მერვე ნეტარება: ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა.
ამ მცნების მიხედვით სიმართლე ნიშნავს ქრისტიანულ სარწმუნოებასა და ქრისტესმიერი მცნებებით ცხოვრებას. მაშასადამე, ნეტარია ის, ვინც დევნილია თავისი რწმენის, სათნოებების, კეთილი საქმეებისა და ურყევი, მტკიცე სარწმუნოების გამო.
რატომ დევნის ჭეშმარიტ რწმენას, კეთილზნეობასა და სიმართლეს ეს სოფელი, თუკი ყოველივე ასე კარგად მოქმედებს ადამიანზე - ამკვიდრებს საზოგადოებაში ერთობას, ურთიერთსიყვარულს, კეთილ ჩვევებს, მშვიდობას, სიწყნარესა და წესრიგს? - იმიტომ, რომ წუთისოფელი ბოროტებაშია ჩაფლული, ადამიანებმა შეიყვარეს „სიბოროტე უფროჲს სახიერებისა“ (ფს. 51,3).
მაცხოვარმა ელეონის მთაზე ქადაგებისას დასახა ცხოვრების ორი გზა: ფართო და ვიწრო. „ვრცელ ბჭეს მივყავართ დაღუპვისაკენ და ამ გზაზე მრავალი მიდის. ვიწრო ბჭეს კი მივყავართ მარადიული ნეტარებისკენ - ცხონებისაკენ. „ვიწრო ბჭე“ მოითხოვს ღვაწლს, მუდმივ სულიერი ბრძოლას ცოდვის წინააღმდეგ და აღსავსეა მრავალი დაბრკოლებით. ჩვენს წინააღმდეგ აღდგება ჩვენივე სხეული, პირველქმნილი ცოდვით წარყვნილი ჩვენი ბუნება, რომელსაც სულს უხუთავს ზრუნვა სულისა და ხორცის სიწმინდისათვის. აღდგება კაცთა მოდგმის მტერი, რომელსაც ეჯავრება ადამიანის ზრუნვა ცხონებისათვის. აღდგებიან გარშემომყოფი ადამიანებიც, რომლებსაც მორწმუნეთა კეთილი ცხოვრება საკუთარ უკეთურებათა სამხილებლად მიაჩნიათ.
ყოველი ასეთი ამბოხი, განსაკუთრებით იმათი მხრიდან, ვინც კარგი თვალით არ უყურებს მორწმუნეებს, მიმართულია უფლის წინააღმდეგ. ბოროტ, გარყვნილ ადამიანებს მუდამ სძაგდათ მართალნი, სდევნიდნენ მათ და ყოველთვის გააგრძელებენ მათ დევნას. ისტორიას ახსოვს მდევნელთა სახელები, რომელთაგან უპირველესი კაენი იყო. ესავი სდევნიდა სათნო იაკობს, იაკობის უფროსი ვაჟები სდევნიდნენ იოსებს და გაყიდეს კიდევაც იგი ეგვიპტეში, რათა მისი კეთილზნეობა მუდამ თვალწინ არ ჰქონოდათ სამხილებლად. მშვიდობისმოყვარე დავითს მუდამ სდევნიდა უბადრუკი საული. იუდეველები სდევნიდნენ და სცემდნენ თავიანთ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ამხელდნენ მათ უკანონო ცხოვრებას და, ბოლოსდაბოლოს, მათ შეიპყრეს და მოკლეს თავად აღსრულება სჯულისა და წინასწარმეტყველთა, სიმართლის მზე - უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, ხანგრძლივი დროის მანძილზე მეფობდა საშინელი დევნა ქრისტეს ერთგულთა და მიმდევართა. როგორც თავად უფალი ბრძანებს, ამ დევნას საფუძვლად სიმართლის სიძულვილი ედო, არა ზოგადად სიმართლისა - საზოგადოებრივი ცხოვრების, სამსახურებრივი, ყოფითი ურთიერთობების, არამედ ადამიანთათვის ყველაზე არსებითის - ქრისტესმიერი სიმართლისა. მხოლოდ ეს სიმართლე აკმაყოფილებს ადამიანის სულის ძირითად მოთხოვნებს და მხოლოდ მას ძალუძს ნამდვილი დახმარება.
სიმართლისათვის დევნა სხვადასხვა სახით გამოიხატება: ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, წმინდა მოწამეთა მხეცური ტანჯვიდან დაწყებული, მორწმუნეთა მიმართ დაცინვით, გაკიცხვით, შეურაცხყოფითა და იგნორირებით დამთავრებული. მათზე ავრცელებენ აზრს, თითქოს თანამედროვეობას ჩამორჩენილი, საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის მავნებელი პირები იყვნენ. ამ მტრობისა საფუძველი არა მარტო ადამიანების, არამედ თავად ღმრთის სიმართლის მიმართ სიძულვილია.
რას გვავალებს ჩვენ ეს მცნება?
- სიმართლისა და ჭეშმარიტების სიყვარულს. განა საკმარისად გვიყვარს სიმართლე უფლისა, ქრისტიანული სარწმუნოება და ქრისტესმიერი მცნებებით ცხოვრება? არა!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
უფლის სიმართლე, ქრისტიანული სარწმუნოება და მისი მცნებებით ცხოვრება რომ გვიყვარდეს, მაშინ ჩვენი ცხოვრების ყოველ წუთს გავუფრთხილდებოდით და გამოვიყენებდით საღმრთ სჯულის ღრმად შესწავლისათვის, ლოცვის, კეთილ საქმეთა აღსრულების, ჩვენი ბუნებიდან ცუდი მიდრეკილებების აღმოფხვრისათვის. ჩვენ კი ისე გავითქვიფეთ მიწიერების სიყვარულში, რომ ურწმუნოთაგან მხოლოდ ეკლესიაში სიარულითა და რამდენიმე საეკლესიო წესის აღსრულებით განვსხვავდებით. შავი სამოსით, მანდილითა და ხელზე სკვნილით სიარული თქვენს წოდებას არ შეესაბამება და ამიტომ სასაცილოა, ურწმუნოთა დაცინვის საგანია. შემოსილხართ ძაძებით და გგონიათ, რომ ამით უფალს ემსახურებით? შეინანეთ უფლის წინაშე, ვინაიდან ჯერ კიდევ მწიგნობრებსა და ფარისევლებს, რომლებსაც სწორედ სამოსით, გარეგნულად უყვარდათ გამორჩევა სხვათაგან, უთხრა უფალმა: „ვაი, თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, ორგულნო, რამეთუ მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ, ხოლო შინაგან სავსე არიაედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა, ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა“ (მთ. 23,27-28).
იქნებ რომელიმე თქვენგანმა თავის დროზე შვილებს არ ასწავლა ტაძრის სიყვარული, რწმენა, საეკლესიო საიდუმლოთა მიმართ კრძალვა, ახლა კი აძალებს მათ, რათა იარონ ტაძარში, ეზიარონ, ჯვარი დაიწერონ. და ისინიც, ოღონდ კი თავი დააღწიონ ამ მომაბეზრებენ თხოვნას, აღასრულებენ ამ საიდუმლოებას რწმენის გარეშე, ან სულაც, მკრეხელობით. თქვენ კი ხარობთ მათი მოჩვენებითი „მოქცევით“.
შეინანეთ უფლის წინაშე, რამეთუ ყოველივე ამით სიწმინდე შეიბღალა თქვენგან! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, რომლებიც ასე უგუნურად ვცდილობთ წარსულის შეცდომათა გამოსწორებას, როდესაც უდარდელად ვცხოვრობდით, თვითონაც არ ვფიქრობდით ღმერთზე და შვილებსაც არ ვუნერგავდით რწმენას.
იქნებ რომელიმე თქვენგანს ეჭვი ეპარებოდა იმ ეკლესიის ჭეშმარიტებაში, რომელსაც ნათლისღების მადლით ეკუთვნის, ან თანაუგრძნობდა სექტანტებსა და ეკლესიიდან განდგომილებს? იქნებ სხვაც აუღელვებია ჭეშმარიტებას საკმაოდ დაშორებული მსჯელობით. ძალიან ბევრი უნდა იცოდე, ბევრს გრძნობდე, ბევრი გესმოდეს, რომ უფლება გქონდეს არა მარტო მხილებისა, არამედ საერთოდ, ეკლესიაზე მსჯელობისა. უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, რომ დავკარგეთ შიში და ისე გავკადნიერდით, რომ ვბედავთ ეკლესიის ბედ-იღბალზე მსჯელობას. უფალო, თითქმის ყველა უწიგნური ან მცირედწიგნიერნი ვართ ქრისტიანული მოძღვრების, საეკლესიო წესებისა და კანონების საკითხებში, ჩვენ, რომლებიც შენს წინაშე პასუხს ვაგებთ მხოლოდ საკუთარი სულის ცხონებისათვის, ამიტომაც არა გვაქვს არანაირი უფლება, განვსაჯოთ მღველმსახური, მაგრამ ჩვენი განკითხვა არა მარტო საეკლესიო იერარქებს, არამედ თვით პატირარქსაც კი სწვდება. შეინანეთ!
ესენი არიან ეკლესიის უგუნური შვილები, რომლებსაც წარმოდგენაც არა აქვთ სიძნელეთა იმ სიღრმისა და უფლის წინაშე პასუხისმგებლობის მნიშვნელობის შესახებ, რითაც უფალმა ჩააბარა „ცხოვარნი თვისნი“ მწყემსებს ეკლესიისას. ჩვენი წმინდა მოვალეობაა მთელი სულითა და გულით დავეხმაროთ მათ ლოცვით. ჩვენს გარეშეც ბევრია ისეთი, ვისაც განკითხვის „ქვებით“ ქრისტეს ეკლესიის მსახურთა ჩაქოლვა გადაუწყვეტია! უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ჩვენ ვლანძღავთ, განვიკითხავთ იმათ, ვინც ისედაც სძაგს ურწმუნო სამყაროს, ვიმეორებთ ქამისეულ ცოდვას, რომელმაც არ დაფარა სიშიშვლე მამისა. როცა ეკლესიის მსახურს ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტისა და ნაკლის გამო განვიკითხავთ, ამას ისეთი მიკერძოებითა და სიმკაცრით ვაკეთებთ, თითქოს თავისი ხორციელი ბუნებით მღვდელი ისეთივე ადამიანი არ იყოს, როგორც ჩვენ. თუ გიფიქრიათ, მრისხანე და შეუწყალებელო მსაჯულნო, რომ როდესაც მღვდლად ეკურთხა, ამქვეყნიური უპატიობისათვის გასწირა ადამიანმა თავისი თავი, რათა ტაძრებში აღარსრულოს ღვთისამსხურება, და თქვენ ეზიაროთ ქრისტეს წმინდა საიდუმლოს, რათა ჩატარდეს ნათლობა, ზეთისცხება, პანაშვიდი, ცოდვათა შენდობა, რისი აღსრულებაც მღვდლის გარდა არავის შეუძლია. აი, თუნდაც ამ მადლისათვის, რაც იმ ადამიანების მეშვეობით გადმოდის თქვენზე უფლისაგან, რომლებმაც მღვდლად ხელდასხმასთან ერთად იტვირთეს ღვაწლი ნებაყოფლობითი მარტვილობისა, შეწყვიტეთ ბოროტი განკითხვა!
იოანე ოქროპირი ამბობს: „თუ მიწიერი მეფის ბრძანების აღსრულებისას შეურაცხყოფა მიაყენეთ მის მსახურს და ამისთვის დაისაჯეთ კიდევ, მაშინ რისი ღირსია ქრისტიანი, რომელიც არა მარტო პატივს არ სცემს, არამედ შეურაცხყოფს კიდეც ზეციური მეუფის მსახურს!“ მუდამ გახსოვდეთ - სადაც მღვდელმსახურის პატივისცემა არ არის, იქ პატივს არ სცემენ რელიგიას. ყველა დროის უზნეო ადამიანები ისე არაფერზე ზრუნავდნენ, როგორც ცილისწამებითა და ჭორებით მღვდლის ავტორიტეტის შელახვაზე. აი, ვის ვუჭერთ მხარს, როდესაც ეკლესიის მსახურთ განვიკითხავთ და თანაც გვგონია, რომ სიმართლისათვის ვიბრძვით. უფალო, მოგვიტევე ჩვენი სიბრმავე და უკიდურესი უგუნურება!
იქნებ ზოგიერთი თქვენგანი ისეთი საშინელი მკრეხელია, რომ შენიღბული დაიარება ტაძარში, ეზიარება, სინამდვილეში კი ფარული სექტანტია ან რომელიმე ფილოსოფიური მოძღვრების მიმდევარი? დღეიდან ნუღარ შეეცდებით უფლის მოთმინების გამოცდას. გახსოვდეთ, რომ ღმერთი შეურცხყოფილი არასოდეს იქნება, უფრთხილდით, თქვენ თვითონ არ დაიწვათ იმ წმინდა საიდუმლოსთან შეხებით, რომელიც არის ცეცხლი, უღირსთა დამწველი. საჭიროა გავახილოთ თვალი, გონს მოვეგოთ, გულწრფელად ვუთხრათ აღსარება მღვდელს, რომელმაც მონანიების შემდეგ ლოცვით უნდა შეგვაერთოს ეკლესიასთან, რადგანაც ჩვენი უკეთური საქციელის გამო მისგან უხილავად განყენებული ვართ. თუ რომელიმე თქვენგანი პირადად იცნობს ასეთ ადამიანს, უკურნებელი სენივით ერიდეთ მასთან ურთიერთობას.
სიყვარულის მქადაგებლის - წმინდა მოციქულ იოანე ღმრთისმეტყველის ცხოვრებიდან ერთმა ამბავმა მოაღწია: წმინდანი აბანოში ერეტიკოსს შეხვდა და თავის მოწაფეს უთხრა: „ჩქარა გავიქცეთ, შენობას შეიძლება ცეცხლი გაუჩნდეს იმიტომ, რომ აქ იმყოფება ეს საწყალობელი ცოდვილი“.
რაში გჭირდება შენ, მართლმადიდებელო ქრისტიანო, ცოდნა ცრუ მოძღვრებათა ან კიდევ მეგობრობა სექტანტებთან? იოანე ოქროპირი ამბობს: „თუ ცხონება გინდა, იყავი ეკლესიაში და იგი არ დაუთმობს შენს თავს ბოროტს. ეკლესია ზღუდეა და თუ შენ ამ ზღუდის შიგნით იმყოფები, მგელი ვერ წარგიტაცებს. თუკი გამოხვალ გარეთ, მხეცის ლუკმა გახდები. ნუ განუდგები ეკლესიას, ამქვეყნად მასზე ძლიერი არაფერია, ის არის შენი სასოება, მასშია შენი ბედნიერება!“
შეიძლება ჩვენს შორის არ არიან ფარული მწვალებლები და ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ, მაგრამ განა ასეა სინამდვილეში? ხომ არ შეგვიცვლია ჩვენ რწმენა ცრურწმენით? იქნებ ზოგიერთ თქვენგანს უფლის კეთილი ნების რწმენა არ ჰქონია და მკითხავებთან, მისნებთან, ჯადოქრებთან მისულა დახმარებისათვის? შეინანეთ, ეს უდიდესი ცოდვაა! თავად უფალი გვეუბნება იერემია წინასწარმეტყველის პირით: „ნუ ისმენთ ცრუ-წინასწარმეტყველთა თქუენთასა და მემისნეთა თქუენთასა და მეძილისშინაეთა თქუენთასა და მზმნელთა თქუენთასა და მეწამლეთა თქუენთა მეტყუელთასა თქუენდამი. ნუ უქმთ მეფესა ბაბილოვნისასა, რამეთუ ტყუილით გიწინასწარმეტყუელებენ თქუენ იგინი განშორებისათჳს თქუენისა ქვეყანისაგან თქუენისა, და მიმოგთესენენ თქუენ, და წარგწყმიდნენ თქუენ“ (იერ. 27,9-10). წმიდა ეკლესიის წესის მიხედვით, ვინც მისანსა და მკითხავს მიმართავს, ექვსი წლით განეყენება წმ. ზიარებისაგან. შეინანეთ უფლის წინაშე!
იქნებ ვინმეს მიუმართავს შემლოცველისთვის და იმით გაუმართლებია თავი, რომ ისინი ლოცვას კითხულობენ და ჯვარს სახავენ მტკივნეულ ადგილს. მაგრამ განა ნაკლები ძალა აქვს შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს, რაც უფლის ნებითა და სულიწმიდის მადლით დაადგინა ეკლესიამ სნეულთა განსაკურნებლად?! მაშ რატომ ხდება, რომ თქვენ, ვინც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანებს უწოდებთ, ურჩევთ ხოლმე ახლობელს, მიმართოს რომელიმე მისანს ავადმყოფობის გამოსალოცად და არ ურჩევთ სასწრაფოდ ითხოვოს ზეთისცხების წმ. საიდუმლო. გამოდის, რომ შელოცვისა უფრო გჯერათ, ვიდრე ეკლესიის საიდუმლოსი.
უფალო, შეგვიწყალე ჩვენ, ცოდვილნი!
2. მეორე, რასაც ნეტარების მერვე მცნება მოითხოვს ჩვენგან, არის სიმამაცე და სიმტკიცე სარწმუნოების, ანუ ჭეშმარიტების დაცვის და დამოწმების საქმეში.
იქნებ რომელიმე თქვენგანი როდესმე შედრკა და სულმოკლედ დაეთანხმა იმათ, ვინც მკრეხელურად დასცინოდა ქრისტიანულ სწავლებას, საეკლესიო წეს-ჩვეულებასა და საიდუმლოებებს. შეინანეთ უფლის წინაშე!
იქნებ რომელიე თქვენგანს ურწმუნო ადამიანთა გარემოცვაში მორიდებია თავისი მორწმუნეობის გამჟღავნება. შეინანეთ უფლის წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ, მშიშრებსა და სულმოკლეებს!
იქნებ რომელიმე თქვენგანს ეშინია ჯვრის ტარებისა, ერიდება ჯვრით გამოცხადდეს ექიმთან? შესთხოვეთ მოწყალე უფალს შენდობა იმის გამო, რომ არა გაქვთ სიმტკიცე, რათა აშკარად აღიაროთ მისი სახელი, და არასოდეს იაროთ უჯვროდ. ატარეთ ჯვარი, რომელიც მოძღვარმა აკურთხა თქვენს სახელზე ნათლისღების საიდუმლოს შესრულებისას, როგორც ლოცვაში ითქმის, „...რომელმანცა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლადპატიოსანი განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა“. მაშ, როგორღა გაძლოს მორწმუნე კაცმა გულზე ჯვრის გარეშე?
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
ჩვენ მარტო ურწმუნოებს კი არ ვერიდებით, შინ, ჭამის დაწყების წინ პარჯვრის გადასახვისა გვრცხვენია. აი, როგორია ჩვენი ერთგულება შენს მიმართ, უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
იქნებ ვინმეს სხვა რომელიმე გზით უღალატია უფლისათვის, აუცილებლად შეინანეთ და გამოითხოვეთ შენდობის ლოცვა, რადგან, საშინელია უფლის სიტყვები: „რომელსა სირცხჳლ უჩნდეს ჩემდა მომართ და სიტყუათა ჩემთაჲ, ამას ძემანცა კაცისამან არცხჳნოს...“ (ლუკა 9,26). ვის შეუძლია იმართლოს თავი, რომ არაფერი იცოდა უფლის ამ გაფრთხილების შესახებ? უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ სირცხვილი, რიდი და შიში, რაც მცირედმორწმუნეობის ნამდვილი დასტურია! განგვიმრავლე რწმენა და დაგვინერგე გულებში სიმამაცე და სიმტკიცე!
კაცმა რომ თქვას, რისი გვრცხვენია?! ამ ქვეყნად ყველაზე საპატიო და მაღალი წოდებისა, ქრისტიანისა, ანუ იმისა, რომ ჩვენ ქრისტეს მოწაფეები ვართ, ადამიანები, რომელნიც მთელი ცხოვრებით ემსახურებიან უმაღლეს სიმართლეს?
3. და ბოლოს, ჩვენ ვალდებულნი ვართ დავითმინოთ დევნა სიმართლისათვის, დავუმატოთ იგი უფლის მიმართ ურყევ სასოებას.
როგორ დამოკიდებულებას გვავალებს ქრისტეს სჯული სიმართლის მდევნელთა მიმართ? ზიზღითა და მტრობით კი არა უნდა ვუპასუხოთ მათ, არამედ სიმშვიდითა და კეთილგანწყობით. ჩვენ კი როგორ ვექცევით მათ, ვინც ცნობისმოყვარეობით ან უცოდინრობით გამოავლენს ჩვენთვის რაიმე მიუღებელს? - ვჯავრობთ და გაბოროტებული ვაძლევთ შენიშვნას. უფლება რომ ვინმემ მოგვცეს, კინწისკვრით გავაგდებდით და კარგადაც ვცემდით... ამ საქციელით ვის გავახარებთ? მხოლოდ მტერს, რომელიც ჩვენი ბოღმით, სიძულვილით, ზიზღით საზრდოობს. ამ გზით ვერავის მოვაქცევთ ქრისტეს რჯულზე. წავა ასეთი ადამიანი და მთელ ქვეყანას მოსდებს: „იქ, ეკლესიებში შეკრებილადნ გაავებული დედაბრები და ბერიკაცები“. ვისაც ასეთი რამე ჩაგიდენიათ, შეინანეთ უფლის წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!
სიცრუესა და ცილისწამებას უნდა ვუპასუხოთ მოთმინებით, მდუმარებით და მშვიდი, სერიოზული ახსნით, თუ განათლება გვეყოფა და ვითარება მოგვცემს ამის საშუალებას. საჭიროა მტკიცედ გვახსოვდეს, რომ ბოროტება არასოდეს დაიძლევა ბოროტებით. პავლე მოციქული გვასწავლის: „და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაჲსწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა“ (რომ. 12,17). უკეთესია თვითონ განიცადო ტკივილი და დამცირება, ვიდრე მიაყენო იგი მდევნელსა და მაჭირვებელს.
არ არის საჭირო სარწმუნოების შესახებ გამართულ კამათში თქვენი მოწინააღმდეგისათვის ავის სურვება. გვმართებს მხოლოდ მათი შებრალება, რადგანაც უღმრთონი ამქვეყნად ყველაზე უბედური ხალხია: ეს ცხოვრება ხომ ასე სწრაფწარმავალია, ხოლო მარადიული ცხოვრება დაუსრულებელია! ახლა ისინი ჯიუტად ეწინააღდეგებიან სიმართლეს, ზოგიერთი აშკარად დევნის მას, მაგრამ როცა მიწიერ თვალს დახუჭავენ და გაეხსნებათ სულიერი ხედვა, საშინელი იქნება მათი გამოფხიზლება. განა სიბრალულის ღირსი არ არიან ისინი? განა ქრისტიანის გულს შეუძლია ვინმეს უსურვოს მარადიული განსაცდელი ჯოჯოხეთისა? ვისაც ასეთი რამ გიფიქრიათ, შეინანეთ უფლის წინაშე!
უფალო, მოგვიტევე ჩვენი არაქრისტიანული დამოკიდებულება ურწმუნოთა მიმართ.
უფალო, შეიწირე ჩვენი ლოცვა მათთვის, ისინი ჩვენივე თანამოძმენი არიან, რომლებიც იღუპებიან ურწმუნოების გამო, აუხილე თვალი, რათა იხილონ ვის დევნიან და ვის ნებას ემორჩილებიან. მათ ხომ არ იციან, რას სჩადიან. უფალო, მიუტევე მათ და მოგვიტევე ჩვენ, მით უფრო, რომ ახლანდელლი თაობა - ჩვენი შვილები და შვილიშვილები ჩვენვე ვერ აღვზარდეთ შენდამი რწმენითა და სიყვარულით!