„მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი“ - ეს კურთხეული სიტყვები, რომელიც იესო ქრისტემ თავისი თორმეტი მოციქულის წინაშე წარმოთქვა, მთელი მსოფლიოსათვის ცნობილი და კაცობრიობისათვის ცხოველმყოფელი გახდა. ამ სიტყვებში, რომლებიც ყოველი წმიდა წირვის დროს იკითხება ეკლესიაში, დიდი საიდუმლოება იფარება. ხშირად სვამენ კითხვას, რატომ მაინცდამაინც პურზე თქვა მაცხოვარმა „ესე არს ხორცი ჩემიო“. პურს დიდი ძალა აქვს მინიჭებული ღვთისაგან. მოციქულთა მოძღვრებაში, რომელსაც „დიდაქე“ ეწოდება, ვკითხულობთ, როგორ ევედრებიან ისინი უფალს ისევე შეკრიბოს ეკლესიაში მისი მორწმუნენი, როგორც პურშია შეკრებილი გაფანტული მარცვლები ხორბლისა. განსაკუთრებული დამოკიდებულებაა აგრეთვე გამომჟღავნებული ღვინის მიმართ წმ. წერილში. წმიდა ესაია წინასწარმეტყველი გვასწავლის, მოკრძალებულნი ვიყოთ ყურძნის მტევნის წინაშე, რომელიც წვენით აივსება და არ შეურაცხვყოთ იგი, რადგან მასში კურთხევაა. სწორედ პური და ღვინო აიღო იესო ქრისტემ, მისცა თავის მოწაფეებს და დაუბარა, რომ ეს წესი აღესრულებინათ მის მოსაგონებლად. როცა ჩვენ საიდუმლო სერობას ვიხსენებთ წმიდა წირვისას, ჭეშმარიტად ვიღებთ სისხლსა და ხორცს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
წმიდა ზიარება ის დიდი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის ცოდვათა სიღრმეთაგან, ჯოჯოხეთიდან ამოყვანა ძალუძს. ხშირად მორწმუნე ადამიანები იმ მიზეზით, რომ ღირსნი არ არიან ზიარების მიღებისა, იშვიათად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ეზიარებიან. რთქმა უნდა, ადამიანი ზიარებისათვის აუცილებლად უნდა მოემზადოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ მოვემზადებით ისე, რომ იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღების ღირსნი ვიყოთ. მთავარია არ დავკარგოთ განცდა თვისთა ცოდვათა, უღირსობის გრძნობა და იმედი იმისა, რომ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ცოდვებს შეგვინდობს. ვისაც საკუთარი ცოდვების განცდა და ღვთის სასოება აქვს, ის უნდა მივიდეს წმ. ზიარებასთან.
წმიდა ბასილი დიდი ამბობს, რომ იგი კვირაში ოთხგზის ეზიარებოდა - შაბათს, კვირას, ოთხშაბათსა და პარასკევს. გარდა ამისა, წმ. ზიარებას დიდ დღესასწაულებზეც იღებდა. თუ ჩვენ ეკლესიის ისტორიას გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები იმდენად ძლიერნი იყვნენ სულით, რომ ყოველ წირვაზე ეზიარებოდნენ. ასე რომ, ჩვენც ხშირად უნდა მივიდეთ ამ ცხოველსმყოფელ საიდუმლოსთან. როცა მოძღვარი გამოდის და ამბობს „შიშითა ღვთისათა და სიყვარულით, სარწმუნოებით მოვედით“, ვისაც ღვთის შიში, სიყვარული და სარწმუნეობა აქვს, უნდა მივიდეს, რადგან ღმერთი თვითონაა სიყვარული. ამავე დროს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისთვის ვინც ურწმუნოდ ან ეჭვით ეზიარება, ანუ არ წამს იმისა, რომ უფლის ხორცსა და სისხლს იღებს, წმიდა ზიარება შეიძლება დამსჯელი აღმოჩნდეს.
ჩვენ ვიცით, რომ საიდუმლო სერობაში, რომლის დროსაც იესო ქრისტემ ეს წესი პირველად აღასრულა, მონაწილეობა იუდა ისკარიოტელმაც მიიღო, ისიც ეზიარა ამ საიდუმლოს მიიღო რა სისხლი და ხორცი უფლისა, მაგრამ გავიდა და იესო ქრისტე გასცა, რადგან ბოროტი სულის ტაძარი გახდა. წმიდა მამების სწავლებით, იუდას რომ წმიდა ზიარების შემდეგ მადლობა ეთქვა მაცხოვრისათვის, ვეღარ გასცემდა მას და ვეღარ იქცეოდა მოღალატედ. მან მადლობის ნაცვლად სერობა დატოვა და წავიდა. ამიტომ, როცა ჩვენ წმიდა ზიარებას ვიღებთ, მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა. ყოველი მორწმუნე მოვალეა, რომ არა მხოლოდ ზიარების წინა ლოცვები, არამედ ზიარების შემდგომი სამადლობელი ლოცვებიც წაიკითხოს,
ამ კურთხეულ დღეს, როცა ჩვენ თითქმის ყველანი ვეზიარეთ და იესო ქრისტეს სხეულში გავერთიანდით, ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომ კიდევ ერთხელ ღირს-გვყო და დიდ საიდუმლოს გვაზიარა. ყველას გილოცავთ წმიდა ზიარების მიღებას.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, რათა ყოველთვის იყოთ ტაძარი ღვთისა, ახლა კი ერთად წავიკითხოთ სამადლობელი ლოცვები და მადლობა შევსწიროთ უფალს საიდუმლოს მიღებისათვის.
ივნისი, 1987 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.