არ იპარო.
უფლის მერვე მცნება ასე ჟღერს - „არა იპარო“. ამ მცნებაში ღრმა აზრია ჩადებული. რა თქმა უნდა, იგი უპირველესად ამ სიტყვების პირდაპირ გაგებას გულისხმობს. საკუთრების მითვისება, მოპარვა არ შეიძლება; მაგრამ უფლისათვის ქურდობის ყოველგვარი სახე საძაგელია, იქნება ეს ჩუმად მოპარვა, იარაღის ძალით წართმევა, ანუ ყაჩაღობა, ან როცა ადამიანი სიყალბეს ჩადის, მაგ., ყალბ ფულს, უახარისხო საქონელს ამზადებს და ამ სახით მიიტაცებს რამეს, ან დაბალი ღირებულების ნივთს შესთავაზებს ვინმეს მაღალ ფასად, მყიდველს ატყუებს. ამ საშინელი ცოდვის - ქურდობის ყველა სახე უფლისათვის მიუღებელია. მიუღებელია მაშინაც, როცა ის თითქოსდა, ერთი შეხედვით, სიკეთის გამო კეთდება. ქურდობას არანაირი შედეგი არ ამართლებს.
ზოგჯერ ადამიანები იპარავენ, მაგრამ შემდეგ იმისათვის, რომ თავისი ქმედება გაამართლონ, ნაქურდალის ნაწილს ეკლესიას სწირავენ. ეს ყოვლად დაუშვებელია. არსებობს ეკლესიური წესი, რომლის მიხედვითაც, ეკლესიაში ნაქურდალის, უკანონო გზით შეძენილის შეწირვა არ შეიძლება. ზოგიერთი ადამიანი ძალიან პრიმიტიულად, მიწიერად მსჯელობს და ფიქრობს, რომ მართალია, უკანონო გზით მოიპოვა ეს თანხები, მაგრამ თუკი მცირე ნაწილს ამ თანხიდან უფალს შესწირავს, მაშინ ეს უსჯულოება თავისთავად, ავტომატურად იქნება გამოსყიდული. ეს ასე არაა, უფალს არაფერი სჭირდება, ყველაფერი ხომ მის ხელშია, ყოველივე მას ეკუთვნის, მისი შექმნილია. იგი უყურებს არა შემონაწირის რაოდენობას, არამედ იმას, თუ რა გულითაა შენაწირი. მთავარი გულია. სახარებაში მოხსენიებულია, რომ ერთმა ღატაკმა დედაკაცმა ორად ორი ლეპტა შესწირა ღმერთს, უფალი კი გვეუბნება, რომ მისი შენაწირი სხვებზე მეტია, ვინაიდან სხვებმა შეწირეს ის, რაც მათთვის ზედმეტი იყო, ამ ქვრივმა კი შესწირა ყოველივე, რაც კი გააჩნდა. აქედან მკაფიოდ ჩანს, რომ უფალი უყურებს შემწირველის გულს და არა იმას, თუ რა რაოდენობით არის თანხა შეწირული. ჩვენ ვერ მოვატყუებთ უფალს. საშინელი სენია, როცა ადამიანები იტაცებენ, ქურდობენ და შემდეგ ცდილობენ მოპარულის მცირე ნაწილი ეკლესიას შესწირონ და ამით „გამოისყიდონ“ ქურდობის ცოდვა. ეკლესიის ტრადიცისთვის ამგვარი საქციელი სრულებით მიუღებელია. ეს თავის მოტყუებაა.
ქურდობისა და ძარცვის ყველაზე საშინელი ფორმა ისაა, როცა ადამიანი იპარავს ეკლესიაში. ეს კიდევ უფრო ამძიმებს ქურდობის ცოდვას. თუკი ქურდობა ცოდვაა, განუზომლად დიდი ცოდვაა ის, რომელიც უფლის სახლს - ეკლესიას, მონასტერს, ან ეკლესიასთან დაკავშირებულ დაწესებულებას ეხება. ამიტომ ასეთ ადამიანებს სრულებით არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ ამ მოპარული ფულით რაიმეს გააკეთებენ, ამ ფულით ვერ შეძლებენ სიხარულისა და ბედნიერების მოპოვებას. თვალწინ ბევრი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ ასეთი ადამიანის ოჯახში სიკეთის ნაცვლად იწყება უბედურებები, ავადმყოფობა, ტანჯვა, გაღატაკება. იმდენად ხშირია ასეთი შემთხვევები, რომ თითქმის ყველამ იცის, თუ რა დაემართათ იმ ადამიანებს, ვინც ეკლესიიდან ზარები ან სხვა ნივთები მოიპარეს ან ეკლესიის ფული აქვთ მითვისებული. ეს ყოველივე მათ მარადიულად ჩაუქრობელ ჯოჯოხეთის ცეცხლად ექცევათ. ასეთი ადამიანი შეიძლება ამქყვენადაც დაისაჯოს, თუმცა ეს სასჯელი ზოგს წყალობად გადაექცევა ხოლმე, რადგან შეიძლება მონანიების, მოქცევისა და ეკლესიისკენ მიბრუნების დასაწყისი გახდეს.
მერვე მცნების დარღვევაა აგრეთვე სიმონია - ცოდვა, როცა ადამიანი საეკლესიო თანამდებობას ყიდულობს. ეს იმდენად მძიმე ცოდვაა, რომ საეკლესიო სამართალი ორმაგ სასჯელს ითვალისწინებს, მაშინ როცა სხვა შემთხვევაში ქრისტიანი მხოლოდ ერთი სასჯელით ისჯება (ე.ი. მაგალითად, სასულიერო პირი არ შეიძლება უზიარებლობითაც დაისაჯოს და, ამავე დროს, სასულიერო დასიდანაც განიკვეთოს). აქედანაც ჩანს, თუ როგორი მძიმე ცოდვა ყოფილა სიმონია.
ქურდობა, პარვა, წაგლეჯა უმძიმესი ცოდვებია, რომლებიც ისევე, როგორც ყველა სხვა ცოდვა, სასუფეველს განგვაშორებს. სამწუხაროდ, დღევანდელობაში ამ ცოდვას ფესვები ღრმად აქვს გადგმული. ეს დაიწყო ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული, როცა ქურდობა და მოპარვა ცოდვად არ ითვლებოდა, რადგან ადამიანებისთვის ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ისინი თვლიდნენ, რომ ქონება სახელმწიფოსია და, შესაბამისად, არავის ეკუთვნის, ამიტომ მისი მოპარვა და მიტაცება ცოდვა არაა. ეს მცდარი აზრი ადამიანების ფსიქოლოგიაში გაჯდა და როცა ვითარება შეიცვალა, არ შეცვლილა ადამიანთა ზნე, უფრო მეტიც, ასეთი განწყობა კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან ადრე შიშის ფაქტორი მაინც არსებობდა, დღეს კი ესეც მოიხსნა. შინაგანად ადამიანმა ვერ შეძლო თავის თავში ზნეობრივი სახის ჩამოყალიბება, რომელიც აუკრძალავდა მოპარვას, ამავე დროს, მოიხსნა შემაკავებელი - შიშის ფაქტორი (დაპატიმრების შიში). ამიტომ, ფაქტიურად, ეს საყოველთაოდ მიღებული ცოდვა გახდა, მით უმეტეს, ახლა, როცა ირგვლივ საყოველთაო გაჭირვებაა.
ადამიანთა რაღაც ნაწილი დღეს თავს იმართლებს იმით, რომ სიღარიბის გამო იძულებით უწევს ამ ცოდვის ჩადენა. ეს, რა თქმა უნდა, მცირედმორწმუნეობის გამო ხდება. ადამიანები ცდილობენ თავისი მოხერხებულობით, ქურდობით გადაჭრან მატერიალური პრობლემები. როცა ადამიანს უჭირს, იქნება ეს ხორციელი თუ სულიერი ავადმყოფობა, მატერიალური გაჭირვება, მისი მფარველი, პირველი შემწე არის უფალი. მას შეუძლია ჩვენი დახმარება, სასწაულებრივადაც კი. უამრავი ასეთი მაგალითი არსებობს. მაგალითად, გავიხსენოთ წმიდა ნიკოლოზის ისტორია. წმიდანმა გაიგო, რომ სიღარიბის გამო ოჯახის მამა აპირებდა, საშინელი ცოდვა ჩაედინა და თავისი ქალიშვილები საროსკიპოში გაეშვა, რათა სხეულით ევაჭრათ და ოჯახი ერჩინათ. წმიდა ნიკოლოზმა ჩუმად შესწირა ფული ამ ოჯახს და ამ ცოდვისაგან დაიხსნა ისინი. რა თქმა უნდა, ეს წმიდა ნიკოლოზის ხელით გაკეთდა, მაგრამ ეს გააკეთა უფალმა. ღმერთი დახმარებას ადამიანების ხელით გვიგზავნის. შეიძლება ეს უნებურად ისეთმა ადამიანმაც კი გაგვიკეთოს, ვინც საერთოდ თავისი ბუნებით არ არის მიდრეკილი მოწყალებისაკენ. გავიხსენოთ ერთი შემთხვევა. უწყალო პეტრე ძალიან მდიდარი ადამიანი იყო, მაგრამ საშინელი ანგარი და ძუნწი. მათხოვრებს არასდროს ეხმარებოდა, მაგრამ ერთმა მათხოვარმა მოახერხა და პური დასტყუა მას. პეტრე იმდენად შეაწუხა მათხოვრის თხოვნამ, რომ გაბრაზებულმა პური ესროლა. მართალია, ეს იძულებით მოხდა, მაგრამ მათხოვარმა ხომ მიიღო პური! უფალმა ხომ დაუშვა, რომ პური მის ხელში აღმოჩენილიყო! ნურასდროს შევხედავთ მხოლოდ მოვლენის გარეგნულ მხარეს, უფალს შეუძლია ჩვენი დახმარება და იგი ამ დახმარებას ყველაზე არაბუნებრივი სახითაც კი მოგვივლენს, თანაც არ გვეგონოს, რომ ასეთი რამ მხოლოდ ძველად ხდებოდა. ეს დღევანდელ დღესაც თვალსაჩინოა. თუკი ჩვენს ცხოვრებას გადავხედავთ, ყოველი ჩვენგანი თავის წარსულში იმ მაგალითს იპოვის, როცა გამოუვალი მდგომარეობიდან სრულიად მოულოდნელად ვინმეს მეშვეობით უფალს გამოუყვანია. ერთ ასეთ შემთხვევას მოგიყვებით: ერთ შვილმკვდარ ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა და ბევრი ვალი ჰქონდა. უკვე თითქოს არსაიდან იყო რაიმე თანხის მიღების საშუალება. მათ კი ძალიან სჭირდებოდათ ფული. ოღონდ არა იმიტომ, რომ კომფორტულად ეცხოვრათ, განშვება და განცხრომა მიეღოთ; ეს მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო სურდათ - მოახლოებული იყო ვაჟის გარდაცვალების დღე - უნდოდათ მისთვის პანაშვიდი გადაეხადათ და საკურთხი გაეკეთებინათ. მათ საოცარი სარწმუნოება გამოიჩინეს. უფალს შესთხოვეს: ვიცით, რომ გარშემომყოფთაგან ჩვენი დახმარება არავის შეუძლია, შენ კი, უფალო, ყოველივე ძალგიძს. შეგვაძლებინე ესოდენ სასურველი პანაშვიდის გადახდა და საკურთხის მომზადება, რათა ადამიანებს ვუწილადოთ იგი. წარმოიდგინეთ, მათ ლოცვაც კი არ ჰქონდათ დამთავრებული, რომ სახლში ზარის ხმა გაისმა და ერთმა ადამიანმა მოიტანა თანხა, რომელსაც უცხოეთში მცხოვრები ნაცნობი უგზავნიდა. თანაც, მას ერთადერთხელ ჰყავდა ისინი ნანახი. თანამედროვე ეპოქაში სხვა ბევრი ამგვარი სასწაული ხდება, ამიტომ ქურდობისას გაჭირვებით თავს ნუ გავიმართლებთ.
წმიდა მამები ამბობენ, რომ ქურდობის ცოდვაში, ადამიანი მაშინაც დამნაშავეა, როცა მას ბევრი ქონება აქვს და არ უყვარს მოწყალების გაცემა. ერთი შეხედვით, თითქოს როგორ შეიძლება, რომ ქურდობის, ძარცვის და ყაჩაღობის ცოდვაში დაადანაშაულო ადამიანი, რომელიც სულაც არ იპარავს, უბრალოდ თავისას არ გასცემს. წმიდა მამები ამბობენ, რომ ამგვარი საქციელიც ცოდვაა და იგი სასჯელს იმსახურებს, იმიტომ რომ ყოველივე უფალს ეკუთვნის. ადამიანს თუნდაც სამართლიანი გზით დაგროვილი ქონება რომ ჰქონდეს, მან აუცილებლად უნდა იფიქროს: ეს უფლისგან მომეცა, უფლის დაშვება რომ არ ყოფილიყო, ერთ გროშსაც ვერ შევიტანდი ოჯახში, ერთ აგურს ვერ დავდებდი ჩემი სახლის მშენებლობაზე, ერთ ნივთსაც ვერ შევიძენდი. უფალმა მომცა ყოველივე, უხვად გაიღო ჩემთვის, მაგრამ მომეცა არა იმიტომ, რომ განცხრომაში ვიცხოვრო, არამედ იმისათვის, რომ ეს ნამეტნავი იმას მოვახმარო, ვისაც სჭირდება. ზოგიერთი ისე დაავადდება ხოლმე ვერცხლისმოყვარეობით, რომ მის მოხმარებასაც კი ვეღარ ასწრებს. აგროვებს და ამ სიმდიდრის მონა ხდება. ქონება ადამიანს იმისთვის ეძლევა, რომ გასცეს. როცა არ გასცემს და ვერ ხედავს მის გვერდით მყოფ ღარიბ ადამიანს, იგი სულიერად ბრმავდება, უფლის წყალობის მიმტაცებელი და მიმთვისებელი, უფლის მიერ მიცემული ქონების უკანონო მფლობელი ხდება. ეს, რა თქმა უნდა, მძიმე ცოდვაა. განსაკურებით მძიმდება ეს ცოდვა, როცა ადამიანი გაჭირვებულ ქვეყანაში ცხოვრობს და ვერ ხედავს ათასობით გაჭირვებულს, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე ცხოვრობენ, შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ, მათი შვილები შეიძლება უსწავლელნი დარჩნენ, ისე დაავადდნენ, რომ მკურნალობის ფული არ ჰქონდეთ. ეს ადამიანი კი ფუფუნებაში ცხოვრობს და სრულებით არ არის დაინტერესებული ვინმეს გაჭირვებით, უფრო მეტიც, მას გაჭირვების შესახებ გაგონებაც კი არ სურს, რათა არ შეწუხდეს, რათა ბოლომდე დატკბეს ცხოვრებით. ამ ტკბობაში კი უაზროდ ხარჯავს უამრავ ფულს. ეს არის უფლის წყალობის გაფლანგვა. გავიხსენოთ სახარებისეული იგავი. ერთმა მდიდარმა დიდი მოსავალი მიიღო, იგი გახარებულია და ცდილობს მოსავალი დააბინაოს; ამ დროს უფალს მისი იმ ღამითვე ამქვეყნიდან გაყვანა აქვს გადაწყვეტილი. ქონება, რომლისთვისაც ესოდენ ზრუნავდა, მას ოხრად რჩება, რადგან იმქვეყნად ვერაფერს წავიღებთ. სამაგიეროდ მას რჩება თავისი ცოდვები, რომლითაც იგი უფლის წინაშე წარსდგება. იქ მას ვერც ამქვეყნიური სიმდიდრე, ვერანაირი ფული ვერ გაამართლებს. იქ არაფერში გამოადგება ქონება, პირიქით, მის სასჯელად, მის სამხილებლად გადაიქცევა. აი, ასეთი უგნურია უწყალო მდიდარი. თავისთავად სიმდიდრე ცოდვა არ არის, მაგრამ ცოდვა არის ის, როცა ადამიანი ამ სიმდიდრეს უგუნურად იყენებს, გულქვაა და სრულიად გულდახშულია ადამიანთა გაჭირვებების მიმართ.
ქურდობის ცოდვით ჩვენი ერი ძალიან არის დაზიანებული. ვევედროთ უფალს, რომ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. საყოველთაო სინანულით როგორღაც დავძლიოთ ქურდობის სენი, რათა უფლისაგან წყალობა მოვიპოვოთ.
ზურაბ ცხოვრებაძე
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლექტორი