მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმრთნი უცხონი ჩემსა გარეშე.
მორწმუნემ უნდა იცოდეს, რომ არის ერთი ღმერთი, რომ მისი ღმერთი ჭეშმარიტი ღმერთია და იგი არის ერთადერთი ღმერთი. იქვე იმიტომ არის განმარტება და „არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე“. უფლის გარეშე სხვა ღმერთის ღმერთად აღიარება პირველი მცნების დარღვევაა. ბუნებრივია, რომ სამყარო, ყოველივე ხილული თუ უხილავი, ერთი უფლის მიერ არის შექმნილი. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ უფალი არის ერთადერთი ღმერთი. ხშირად ადამიანები ივიწყებდნენ და დღესაც ივიწყებენ ამას და ქადაგებდნენ (ზოგიერთები დღესაც ქადაგებენ) მრავალღმერთიანობას. მათ თითქოს არ ჰყოფნიდათ ერთი ღმერთი და მრავალღმერთიანობისაკენ მიიდრიკებოდნენ. ეს ცდომილება მით უფრო აქტუალური იყო მოსეს თანამედროვე ისრაელისათვის, რომელიც ხშირად ვარდებოდა კერპთაყვანისმცემლობაში, უცხო ღმერთებისადმი თაყვანისცემაში და ამით ჭეშმარიტ ღმერთს ღალატობდა. ფსალმუნში გვიწერია: „ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან“ - რაც პირდაპირ მიგვითითებს, რომ სხვა, უცხო ღმერთები, გარდა ერთადერთი ჭეშარიტი ღმერთისა, ბოროტისგანაა.
როგორ გაჩნდა მრავალღმერთიანობა? თავიდან, პირველი ადამიანები, იგულისხმება ადამ და ევა, ასევე მათი შთამომავლები, მონოთეისტები იყვნენ და ბუნებრივია, მათ იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი. იცოდნენ, რომ ჭეშმარიტი ღმერთი ერთია და იგია ყოვლის გამგებელი ამქვეყნად. მაგრამ თანდათანობით, რაც უფრო მრავლდებოდა კაცობრიობა და რაც უფრო სუსტდებოდა მასში სულიერი ძალა, იგი ივიწყებდა ჭეშმარიტ ღმერთს, ყოველ შემთხვევაში, მათი ნაწილი მაინც. ასე ხდებოდა მათი ცნობიერების გაუკუღმართება. რა თქმა უნდა, ასეთი რამ ეშმაკის ზემოქმედების გარეშე არ ხდება, ვინაიდან იგია ყოველი ბოროტების წყარო სამყაროში. ბუნებრივია, ადამიანებს თანდათანობით ავიწყდებოდათ ცოდნა, შემეცნება ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთისა და ისინი ახალ ღმერთებს, ახალ კერპებს იგონებდნენ, თუმცა ჭეშმარიტი სარწმუნოების, უფლის ხსოვნის სრული აღხოცვა მაინც არ ხდებოდა. ჭეშმარიტი რწმენის რაღაც მცირე ნაწილი მაინც შემონახული იყო მათში, ოღონდ გაუკუღმართებილი სახით. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად უცხო რელიგიებში შესაძლებელია ჭეშმარიტების მარცვალი დავინახოთ, რამაც შეიძლება ადამიანები დააბნიოს და აფიქრებინოს, რომ სხვადასხვა რელიგიებს შორის არსებული საერთო მორალური ნორმები, გარეგნული თუ შინაგანი მსგავსება, თითქოსდა მათ თანასწორობაზე მეტყველებს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის ჭეშმარიტი მარცვალი, ის ნაწილობრივი სიმართლე, რაც შეიძლება იყოს კიდეც სხვა სარწმუნოებაში, არის ანარეკლი იმ სამოთხისეული მეხსიერებისა, იმ პირველცოდნისა, რაც პირველ ადამიანებს ჰქონდათ, ანუ ყველა იმ ერის პირველ წინაპრებს, რომლებიც დღესაც არსებობენ. ჩვენ, ბუნებრივია, ყველას საერთო წინაპარი გვყავდა და ამ წინაპართაგან წამოსული ცოდნა შერყვნილი და გაუკუღმართებული სახით დღესაც არსებობს ყველა ხალხში და სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობაში. აი, ეს არის სწორედ მიზეზი იმისა, რომ სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულებით განსხვავებულ რელიგიებს, რაღაც საერთო მაინც აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სარწმუნოება იყოს ჭეშმარიტი, რომ ადამიანი ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლად იწოდოს. თუ ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემელი ხარ, მისი მოძღვრება მთელი სისავსით უნდა აღიქვა და დაემორჩილო, ვინაიდან რელიგიაში არ შეიძლება რაღაც ნაწილის მიღება და დანარჩენის უკუგდება. არ შეიძლება, მხოლოდ ნაწილი მივიღოთ, დანარჩენი კი უარვყოთ, როგორც ზოგიერთი არაეკლესიური ადამიანი აკეთებს. ისინი თითქოსდა სხვადასხვა რელიგიებიდან, ფილოსოფიური მიმდინარეობებიდან ამოკრებენ მათთვის მისაღებ მორალურ ნორმებს, ინტელექტუალურ თეორიებს, სხვადასხვა აზრებს და ქმნიან თავის პირად სარწმუნოებას, მსოფლმხედველობას, რომელიც მხოლოდ მისთვის ან ადამიანთა ჯგუფისთვის არის დამახასიათებელი. ეს არ გახლავთ ჭეშმარიტების, ღვთის ერთგულება. ასეთი ადამიანებისაგან ხშირად გაიგონებთ - „მე ჩემი თვალით ვუყურებ სახარებას“, „ჩემი თვალით ვუყურებ სარწმუნოებას“, „მე ჩემი შეხედულება მაქვს“. ეს „ჩემი“ და „მე“ მათთვის იმდენად ძვირფასია, რომ ღვთაებრივზე აღმატებული ხდება, მაშინ როცა ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა გამოცხადებითი რელიგიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც ჩვენ ვიცით ღმერთის შესახებ (რა თქმა უნდა, უფლის სრული შეცნობა შეუძლებელია, მაგრამ ის მცირედიც, რაც ვიცით), არის შედეგი იმისა, რომ ეს ცოდნა გამოცხადებით, ღვთის დაშვებით მოგვეცა. ოღონდ ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანს კი არ ჰქონია გამოცხადება, არამედ ღვთის რჩეულ ადამიანებს, წინასწარმეტყველებს, წმიდანებს უფალი თავისი თავის შესახებ უცხადებდა იმ მცირედს, რისი დატევნაც ადამიანებს შეეძლოთ, თუნდაც ყველაზე გამორჩეულებსა და წმიდანებს. სწორედ მათგან ვიცით უფლის შესახებ. სხვაგვარად უფლის შეცნობა აბსოლუტურად შეუძლებელია. მაგალითად, როგორ შეიძლება, ჭიანჭველამ შეიმეცნოს ყველაზე აღმატებული, რთული ფილოსოფია. ყველამ იცის, რომ მისთვის შეუძლებელია პლატონისა და არსტოტელეს ფილოსოფიის გაგება. ასევე ადამიანს, რომელიც შეზღუდული არსებაა, არ შეუძლია გონებით შეიმეცნოს უფალი, მას მხოლოდ შეუძლია უფლისგან დაშვებით შეიმეცნოს, ანუ ეკლესიისთვის მიცემული ცოდნა გაითავისოს, მხოლოდ მასზე იფიქროს და არა საკუთარ მიწიერ ლოგიკაზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნები გამოიტანოს.
ასე რომ, პირველი მცნება, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა მცნებები, მარადიულია და დღესაც ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ, როცა მოსე წინასწარმეტყველს მიეცა. სწორედ ჩვენი უფალია ჭეშმარიტი ღმერთი, სწორედ იგია ერთადერთი უფალი და არა უცხო სხვა ღმერთები, რომლებსაც არც უნდა ვემონებოდეთ და არც ვუჯერებდეთ, რადგან სხვაგვარად არ ვიქნებოდით არც ჭეშმარიტი ქრისტიანები და არც ჭეშმარიტი მორწმუნეები.
ზურაბ ცხოვრებაძე
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი