებს კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი; მოგესალმებით იმ მორწმუნე ერის სახელით, რომელმაც მოციქულთა სწორი წმიდა ნინოს ქადაგებით და სასწაულებით ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნის დასაწყისში აღიარა, იმ უძველესი საპატრიარქოს სახელით, რომელმაც ავტოკეფალია V საუკუნეში მოიპოვა.
ჩვენი კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება, არქიტექტურა, მწერლობა, საერთოდ აზროვნება... მთლიანად ქრისტიანულ ნიადაგზეა აღმოცენებული. საქართველოს ეკლესია ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა და მონაწილეობს ჩვენი ერის ცხოვრებაში; ამიტომაცაა იგი ეროვნული და ტრადიციული.
მიუხედავად მართლმადიდებლური აღმსარებლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციისა, საქართველოს საპატრიარქოს ურთიერთობა აქვს სხვა დენომინაციებთან.
მოხარული ვართ, რომ ბოლო პერიოდში მეტი საშუალება გვაქვს უფრო უკეთ გავეცნოთ ერთმანეთს.
ჩვენ ვიხსენებთ, თქვენო მოწყალებავ, თქვენს ვიზიტს საქართველოში; ეს იყო ისტორიული ვიზიტი, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა მრავალმხრივი თანამშრომლობის გზები: სტუდენტებისა და პედაგოგების გაცვლა, ეკონომიური და კულტურული ურთიერთობა.
თქვენთვის კარგად ცნობილია, რა მძიმე პერიოდი გამოიარა საქართველომ 70 წლიანი ტოტალიტარული რეჟიმის დროს, როცა მრავალი ტაძარი და მონასტერი იყო დანგრეული, სასულიერო პირები რეპრესირებული, საკუთრება ჩამორთმეული, სასულიერო კადრების მიღება სასწავლებლებში მაქსიმალურად შეზღუდული, ქველმოქმედება აკრძალული.
ახლა, როცა საქართველო თავისუფალი გახდა და დემოკრატიის გზას დაადგა, ჩვენ ვცდილობთ შევავსოთ ის ნაკლი, რომელიც ამ ხნის მანძილზე ჩვენს ცხოვრებაში წარმოიშვა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს ორი სასულიერო აკადემია: თბილისის და გელათის, სამი სასულიერო სემინარია. თბილისის, ახალცხის და ბათუმის, ასევე მოქმედებს სასულიერო სასწავლებლები და გიმნაზიები, საკვირაო სკოლები, იბეჭდება საღვთისმეტყველო ლიტერატურა, გამოდის საეკლესიო ჟურნალი, გაზეთი, კალენდარი.
ჩემი ვიზიტის წინ საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა დიდმნიშვნელოვანი აქტი: სახელმწიფოს მეთაურთან ერთად ჩვენ მოვაწერეთ ხელი საპატრიარქოს ეგიდის ქვეშ მყოფი მეცნიერებათა აკადემიის დაარსების ბრძანებას. ამ აკადემიის მიზანია რწმენისა და მეცნიერების დაახლოება ერთმანეთთან და ჩვენი ხალხის სულიერი ამაღლებისათვის ზრუნვა.
ჩვენი ერი კარგად იცნობს თქვენს მაღალ კულტურას, თქვენს ლიტერატურას, მეცნიერებას და იმედი გვაქვს, როშ ბევრს ვისწავლით თქვენგან. ვფიქრობთ, ჩვენი ურთიერთობა ორივე მხარისათვის მრავალმხრივი და ნაყოფიერი იქნება.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ, თქვენო მოწყალებავ და თქვენს თანამოღვაწეთ. გისურვებთ ხანგრძლივ, ნაყოფიერ სიცოცხლეს და ღვთის შეწევნას. გთხოვთ ჩვენი განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემა გადასცეთ მის უდიდებულესობას, დედოფალ ელისაბედ II-ს, რომლის სახელი და პატივი ცნობილია მთელს მსოფლიოში; ვუსურვებთ მას მრავალჟამიერ და წარმატებით სავსე მოღვაწეობას, ხოლო თქვენს მშვენიერ ქვეყანას - მშვიდობასა და კეთილდღეობას.
ვესტ-მინსტერის სააბატო, 1 ივნისი, 1995 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.