მეშვიდე მცნება: არა იმრუშო.
ეს მცნება კრძალავს შემდეგ ცოდვებს:
- უბიწოების შებღალვა აზრით, სიტყვით, საქმით;
- სიძვა;
- სისხლის აღრევა.
ამ მცნების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები საშინელია თავისი სისაძაგლით და მომდევნო შედეგებით, რომლებიც უსასრულოდ ვრცელდება ჩვენს შორის. მათგან გამოწვეული სნეულება ადამიანს ადრეული ასაკიდან აზიანებს და სიკვდილამდე მიჰყვება.
რატომ ებრძვის ეშმაკი ადამიანს ასე მონდომებით ამ ცდუნების სახით? იმიტომ, რომ იგი ცხონების მტერია და თანაც ჩვენზე უკეთ იცის ჭეშმარიტება პავლე მოციქულის სიტყვებისა: „ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6,9-10).
ამ მცნების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები იმდენად საძაგელი და გადამდებია, რომ პავლე მოციქული გვირჩევს, მათ შესახებ არც კი ვუთხრათ რაიმე ქრისტიანებს. მხოლოდ მონანიების აუცილებლობა გვაიძულებს გავამახვილოთ ყურადღება უფლის წინაშე ჩვენი სინდისის ამ ცდომილებებზე. ვინაიდან ჩვენი სხეული არის ტაძარი სულისა წმიდისა, ამიტომაც ქორწინებისა და ქალწულების უბიწოების შებღალვა განაგდებს ღვთიურ სულს ჩვენი სხეულიდან და ადგილს უთმობს ეშმაკს.
უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია იმათ, ვინც ქრისტიანად ვიწოდებით, რამეთუ გამოსყიდული ვართ ფასდაუდებელი სასყიდლით - ძე ღვთისას უმანკო სისხლით, რათა სულითა და ხორცით ვემსახუროთ ღმერთს: „უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა, არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უბიწოჲსა და უმანკოჲსა ქრისტესითა“ (1 პეტრე 1,18-19). „რამეთუ სასყიდლით სყიდულ ხართ. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა და სულითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ“ (1 კორ. 6,20). მაშ, როგორ შეურაცხვყოფთ უფალს, როდესაც მის მიერ სიწმინდისათვის (სიწმინდის ჭურჭლად) შესყიდულ ჩვენს სხეულს შევბღალავთ ავხორცი გულისთქმებით. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის? რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ (1 კორ. 3,16-17). ყოველივე ეს კაცობრიობის ისტორიით დასტურდება. ამ ცოდვის მეტისმეტად გავრცობის გამო ადამის მოდგმა წარღვნით დაისაჯა. საშინელი იყო ორი უმდიდრესი ქალაქის - სოდომისა და გომორის აღსასრული, თავიანთი გარყვნილებით ამ ქალაქის მცხოვრებლებმა აღავსეს უფლის ხანგრძლივი მოთმინების ფიალა!
რა მოხდება, თუ ჩვენ საკუთარ სულში უშეღავათოდ ჩავიხედავთ და თვალსაც გადავავლებთ ჩვენს გარემომცველ რეალობას? ჩვენი მანკიერი ცხოვრებით ხომ არ ვიმსახურებთ იმ ბედკრული ქალაქების ხვედრს? დიდხანს ეყოფა განა უფალს მოთმინება? შევინანოთ უფლის წინაშე მთელი გულით. კარგი იქნება, თუ ჩვენი სულისა და ხორცის სიწმინდის შებღალვის გამო სინანულის მწარე ცრემლებსაც დავღვრით.
მე ჩამოვთვლი ცოდვებს, ხოლო თქვენ, ვინც რომელ ცოდვაში ამხელთ საკუთარ თავს, შეინანეთ და შესთხოვეთ უფალს განწმენდა სიბილწეთაგან!
1. ტკბობისმოყვარეობა. ამ ცოდვას მრავალი წახნაგი აქვს: ბილწი აზრებისგან შეპყრობა და ამით ტკბობა, მათი აყოლა, რითაც საკუთარ გულში ვმრუშობთ მაშინ, როცა საქმით ჯერ არ ჩაგვიდენია საშინელი ცოდვა.
შეინანეთ უფლის წინაშე, ყოველი თქვენგანი დამნაშავეა ამაში!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
2. უბიწოების დაკარგვა. ჩვენ ყველა ვცოდავთ უმანკოების დაკარგვით: საწინააღმდეგო სქესთან მეტისმეტად თამამი მოქცევით, ბილწი შეხებით, ხვევნა-კოცნით, ლამაზ სახეთა ავხორცული მზერით, ბილწსიტყვაობით, სასიყვარულო სიმღერებით, ტანის ურცხვი რხევით, პრანჭვით, კეკლუცობით, მაჭანკლობით, მეტისმეტი გაშინაურებით, ჭარბი ჭამა-სმით, ცოდვილი აზრების აღმძვრელი წიგნების დაჟინებული კითხვით, მაცდუნებელი სანახაობების ყურებით, უკეთური ფილმებისა და სპექტაკლების ნახვით, სამოსელზე გადაჭარბებული ზრუნვით, გამომწვევი ჩაცმულობით, კოსმეტიკის ხმარებით, გარეგნობის ხელოვნური „გამშვენიერებით“.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
მთელი ჩვენი ცხოვრება ამ გულისთქმებითაა განმსჭვალული. ისინი ხან აშკარად მოქმედებენ, ხანაც ფარულად. გვაქვს თუ არა შეგნებული ეს, სულ ერთია, ყოველივე ჩვენგანი მაინც დამნაშავეა ამაში უფლის წინაშე.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
3. აშკარა სიძვა. თუ რომელიმე თქვენგანი იმყოფება ჯვარდაუწერელ ქორწინებაში, წრფელი ცრემლით შეინანეთ, რამეთუ ეს არის სიძვა! რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, შესთხოვეთ უფალს, განანათლოს თქვენი ქორწინება ეკლესიური საიდუმლოთი (ჯვრისწერით).
ვინც ჯვარდაწერილნი ბრძანდებით, გაჩხრიკეთ თქვენი სინდისი, ხომ არ გიღალატნიათ მეუღლისათვის, თუნდაც გულისთქმით, ანდა ბიწიერი მზერით; აღარაფერს ვამბობ სიძვით აშკარა დაცემაზე. ხომ არ შეგიცოდავთ ზღვარგადასული ხორციელი სიამოვნებით. ქორწინებაში მყოფ ქრისტიანს მართებს თავშეკავება და სიწმინდე - იცავთ თუ არა ამ მხრივ მარხვას კვირას და სხვა საუფლო დღეებში? შეინანეთ უფლის წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ხომ არ მიგიციათ საბაბი თქვენი მეუღლისათვის, შემდგარიყო გარყვნილების გზაზე? ხომ არ დაგინგრევიათ სხვისი ბედნიერება? ამის ჩამდენთ კიდევ იმედი გაქვთ ოჯახურ ცხოვრებაში რაიმე ბედნიერებისა?
გაყრილი ცოლ-ქმრის სხვასთან მეუღლებრივი კავშირი მრუშობაა!
უფალმა თვითონ გასცა ჭეშმარიტი პასუხი იმათ, ვინც ამის შესახებ ეკითხებოდა: „ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიტყჳსა სიძვისა, მან ამრუშა იგი; და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა“ (მათე 5,32). ხოლო თქვენ თავსაც კი იმართლებთ იმით, რომ „ის თავისუფალია, გაყრილია“.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ხომ არ აცდუნა რომელიმე თქვენგანმა ვინმე, ხომ არ გარყვნა იმის შეგონებით, რომ ჩვენს დროში ყველა ასე ცხოვრობს, ან ცოლად შერთვა ხომ არ აღუთქვა რომელიმე მეტისმეტად გულუბრყვილო ქალიშვილს? როგორ აცარიელებს ადამიანს ასეთი წუთიერი, ნაადრევი სიახლოვე. ნუთუ ვაჟმა ან ქალიშვილმა ცნობისმოყვარეობის, სიამოვნების, ანდა წუთიერი ვნებათაღელვის დასაკმაყოფილებლად უნდა გაძარცვოს თავისი თავი. ამას კი რა მოჰყვება? - მწარე გაცრუება იმედებისა, სინდისის ქენჯნა და სრული ზნეობრივი დაცემა. ხორციელი სიწმინდის დაცვითა და ქალწულებით აგებული ტაძარი, რომელსაც ქრისტიანული ოჯახი ჰქვია, ნებისმიერ ეპოქაში მშვენიერი იყო და მუდამ ასე იქნება. შეინანეთ უფლის წინაშე ვინც ვერ დაიცვა და დროზე ადრე გახრწნა თავისი ქალწულება.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
5. ვინც დაუქორწინებელია და თავისი გონებრივი ან სულიერი სიდუხჭირის გამო უარყოფს წმიდა ქორწინებას და თავს წარმოიდგენს ჭეშმარიტ ქალწულად, თავის გულში ჩაიხედოს და სინდისს ჰკითხოს, ხომ არ გაუხრწნია თავისი ქალწულება ბიწიერი აზრებით? ხომ არ დაუპყრია მისი სული ვნებათაღელვის ცოდვას? შეინანეთ უფლის წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ხომ არ დაუნგრევია თავისი ჯანმრთელობა ჩუკენობით ან რაიმე სხვა იდუმალი არაბუნებრივი ცოდვით? შეინანეთ უფლის წინაშე!
თუ რაიმე გიმძიმებთ სინდისს, აუცილებლად განიწმინდეთ იგი გულწრფელი მონანიებით. და ნუ გაბედავს ამის ჩამდენი წმინდა ბარძიმთან მიახლოებას, რადგანაც მოუნანიებელი, მომაკვდინებელი ცოდვა არა მარტო ჯოჯოხეთისკენ უმზადებს სულს გზას, არამედ სიცოცხლეშივე გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე. წმინდა მამა ბარსანოფ ოპტინელი ამბობდა: „ასე უჭირავს ხელში კაპიტალი და მისგან პროცენტებსაც იღებს“.
გულწრფელი აღსარება პირწმინდად ამსხვრევს მტრის ყველა ბორკილს, რომლითაც ცოდვილი არის შეპყრობილი. თუ რომელიმე თქვენგანს ჯერ არ გიღიარებიათ მეშვიდე მცნების წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები, მოიკრიბეთ გამბედაობა და უთხარით მოძღვარს ჯვრისა და სახარების წინაშე. იჩქარეთ, რადგანაც უფალმა თქვა: „რითაც მოგისწრებთ, იმით გაგასამართლებთ“.
6. მეშვიდე მცნების საწინააღმდეგო კიდევ ერთი ცოდვა არსებობს - სისხლის აღრევა - როცა ცოლქმრული კავშირით შეერთდებიან ახლო ნათესავები. აი, რას ამბობს ამ სამარცხვინო ცოდვის შესახებ პავლე მოციქული: „ყოვლადვე ისმის, რაჲსა თქუენ შორის სიძვაჲ და ეგევითარი სიძვაი, რომელ არცა თუ წარმართთა შორის სახელ-ედების, ვითარმცა მამის ცოლი ვისმე ცოლად ესუა. და თქუენ განლაღებულ ხართ და არა უფროჲსად იგლოვეთ, რაჲთა მოისპოს თქუენ შორის, რომელმან საქმე ესე ქმნა“ (1 კორ. 5,1-2).
ეს ცოდვა დამღუპველად მოქმედებს არა მარტო სჯულის კანონის დამრღვევებზე, არამედ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მათ შთამომავლობას. გონებაჩლუნგობა და, საერთოდ, ფსიქიური ძალების სისუსტე, ხეიბრობა - ეს არის სამწუხარო შედეგი ნათესავთა შორის ქორწინებისა, რომელიც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება.
მაინც რას ნიშნავს უბიწოდ ცხოვრება? მოსკოვის მიტროპოლიტმა ფილარეტმა სიწმინდით ცხოვრება ასე განმარტა: „უმწიკვლოდ ცხოვრება ნიშნავს იცხოვრო სიბრძნის ხელმძღვანელობით, იმ სიამოვნების უფლება არ მისცე თავს, რომელსაც გმობს საღი აზრი, შეუბღალავად დაიცვა გონება უწმინდური აზრებისაგან, გული - ბილწი სურვილებისაგან, სხეული - ბინძური საქმისაგან“.
იქნებ ვინმემ გაიფიქროს - „რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას, რომელიც ყველა სიამოვნებას კრძალავს?“ სულაც არა! არც საღი აზრი და არც ქრისტეს რწმენა არ კრძალავს უცოდველ მხიარულებას, აუცილებელიც კია შრომის შემდეგ დასასვენებლად.
დიდი მოძღვარი სარწმუნოებისა და ღმრთისმოსაობისა, წმინდა მამა იოანე ოქროპირი ასე წერს ხორციელი გართობისა და სიამოვნების შესახებ: „თუ გინდა სიამოვნება მიიღო, გაისეირნე ბაღში, მდინარის ან ტბის პირას, უყურე ყვავილებს, უსმინე ჩიტების გალობას და ჭრიჭინების ჭრიჭინს, ესტუმრე წმინდა ადგილებს, ასე მოიპოვებ სხეულის სიჯანსაღეს და სარგებლობას სულისას. არ ინანებ ამ გზით მიღებული სიამოვნების შედეგებით, არ გეწვევა მწუხარება, რაც ცოდვილ სანახაობებზე დასწრების შემდეგ ხდება. თუ ცოლ-შვილი გყავს, რა შეედრება ამ სიამოვნებას? ოჯახი და მეგობრები - ეს სიამოვნება და სიწმინდე ერთად დიდ სარგებლობას მოგიტანს, რადგანაც არაფერი შეიძლება იყოს ცოლ-შვილზე უფრო სანატრელი იმისთვის, ვისაც სიწმინდით ცხოვრება უნდა“.