მამა იოანე კრესტიანკინი

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება 9 ნეტარების მიხედვით

მეხუთე ნეტარება: ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ.

ნეტარების პირველი ოთხი მცნების გაანალიზების შემდეგ გასაგები ხდება, რაოდენ ცოდვილები ვართ ღმრთის წინაშე და როგორ გვჭირდება მისი შეწყალება: ჩვენ ხომ იმ ცოდვათა ჩამოთვლაც კი გაგვიჭირდება, რომლითაც ვაგრძელებთ უფლის ტანჯვასა და ჯვარცმას.

მეხუთე მცნება ნეტარებისა აგვიხსნის, რითი შეგვიძლია სათნო ვეყოთ უფალს, რათა შეგვიწყალოს ჩვენ, ცოდვილნი. გადავხედოთ ჩვენს ყოფას - განა ვცხოვრობთ ისე, რომ კადნიერად გვქონდეს იმედი უფლისგან შეწყალებისა? უფალმა თქვა: „ყოველი, რომელი გინდეს თქუენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეცა თქუენ ჰყვით მათა მიმართ, რამეთუ ესრეთ არს სჯული და წინაჲსწარმეტყუელნი“ (მთ. 7,12). რომელ ჩვენგანს არ სჭირდება ტკბილი სიტყვა და თანაგრძნობა ცხოვრების მძიმე წუთებში? ხომ გვიხარია, თუ ჩვენს სიახლოვეს ვხედავთ კეთილისმყოფელ ადამიანს? ყოველ ჩვენგანს ახარებს კარგი, კეთილი მეზობლის, კეთილსინდისიერი თანამშრომლის ყოლა. გულისხმიერი ადამიანი თავის თავში გულმოწყალების თვისებებს ატარებს. იგი ყველასათვის სასურველი, ახლობელი და საჭირო ადამიანია. რომელ ჩვენგანს არ უნდა, რომ მწუხარების, სნეულების, გამოცდის ჟამს უფალი იყოს მის მიმართ გულმოწყალე, გაიზიაროს ჩვენი მწუხარება და დაგვიცვას, გადმოგვხედოს სიყვარულით აღსავსე მამობრივი მზერით?

აი, აქეთ მიყავართ გულმოწყალების გზას.

უფალი ამბობს: „ნეტარ არს, რომელმან გულისხმა-ჰყოს გლახაკისა და დავრდომილისაი, დღესა ბოროტსა იხსნას იგი უფალმან. უფალმან დაიცვას იგი და აცხოვნოს იგი და სანატრელ ჰყოს იგი ქუეყანასა ზედა, და არა მისცეს იგი ხელთა მტერთა მისთასა. უფალი შეეწიოს მას ცხედარსა ზედა სალმობისა მისისასა; ყოველი სარეცელი მისი გარე-მიაქციე არა-ძლებასა შინა მისსა. მე ვსთქუ: უფალო, მიწყალე მე და განკურნე სული ჩემი, რამეთუ ვცოდე შენდა“ (ფს. 40,1-4).

მოდით, შევამოწმოთ ჩვენი სინდისი, ვდგავართ თუ არა გულმოწყალების გზაზე?

არსებობს ხორციელი წყალობის მთავარი საქმენი:

  1. მშიერთა დაპურება;
  2. მწყურვალთა სმევა;
  3. შიშველთა შემოსვა.

ჯერ ეს სამი სახე განვიხილოთ მოწყალებისა. განა ყოველთვის სიყვარულითა და მზადყოფნით ვასრულებთ ამ საქმეებს? არა! ჩვენ ანგარებიანნი და ძუნწები ვართ, ფული არასოდეს გვყოფნის და ჩვენი ქონება მუდამ გვეცოტავება, ხოლო როდესაც მცირეოდენს გავიმეტებთ მოწყალებისათვის, კმაყოფილნი ვართ საკუთარი თავით, რომ აღვასრულეთ ნეტარების ეს მცნება.

წამიერი აღფრთოვანებისა და გატაცების წუთებში ჩვენ მზადა ვართ გავცეთ შესაწირავი, მაგრამ ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი დაბრკოლებების პირობებში, როდესაც ჩვენს თავს უსამართლოდ დაჩაგრულად ვთვლით და ირგვლივ უსიტყვო, უსიამოვნო განწყობილებას ვგრძნობთ, მოწყალების საქმეთა აღსრულება ჩვენთვის შეუძლებელი ღვაწლი ხდება. ეს კი იმიტომ ხდება, რომ მხოლოდ ჩვენს თავს ველოლიავებით, არ გვინდა, რაიმეთი შევიზღუდოთ, ჩვენი კეთილმოწყობილი ცხოვრებიდან მცირე რამ მსხვერპლად შევწიროთ მოყვასის კეთილდღეობას. ამიტომაც ვართ დაავადებულნი უგულობისა და უმოწყალების სენით.

ჩვენ არ ვეძებთ იმ გაჭირვებულებს, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. რომც მიგვითითონ ვინმე ხელმოკლეზე, უმალ მისი შემოსავლის თვლას დავიწყებთ, განვიკითხავთ მის ცხოვრების წესს და ყოველნაირად შევეცდებით გავამართლოთ ჩვენი სიძუნწე. ზოგჯერ გვეწვევა კეთილი აზრი - გავცეთ ზედმეტი, რაც დაგვიგროვდა კარადასა და სკივრში და ამ მიზნით შევუდგებით მათ გადასინჯვას. იმავდროულად მაცდური აზრიც გვეწვევა, რომ ეს სამოსელი შემდეგშიაც გამოგვადგება, ხოლო ზოგიერთის გაყიდვაც კი შეიძლება... საბოლოოდ გვრჩება გროვა უსარგებლო ძველმანებისა... იქნებ რომელიმე თქვენგანმა ფული ანდა ნივთები გადაინახა „შავი დღისათვის“ და არ დაუხარჯავს თავისი ან მოყვასის საჭიროებისათვის, რათა გადადებულისათვის არ მოეკლო. უხაროდა, როცა ეს დანაზოგი მრავლდებოდა და წუხდა, როდესაც აკლდებოდა თუნდაც მცირედი. ამით იგი სცოდავდა, რადგან იმედს საკუთარ სიმდიდრეზე ამყარებდა და არა ღმერთზე. წმიდა მამა სიმონ ახალი ღმრთისმეტყველი მკაცრად ამბობს ამის შესახებ: „ვისაც ფული აქვს გადანახული, მას არ შეუძლია რწმენა და სასოება უფლისა“. მაშ, ვინც ამ ვნებითა ხართ შეპყრობილნი, სასწრაფოდ გაითავისუფლეთ თქვენი სულები, დაურიგეთ გაჭირვებულებს გადანახული ფული, შესწირეთ ღარიბ ტაძარს, გაეცით თქვენი და თქვენი ახლობლების სულთა მოსახსენებლად.

არის კიდევ ერთი სახე ცოდვისა - როდესაც ახლობლები და ნათესავები უმალავენ მომაკვდავს საქმის ნამდვილ ვითარებას, ამშვიდებენ ფუჭი იმედებით, იმის ნაცვლად, რომ მოამზადონ იგი ზეთისცხების, აღსარებისა და ზიარებისათვის. შეინანეთ უფლის წინაშე, თუ რომელიმე თქვენგანის ახლობელი გარდაიცვალა უზიარებელი თქვენი უყურადღებობით, მოუცლელობით, დაუდევრობით, მისი სიკვდილით შეშინების ამაო მორიდების მიზეზით. ასე მხოლოდ ის მოიქცევა, ვისაც არა სწამს საიქიო ცხოვრებისა. საშინელებაა, თუ თქვენს სინდისს აწევს ცოდვა მოყვასისადმი შეუწყნარებლობისა.

ჩვენ ისე გვიძნელდება საკუთარ ქონებასთან განშორება, რომ რაიმეს დაკარგვის შემთხვევაში თავს ვიკლავთ დარდით. უფალო, განაწყე ჩვენი გულები, თუნდაც იმის გაცემისათვის, ურომლისოდაც იოლად გავალთ.

მოწყალების საქმეებს განეკუთვნება:

  1. პატიმართა მოკითხვა;
  2. სნეულთა მიხედვდა, მათი მოვლა და შემწეობა  განკურნების საქმეში, ანდა ქრისტიანული აღსასრულისათვის მზადებაში;
  3. უცხოთა შევრდომა.

უთმობთ თუ არა თუნდაც მცირე დროს მოწყალების ამ საქმეთა აღსრულებას? ხომ ჰყავს თითოეულ თქვენგანს თუნდაც ერთი სნეული, უძლური ნაცნობი, განა ეხმარებით მას? არა! ჩვენ დრო და ძალა არ გვყოფნის ამისათვის! მის ნათესავებთან შეხვედრისას ვამბობთ: „მაპატიეთ, წუთი არა მაქვს თავისუფალი!“ ხოლო ჭორაობისა და განკითხვისათვის, გართობისა და არაფრისმომცემი წიგნების კითხვისათვის დრო საკმარისი გვრჩება. ამავე დროს სიხარბეც გვძლევს - სნეულთან ხელცარიელი ხომ ვერ მივალთ, ჩვენ კი ფული გვენანება, თავსაც იმით ვიმშვიდებთ, რომ დრო არა გვაქვს ავადმყოფის მოსანახულებლად.

განა ყოველთვის სიხარულით და სავსე გულით იღებთ მოსალოცად ჩამოსულ სტუმარს? ხომ არ გამოგიძალავთ მისთვის ფული ანდა საჩუქარი? ხომ არ დაგვიწყებიათ, რომ ისიც თქვენსავით მწირი შემოსავლის მქონეა და ძლივს მოუყრია თავი მცირე თანხისათვის, რომ წმინდა ადგილის მოსალოცად ჩამოსულიყო? ნუთუ ასეთი კეთილი საქმე ანგარებით შეგიბღალავთ?! არა და როგორი ბედნიერებაა, თუ თავშესაფარს მისცემთ სალოცავად შორი გზიდან მოსულ მგზავრს, ხოლო თუ იმის შესაძლებლობასაც გამოვნახავთ, რომ დავაპუროთ და მოვასვენოთ, ეს ხომ მთლად უკეთესი იქნება.

აი, მაგალითი მოწყალე ფილარეტისა, რომელიც მერვე საუკუნეში ცხოვრობდა მცირე აზიაში. იგი მდიდარი იყო, უყვარდა გლახაკნი და უხვად სწყალობდა მათ. ერთხელაც მძარცველები დაესხნენ თავს, დაარბიეს და ამის შემდეგ მას მხოლოდ ორი ხარი, ფური, ცხენი და მიწის მცირე ნაკვეთი-ღა დარჩა, მაგრამ, მართალი იობის მსგავსად, არ დაუწყია დრტვინვა, მიენდო უფლის ნებას და განაგრძნო მოწყალების გაცემა: ერთ გლეხს, რომელსაც ხარები ხვნისას დაუვარდა, მისცა ჯერ ერთი ხარი, მერე მეორეც. სხვას ხბო უწილადა...

ვისაც სიძუნწე ჯერ კიდევ არ შეგინანებიათ, შენდობისათვის განსაკუთრებული აღსარება უნდა ჩააბაროთ მოძღვარს. ეს ეხება ყველას, ვინც არ დახმარებია მშიერს, მწყურვალს, შიშველსა და უსახლკაროს. იქნებ სულაც ვინმე გარდაიცვალა თქვენი უსულგულობის, გულგრილობის მიზეზით, თქვენ კი ჯერაც არ შეგინანებიათ, ჯერ არ გაგხსენებიათ ეს?! თუ კი რაიმე ამძიმებს თქვენს სულს, შეინანეთ უფლის წინაშე!

ჩვენ მოწყალებას მაშინ შეიწირავს უფალი, როცა იგი პატიოსანი შრომის ნაყოფიდან იქნება გაღებული და არა ნაძარცვ-ნაპარავიდან. მოწყალება რომ გაიღო, საკუთარ თავს უნდა მოაკლო, შეამცირო საკუთარი ხარჯი, უარი უნდა თქვა ფუფუნებაზე, არ შეიძინო მეტისმეტად ძვირფასი ნივთები, რომელთა გარეშეც იოლად გახვალ ამ ცხოვრებაში, რამეთუ ისინი ღარიბთა საკუთრებიდან არის მიტაცებული და ჩვენი ქონების ნამატიც მათ ეკუთვნით - აი, ასე ფიქრობენ წმიდა მამები.

დილის ლოცვებში ვკითხულობთ: „არამედ რაჲთა მღჳძარეედ ვიპოვნეთ აღდგომილნი საქმითა კეთილითა...“ რომელია ეს „საქმე კეთილი“ უფალო? ეს არის ყველა ის საქმე, შინ და გარეთ - სამსახურში, მონასტერში, რომელიც ჩვენ მოგვიჩინა უფალმა და პასუხს ვაგებთ მისი კეთილსინდისიერად აღსრულებისათვის, უპირველეს ყოვლისა, უფლის წინაშე. უმრავლესობას ამაზე არც უფიქრია და ამიტომაც ზერელედ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო გასამრჯელოს მიღება კი სრულად უნდოდა.

ისეც მომხდარა, რომ ნაპარავით (თუნდაც ხილით) მოგვიკითხავს მეზობელი და ამით ისე გაგვიხარია, თითქოს კეთილი საქმე აღგვესრულებინოს. უფალი ასეთ მოწყალებას არ შეიწირავს. აი, ასე ამახინჯებს მზაკვარი ჩვენს წარმოდგენას სიკეთის შესახებ.

არსებობს კიდევ ერთი პირობა, როდესაც ჩვენს მოწყალებას რაღაც ღირებულება ეძლევა. იოანე ოქროპირი ამბობს: „მოწყალება ფულის გაცემაში კი არ მდგომარეობს, არამედ მოწყალების ქრისტიანული გრძნობით გაღებაში“. ეს ნიშნავს იმას, რომ მოწყალების გაღება საჭიროა უშურველად, კეთილი ნებით, ხალისით, პატივისცემით, ნამდვილი სიყვარულით და უდიდესი მადლიერების გრძნობით იმ ადამიანის მიმართ, ვინც მიიღო შენი შესაწირავი. უნდა გახსოვდეთ, რომ უფრო მეტი ნეტარებაა გაცემა, ვიდრე მიღება. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შესაწირავით არ დავამციროთ, არ შეურყაცხვყოთ ადამიანი. ისევ იოანე ოქროპირს დავესესხოთ, რომელიც ამბობს: „თუ ვინმე ასეთი განწყობილებით არ გასცემს, უმჯობესია, საერთოდ გაჩერდეს, ვინაიდან ეს მოწყალება კი არ იქნება, არამედ ფუჭი ხარჯი...“

გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას და სინდისს - განა სიხარულით გავცემთ მოწყალებას? ადამიანის სულის დიდი მცოდნე თეოფანე დაყუდებული ასე ამბობდა (თითქოს საკუთარი თავის შესახებ, სინამდვილეში სხვათა სამხილებლად): „მე ძალიან ძუნწი ადამიანი ვარ, იმიტომ, რომ რასაც გავცემ, ყველაფერი მენანება“. ეს სიტყვები სამხილებელია ჩვენთვისაც, ჩვენც ასეთები ვართ - ან საერთოდ არ გავცემთ, ან გავცემთ დანანებით.

და ბოლოს, მოწყალება უნდა გაიცეს დაფარულად! ადამიანს უნდა დაეხმარო არა საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, არა იმ სურვილით, რომ მადლობა და სამაგიერო მიიღო უფლისაგან, არამედ მოყვასისადმი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო. თუ ბუკსა და ნაღარას დაჰკარი შენი კეთილი საქმეების გამოსავლენად, მაშინ პატივმოყვარეობას პირფერობასაც დავუმატებ და სხვის თვალში კეთილად წარმოჩენილი საქმე შენთვისაც აშკარა ბოროტებად გადაიქცევა. ამიტომაც გაფრთხილდით! გიჯობთ მადლი ისე აღასრულოთ, რომ მაშინვე დაივიწყოთ ამის შესახებ და შეუდგეთ სხვა კეთილი საქმის აღსრულებას. აი, მაშინ კი უფალი, რომელიც დაფარულსაც ხედავს, მოგაგებს შენ ხილულად.

სანამ კეთილგანწყობაში ვართ იმათთან, ვისაც ვწყალობთ, კიდევ არაფერი, თითქოს არ გვახსოვს ჩვენი „სიკეთეები“, მაგრამ საკმარისია უსიამოვნება ჩამოვარდეს ჩვენს შორის, რომ მაშინვე ვიწყებთ ჩვენს მიერ ჩადენილი კეთილი საქმეების ჩამოთვლას და წუწუნს უმადურობის გამო. აი, აქ კი მჟღავნდება პატივმოყვარეობა და სიყალბე ჩვენი გულმოწყალებისა. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ და გვასწავლე, ქრისტიანულად, სიყვარულით აღვასრულოთ კეთილი საქმეები შენს სადიდებლად!

ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ მოწყალების გაცემის სიკეთეზე. ახლა სულიერი მოწყალების გაცემაზე ვისაუბროთ. როგორ შეიძლება არ შევინანოთ ჩვენი დამოკიდებულება უახლოესო ადამიანების - მშობლების მიმართ? განა უდიდეს სიმძიმედ არ მიგვაჩნია მათი შენახვა, მათი სიბერის უზრუნველოყოფა? ხომ არ გაუგდია რომელიმე თქვენგანს დედა ან მამა შინიდან (ასეთი რამეც მომხდარა ჩვენს შორის?) იქნებ პირდაპირ ეს არ ჩაგვიდენია, მაგრამ მოხერხებულად აგდაგვიბარებია მოხუცი მშობელი დედმამიშვილისათვის, ან ინვალიდთა სახლისათვის, იქნებ უარი გვითქვამს, საავადმყოფოდან შინ წაგვეყვანა მოხუცი მშობელი, რომელმაც გაგვზარდა, ჩვენს აკვანთან ღამე ათია, ჩვენს აღზრდას შეალია ყველაფერი? შესაძლოა, პირიქითაც მომხდარიყო - იქნებ ჩვენი ოჯახისაკენ გადმოვიბირეთ მშობელი, რათა ხელში ჩაგვეგდო მისი კუთვნილი სახლი, ანდა გვყოლოდა ბავშვების უფასო აღმზრდელი და შინამოსამსახურე? ბავშვები იზრდებოდნენ, დედა ბერდებოდა და მძიმე ტვირთად გვაწვებოდა, გვაღიზიანებდა!.. თუ რომელიმე თქვენგანს ეს საშინელი ცოდვა აწევს სინდისზე, იჩქარეთ გამოსწორება, სანამ მშობლები ცოცხლები არიან, ხოლო თუ გვიან არის, ცრემლით შეინანეთ და მათ საფლავებთან ითხოვეთ პატიება, ილოცეთ გარდაცვლილთათვის და გაეცით მოწყალება მათ სახელზე.

სულიერი მოწყალების კიდევ ერთი სახეა გზასაცდენილთა მოქცევა, ცოდვილის მობრუნება. მაგალითად, მეძავის, ლოთის ცოდვის გზიდან გადმობირება. ასეთი საქციელი სულს მოჰფენს წყალობის მადლს. „უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული თჳსი სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლე ცოდვათაჲ“ (იაკ. 5,20). თქვენ გეჩვენებათ, რომ ამგვარ მოწყალებას ვერავინ გაიღებს, მაგრამ ეკლესიის ისტორიაში ბევრია ამის მაგალითი, როდესაც წმინდა მოღვაწენი მიდიოდნენ გარყვნილ ქალაქებში და თავიანთი სულიერი ძალით მოჰყავდათ იქიდან ცოდვილნი მოსანანიებლად, შემდგომში კი ეს უკანასკნელნი წმინდანები ხდებოდნენ. საერო ლიტერატურაშიც გვაქვს ამის მაგალითები: ვისაც ვიქტორ ჰიუგოს „განკიცხულნი“ წაუკითხავს, იცის, როგორ ერთ წამში გადაატრიალა სოფლის მღვდლის უბრალოებამ, გულწრფელობამ და ნდობამ ადამიანის მიმართ კატორღელის ქვადქცეული გული, როგორც მოაქცია იგი და ამ მადლმოსილი წუთის შემდეგ მხოლოდ კეთილ საქმეთა აღმსრულებლად გარდაქმნა.

ჩვენ, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანებს ვუწოდებთ, უფლება არა გვაქვს გულგრილად, გაღიზიანებით მოვექცეთ ცოდვაში ჩაფლულ უბედურებს. მანკიერება საყვედურებით კი არ აღმოიფხვრება, არამედ უდიდესი მოთმინებით, სიბრალულით, ანდა თუნდაც მდუმარე თანაგრძნობით. ამ უბედურთა მთავარი დახმარება არის მათთვის ლოცვა, არა ერთჯერადი ამოხვნეშა, არამედ მუდმივი ლოცვა ცრემლითა და იმის რწმენით, რომ რაც ჩვენთვის, კაცთათვის შეუძლებელია, შესაძლებელია ღმერთისათვის! ჩვენთვის უცხოა, უფალო, მოყვასისთვის ასეთი კეთილისყოფა! ჩვენ ლოთს უმალ ცოდვისკენ ვუბიძგებთ, როდესაც შესრულებული სამუშაოს საფასურის ნაცვლად სასმელს ვთავაზობთ. საკუთარ სახლში შევიფარებთ და ვუმასპინძლებთ მემრუშეს, რომელმაც ოჯახი მიატოვა. ხშირად საძაგელ საქმეს ჩავდივართ ბავშვების თვალწინ და ვრყვნით მათ სულებს. მძიმე მწუხარების ჟამს, მოუთმენლობის გამო ხმამაღლა ვკიცხავთ უფალს, ქრისტიანობას, რითაც ეჭვის მარცვლებს ვთესავთ მათ გულებში, ვინც არ არის მტკიცე სარწმუნოებაში.

ნუ დაივიწყებთ, რომ სიტყვა მოძღვრავს, მაგალითი კი იზიდავს! ბოროტება კი ბოროტებით არასოდეს აღმოფხვრილა! ზოგჯერ უფრო ადვილია ერთჯერადი დიდი დახმარება გასცე, ვიდრე მუდმივად მიაქციო ყურადღება, აიცილო შეჯახება, შეიკავო თავი მწარე შენიშვნისაგან ან შეურაცხმყოფელი სიტყვისაგან. აი, აქ არის გაშლილი სულიერ მოწყალებათა ვრცელი ასპარეზი:

  1. მწუხარეთათვის ნუგეშისცემა;
  2. განსაცდელში ან შეჭირვევაში მყოფი კაცისათვის კეთილი რჩევის მიცემა;
  3. ბოროტისათვის ბოროტით არმიგება, სამაგიეროს არგადახდა, გულის არტკენა;
  4. სავსე გულით წყენის მიტევება.

ყოველთვის ვახერხებთ მოწყალების ამ საქმეთა აღსრულებას? არა, უფალო! პირიქით!

მწუხარეებთან გვიძნელდება გაძლება და ვცდილობთ არ გავიფუჭოთ გუნება მათთან ურთიერთობით. კიდევაც ვღიზიანდებით, თუ ადამიანი დიდხანს არ გამოდის მძიმე მდგომარეობიდან.

თუ ვხედავთ, რომ კაცი შეჭირვებულია ან საფრთხე ემუქრება, საუკეთესო შემთხვევაში გვერდს ვუვლით, ხოლო ზოგჯერ ნიშნისმოგებით ვამბობთ, რომ უარესის ღირსია.

ჩვენ მიმართ მცირეოდენი დანაშაულიც კი ვერ მოგვითმენია, განსაკუთრებით იმისგან, ვინც გვიყვარს და ვცდილობთ, სამაგიერო გადავუხადოთ. თუ აშკარად ავის ქმნისა გვეშინია, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ღმრთის შიში კი არა, უსიამოვნებებისათვის თავის არიდების სურვილი გვაკავებს. გონებაში კი ათასგვარ შურისძიებას წარმოვიდგენთ. უფალმა ხომ ყველაფერი იცის - ყოველი ჩვენი გულისნადები და განგვიკითხავს კიდევ ჩვენი სულის შინაგანი მდგომარეობის მიხედვით.

უფალო, ჩააგდე ჩვენს გაყინულ გულებში მოყვასის მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულის ნაპერწკალი.. მუდამ გვახსოვდეს, რომ ჩვენს გარდა სხვაც ბევრია მსურველი შეურაცხყოფისა, ბოროტების ქმნისა, ჩვენ კი ჯერ სხვათა სიბრალული უნდა ვისწავლოთ, რათა ყოველდღიურად ოდნავ მაინც შევამციროთ ადამიანური სატანჯველის უზარმაზარი მთა და გავზარდოთ კაცობრიობის სიხარულის პატარა გორაკი!

გაგრძელება