მეცხრე მცნება: არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა.
ჩვენ ისე მძლვრად ვართ დაავადებული ამ მცნების საწინააღმდეგო ცოდვებით, რომ დღე კი არა, საათიც კი არ გაივლის ისე, რომ ამ თვალსაზრისით არ შევცოდოთ. ეს არის ცოდვა ჩვენი მანკიერი სულისა, განმტკიცებული ბოროტი გულისთქმით, რომელიც ბილწი ენით აღსრულდება. გულწრფელად შევინანოთ უფლის წინაშე!
1. ქრისტიანს ეკრძალება სიცრუე ყველა მისი გამოვლინებით. სიცრუის მამა ეშმაკია და ამიტომ არასოდეს გამართლდება სიცრუე. ჩვენ კი გვჭირდება თუ არა, გამუდმებულად ვცრუობთ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
2. განკითხვა და ჭორაობა. თითქოს ჰაერთან ერთად შევისუნთქავთ განკითხვას - სიტყვითა და გონებით. განკითხვა ჩვენი საუბრების ყველაზე საყვარელი საგანია. უფალმა კი თქვა: „ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ“ (მათე 7,1), მაგრამ არ გვახსოვს ეს, რადგანაც ჩაფლულნი ვართ კრიტიკისა და ჭორების მორევში, ცხოვრება არ შეგვიძლია უამისოდ. ორი ან სამი ადამიანი თუ შევიკრიბეთ, პირს არ გავაღებთ ისე, რომ განკითხვის სიტყვები არ ამოვუშვათ, აღარაფერს ვამბობ გონებაში გავლებულ სხვის აუგზე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ახლა მოვუსმინოთ ბრძენ ადამიანებს: ერთი მშვენიერი მქადაგებელი ე.ბერსიე ამბობდა: „ერთ-ერთი ჩვენი მოყვასი დაეცა. თუ თქვენ მართლაც ქრისტესმიერ სულითა ხართ განმსჭვალულები, ნება მომეცით გამოვხატო შთაბეჭდილება, რომელიც თქვენს სულზე მოახდინა ამ ფაქტმა. ის დაეცა, მაგრამ თქვენ, განმკიცხველნი, ნუთუ არასოდეს სცოდავთ? განა სასიამოვნო იქნებოდა თქვენთვის, ვინმეს რომ ეცადა თქვენი წარსულის გარჩევა? განა არ დაგამშვიდებდათ ის აზრი, რომ ყოველივე სამუდამოდ დამარხულია? იქნებ თქვათ, რომ თქვენი ცხოვრება თავისუფალი იყო დიდი ცოდვებისაგან, მაგრამ განა თქვენი დამსახურებაა ეს? თუ თქვენ შემთხვევა არ მოგეცათ დაცემისა, ნუთუ გულში მაინც არ გაგივლიათ სურვილი? თუ ამას გაბედავთ, გამოამზეურეთ თქვენი სულიერი ცხოვრების ისტორია, გვიამბეთ იმ ფარული აზრების შესახებ, რომლებიც ეჭვადაც კი არავინ იცის, იმ სამარცხვინო სურვილების, ყრუ ვნებების ზეიმის შესახებ, რომელსაც თქვენ განახორციელებთ წინასწარ მოფიქრებული გეგცმის მიხედვით სხვების საზიანოდ. ყოველივე ეს ადამიანის თვალს არ უხილავს. თურმე ცოდვის რამხელა უფსკრული ბუდობდა თქვენს გონებასა და სულში! გარეგნულად კი თქვენი ცხოვრება კეთილმოწყობილი იყო. დავუშვათ, რომ ვნებას აენთო თქვენი გული და ეცდუნებინეთ მთელი თავისი მომხიბვლელობით, მაშინ რა დაგემართებოდათ, სად გაქრებოდა თქვენი სიამაყე, გამოწვეულინ „უმწიკვლო ცხოვრებითა“ და „გაუკიცხავი წარსულით“?! დავუშვათ, რომ თქვენ პირველ დაცემას ყურადღება მიაქცია ადამიანმა, რომელსაც აკლია მოთმინება და გაგკიცხათ თქვენ, გამხილათ ისევე, როგორც თქვენ განიკითხავთ თქვენს მოყვასს. მაშინ რა დაგემართებოდათ? ღმერთმა თავისი გულმოწყალების გამო დაგინდოთ დაცემისაგან და ამიტომაც ხართ დაცული, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უეჭველად დაიღუპებოდით, თუ საკუთარი ინსტიქტების ამარა დარჩებოდით. გახსოვდეთ, რომ დაცემისაგან ხსნა თქვენი დამსახურება როდია!
თქვენი მოყვასი დაეცა, მაგრამ განა იცით მთელი მისი ისტორია? იცით განა, რა ცდუნებები ეხვია მას გარს და უბნელებდა ნათელს, უხერგავდა გზას? იცით განა, რომ დაცემის საბედისწერო ჟამს მას აკლდა ერთგული ხელი, რომელიც დაიცავდა და გადაარჩენდა, ხოლო ეს ხელი, შეიძლებოდა თქვენი ყოფილიყო. თქვენი მოყვასი დაეცა, მაგრამ განა იცოდა მან იმდენი, რამდენიც თქვენ იცით? განა მისი წარსული აღსავსე იყო სიწმიდითა და ლოცვა-კურთხევით, რომელიც მას დაიცავდა? განა თქვენსავით აკვნიდან ეზიარებოდა იგი ლოცვას, ცრემლსა და ქრისტიანი დედის დარიგებას? განა იცნობდა წმიდა წერილს, განა ჯვარი უნათებდა მას გზას და აძლევდა გადარჩენის იმედს?
ამრიგად, უფლის თვალში, რომელიც ყველაფერს სიმართლის სასწორზე წონის, ვინ უფრო დამნაშავეია, ვის მისცა უფრო მეტი ტალანტი და ვის მიმართ იქნება უფრო მომთხოვნი? აი, ასეთი შთაბეჭდილება უნდა მოახდინოს თქვენზე მოყვასის დაცემამ. იგი მწუხარებით უნდა გვავსებდეს და მოგვიწოდებდეს უფლის წინაშე გულწრფელი მორჩილებისაკენ, ხოლო ამ ზრახვამ უნდა დაბადოს მეორე, ნამდვილი ღრმა თანაგრძნობა იმის მიმართ, ვისაც შეემთხვა ეს უბედურება.
როდესაც კითხულობთ სახარების მშვენიერ თავებს მაცხოვრის შობის შესახებ, განსაკუთრებით იმას, თუ როგორ უგალობდნენ მას ანგელოზნი დიდებას ბეთლემში, ალბათ არასოდეს გიფიქრიათ, რამდენად გულისამაჩუყებელია ის ფაქტი, რომ წმინდა ანგელოზები ხარობენ და ადიდებენ უფალს დაცემული კაცობრიობის გამოხსნის გამო. დიახ, რაც უფრო ახლოსაა ღმერთთან ადამაინი, რაც უფრო წმინდაა უფლისთვის შეწირული მისი სიყვარული, მით უფრო მეტად შეუძლია მას თანაგრძნობა და გულმოწყალება. ანდა რად გვინდა ანგელოზების მოხმობა, როდესაც თვით ის, ვისაც ანგელოზები თაყვანს სცემენ, ვისაც წმიდა წერილი წმინდასა და მართალს უწოდებს, მუდამ დაცემულთა თანამგრძნობი და შემწყალებელია.
თუ ის, ვინც ჭეშმარიტად წმინდანია, შეძრულია ჩვენი მოყვასის ბრალეულობის გამო, რაღაც უნდა ვგრძნობდეთ ჩვენ, დამნაშავენი და შეცდომილნი?
აი, ასე უნდა მსჯელობდეს ქრისტიანი!
როდისღა უნდა დავუდოთ სათავე ჩვენს გამოსწორებას? როდის ავლაგმოთ ჩვენი ენა? უმრავლესობას ხომ ცხოვრების ნახევარი გავლილი აქვს. შეიძლება ახლოსაა ჩვენი აღსასრულიც! უფალო, თუნდაც სიცოცხლის ბოლოს, „დასდევ... საცოჲ პირსა ჩემსა და კარი ძნელი - ბაგეთა ჩემთა“ (ფს. 140,3).
მეცხრე მცნება კრძალავს ცილიწამებას, რომელიც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელი შეურაცხყოფაა მოყვასისა, იგი მკვლელობის ტოლფასია. თვით დავით წინასწარმეტყველიც კი ასე ლოცულობს: „მიჴსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაჲსა და დავიცვნე მე მცნებანი შენნი“ (ფს. 118,134). თუ ასეთი რამ ჩაგიდენიათ, ცრემლით შეინანეთ უფლის წინაშე, ითხოვეთ შეწყალება მკვლელთა თანაბრად და დაუყოვნებლივ, ვისაც მისწვდებით, საპირისპირო უთხარით, გააბათილეთ ცილისწამება, რათა ინებოს უფალმა, რომ თქვენი შეცოდებით გამოუსწორებელი ბოროტება არ ჩაიდინოთ!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
4. ხომ არ უყვარს რომელიმე თქვენგანს მიყურადება, თვალთვალი, სხვისი წერილების კითხვა? შეინანეთ უფლის წინაშე, ვისაც ასეთი რამ ჩაგიდენიათ. შეწყვიტეთ ასეთი საქციელი, ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. განა შეიძლება ის, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანს უწოდებს, ასეთ სიმდაბლემდე დავიდეს? უფალო, შეგვეწიე, რათა განვეშოროთ ამ მანკიერებას და შეგვინდე ჩვენი წარსული!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
5. იქნებ რომელიმე თქვენგანს გაუთქვამს სხვისი ცოდვა, სისუსტე, გაუტეხია ვინმესთვის სახელი? შეინანეთ უფლის წინაშე. ეს არის ქამისმიერი ცოდვა, რომელმაც არ დაფარა სიშიშვლე საკუთარი მამისა.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
6. ამ მცნებით იკრძალება უქმადმეტყველება, რომელიც წარმოშობს განკითხავს, ლაყბობას, ჭორაობს, დაცინვას და შეურაცხყოფას მოყვასისა, ხუმრობას და ფუჭსიტყვაობას. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, რადგანაც ყველანი ვართ ჩაძირულნი ამ ვნებათა მორევში!
7. ხომ არ იჯერებთ სხვის მიერ ნათქვამ ბოროტ ბრალდებებს, თქვენ თვითონ ხომ არ გამოგიგონიათ და ქალაქში გაგივრცელებიათ რაიმე მავნებელი ამბავი, იქნებ გიყვართ ასეთი ცნობების შეგროვება და ამით ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, ნაცვლად ლოცვისა და ღვთის დიდებისა. შეინანეთ უფლის წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
8. „ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი“ - ამბობს უფლის სიტყვა, ჩვენ კი, იმის ნაცვლად, რომ ვიზრუნოთ მშვიდობის დამყარებაზე, წავკიდებთ ხოლმე ადამიანებს ენის მიტან-მოტანით.
9. ხშირად ყოველგვარი საჭიროების გარეშე მივახლით პირში ერთმანეთს სიმართლეს, რასაც მხოლოდ წყენა, შეურაცხყოფა და ზიანი მოაქვს.
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, უგუნურ „სიმართლისმოყვარულებს“!
10. არა ვართ გულწრფელები, უბრალოები და სიტყვაძვირები, ამიტომაც მუდამჟამს შეურაცხვყოფთ მოყვასს და შენც, უფალო, მეცხრე მცნების კანონის დარღვევით.