მამა იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 10 მცნების მიხედვით

პირველი მცნება: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე.

რას გვავალდებულებს უფლის წინაშე ეს მცნება?

პირველი ვალდებულება:

ღმრთის ჭეშმარიტი შემეცნება უნდა გვქონდეს. გვაქვს კი ეს ჭეშმარიტი შემეცნება? არა, არა გვაქვს სწორი წარმოდგენა ღმერთზე, მართლმადიდებლურ მოძღვრებაზე, იმ ეკლესიაზე, რომლის წევრებადაც ვითვლებით წმინდა ნათლისღების ძალით.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ამის შემდგომ თავსაც კი ვიმართლებთ, რომ თურმე ვერსად ამოგვიკითხავს სწორი გაგება ღმრთისა, რომ არავის უსწავლებია და არც გვასწავლის ყოველივე ამას. თავის მართლების მცდელობით ჩვენ მხოლოდ ვამძიმებთ საკუთარ დანაშაულს, ვინაიდან ყველაფერი სიცრუეა. ჩვენ მეტად უგულისყუროდ, გაფანტულად ვცხოვრობთ და თვითონვე არა გვსურს საჭირო ცოდნის შეძენა იმ წყაროებიდან, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს გააჩნია.

1. ჰკითხეთ საკუთარ სინდისს, განა ძვირფასია თქვენთვის ყოველი ღმრთისმსახურება ტაძარში, ეკლესიაში წარმოთქმული ლოცვისა და გალობის თითოეულ სიტყვას ყურს უგდებთ? ეს ხომ თქვენი სკოლაა, სასწავლებელი, ყველაზე საჭირო, ჭეშმარიტი ღვთისმეტყველება, ყველაზე უფრო სინანულით აღსავსე ლოცვა და შთაგონებული დიდება ღმრთისა! განა ყოველივე ამით კვებავთ თქვენს სულსა და გონებას? არა! უფალო, მოგვიტევე ჩვენ!

ჩვენ არ გვიყვარს ტაძარში დროულად მისვლა და შუა წირვისას მივიკვლევთ გზას მლოცველთა შორის. თავს ვიყრით და ხმამაღლა ვლაპარაკობთ მესანთლის კუთხეში, ხშირად ვიცვლით ადგილს. თავად არ ვისმენთ იმას, რა იკითხებდა იგალობება და სხვებსაც ხელს ვუშლით. არაფერს არ ვიძენთ ამ ჭეშმარიტი ღმრთისმეტყველების წყაროდან.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ვისაც ზედმეტად განსწავლულად და ყოვლისმცოდნედ მიაჩნია საკუთარი თავი, ღმრთისმსახურზე წყრება: „რა ერთსა და იგივეს ამბობსო“, ავიწყება, რომ ამბიონზე მდგარი მოძღვარი დგას იმ ქვაზე, რომელიც უფლის საფლავიდან არის გადმოგორებული და ამ წმინდა ადგილიდან უსარგებლო სიტყვათა წარმოთქმა არ შეუძლია. ამბიონიდან თქმული თვით ყველაზე უმნიშვნელო სიტყვაც კი მუდამ მართლმადიდებლური ჭეშმარიტებით გვმოძღვრავს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, რომელნიც უარვყოფთ სიტყვასა შენსა!

2. ჩვენ არ ვკითხულობთ სულის საცხონებელ წიგნებს და თავს იმით ვიმართლებთ, რომ ისინი ძნელად იშოვება. ესეც მწარე ტყუილია. განა ყველაზე მთავარ წიგნს - სახარებას კი ვკითხულობთ? სახარება ხომ თითოეულ ჩვენგან მოეპოვება და თუ არა აქვს, მხოლოდ მისივე დაუდევრობის წყალობით! ვსწავლობთ კი რამეს ამ ცხოვრების წიგნიდან? წმინდა ეკლესიამ დააწესა ოთხთავისა და ეპისტოლეების ყოველდღიური კითხვის აუცილებლობა. დავუშვათ, რომ ამის შესრულება ყველას არ შეუძლია, მაგრამ რა გვიშლის ხელს, რომ ყოველდღიურად წავიკითხოთ თუნდაც ერთი თავი? მონანულთაგან განა ბევრს გვაქვს წაკითხული ოთხთავი, საქმე მოციქულთა და ეპისტოლენი?

უფალო, შეგვიწყალე!

ჩვენ არა მარტო შინ არ ვკითხულობთ სახარებას, არამედ ტაძარშიც არ ვისმენთ მას. ღმრთის სახლში მოკრძალებული მოქცევა ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ განსაკუთრებული მოწიწება წმინდა სახარების კითხვისას გვმართებს: სულგანაბული და თავდახრილი დიდი გულისყურით უნდა ვისმენდეთ მას. ჩვენ კი როგორ ვიქცევით? კარგია, თუ ამ დროს ტაძარში არ დავეხეტებით (ესეც ხდება, მოგვიტევე, უფალო!). კარგია, თუ სანთელს არ გადავაწოდებთ და ამით სხვასაც არ გავუფანტავთ ყურადღებას (შეინანეთ უფლის წინაშე, ვინც ამის სცოდა, უფალო მოგვიტევე). კარგია, თუ „თავისუფალი“ დროით არ ვსარგებლობთ, არ მივძვრებით სანთლების გასასწორებლად და კანდელების ასანთებად (ესეც ხდება ჩვენში, უფალო, მოგვიტევე!). კარგია, თუ ირგვლივ მყოფებს არ ვართოთ უქმადმეტყველებით, ამითაც ვცოდავთ, უფალო! მაგრამ მაშინაც კი, როდესაც გარეგნულად თითქოს არ ვუშლით ხელს ღმრთისმსახურებას, განა ბევრი ჩვენგანი იტყვის გულწრფელად, რომ ყურადღებით უსმენდა წმინდა წერილის სიტყვებს? სწვდებოდა განა ეს სიტყვები გონებას, რომ აღარაფერი ვთქვათ გულზე?! გონება კი ამ დროს, ვინ უწყის, სად დაქროდა! უფალო, მოგვიტევე ჩვენი უყურადღებობა, კადნიერება, ქარაფშუტობა და გულცივობა, რომელიც წმიდა წერილის კითხვისას გამოვიჩინეთ! უფალს სინანული შევწიროთ, ამ დღიდან დავუდოთ სათავე (ამას არც დიდი ჭკუა-გონება სჭირდება და არც განსაკუთრებული თავდადება), რომ ტაძარში სახარების კითხვისას შეწყდეს ყოველგვარი სხვა საქმიანობა, მოძრაობა. თავი დახარეთ და დიდი ყურადღებით შეიმეცნეთ სახარების სიტყვები.

უფალო, შეგვეწიე!

თუ თქვენს გვერდით მდგომმა არ იცის, როგორ მოიქცეს აღნიშნულ მომენტში, გულისწყრომით კი ნუ მისცემთ შენიშვნას, არამედ წირვის შემდეგ სიყვარულითა და კეთილგანწყობით აუხსენით, როგორ მართებს მოქცევა ტაძარში სახარების კითხვის ჟამს. აი, ეს იქნება ჭეშმარიტი ქრისტიანობა!

ჩვენ არ ვკითხულობთ რელიგიურ-ზნეობრივი შინაარსის წიგნებს. მართალია, ისინი ყველას არა აქვს და მათი შოვნა ძნელია, მაგრამ ჩვენ შორის ხომ არიან ისეთებიც, ეს წიგნები თაროზე რომ შემოუწყვიათ და მათი წაკითხვისთვის დრო ვერ უშოვიათ: „უმჯობესია, ცოტას წავიძინებ“ - ფიქრობენ ისინი. უფრო განათლებულები მეტი ხალისით კითხულობენ გაზეთს, ვიდრე სერიოზულ სასულიერო ლიტერატურას. ზოგიერთები არც თვითონ კითხულობენ არც სხვას აძლევენ წასაკითხად: „რომ აღარ დამიბრუნოს?“ ან კიდევ „მე რომ მომინდეს სწორედ ამ დროს წაკითხვა?“ აი, როგორც სძლევს ადამიანს სიხარბე! ისიც უნდა ითქვას, რომ სასულიერო წიგნების მითვისება დიდი სიბრიყვეა: რა სარგებლობა უნდა მისცეს სულს მოპარული წიგნის კითხვამ? ვინც ამით სცოდა, სასწრაფოდ, პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუბრუნეთ ისინი პატრონს. უფალო, მოგვიტევე ჩვენ უგუნურება და უპატიოსნება ჩვენი!

3. და ბოლოს, განსწავლულსა და კეთილზნეობრივ ადამიანებთან საუბრითაც შეიძლება იმის შესწავლა, თუ როგორ შევიმეცნოთ უფალი. ჩვენ კი როგორ ვიქცევით? ხალისით დავდივართ მეზობელთან, მეგობართან, ნაცნობთან, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვისაუბროთ ღმერთზე, სულის ცხონებაზე. სამარცხვინოა და საშინელი იმის აღიარება, რომ ჩვენ, ქრისტიანები, ხშირად ვიკრიბებით, რათა განვიკითხოთ მოყვასი ჩვენი, ვითამაშოთ ბანქო, ანდა მოვაწყოთ ღრეობა. სტუმრად ცარიელი მივდივართ, შინ კი კიდევ უფრო გაპარტახებული ვბრუნდებით!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

და ეს ხშირად გვემართება აღსარების შემდეგ, ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან ზიარების დღეს.

მეორე ვალდებულება, რასაც ჩვენ სჯულის კანონი გვავალებს, ასეთია: გვქონდეს ღმრთის ჭეშმარიტი რწმენა, სასოება და სიყვარული.

1. ამ ვალდებულების წინაშე თითოეული ჩვენგანის ყველაზე საშინელი შეცოდება არის უღმერთობა, ანუ ის მდგომარეობა, რომელშიც დღეს უმრავლესობა იმყოფება. აღარაფერს ვამბობთ გულისტკივილზე, რომელიც აძღვრარსეიათ უღმრთოთა მშობლებსა და ახლობლებს. ეს სიტყვით ვერ გადმოიცემა. ჩვენ, ვინც დღეს აქ აღსარებისათვის მოვსულვართ, გვაქვს კი ნამდვილი რწმენა? გვჯერა კი უკვდავებისა, რომ საფლავის მიღმა მარადიული ცხოვრებაა და საზღაურის მიგება კეთილ და ბოროტ საქმეთა გამო? როგორი საშინელიც არ უნდა იყოს ამის აღიარება, მაინც უნდა ვთქვათ, რომ არც ჩვენ გვაქვს ცოცხალი რწმენა, რომელიც განმსჭვალულია ჩვენს ცნობიერებას და წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას. უფალო, მოგვიტევე შენს საშინელ სამსჯავროზე ჩვენ, რომელთაც ეჭვი შეგვაქვს შენს არსებობასა და უკვდავებაში.

2. შესაძლებელია, დღევანდელ მონანულთა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც არა სჯერათ ზეციურ ანგელოზთა მხედრობისა და ბოროტ სულთა ლეგიონების არსებობისა. ეს ეჭვი განსაკუთრებით გავრცელებულია „განათლებულთა“ შორის: მათი წყალობით სირცხვილად ითვლება ჩვენს დროში ბოროტ სულთა რეალურად არსებობის აღიარება. ჩვენი ცხონების მტერსაც ეს უნდა! თუ არ არსებობს ბოროტ მანქანებათა გავლენა, მაშ ვისგან და რატომ უნდა დავიცვათ თავი ცხოველსმყოფელი ჯვრით, ნაკურთხი წყლითა და იესოს ლოცვით? იქნებ რომელიმე თქვენგანი ჯეროვან პატივს არ მიაგებს ღმრთისმშობელსა და წმიდა მოწამეებს? შეინანეთ ღვთის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

3. არსებობს პირველი მცნების საწინააღმდეგო კიდევ ერთი საშინელი ცოდვა - სარწმუნოებისგან განდგომა. უფალო, როგორ ახლოს ვდგავართ ამ მდგომარეობასთან! ზოგჯერ, შეიძლება, მართლაც ვყოფილვართ განდგომილნი ჭეშმარიტი რწმენისაგან, თანაც არა შესაძლო ტანჯვათა გამო, როგორც ეს ქრისტიანთა დევნის პერიოდში ხდებოდა, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობის დაკარგვის შიშით.

ისიც მომხდარა, რომ ჩვენ, მორწმუნე ადამიანებს, უფლისათვის გვითხოვია სხვადასხვა სახის დახმარება, მაგალითად, უკეთესი ბინა, კარგი სამსახური, შევვედრებივართ ყველას, ვლოცავთ ჩვენთვის, თავად კი ამ დროს ხატები დაგვიმალავს კარადაში იმის შიშით, რომ მორწმუნეობის გამო ჩვენს გეგმებს ხელი არ შეშლოდა. აი, როგორ უგუნურებამდე მივდივართ!

უფალო, შეგვიწყალე!

ჩვენი სულმოკლეობის გამო ექიმთან მისულებს ჯვარი მოგვიხსნია იმის შიშით, რომ არ გვიმკურნალებდნენ, ანდა ავადმყოფობის დამადასტურებელ ცნობას არ მოგვცემდნენ.

უფალო, მოგვიტევე ჩვენი განდგომილება და სულმოკლეობა!

სამსახურში ღმრთის რწმენაზე თუ ჩამოვარდება ლაპარაკი, სულმოკლე, საცოდავი ადამიანი მზადაა გაუჩინარდეს, ოღონდ სახის გამომეტყველებით ვერავინ შეატყოს ქრისტიანობა; აღარაფერს ვამბობთ უფლის უარმყოფელ სიტყვებზე, ენის წვერზე რომ ადგას მას. შეინანეთ, ვინც წარმოდგენილ ვითარებაში საკუთარი სულმდაბალი სახე შეიცანით!

უფალო, შემინდე მე, ცოდვილს!

სამარცხვინოა სათქმელად, რომ არამარტო ახალგაზრდები, არამედ საზოგადოებრივი მოვალეობებისგან გათავისუფლებული, დამსახურებულ პენსიაზე მყოფი მოხუცებიც კი ერიდებიან შინ ხატების აშკარად გამოფენას.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ ცოდვილთ!

ჩვენი რელიგიურობის გამომჟღავნეის შიშით ხშირად ჩავდივართ მომაკვდავი ახლობლების სულიერი მკვლელობის ცოდვას. მეზობლების რიდით არ მოგვყავს მოძღვარი მომაკვდავისთვის. და ვაი ჩვენდა, თუ ამ მიზეზით ჩვენი მოყვასი მარადისობაში მონანიებისა და ქრისტეს წმიდა საიდუმლოსთან ზიარების გარეშე წავიდა.

უფალო, მოგვიტევე ეს ცოდვანი და უკანასკნელი სამსჯავროს დღეს ნუ შეგვარცხვენ ანგელოზთა წინაშე ამქვეყნად შენს უარმყოფელებს!

4. ჩვენში ცოტაა ჭეშმარიტი რწმენა, სამაგიეროდ ცრურწმენებით უკიდურესად ვართ დაავადებულნი. რითი აღარ ვცვლით ღმერთის განგების ჭეშმარიტ რწმენას! გვჯერა რაღაც „ბედნიერი“ და „უბედური“, „მძიმე“ და „მსუბუქი“ დღეებისა, გვეშინია დავიწყოთ კეთილი საქმე „მძიმე დღეს“ და არც კი ვფიქრობთ იმაზე, რომ სხვა დღე შეიძლება აღარც დაგვიდგეს. გვჯერა ყოველგარი სიზმრებისა, ვხსნით მათ, ვმკითხაობთ. მისით ცდუნებულნი ვიწყებთ „წინასწარმეტყველური“ სიზმრების ხილვას, რითაც გონების დაბნელებამდე და ავადმყოფობამდე მივდივართ... შეინანეთ ღმრთის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

გეშინოდეთ სიზმრების დაჯერებისა, რათა ხიბლში არ ჩავარდეთ - ეს საშინელი სულიერი დაავადებაა!

ჩვენ ტაძარშიც შემოგვაქვს ეს ცრურწმენა და მათ მეტად ვეჭიდებით, ვიდრე ჭეშმარიტ ღვთისმოსაობას: ჩვენი უაზრო შენიშვნებით ვაბრკოლებთ მლოცველებს. მაგალითად, ვინ მოიგონა, რომ სანთელი აუცილებლად მარჯვენა მხრიდან უნდა გადააწოდონ და არა პირიქით? სანთელი მხოლოდ ისე უნდა გადააწოდო, რომ არ გატყდეს. ამ დროს არ უნდა დაეჯახო ადამიანს, რომელიც პირჯვარს იწერს, შეეცადე არ გადააწოდო იგი წირვის მნიშვნელოვან მომენტში: ცოტა ხანს ხელში დაიჭირე და შემდეგ გადაეცი. ეს ცრურწმენა ჩვენ შორეული წარმართი წინაპრებისგან გადმოგვყვა. აი, მაგალითად, სამებობას - წმინდა სამების დღეს რა ხდება სასაფლაოზე, ჯვარაღმართულ საფლავებზე? ჩვენი მიცვალებულებისთვის ნამდვილად შავი დღეა: ლოცვის, სანთლებისა და საკმევლის კმევის ნაცვლად, ამ დღეს საფლავებზე ნამდვილი წარმართული ქელეხი იმართება. ჩვენი მიცვალებულები კი იმქვეყნად სახარებისეული მდიდრის მსგავსად, უფალს რომ სთხოვდა ემცნო მისი ძმებისთვის, თუ რა მოელოდათ მათ საიქიოში, მწუხარებითა და სინანულით იდაგებიან (იხ. იგავი ლაზარესა და მდიდრის შესახებ). თუ რომელიმე თქვენგანი აწყობდა ამგვარ ქელეხებს და მართავდა საფლავზე ღრეობას, წადით სასაფლაოზე, შესთხოვეთ თქვენს მიცვალებულებს პატიება იმ საშინელი ტანჯვისათვის, რომელიც მათ თქვენი უგუნურებით მიაყენეთ და ნუღარასოდეს ჩაიდენთ იმავეს წმიდა დღესასწაულის დღეს, როდესაც ეკლესია განსაკუთრებულად მუხლმოყრილი ლოცულობს ჩვენი გარდაცვლილი ახლობლების ცხონებისათვის. ნუ გახდით ამ დღეს ყველაზე სატანჯველს მათთვის. ახლა კი შესთხოვეთ უფალს პატიება თქვენი უგუნურებისათვის.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ჩვენ გვჯერა ყოველგვარი „ნიშნებისა“ და ვამბობთ, რომ არ შეიძლება არ დავიჯეროთ, რადგან ისინი ახდება. ღირსი მამა სერაფიმე ამ შემთხვევაში ამბობდა: „არ დაუჯერო და არ ახდება!“

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

5. ბევრი სცოდავს უფლის პირველი მცნების წინაშე, როდესაც ყოველგვარ მოვლენაში რაიმე წინასწარ მომასაწვებელ ნიშანს ხედავს. დიდ ცოდვას სჩადის ღმერთის წინაშე ის, ვინც ათასგვარ ჭორს ავრცელებს შიმშილზე, წყალდიდობაზე, ზოგიერთი ქვეყნის დასასრულის ზუსტი თარიღის დასახელებასაც კი ბედავს. როგორც შეიძლება გამოიცნო ის, რაც ანგელოზებმაც კი არ იციან და მხოლოდ ზეციურმა მამამ იცის! არანაკლებად ვცოდავთ ჩვენც, თუ ვუსმენთ მათ და გვჯერა ამ კადნიერი წინასწარმეტყველური განცხადებებისა.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

6. პირველი მცნების წინაშე სცოდავენ აგრეთვე გრძნეულები, მკითხავები, რომელთაც მიატოვეს უფლის ძალის რწმენა და ირწმუნეს ქმნილებათა იდუმალი ძალებისა, განსაკუთრებით კი, ბოროტი სულებისა და მათთან კავშირის მეშვეობით ცდილობენ სხვათა საზიანოდ მოქმედებას. თუ თქვენს შორის ასეთი ცოდვილები არიან, მწარე ცრემლებით უნდა შეინანონ უფლის წინაშე.

გრძნეულებაში მონაწილე პირს ეკლესია, მკვლელების თანაბრად, განაყენებს ოცი წლით, ხოლო გულგაქვავებულებსა და მოუნანიებლებს კი სრულიად განაგდებს. იმით ნუ იმშვიდებთ თავს, რომ დღეს ყველას შეუძლია შეაბიჯოს ტაძარში და მიეახლოს წმინდა ბარძიმს. ადამიანის, მოძღვრის მოტყუება შესაძლებელია, ღმერთს კი ვერავინ მოატყუებს. ადრე ვთქვით, თუ როგორ შეიძლება კაცმა თავი შინაგანად განაგდოს ეკლესისაგან. თუ ასეთი რამ დაგემართა, სხეულით გინდ ყოფილხარ ტაძარში და გინდ არა, მადლი მაინც განშორებულია შენგან. ამის ყველაზე მწარე მაგალითია ასეთი სულისკვეთებით ზიარება ქრისტეს წმინდა საიდუმლოსთან. ეს იუდასმიერ ზიარებას უდრის.

შეინანეთ, სანამ ჯერ კიდევ არის დრო, სანამ სიკვდილი არ დაგწევიათ ცხოვრების გზაზე და საბოლოოდ არ მოხვედრილხართ ბოროტი დემონების ხელში, ვისი შემწეობითაც და მეგობრობითაც მოქმედებდით აქამდე. რა უნდა იყოს იმაზე საშინელი, როცა წმინდა ნათლისღებისას სატანისაგან განშორებული, კვლავ აგრძელებს მასთან ურთიერთობას? ასეთი ადამიანი ბედავს უშიშრად შეუერთდეს ქრისტეს, მოუნანიებლად მიეახლოს წმინდა ზიარებას. ნუ იფიქრებთ, რომ მხოლოდ სხვები არიან ცოდვილები, ჩვენ კი, მადლობა ღმერთს, არ ვჯადოქრობთო. ვისაც ოდესმე მკითხავისთვის მიუმართავს, შელოცვით უმკურნალია, ან თვითონ შეულოცავს ვინმესთვის, ანდა ურჩევია - მიმართე მკითხავსო, არანაკლებ შეუცოდავს, ვიდრე თვით ჯადოქარს, ვინაიდან დაუტოვებია რწმენა უფლის ძალისა და შემწედ დაუსახავს გრძნეული. ზოგი იტყვის, „ის ხომ ლოცვას წარმოთქვამდა და პირჯვარსაც ისახავდა?“ ყური უგდეთ, რას ამბობს წმინდა მამა იოანე ოქროპირი: „წმინდა სამების სახელსაც წარმოთქვამენ მისნობისას, წმინდანებსაც მოიხმობენ და ჯვარსაც სახავენ. განეშორეთ მათ“. ვინც გრძნეულს მიმართავს, ეკლესია ხუთი-ექვსი წლით განაყენებს მას წმ. ზიარებისაგან.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ეკლესიის მიერ სნეულებათა და უძლურებათაგან საკურნებლად დადგენილი გვაქვს ისეთი საიდუმლო, როგორიცაა ზეთისცხება. გვაქვს აგრეთვე უდიდესი სიწმინდე - ნაკურთხი წყალი, არტოსი (სააღდგომო პური), და ბოლოს - ზიარების საიდუმლოთი ვუერთდებით თვით უფალს! ყოველივე ამისა ნაკლებად გვწამს და საშველად გავრბივართ მისანთან, ვინაიდან ის მიგვაჩნია უფრო საიმედო საშუალებად. უფალო, სრულად დავკარგეთ გონი და დავიბენით. ვერ ვაგნებთ, სად არის სინათლე, ჭეშმარიტება და სად - სიცრუე.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

7. უფალო, ჩვენ იმდენად დავკარგეთ გონი, რომ თვით წმინდა სახარებაზე ვმკითხაობთ იმის ნაცვლად, რომ ამ წიგნიდან ვისწავლოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ჩვენ ვმკითხაობთ ბანქოზე, ხოლო ზოგიერთი შეიძლება სპირიტიზმითაც ერთობა, ატრიალებს თეფშს და იძახებს სულებს (ცხადია არა წმიდა სულს), ეკითხება მათ მომავლის შესახებ. შეინანეთ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ყოველივე ეს ხდება იმის გამო, რომ არა გვწამს უფლის განუზომელი მოწყალებისა. ეს არის კადნიერი ცნობისმოყვარეობა და უფლის შემწეობის იმედის არქონა.

8. მრავალი ჩვენგანი სცოდავს უფლის პირველი მცნების წინაშე იმით, რომ რომელიღაც ადამიანი ღმერთზე მეტად უყვარს. ხშირად გვსმენია: „ის არ მოკვდება, ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნებაო“. ამას ამბობენ ადამიანზე და არა ღმერთზე, რომელმაც ჩვენთვის გაწირა სიცოცხლე.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

ზოგჯერ იმასაც გაიგონებთ: ცხოველები ადამიანებზე მეტად მიყვარსო. რა უგუნურებაა! თუმცა ნათქვამია, რომ ნეტარია, ვინც პირუტყვს წყალობს, მაგრამ მთელი სიყვარული რომ ცხოველებს მიუძღვნა, ეს ცოდვაა. ვინც ამის სცოდა, შეინანოს ღმრთის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

9. პირველი მცნების საწინააღმდეგო ცოდვებს განეკუთვნება კაცთმოთნეობა და კაცთმოიმედეობა. მაინც რატომაა ასე საშიში კაცთმოთნეობა და მლიქვნელობა, რომ მის შესახებ წმიდა წერილი ამბობს: „კაცი მოსისხლე და მზაკვარი სძაგს უფალსა“ (ფს. 5,6). - იმიტომ, რომ „ჩვენი სიტყვებით ვატყუებთ მათ, ვის წინაშეც ვმლიქვნელობთ. ხელოვნური ქებით ხელს ვუწყობთ მათ წახდებას. რითაც ვხდებით მიზეზნი მათი მარადიული სასჯელისა, რადგან ისინი გვენდობოდნენ, ჩვენ კი ლიქნით ვაცდუნეთ“ - ამბობს წმ. მამა ბასილი დიდი.

იქნებ რომელიმე თქვენგანი ისე ცდილობს ასიამოვნოს ადამიანს, რომ ხშირად ავიწყდება თავისი მოვალეობა ღმრთის წინაშე. ჩევნს დროში ხომ თვით დედები პირფერობენ შვილებთან და მათი გულის მოსაგებად ავიწყდებათ მთავარი. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ კვირა დღეს ტაძარში წავიდნენ წირვაზე, შინ რჩებიან ქალაქიდან სტუმრად ჩამოსული მათი შვილის ან სიძის საამებლად. განა მათ ნათესაურ სიყვარულს რამე მოაკლდებოდა, რომ ორიოდე საათით ეკლესიაში წასულიყვნენ?! ეს რომ იშვიათად ხდებოდეს, მაშინ შვილების სიყვარულით შინ დარჩენა დიდ ცოდვად არ ჩაითვლებოდა, მაგრამ ყოველ კვირას რომ ერთი და იგივე მეორდება?.. დგანან ტაძრები, განსაკუთრებით სოფლად, მრევლისგან დაცლილები, არა იმიტომ, რომ ირგვლივ უღმერთობი ცხოვრობენ, არამედ ჩვენი უუნარობით - ვიცხოვროთ ქრისტიანულად. განა მეტ პატივისცემასა და სიყვარულს არ დაიმსახურებდა ქალი, თუ მის შვილებს ეცოდინებოდათ, რომ დედა მათი სიყვარულით ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ კვირა დღეს უეჭველად უნდა წავიდეს ეკლესიაში.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ!
კაცთმოიმედეობის ცოდვა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ხშირად ვენდობით საკუთარ თავსა და ძალებს, ლოცვასა და მარხვას, მშვიდად ვართ სხვადასხვა ღვაწლის, ცრუსიკეთეების გამო და სრულიად გვავიწყდება, რომ მხოლოდ უფლის უსაზღვრო მოწყალებით შეგვიძლია გადარჩენა. ან კიდევ ღმერთზე მეტად ადამიანებზე ვამყარებთ იმედს, რითაც უკანა პლანზე გადაგვყავს უფალი და მხოლოდ მაშინ მივმართავთ დასახმარებლად, როცა ყველა სხვა საშუალება უკვე ვცადეთ. ჩვენ წარმოდგენაც არ გვაქვს, რა მძიმე ცოდვაში ვაგდებთ თავს და როგორ განვარისხებთ ამით ღმერთს!

„წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქუს კაცისა მიმართ და განიტმკიცოს ხორცი მკლავისა თვისისაი, და უფლისაგან განდგეს სული მისი“ - ამბობს უფალი იერემია წინასწარმეტყველის პირით (იერ. 17,5). უფალო, მოგვიტევე, რადგან არც კი გვესმოდა, რომ ამით შენს წყევლას ვიწვევდით. შეინანეთ უფლის წინაშე!

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

დასასრულს, მესამე ვალდებულება, რომელიც სჯულის კანონის პირველი მცნებით გვევალება: პატივი ეცი უფალს, ეკლესიაში და შინ ლოცვით ემსახურე, მონდომებით აღასრულე მისი მცნებანი.

უფალო, ჩვენ ყველანი ვცოდავთ შენს წინაშე საკუთარი ცხოვრებისადმი უყურადღებო და დაუდევარი მოპყრობის გამო. მოდით, დავაკვირდეთ საკუთარ თავს!

დილის კანონის შესრულების შემდეგ რომელი თქვენგანი ისახავს მიზნად, მიუძღვნას თავი უფლის მცნებათა აღსრულებას? გონება ჩვენი ყოფით საზრუნავს დასტრიალებს.

ცოტას თუ ახსოვს, რომ ქრისტიანია და, რაც არ უნდა შეემთხვეს, მთელი დღე ღმერთის შეწევნით, მშვიდობითა და უცოდველად უნდა გაატაროს? სად არის ასეთი ღვთისმოსავი აზრები? პირიქით, თვალის გახელას ვერ ვასწრებთ, რომ ყოველივე გვაღიზიანებს და გვაბოროტებს, უხეშად ვეპასუხებით დედას, ერთი საათით ადრე რომ ამდგარა, რათა ჩვენ გაგვისტუმროს; ოთახში ისე დავდივართ, როგორც მხეცი გალიაში, ვაჯახუნებთ კარს, მეზობლებს არც კი შევხედავთ, ისე გამოვცრით კბილებში გამარჯობას, ვუყვირით ბავშვებს, საცოდავები შეიძლება კიდეც ჭირვეულობენ - ისინი ხომ თბილი ლოგინიდან გამოვათრიეთ და მივერეკებით საბავშვო ბაღში ან სკოლაში. თუ დიდ ქალაქში ვცხოვრობთ და ხალხით გადაჭედილი ტრანსპორტით ვმგზავრობთ, ადამიანის სახეს საერთოდ ვკარგავთ: გაღიზიანებულები ვჭიდაობთ, ვილანძღებით, ერთიმეორეს გესლიან სიტყვებს ვეუბნებით, არაფრით არ გვინდა რაიმეს მოთმენა. აი, ასე ვიწყებთ, უფალო, ყოველ ცისმარე დღეს.

უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

გაგრძელება...