არ იმრუშო.
ჩვენ უფალმა მოგვცა მცნებები, რომელთა დაცვაც ყოველი ქრისტიანის ვალია. ბუნებრივია, თითოეული მცნების დარღვევა ყველა სხვა მცნების დარღვევას ნიშნავს, ვინაიდან ეს ერთი მთლიანობა, ერთიანი სწავლებაა, რომლის მიღება, გათავისება და მისდამი მორჩილება მთლიანობაში გვმართებს. ერთ-ერთი ამ მცნებათაგანია „არა იმრუშო“. ეს მცნება, ისევე როგორც დანარჩენი მცნებები, დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია, ვინაიდან გარკვეული მსოფლმხედველობა, საერთოდ აუქმებს სიძვის ან მრუშობის მცნებას და საქმეს ისე წარმოაჩენს, თითქოს იგი მოძველდა და მისი დაცვა უკვე საჭირო აღარაა. სინამდვილეში ეს ასე არ არის. მაშინ, როცა კაცობრიობას მოსეს მიერ ათი მცნება მიეცა, თითოეულმა მათგანმა მარადიული მნიშვნელობა შეიძინა, ამიტომ დრო მათ შესუსტებას ან განქარვებას ვერ შეძლებს.
მრუშობის საკითხს თვით სახარებაც ეხება. თავად იესო ქრისტე ეუბნება ადამიანებს, რომ არათუ მრუშობა, არამედ გულისთქმით შეხედვაც კი უკვე ცოდვაა ადამიანისთვის. ვინაიდან თუ კაცმა გული, აზრი არ განიწმიდა, ვერც თავის სიტყვას და საქმეს განწმედს. ადამიანმა განწმედა თავისი გონებიდან უნდა დაიწყოს. ქრისტიანობაში ძალიან მკაცრად და მტკიცედაა ჩამოყალიბებული სწავლება უბიწოების შესახებ - ქორწინებაში არმყოფმა ადამიანმა სხვასთან ხორციელი ურთიერთობა არ უნდა იქონიოს.
მრუშობის ცოდვა უმძიმესია და იგი მომაკვდინებელ ცოდვათა რიგში შედის. ის, ვინც მეშვიდე მცნებას არღვევდა, სჯულის კანონით უმკაცრესად ისჯებოდა. ასეთ ადამიანებს გარკვეული ხნით ზიარებისგან აყენებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ სიძვაც და მრუშობაც უმძიმესი ცოდვებია, მათ შორის მაინც არსებობს განსხვავება. სიძვას ჩადის ადამიანი, რომელიც ქორწინებაში არ იმყოფება, მრუშობა კი ის ცოდვაა, როცა სიძვას ქორწინებაში მყოფი ადამიანის ჩაიდენს. ორივე ცოდვა უმძიმესია, მაგრამ მათ შორის უფრო მძიმე მრუშობაა, იმიტომ რომ ქორწინებაში მყოფ ადამიანს უფრო დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, იგი უკვე ქორწინების საიდუმლოთი არის დაკავშირებული თავის მეუღლესთან, მათ შორის უფალია და როცა ადამიანი ამ საიდუმლო კავშირს, ჯვრისწერის კავშირს სხვა ადამიანთან ხორციელი ურთიერთობით შეურაცხოფს, რა თქმა უნდა, ეს უფრო მძიმე ცოდვაა, ვიდრე ქორწინებაში არმყოფი ადამიანის ცოდვა. თავისთავად ცოდვის ჩამდენი ადამიანი შეურაცხყოფს როგორც სულს, ისე სხეულსაც, რადგან იგი უკანონონდ ხორციელად უერთდება სხვა ადამიანს და, გარდა სულისა, თავის სხეულსაც შეურაცხყოფს; სხეული კი იცით, რომ ადამიანის სულის ჭურჭელია, და რაც უმთავრესია, მოწოდებულია, ღვთის ტაძრად იქცეს. ამიტომ იგი სუფთად, უბიწოდ უნდა შევინახოთ.
სამწუხაროდ დღევანდელ ეპოქაში ზოგიერთნი საქმის ვითარებას ისე წარმოჩინდნენ, თითქოს ეს ცოდვა, ცოდვა აღარაა. ბოლო დროს ყოველმხრივ ხდება შემოტევა დღევანდელ საზოგადოებაზე, პროპაგანდას უწევენ სიძვასა და მრუშობას. ეს პორნოგრაფიული და ეროტიკულ ლიტერატურის უხვი ნაკადი ცუდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, განსაკუთრებით, მოზარდებზე, და არა მხოლოდ მათზე. ასევე უარყოფით გავლენას ახდენს საზოგადოებზე ის ფილმები, რომლებშიც უხამსობა და სიბილწეა ნაჩვენები.
მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია, თითქოს ხდება ადამიანის მომზადება გარყვნისაკენ, მაგრამ უარესია, როცა გაზეთებში ვაწყდებით სტატიებს, ვუყურებთ სატელევიზიო გადაცემებს, სადაც ცდილობენ, დაამტკიცონ, თითქოს სიძვა და მრუშება ცოდვა არაა, თითქოს ეს იყოს ადამიანის თავისუფალი ნების გამოვლინება, ანუ თავისუფლების, დემოკრატიის მონაპოვარი. რა თქმა უნდა, ეს თავისუფლების მცნების დამახინჯებაა. ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს ცოდვისგან. როცა ადამიანი ცოდავს, იგი თავისუფალი აღარ არის, რადგან ეშმაკს ემონება. ის თავის თავში შეურაცხყოფს ხატებას და მსგავსებას უფლისა, რაც არაბუნებრივი მდგომარეობაა. ცოდვა საერთოდ არაბუნებრივია. იგი ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას, რადგან იგი ღვთის ხატად და მსგავსად არის შექმნილი. სამწუხაროდ, სწორედ ამას ივიწყებენ და ამ ცოდვის პროპაგანდას ცდილობენ.
ამავე დროს, ამ ცოდვაში, რა თქმა უნდა, სხვა სახის სექსუალური გაუკუღმართებებიც იგულისხმება მაგ. ჰომოსექსუალიზმი და ა.შ. დღეს კი ამ გაუკუღმართებების პროპაგანდაც ხდება. ზოგიერთებს სურთ საქმე ისე წარმოადგინონ, თითქოს მნიშვნელობა არა აქვს, როგორი სექსუალური ორიენტაცია ექნება ადამიანს - ბუნებრივი, ანუ მოპირდაპირე სქესის ადამიანის მიმართ თუ გაუკუღმართებული - თავისივე სქესის ადამიანის მიმართ. საზოგადოების წინაშე გამოდიან ადამიანები, რომლებიც ჰომოსექსუალისტთა უფლებებს იცავენ და ცდილობენ ეს პიროვნებები საზოგადოების წინაშე ისე წარმოჩინონ, თითქოს სხვებზე არაფრით ნაკლებები იყვნენ. ეს წმიდა წერილის, უფლის შეურაცხოფაა, ვინაიდან ეკლესიაში ყოველთვის ძალიან მკაცრად ისჯებოდა და დღესაც მკაცრად ისჯება ეს ცოდვა, ვინაიდან ეკლესიური სწავლებით იგი არაბუნებრივი ცოდვაა და ამიტომ გაცილებით მძიმე უნდა იყოს სასჯელი, ვიდრე, ვთქვათ, მრუშობის ცოდვაზე. ამასთან დაკავშირებით შეუძლებელია სხვა დამოკიდებულება არსებობდეს, არ შეიძლება ამ ცოდვას შეეგუოს ადამიანი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ამ ადამიანისადმი სიძულვილს. ეკლესიას არ სძულს ცოდვაში მყოფი ადამიანი, მას სძულს ცოდვა. ცოდვის ჩამდენი ადამიანი უნდა გვეცოდებოდეს. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე, რომ ტელევიზიით უჩვენებენ გადაცემებს, სადაც ხდება ამ ცოდვის ფაქტიური პროპაგანდირება. არის ფილმები ინცესტის სცენებითაც (ინცესტი - ახლო ნათესავებს შორის სქესობრივი კავშირი), ეს კიდევ უფრო მძიმე ცოდვაა. სამწუხაროდ, ფილმებზე უარესია ამ ფილმების განხილვები და შეფასებები, სადაც არის მცდელობა იმისა, რომ ადამიანებს სხვა კუთხით შეახედონ ამ ცოდვას. ფაქტიურად ეს არის ცდა იმისა, რომ ეს საშინელი ცოდვა როგორმე საზოგადოების თვალში ცოდვა აღარ იყოს. ეს განსაკუთრებით საშიშია მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამგვარი ცნობიერებით იზრდებიან, შემდეგ ცოდვაში ვარდებიან, ცოდვაში ჩავარდნილი ადამიანი კი ეშმაკის მონა ხდება, თავის სულს ღუპავს და ჯოჯოხეთისათვის წირავს.
წმიდა ნილოს მირონმდინარის წინასწარმეტყველებაში, რომელიც XVII საუკუნის ათონელი მამა გახლავთ, არის საოცარი სიტყვები, რომელიც ჩვენს თანამედროვე ეპოქას ეხება. მისი წინასწარმეტყველებათა ამ ეპოქაში ადამიანები ვერსაცნობნი შეიქმნებიან, ქალი კაცს დაემსგავსება, კაცი კი ქალს. წმიდა ნილოს მირონმდინარე ამბობს, რომ სექსი, გარყვნილება ანტიქრისტეს სულიერ საზრდოდ იქცევა. ანტიქრისტეს ეპოქაში იმდენად მოიმატებს ეს გარყვნილება (განსაკუთრებით ყევლაზე გაუკუღმართებული ფორმები), რომ ეს საყოველთაოდ მიღებული იქნება. წმიდა მამები იმასაც კი ამბობენ, რომ ადამიანები ურცხვად გაშიშვლდებიან, ქრისტიანებს კი იმითაც იცნობენ, რომ ჩაცმულობით სხვებს არ დაემსგავსებიან და გარეგნულადაც კი საცნობნი გახდებიან. დღეს თითქოს უკვე ვხედავთ ანტიქრისტეს ეპოქის წინასახეს, რადგან გაშიშვლება, არაქრისტიანული ჩაცმულობა, ადამიანისთვის ბუნებრივი გახდა. ადამიანებს უკვე ისიც აღარ რცხვენიათ, რაც ადრე მეძავებსაც კი ეკრძალებოდათ. ისინი გარეთ ჩაუცმელნი არ გამოდიოდნენ, არც სხეულის ნაწილებს აშიშვლებდნენ. საყოველთაოდ მიღებული გახდა ის, რაც ეკლესიური ცნობიერებისათვის მისაღები არაა. ფიზიოლოგიური თვალსაზრისით თუ ვიმსჯელებთ, ეს არაბუნებრივიცაა, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი ჩაცმულობა, დღევანდელი ცნობიერება ადამიანის ბუნების, ქრისტიანობის საწინააღმდეგოდ, ყველაფერი იმ კანონზომიერების წინააღმდეგ მიდის, რაც კაცობრიობის ცნობიერებაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მართლაც რომ საშინელი სულიერი ატმოსფერო იქმნება. ამიტომ როგორც წმიდა მამები გვარიგებენ, როცა ადამიანს სიძვის სურვილი უჩნდება, უნდა ჯოჯოხეთის გეენა გაიხსენოს, ის ცეცხლი, რომელშიც ცოდვილი ადამიანები იტანჯებიან, მათ შორის მეძავები და მრუშები. ეს იქნება ამ საშინელ ცოდვის მუხრუჭი.
ზურაბ ცხოვრებაძე
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი