მარინე ხოსიტაშვილი

ტაძრის სიმბოლიკის შესახებ

„ეკლესია გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეკლესია მისტიური სხეულია უფლისა.
ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი,
არამედ, უწინარეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი მარიამი, ანგელოსთა დასი და წმიდანთა მთელი
კრებული შეერთებული მლოცველთა ჯგუფთან; ამიტომაც არის ტაძარი - ცა დედამიწაზე“
ილია II (საშობაო ეპისტოლე 1993)

ტაძრის არსის შესახებ

თბილისის წმ. სამების და წმ. ელია წინასწარმეტყველის
სახელობის ტაძრები ელიას მთაზე

წმინდა იოანე ოქროპირმა ერთ-ერთ თავის ქადაგებაში გაახსენა მრევლს დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა არა დამკვიდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა“ (ფს. 83,10) და თქვა: „ყველასათვის საერთოს - ღმერთს, სიყვარული ითავისებს, ამგვარია მისი თვისება, ამიტომაც ამბობს დავით მეფე: „სახლსა ღმრთისა ჩემისასა“. შეყვარებულს არა მარტო სატრფოს, არამედ მისი სახლის, კარიბჭის და ქუჩის დანახვაც კი ენატრება. ხოლო თუ მის სამოსელს მოჰკრავს თვალს, ჰგონია, რომ მის წინაშე თავად იმყოფება. ასევე წინასწარმეტყველნიც - თუმცა ვერ ხედავენ ღმერთს, ტაძარს შეჰყურებენ და მასში ჰყავთ იგი წარმოდგენილი“ („ქადაგება ეკლესიაში სიარულის შესახებ“).

ზოგადი განმარტებით „ტაძრად იწოდება განსაკუთრებული, ღვთისათვის შეწირული შენობა, რომელშიც იკრიბებიან მორწმუნენი სალოცავად და საიდუმლოს აღსასრულებლად. ტაძარი იწოდება აგრეთვე ეკლესიად, იმიტომ რომ მასში იკრიბება ქრისტიანეთა საზოგადოება“ (არქიმანდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი).

სიტყვა „ეკლესია“ ბერძნულია და წარმოდგება ზმნისაგან  έκκαλέω - ვეძახი, ვუხმობ. „ეკლესიას ასე ეწოდება იმიტომ, რომ ის ყველას უხმობს და აერთიანებს“ (კირილე იერუსალიმელი). ბერძნულში ამ სიტყვით აღინიშნება ქრისტეს მორწმუნეთა ნებისმიერი შეკრება რამდენიმე კაციდან დაწყებული მსოფლიო ეკლესიის ჩათვლით. როგორც ამბობენ, ამ სიტყვის ეტიმოლოგიაში ასახულია ის დრო, როცა ქრისტიანებს ჯერ არ ჰქონდათ ტაძრები. უკვე აშენებულ ტაძრებს კი უწოდებენ - „კირიაკი“, „კირიაკონ“, რაც უფლის სახლს ნიშნავს.

ტაძარი რომ უფლის სახლია, თვით მაცხოვარი მოწმობს სახარებაში. როცა 12 წლის იესო სამი დღის ძებნის შემდეგ იერუსალიმის ტაძარში იპოვეს, ასე მიმართა დედას: „რასა მეძიებთ მე? არა უწყითა, რამეთუ მამისა ჩემისა თანა ჯერ-არს ჩემი ყოფა?“ (ლუკა 2,49). ხოლო როცა მოვაჭრეები შოლტით განდევნა ტაძრიდან, ბრძანა: „სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა“ (მარკ. 11,17). ამ სიტყვებით უფალი პირდაპირ გვამცნობს, რომ ტაძარი მისი სახლია, ე.ი. სახლი ღვთისა, და ამავე დროს, სახლი სალოცავი. „ის, რომ ღმერთი - უსაზღვრო და ყველგან მყოფი - ტაძარს თავის სახლს უწოდებს, მეტყველებს ამ შენობის განსაკუთრებულ სიწმინდესა და მნიშვნელობაზე. და , მაინც, რა ხდება ტაძარში ისეთი, რაც სხვაგან არ შეიძლება მოხდეს? ჩვენ ზომ ვიცით, რომ ლოცვა ყველგანაა შესაძლებელი და ადამიანი უპირველესად თავის გულში მიმართავს უფალს? რატომ აქვს ლოცვას ტაძარში განსაკუთრებული მნიშვნელობა?

ყველა ადამიანში არის ხატება ღვთისა, მაგრამ არის ადამის ცოდვით დაცემის შედეგად შეძენილი მიდრეკილება ცოდვისადმი. ადამიანის სული მიილტვის სიწმინდისკენ, მაგრამ ის ვერ თავისუფლდება ცოდვითი მიდრეკილებებისაგან. მას არ შეუძლია საკუთარი ძალებით განიწმინდოს გონება და გული. ამიტომ უფალი მოვიდა ამ ქვეყნად, რათა თავისი სისხლით გამოესყიდა იგი და თითოეული ადამიანისთვის, ვინც მის სისხლსა და ხორცს რწმენით ეზიარებოდა, მიეცა გზა ხსნისა. ზიარების საიდუმლო წირვა-ლოცვის დროს სრულდება ტაძარში. ამრიგად, ტაძარი არის ღვთით დადგენილი ადგილი კერძო და საზოგადო ეკლესიური მსახურებისა, სადაც მაცხოვნებელი მადლის მომნიჭებელი საიდუმლოებები სრულდება. ისაა „იარაღი მღვდელმსახურებისა, ისევე როგორც მღვდელი“ (სვიმონ თესალონიკელი).

სიმბოლური აზრით, ტაძარი სახეა ეკლესიისა. ტაძრის კურთხევის ლოცვებში წერია: „...რომელნი ვდღესასწაულობთ განახლებასა პატიოსნისა ტაძრისა შენისასა... სასწაულად წმიდისა ეკლესიისა შენისა“.

თვითონ მაცხოვარი საკუთარ სხეულს უწოდებს ტაძარს: „დაჰხსენით ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე. ჰრქუეს მას ურიათა: ორმოცდა-ექუსსა წელსა აღეშენა ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი? ხოლო იტყოდა ტაძრისათვის გუამისა თვისასა“ ( იოანე 2, 19-21). ეკლესიასაც ასევე ქრისტეს საიდუმლო სხეულს უწოდებს პავლე მოციქული. ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში ის წერს, რომ ეკლესია „არს გუამი მისი, აღსავსებაი იგი, რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო“ (1, 23). და კვლავ, ქრისტე „არს თავი გუამისა მის ეკკლესიისა“ (კოლას. 1,18), ხოლო მორწმუნენი „ასონი ვართ გუამისა მისისანი, ხორცთა მისთაგანნი და ძუალთა მისთაგანნი“ (ეფეს. 5,30). მისივე თქმით, ეკლესია არის სახლი ღვთისა, სადაც იესო ქრისტე სუფევს, როგორ ძე: „ხოლო ქრისტე, ვითარცა ძე, სახლსა ზედა მისსა, რომლისა სახლ ვართ ჩუენ“ (ებრ. 3,6).

აქედან გამომდინარე (რადგანაც ტაძარი სახეა ეკლესიისა), ჩვენი შემდგომი მსჯელობა შეეხება ერთდროულად როგორც ტაძარს, ასევე ეკლესიას.

 

როდესაც მაქსიმე აღმსარებელი ეკლესიის მისტიკურ მნიშვნელობას განმარტავს თავის თხზულებაში „მესაიდუმლოება“, უპირველესად აღნიშნავს, რომ ეკლესია სახეა ღვთისა. „წმიდა ეკლესია როგორც უკვე ითქვა, ნამდვილად არის სახე ღვთისა, რადგანაც იგი ღვთის მსგავსად ახორციელებს ერთობას მორწმუნეთა შორის. მაშინაც კი, როცა ისინი განსხვავდებიან თავისი განსაკუთრებული თვიბებით, ადგილსამყოფელით, ცხოვრების წესით, მაინც რწმენის გამო ერთობას იძენენ ეკლესიაში. ამ ერთობას არსთა, რომლებიც ბუნებრივად შეურევნელად არსებობენ, ახორციელებს თვით ღმვრთი, რომელიც, როგორც ნაჩვენები იყო, ათანაბრებს და იგივეობამდე მიჰყავს მათი განხვავებები აღმოყვანით და შეერთებით თავის თავთან - მიზეზთან, საწყისთან და დასასრულთან“.

ეკელსია/ტაძარი ამავე დროს სახეა ხილული და უხილავი ქვეყნისა.

ღმერთმა შექმნა „გონებით საწვდომი სამყარო სავსე გონიერი და უხორცო ძალებით და ეს (ჩვენი) ქვეყანა გრძნობადი და ხორციელი, რომელიც დიდებულადაა ნაქსოვი მრავალ სახეობათა და ბუნებათა მიერ“ (მაქსიმე აღმსარებელი „მესაიდუმლოება“). ეკლესია აერთიანებს ორივეს, ოღონდ ამ ქვეყანაში იგულისხმება სოფელი განწმენდილი ხრწნილებისაგან, იმგვარი სოფელი, რომელშიც ყოველივე „კეთილ არს“. და არქიტექტურულადაც, ტაძარი თუმცა ერთიანი შენობაა, როგორც ერთიანია ქვეყნიერება, მაგრამ დანიშნულების მიხედვით იყოფა ნაწილებად. საკურთხევლად, რომელიც უხილავ ზეცას გამოხატავს, უმაღლესი ძალებისადმია მიძღვნილი და სადაც მღედელმსახურება აღესრულება, და შუა ტაძრად, რომელიც ქვეყანას გამოხატავს და სადაც ერისკაცნი დაიშვებიან.

მესამე, მჭვრეტელობითი თვალთახედვით ეკლესია/ტაძარი სახეა ადამიანისა, სადაც საკურთხეველი შეესაბამება სამშვინველს, ტრაპეზი - გონს, შუა ტაძარი კი - სხეულს (Преподобный Максим Исповедник „Тайноводство“ ЖМП, 1987 №5, стр. 70). როგორც ვხედავთ, ეს სამივე სიმბოლო ურთიერთდაკავშირებულია ერთმანეთთან. და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ეკლესიის მიზანია, აღადგინოს ღვთის მეუფება ქმნილებაში - ე.ი. ადამიანში და ხილულ სამყაროში, რომელიც ღმერთმა საპატრონოდ ჩააბარა ადამიანს, და რომელიც ამის გამო ადამიანის დაცემის თანაზიარი გახდა. ხოლო ადამიანის დანიშნულებაა, აზიაროს სასრული და დროებითი უსასრულოს და მარადიულს, გააერთიანოს ცა და ქვეყანა. ეკლესია ამისთვის უხმობს ყველას, რომ აამაღლოს ღვთის მიერ მონიჭებულ პატივში. ეს ნამდვილად ხელეწიფება ეკლესიას, რადგან მისი თავი იესო ქრისტეა.

ამიტომ უწოდებენ ტაძარს მარადისობას, განცხადებულს წუთისოფლის წარმავლობაში. ხომალდს, რომელსაც მორწმუნენი ცხოვრების მორევიდან მშვიდ ნავსაყუდელში მიჰყავს. ცას ქვეყანასა ზედა, უფლის სახლს, რომელიც მოიცავს მთელს გადარჩენილ და გადარჩენის მნებებელ ქვეყნიერებას.

 

 

ორიოდე სიტყვა თვითონ საეკლესიო სიმბოლოზე.

იოანე დამასკელი ამბობს: „ჩვენ არ ძალგვიძს აღვიწიოთ მის მიმართ, რაც სულიერად სახილველ-არს და არცა გვაქვს საამისოდ საკუთარი და ბუნებითი ძალები“ („წმიდათა ხატთათვის“ III სიტყვა). ტაძარში ყველაფერს ორგვარი ბუნება აქვს - მატერიალური და სულიერი. მატერიალურს, რასაკვირველია, უშუალოდ აღვიქვამთ, ხოლო სულიერი სიმბოლოს სახით მოგვეწოდება. არა მარტო ტაძარი, არამედ მთელი ღვთისმსახურება სიმბოლიკითაა განმსჭვალული; ისაა სიტყვაში, ჟესტში, სამოსში. აღსანიშნავია, რომ საეკლესიო სიმბოლო მხოლოდ პირობითი ნიშანი კი არაა იმისა, რასაც გამოხატავს, არამედ საიდუმლოდ შეიცავს კიდევაც თავის თავში იმას, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს. ამ კავშირს რეალური საფუძველი აქვს. როცა წმ. მაქსიმე აღმსარებელი ხილულ და უხილავ სამყაროზე - ცასა და ქვეყანაზე - ლაპარკკობს, მათ ერთიანობას უსვამს ხაზს და ამბობს: „სულიერი განცდის მქონე ადამიანებისთვის მთელი გონებით საწვდომი სამყარო წარმოდგება საიდუმლოდ აღბეჭდილი გრძნობად სამყაროში სიმბოლური სახეების საშუალებით, მთელი გრძნობადი სამყარო კი სულიერი ჭვრეტის შედეგად წარმოგვიდგება მთელს გონებით საწვდომ სამყაროში არსებულად და ლოგოსების საშუალებით შეიმეცნება“. საეკლესიო სიმბოლო სულიერი სამყაროს გახსნაა. ისაა სულიერი კიბე, რომელიც შინაგანად აკავშირებს ადამიანს იმასთან, რის სიმბოლოსაც წარმოადგენს. მასში უზარმაზარი ინფორმაციაა ჩადებული. ისაა არსი, რომლის გზითაც ღვთიური მადლი აღწევს ადამიანის სულში.

 

ტაძარი ისტორიული თვალსაზრისით

პირველი ტაძრის აგება უფალმა დაავალა წინასწარმეტყველ მოსეს
სინას მთაზე, სადაც უჩვენა მომავალი ტაძრის ფორმა მისი
ყოველი დეტალის ჩათვლით. ეს მოძრავი ტაძარი იყო.

ღვთისმეტყველება არის ღვთის შემეცნება, რამდენადაც ღმერთი უცხადებს ადამიანს თავის თავს და, ამავე დროს, ისაა უფლისადმი კაცის შინაგანი თაყვანისცემის გამოხატულება. სამოთხეში ეს ღმერთთან პირად ურთიერთობაში ვლინდებოდა. ცოდვით დაცემისა და სამოთხიდან გამოდევნის შემდეგ კი ეს კავშირი სხვაგვარად ხორციელდებოდა. ადამიანი განიცდიდა დაშორებას ღვთისაგან, ითხოვდა ცოდვათა მოტევებას და ელოდა ხსნას. მაგრამ რაკი კაცი სულისა და ხორცისაგან შედგება, ეს სულიერი მიმართება ხილული ნიშნებითაც უნდა გამჟღავნებულიყო. ხილული ნიშნებიდან ყველაზე გავრცელებული და ღვთისგან დადგენილი ფორმა თაყვანისცემისა იყო მსხვერპლშეწირვა. პირველად მსხვერპლს ღია ცის ქვეშ, შემდეგ კი საგანგებოდ აშენებულ ნაგებობებში სწირავდნენ (აბელი და კაენი, ნოე, აბრაამი).

როგორც „გამოსლვათა“ წიგნი გვამცნობს, პირველი ტაძრის აგება უფალმა დაავალა წინასწარმეტყველ მოსეს სინას მთაზე, სადაც უჩვენა მომავალი ტაძრის ფორმა მისი ყოველი დეტალის ჩათვლით. ეს მოძრავი ტაძარი („კარავი საწამებელისა“) სამი ნაწილისგან შედგებოდა: წმიდათა წმიდა („წმიდა წმიდათა“), წმიდათა და ეზო. წმიდათა წმიდაში, რომელიც ფარდით იყო გამოყოფილი, იდგა აღთქმის კიდობანი. აღთქმის კიდობნის სახურავზე ქერუბინთა ორი ოქროს ქანდაკება იყო. კიდობანში იდო ორი ქვის ფიცარი ათი მცნებით, ტაკუკი და მანანა, რომლითაც უფალი უდაბნოში ასაზრდოებდა ებრაელებს; და აარონის კვერთხი, რომელიც უფლის ნებით განედლდა აარონის სამღვდელო ღირსების დასამოწმებლად. წმიდათა წმიდაში მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა და სამსხვერპლო სისხლს აპკურებდა იმის ნიშნად, რომ ადამიანის ხსნა ერთხელ - იესო ქრისტეს მოსვლით აღესრულებოდა. მეორე ნაწილშიც მარტო მღვდლებს შეეძლოთ შესვლა. აქ იყო ამაღლებული სამსხვერპლო საკმევლისთვის, ტაბლა - 12 პურით და შვიდტოტა შანდალი. მესამე ნაწილში, ეზოში, ხალხი ლოცულობდა და მსხვერპლს სწირავდა.

ტაძრებს წარმართებიც აშენებდნენ, ოღონდ მათთვის ტაძარი იმ ღვთაების ადგილსამყოფელი იყო, რომელსაც ის ეძღვნებოდა. ამის ნიშნად ტაძარში ღვთაების ქანდაკება იდგა.

მოსეს შემდეგ სოლომონ მეფემ ააგო
დიდებული ტაძარი იერუსალიმში

მოსეს შემდეგ სოლომონ მეფემ ააგო დიდებული ტაძარი იერუსალიმში სკინიის მსგავსად. ნაბუქოდონოსორის შემოჭრისას ის დაიქცა. ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნებულმა ებრაელებმა კვლავ ააშენეს ტაძარი იერუსალიმში. (ეს ტაძარი ქრისტეშობიდან 70-ე წელს რომაელებმა დაანგრიეს.)

„საქმე მოციქულთა“ მოგვითხრობს, რომ პირველი ქრისტიანები იერუსალიმის ტაძარში დადიოდნენ, ზიარების საიდუმლოს შესასრულებლად კი ცალკე იკრიბებოდნენ ჩვეულებრივ სახლებში.

ქრისტიანთა დევნის დროს რომის იმპერიაში მორწმუნეები სასაფლაოებზე და კატაკომბებში ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან რომის კანონით ეს ადგილები ხელშეუხებელი იყო. კატაკომბების დერეფნის კედლებში იყო მეტნაკლებად დიდი ოთახები. მოწამეთა საფვლავები მდებარეობდა ნახევრად წრიული კამარების ქვეშ. ფილა, რომელიც საფლავს ეხურა, შეიძლებოდა ტრაპეზად გამოყენებულიყო. ხანდახან ტრაპეზს საგანგებოდ აწყობდნენ განსაკუთრებული ნიშის წინ, სადაც იდგმებოდა დასაჯდომელი ეპისკოპოსისთვის და ადგილები მღვდელმსახურთათვის. სწორედ კატაკომბებში ჩაისახა პირველი ქრისტიანული ხელოვნება. აქ ყველაფერი, რაც წმინდა იყო ქრისტიანისთვის, სიმბოლოებით გამოისახებოდა (მაგ., ღუზა იყო სიმბოლო იმედისა, მტრედი - სულიწმიდისა, კრავი - იესო ქრისტესი, ვაზი - ევქარისტიის საიდუმლოსი და სხვ.).

 

ცნობილია, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები ტაძრებსაც აშენებდნენ. 303 წ. მარტო რომში იყო 40-ზე მეტი ეკლესია (Е.Несторовский „Литургика“).

IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორ კონსტანტინეს დროს ქრისტიანობა ნებადართული გახდა და მან სამოქალაქო უფლებები მოიპოვა. IV საუკუნის ცნობილი ისტორიკოსი, ევსევი კესარიელი, გატაცებით მოგვითხრობს: „ნათელმა და უღრუბლო დღემ გაანათა ღვთიური ნათლის სხივებით ქრისტეს ეკლებიები მთელ ქვეყანაზე... ტაძრები ბევრად უკეთეს სახეს იძენენ, ვიდრე ძველნი, დანგრეულნი. ქალაქებში დაიწყო ზეიმი ტაძრების განახლებისა და კურთხევისა (Ecclesiastic History). იქმნება ერთიანი ღვთისმსახურება, ყალიბდება ტაძრის სახე.

თავისი შინაარსით ქრისტიანული ტაძარი მემკვიდრეა ძველი აღთქმის ტაძრისა. ისიც სამ ნაწილად იყოფა. საკურთხეველი, შუა ტაძარი და კარიბჭე. მაგრამ თუ ძველში ხალხი მხოლოდ ეზოში დაიშვებოდა, ახლა ის შუა ტაძარში ლოცულობს, რადგან უფალმა თავისი ჯვარცმით გამოისყიდა ადამიანი და გაუღო კარი სასუფეველისა. გრძელდება მსხვერპლშეწირვაც, მაგრამ ახალი „მსხვერპლი და ძღვენი“ არის თვითონ მაცხოვარი, თავისი ნებით შეწირული ჩვენთვის და თვითონვე აღმასრულებელი ღვთისმსახურებისა, რადგან იგია „მღდელ უკუნისამდე წესსა მას ზედა მელქისედეკისსა“ (ფს. 109,4). საკურთხევლის წინასახე ძველი აღთქმის ტაძარში იყო წმიდათა წმიდა. საკურთხევლისაგან განსხვავებით (რომელიც აღმოსავლეთითაა) წმიდათა წმიდა დასავლეთით მდებარეობდა, რაც სიმბოლურად ადამიანის მიერ სამოთხის დაკარგვას და ღმერთთან დაშორებას ნიშნავს. საოცარი სულიერი მემკვიდრეობა აკავშირებს ძველი და ახალი ტაძრების წმინდა ნივთებსაც (ტაკუკი - ღვთისმშობლის ხატი, შვიდტოტა შანდალი და სხვ.). ეს ასეც უნდა იყოს, რადგან როგორც პავლე მოციქული ამბობს, „აჩრდილი აქუნდა ჰსჯულსა მერმეთა მათ კეთილთა“ (ებრ. 10,1), ე.ი. სჯული ძველი აღთქმისა მხოლოდ აჩრდილი იყო იმისა, რასაც თავისი განკაცების შემდეგ ნათელი მოჰფინა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, რომელიც „არცა სისხლითა კაცთა და ზუარაკთაითა, არამედ თვისითა სისხლითა შევიდა ერთ-გზის სიწმიდესა მას, და საუკუნოი გამოჰჴსნაჲ ჰპოვა“ (ებრ. 9,12).

ქრისტიანთა დევნის დროს რომის იმპერიაში მორწმუნეები სასაფლაოებზე და კატაკომბებში
ხვდებოდნენ ერთმანეთს, რადგან რომის კანონით ეს ადგილები ხელშეუხებელი იყო.

 

ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ფორმების სიმბოლიკა

ანჩისხატის ტაძარი

ზოგადი ცნობები ტაძრის ხუროთმოძღვრული ფორმების შესახებ გვხვდება ჯერ კიდევ III-IV საუკუნის თხზულებებში, რომელიც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ძველ წყაროებს ეყრდნობა. ამ პერიოდის ძეგლია „მოციქულთა ხელდასხმანი“, სადაც ვკითხულობთ: „იყოს ტაძარი მსგავსი ხომალდისა, წაგრძელებული ფორმის, აღმოსავლეთით მიმართული, ორივე მხარეს აღმოსავლეთით ჰქონდეს მინაშენი“. როგორც უკვე ითქვა, ტაძარი აღიქმებოდა ხომალდად, რომელსაც მორწმუნენი ცხოვრების მორევიდან მშვიდ ნავსაყუდელში მიჰყავს. ტაძრის ამგვარი აღქმა მომდინარეობს ნოეს კიდობნიდან, რომელიც ღვთის კურთხევით შეიქმნა და მასში მყოფნი წარღვნას გადაარჩინა. III საუკუნის მღვდელმთავარი კვიპრიანე კართაგენელი წერს: „ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხოვნება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ მჯდარა“ („ეკლესიის ერთიანობის შესახებ“). ქრისტიანული ტაძრის მეორე აუცილებელი პირობა, ზემოთ მოყვანილი ციტატის მიხედვით, არის აღმოსავლეთით მიმართება. ეს ნიშნავს, რომ საკურთხეველი, რომელიც ტაძრის ყველაზე მნიშვნელოვანი და წმიდა ადგილია, მდებარეობს აღმოსავლეთით. როგორც III საუკუნის წმ. მამა გერმანე კონსტანინოპოლელი განმარტავს, ლოცვის დროს აღმოსავლეთით დგომა ან აღმოსავლეთით თაყვანისცემა დაკავშირებულია უფალთან, რადგან იგია „მზე იგი სიმართლისა“ და მასაც „აღმოსავალ ეწოდა, რამეთუ ნათელ არიან ბრძანებანი მისნი“.

როგორც ითქვა, წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმა აღმოსავლეთის აფსიდით განასახიერებს ხომალდს და თუმცა საუკუნეების განმავლობაში ტაძარი სხვადასხვა ფორმისა შენდებოდა, მაგრამ სულიერი მნიშვნელობა ხსნის კიდობნისა ყოველ მათგანშია შენარჩუნებული.

სვეტიცხოველი

ქრისტიანული ტაძრის ასევე გავრცელებული ტიპია ჯვრის ტიპი. თვითონ ფორმა ჯვრისა კოსმოსს, მატერიალურ სამყაროს ნიშნავს, რადგან ყველაფრის აგებულებაში არის ჯვარი. გოლგოთის მერე ჯვარი ღვთიური სიყვარულის სიმბოლო გახდა. ორი გადამკვეთი ხაზი არის ჭეშმარიტება და სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება. ვერტიკალური ხაზი განასახიერებს ქვეყნის შეერთებას ზეცასთან, ღმერთის შერიგებას ადამიანთან, გახსნილ ედემს. ქვევით მიმართული ხაზი აღნიშნავს ღვთის გამარჯვებას ბოროტ ძალებზე. ჰორიზონტალური ხაზი კოსმოსის სიმბოლოა. მას ადარებენ ორ ხელს, რომლითაც უფალი თითქოს ხელს ხვევს, მოიცავს მთელს კაცობრიობას. ამავე დროს, ჯვრის ვერტიკალური ხაზი აღნიშნავს ადამიანის ურთიერთობას ღმერთთან, ჰორიზონტალური კი - ურთიერთობას მოყვასთან.

არებობს წრიული ფორმის ტაძრებიც. წრე მარადისობას ნიშნავს, მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ეკლესიაც ხომ მარადისობისკენაა მიმართული და მარადისობის გამჟღავნებაა დედამიწაზე. წრე ერთგულებასაც ნიშნავს, იგულისხმება საიდუმლო დაწინდვა ეკლესიისა ქრისტესთან. ტაძარი-რვაკუთხედი ბეთლემის ვარსკვლავს მოგვაგონებს და აქედან გამომდინარე, ეკლესია გვესახება გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად მომავალი ცხოვრებისაკენ. ის ასევე აღნიშნავს მერვე დღეს. ქვეყნიერების ცხოვრება აღირიცხება შვიდი დღით, მერვე კი მარადისობაა ღვთის სასუფეველში, ესაა ცხოვრება მერმისა მის საუკუნისა.

„იყოს ტაძარი მსგავსი ხომალდისა“

არსებობს შერეული ტიპის ტაძრებიც.

ტაძრები ხშირად მთავრდება გუმბათით, რაც ცას გამოსახავს. გუმბათის თავზე ჯვარია, ეკლესიის თავის, იესო ქრისტეს, სადიდებლად: „თავს იდევ რა ნებსით ჯუარცმა, მაცხოვარ, თავ ექმენ ეკლესიასა, რომელი მოიგე სისხლითა შენითა ყოვლადწმიდითა“ (ჯვრის პარაკლისი). ორი გუმბათი (მაგ. გურჯაანის ყოვლადწმდა) აღნიშნავს მაცხოვრის ორ ბუნებას, სამი - სამების სამ იპიოსტასს, ხუთი - იესო ქრისტესა და ოთხ მახარებელს, შვიდი შვიდ საეკლესიო საიდუმლოს და შვიდ მსოფლიო კრებას.

ეკლესიის ეზოში ან შესასვლელში დგას სამრეკლო, რომელიც ადრეულ საუკუნეებში არ არსებობდა და მხოლოდ მოგვიანებით ჩნდება.

უნდა აღვნიშნოთ ტაძრის გალავანი და კარიბჭეც, მით უმეტეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე ადრეული ტაძრის აღწერა სწორედ აქედან იწყება. ევსევი კესარიელი (IV ს.) ტვიროსის ტაძრის გალავნის კედელს „ყველაზე საიმედო დამცველს“ უწოდებს, „დიდ და ზეაღმართულ“ კარიბჭეზე კი ამბობს, რომ იგი შორს მდგომთათაც უქმნის წარმოდგენას იმის შესახებ, რაც შიგნითაა. ეზო „წმიდა მიდამოდ“ მას რამდენჯერმე აქვს მოხსენებული.

და კვლავ ტაძრის მთავარი დანიშნულება გავიხსენოთ. წმ. სვიმონ თესალონიკელი ამბობს, რომ მართალია ტაძარი ხელშესახები მასალით აიგება, „მაგრამ ზეციური ძღვენითაა მორთული, მღვდელმთავრის საიდუმლო ლოცვით ნაკურთხი, ღვთიური მირონით ცხებული და მთლიანად უმაღლესი არსებისადმი მიძღვნილი საბრძანებლად“.

 

ტაძრის ინტერიერის სიმბოლიკა

კაცხის ტაძარი

ჩვეულებრივ, ტაძარი იყოფა ორ ნაწილად: საკურთხევლად და შუა ტაძრად, ხანაც სამ ნაწილად საკურთხეველი, შუა ტაძარი და სტოვა ან კარიბჭე. საკურთხეველში მხოლოდ ღვთისმსახურნი დაიშვებიან და აღესრულება წირვა-ლოცვის ყველაზე იდუმალი ნაწილი. შუა ტაძარში ერისკაცები ლოცულობენ, სტოვა კი განკუთვნილია კათაკმევლებისა და მონანულებისთვის. წმ. მამათა აზრით, ტაძრის ორნაწილიანი დაყოფა მიუთითებს: 1) ქრისტეს ორ ბუნებაზე, რომელშიც ღვთიური უხილავია, ადამიანური კი -ხილული; 2) ადამიანზე, რომელიც სულისა და ხორცისაგან შედგება; 3) სამების საიდუმლოზე, რომელიც არსით მიუწვდომელია, მაგრამ ამქვეყნად განცხადებული განგებულებით და სხვა სასწაულებით შეიმეცნება; 4) ხილულ და უხილავ ქვეყანაზე, სადაც საკურთხეველი ცაა, ტაძარი კი - მიწა.

ტაძრის სამნაწილიანი დაყოფა კი შეესაბამება: 1) წმ. სამებას; 2) ციურ დასთა სამ იერარქიას; 3) ადამიანთა საზოგადოებას, რომელიც სამ ნაწილად იყოფა - ღვთისმსახურნი, მართალნი და მონანულნი. კიდევ სხვა თვალთახედვით, საკურთხეველი განასახიერებს ხელთუქმნელ ზესთასოფელს, შუა ტაძარი - ცას, სტოვა კი - მიწას. გარდა ამისა, სამნაწილიანი დაყოფა იმეორებს მოსეს ტაძრის სამნაწილიანობას. ამიტომ წმიდა მამები საკურთხეველს წმიდათა წმიდას უწოდებენ.

ამავე დროს საყურადღებოა, რომ ეს დაყოფა არ არის ურთიერთგამომრიცხავი. ღირსი მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ტაძარი ხომ ერთი შენობაა. და ტაძარი ერთი რჩება არსებითადაც, მის ნაწილებს შორის არსებული განსხვავების მიუხედავად, სადაც „თითოეული ნაწილი ურთიერთკავშირის წყალობით, თავისი დანიშნულებისამებრ მოწყობილი, მეორისათვის არსებობს. რადგან ტაძარი (შუა ტაძარი - მთარგ.) არის საკურთხეველი შესაძლებლობაში, რამდენადაც მასზეც ვრცელდება მღვდელმოქმედება, როცა საიდუმლოდმოქმედება თავის მწვერვალს აღწევს. და პირიქით, საკურთხეველი არის ტაძარი (შუა ტაძარი - მთარგ.), რადგან ჭეშმარიტად ის არის საწყისი მისი საიდუმლოდმოქმედებისა. ეკლესია კი საკურთხეველშიც და ტაძარშიც რჩება ერთი და უცვლელი“.

გურჯაანის ყველაწმინდა

საკურთხეველი არის სამკვიდრებელი ღვთისა (წმ. სვიმონ თესალონიკელი). წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი საკურთხევლის ორ მნიშვნელობას წარმოაჩენს. „საკურთხეველი არს სახედ საფლავისა უფლისა, სადა-იგი შეწირა ქრისტემან თავი თჳსი მამისა შეწირვითა მით ჴორცთა მისთათა, რომელი-იგი, ვითარცა ტარიგი დაიკლა და ვითარცა მღვდელთმოძღვარმან, ძემან კაცისამან შეწირა და შეიწირა, და აწცა უსისხლოდ შესწირავს და შეიწირვის საიდუმლოდ, რომლისა ზიარებითა ზიარ ვიქმნებით საუკუნოსა ცხოვრებასა“. და კვლავ „ესე საკურთხეველი სახე არს ზეცისა მის უხილავისა საკურთხეველისა, რამეთუ მსგავსად მუნ მდგომარეთა მათ ზეცისა ძალთა მდგომარე არიან აქა მღვდელნი - წინაშე უფლისა“.

საინტერესოა, თუ როგორ განმარტავს საკურთხეველს ქართველი ბერი გაბრიელ მცირე თავის თხზულებაში „მღვდელმთავრისა ლიტურღიისა განმარტება სახისმეტყველებითი...“. „წმიდა საკურთხეველი სახე არს სამოთხისა, მით, რამეთუ ღმერთმან დაასხა სამოთხე ედემს აღმოსავლეთით ადგილსა მაღალსა და შუენიერსა და სამოთხით გამოვალს წყარო და განიყოფვის ოთხ თავად, აღმომაცენებელი ოქროჲს და ანთრაკისა, ეგრეთვე წმიდისა საკურთხეველისა გამოვალს ჭეშმარიტი წყარო ცხოვრებისა - წმიდა სახარება, განყოფილი ოთხ თავად, აღმომაცენებელად სათნოებისა და მაცხოვნებელ კაცთა სულებისა.“

ხეოთის სამრეკლო
(გიორგი ბარისაშვილის ფოტო)

საკურთხეველში არის წმიდა ტრაპეზი: „წმიდა ტრაპეზი საკურთხეველისა სახე არს სუფევისა უფლისა“, - წერს წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი - „რომელსა ზედა მდებარე არს ჭეშმარიტი იგი ზეცისა პური - ქრისტე, რომელიგი უსისხლოდ დაიკვლის, ვითარცა კაცი და ხორცსა და სისხლსა მისცემს მორწმუნეთა ცხორებად საუკუნოდ. იგივე წმიდა ტრაპეზი საყდარი (არს) ღმრთისა, რომელსა ზედა განისვენებს ქერაბიმთა ზედა მჯდომარე ქრისტე ღმერთი, ჩუენთვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის განკაცებული. ვითარცა იგი მაშინ დიდებულსა მას სერობათა საიდუმლოთათა დაჯდა შორის მოწაფეთა მისთა, და მოციქულთა, მოიღო პური და ღვინო და ჰრქუა მათ: „მიიღეთ და ჭამეთ და სუთ ამისგან, ესე არს ჴორცი ჩემი და სისხლი ჩემი“. ამის წმიდისა ტრაპეზისა მომასწავებელ იყო მოსეს მიერ ქმნილი ტაბლა, სადა-იგი იყო მანანა, რამეთუ ქრისტე არს ჭეშმარიტი მანანა, ზეცით გარდამოსრული ცხოვრებად ჩუენდა“.

ნინოწმინდის სამრეკლო

აი, რას წერს ტრაპეზზე წმ. სვიმონ თესალონიკელი: „ღვთის ტაძარი გამოხატავს რა საკურთხეველით ღვთის სამკვიდრებელს, საშინელი და საიდუმლო ტრაპეზით, თვითონ ღმერთს წარმოადგენს. ამიტომ ეწოდება ტრაპეზს: 1) წმიდათა წმიდა, საყდარი უფლისა და ადგილი მისი დასაფლავებისა, 2) განსაწმენდელი მსოფლიო ცოდვათა და საკურთხეველი უმაღლესი მსხვერპლშეწირვისა, თვით ღვთისა, 3) საფლავი უფლისა, 4) სამკვიდრებელი დიდებისა მისისა. ტრაპეზს ორი შესამოსელი აქვს. მისი შიდა შესამოსელი აღნიშნავს სუდარას, რითიც იყო შეხვეული გვამი უფლის ჩვენისა, ხოლო ზედა განასახიერებს დიდების სამოსს, როგორც ფსალმუნი ამბობს: „უფალი სუფევს, შუენიერება შეიმოსა“. ამით, კიდევ ერთხელ, წარმოჩნდება ტრაპეზის მნიშვნელობა, როგორც უფლის საფლავისა და მისივე საბრძანებელისა. I-III საუკუნეებში ტრაპეზი ხისა იყო. კონსტანტინე დიდის დროიდან კი - აკეთებენ ვერცხლისაგან, ოქროსგან და ქვისაგან (Дмитриевский „Историческое, догматическое и таинственное изъяснение на литургию“). „წმიდა ტრაპეზი ქვისაა ხოლმე“, - ამბობს სვიმონ თესლონიკელი, - „რადგან განასახიერებს ქრისტეს, რომელიც საღვთო წერილში ლოდად იწოდება, როგორც საფუძველი ჩვენი და თავკიდური“. ტრაპეზის ძირში იდება მოწამეთა წმიდა ნაწილები, რადგან: 1) ისინი სულით ყოველთვის თან სდევენ ქრისტეს და 2) საფუძველნი არიან საკურთხევლისა, რადგან ეკლესია უპირველესად ქრისტეს სისხლზეა აგებული, შემდეგ კი მისივე ძალითა და მადლით, გამრავლებულია და მთელს ქვეყანაზე გავრცელებული მოწამეთა სისხლით (სვიმონ თესალონიკელი).

ტრაპეზის უკან, აღმოსავლეთისაკენ არის მღვდელმთავრის დასაჯდომელი მაღალი ადგილი, რაც „განასახიერებს განკაცებულ სიტყვას, მჯდომარეს მარჯვენით მამისა“ (სვიმონ თესალონიკელი). მის ორივე მხარეს არსებული დასაჯდომლები - „ხარისხსა და ღირსებას როგორც მღვდელთმსახურთა, ასევე უსხეულოთა ძალთა“ (სვიმონ თესალონიკელი). ამ მაღალი ადგილის შესახებ გერმანე კონსტანტინოპოლელი ამბობს: „საკურთხეველისავე იგი ადგილი დასაჯდომელი ადგილი არს და საყდარი, სადა-იგი ქრისტე მეუფე ზის მოციქულთა თანა, ვითარცა ჰრქუს, ვითარმედ: დასხდეთ თქუენ ათორმეტთა საყდართა ზედა. სახე არს ესე მეორედ მოსვლისა, ოდეს-იგი დაჯდეს უფალი საყდართა დიდებისათა განკითხვად სოფლისა“.

ახალი ათონის სიმონ კანანელის სახელობის ტაძარი

საკურთხევლის მარცხნივ არის სამკვეთლო, სადაც საუფლო ძღვენის მომზადება ხდება. აქ ადრე ხალხს მოჰქონდა პური, ღვინო და ზეთი წირვა-ლოცვისათვის. სიმბოლურად ის ბეთლემის გამოქვაბულს აღნიშნავს, სადაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და ასევე „მიემსგავსების ქუაბსა მას, სადა დაეფლა გუამი“ მისი.

საკურთხევლის მარჯვნივაა სადიაკვნე, სადაც ინახება სასულიერო პირთა შესამოსელი და ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ნივთები. სულიერად სადიაკვნე აღნიშნავს საიდუმლო ზეციურ საუნჯეს (სალაროს), საიდანაც გარდამოედინება ღვთის სხვადასხვა წყალობანი, რაც მორწმუნეთა ხსნისათვის არის აუცილებელი. საკურთხეველი გამოყოფილია შუა ტაძრიდან კანკელით, რომელშიც ხატებია მოთავსებული. „კანკელი არს მაუწყებელი ადგილსა ლოცვისასა, რომელი მოასწავებს გარეშესა ერისა დგომასა და შინაგან წმიდასა წმიდათასა, რომელი მღვდელთა მიერ ხოლო შესავალ არს, რამეთუ ნანდვილვე წმიდასა მასცა საფლავსა ქრისტესსა კანკელი არს რვალისა, რომელ არავინ ურიდად შევიდოდეს, და კანკელსა ზედა იგი სამკაული მოასწავებს სამკაულსა კარვისა მის საწამებლისა, რომელსა ზედა არს სახე ჯუარისა, რაითა ჩანდეს ბეჭედი ქრისტეს ღმრთისა ჩუენისა,“ - წერს წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელი. ევსევი კესარიელის თქმით, ტვიროსის ტაძრის აღმშენებელმა საკურთხეველს „შემოარტყა ხის მესერი, რათა ყველასათვის მისადგომი არ ყოფილიყო“. მე-4 საუკუნის დასაწყისამდე კანკელი არ იხსენიება.

დიდი ატენი
1. საკურთხეველი 2. შუა ტაძარი 3. ტრაპეზი
4. კანკელი 5. სოლეა 6. ამბიონი

საკურთხევლის წინ, აღსავლის კარის პირდაპირ არის ამბიონი, რაც აღნიშნავს უფლის საფლავიდან გარდაგორებულ ლოდს, „საიდანაც მღვდლები და დიაკვნები, მსგავსად ანგელოზისა, რომელმაც მაცხოვრის აღდგომა ახარა ქვეყანას, ქადაგებენ ღვთის სახარებას“ (სვიმონ თესალონიკელი). საკურთხეველს მთელს სიგრძეზე გასდევს ამაღლებული ადგილი - სოლეა. საოცარი აზრია მასში ჩადებული. „საკურთხეველი კი არ მთავრდება ზღუდით - კანკელით, ის მისი ძირიდან და მისგან გამოდის ხალხისკენ და უჩვენებს ყველას, რომ ტაძარში მყოფი ერისათვის სრულდება ყოველივე ის, რაც აღესრულება საკურთხეველში“.

კანკელის შუაში არის საკურთხეველში შემავალი კარი - აღსავლის კარი, რომელსაც სამეუფო კარს უწოდებენ, რადგან აქედან შემობრძანდება ჩვენთან ციური მეუფე - გვეძლევა წმიდა ზიარება. აღსავლის კარის ნაცვლად ძველ ტაძრებში იყო კრეტსაბმელი, სოლომონის ტაძრის შიდა ფარდის მსავსად, რათა: 1) კათაკმევლებს, მონანულებს, ერეტიკოსებს და წარმართებს (რომელთაც ღვთის სიტყვის მოსასმენად ტაძრის წინკარში უშვებდნენ) ვერ დაენახათ საკურთხევლის შიდა ნაწილები; 2) თვით მორწმუნე ერისთვისაც უხილავი ყოფილიყო მასში აღსრულებული საიდუმლოებანი (Дмитриевский „Историческое, догматическое и таинственное изъяснение на литургию“).

ტაძრის შუა ნაწილი სვიმონ თესალონიკლის მიხედვით განასახიერებს: 1) ამ (დასახლებულ) ქვეყანას; 2) ხილულ ცას ან მიწას, რადგან ტაძრის წინ წარმოთქმულ ლოცვებში ის იხსენიება ცად და თან ედემად, რომლის კარი ადამიანის დანაშაულის გამო დაიხურა. მაგრამ მაცხოვარმა თავისი დათხეული სისხლით გაგვიხსნა ეს კარი და ცად აგვამაღლა. ამიტომაა, რომ არ შეიძლება ტაძარში რაიმე სიბილწე მოხვდეს. ტაძრის კურთხევის ლოცვებში ის საიდუმლო ცად და პირველშობილთა ეკლესიად წარმოგვიდგება. ტაძრის შუა ნაწილში, უფრო დასავლეთით, მღვდელმთავრის ამბიონი დგას, რაც აღნიშნავს ძე ღვთისას ხორციელად მოვლინებას, მის ყოფნას ხალხში.

ყინცვისის ტაძარი

ტაძრის მესამე ნაწილია კარიბჭე, სადაც ადრე კათაკმეველნი და მონანულნი იდგნენ. გ. ვაგნერი ტაძრის დასავლეთ ნაწილს ერთგვარ მოსამზადებელ ადგილს უწოდებს. ადრექრისტიანულ ტაძრებში, კარის წინ, წყაროები იყო ფეხთა დასაბანად, ხოლო ნარტექსში, სადაც კათაკმეველნი უნდა ყოფილიყვნენ, ხშირად ემბაზიც მდგარა. ვაგნერი ასევე აღნიშნავს, რომ ღვთისმსახურება წარმოადგენს „სიგრძივ, ე.ი. ხაზობრივ - ისტორიულ პროცესს“, რასაც ტაძრის სიგრძივი განფენილობა უკავშირდება. და რამდენადაც მწუხრი ძველი აღთქმის პერიოდს განასახიერებს, არაა გასაკვირი, რომ საღამოს ლოცვები, ტიპიკონის მიხედვით, დასავლეთის კარიბჭეში ან ნარტექსში სრულდებოდა.

აღსანიშნავია, რომ წირვა-ლოცვის დროს კიდევ უფრო ცოცხლდება ტაძრის თითოეული ნაწილის მნიშვნელობა, მათი სულიერი დატვირთვა. აქ მხოლოდ ორიოდ მაგალითს მოვიყვანთ, მაგ. მწუხრის დასაწყისში, როცა ღიაა აღსავლის კარი და მღვდელი და დიაკონი მთელს ტაძარს უკმევენ, ეს ნიშნავს ადამის ყოფნას ედემში, როცა მისთვის ღია იყო კარი სასუფეველისა. ხოლო როცა მღვდელი და დიაკონი საკურთხეველში შედიან და კარი იხურება - ეს მოასწავებს ადამის ცოდვით დაცემას და ამის შემდგომ ადამ და ევას განდევნას სამოთხიდან. ცისკრის გამოსვღის დროს, როცა კვლავ იღება აღსავლის კარი და მღვდელი ამბიონის გავლით გამოასვენებს წმ. სახარებას, ეს მოასწავებს მკვდრეთით აღდგომილი მაცხოვრის გამოცხადებას. მღვდლისა და დიაკვანის მსვლელობა ეკლესიაში კმევით ნიშნავს ქრისტეს მოციქულებისა და მენელსაცხებლე დედების დიდ სიხარულს, გამოწვეულს იესო ქრისტეს აღდგომით, წმიდა სახარების შუა ეკლესიაში დასვენება კი იმას, რომ მაცხოვრმა მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ამაღლებამდე 40 დღე დაჰყო დედამიწაზე და ეცხადებოდა ხალხს.

საინტერესოა სატაძრო სიმბოლიკის კიდევ ერთი თავისებურება, რაც სამკვეთლოს მაგალითზეა განხილული წიგნში. „Настольная книга Священнослужителя“. აქ ნათქვამია, რომ თუმცა სამკვეთლო სახეა ბაგისა, მაგრამ რაკი მაცხოვარი თავისი შობით ჯვარზე წამებისთვის ემზადებოდა, სამკვეთლო გოლგოთასაც გამოხატავს. გარდა ამისა, ლიტურგიის ბოლოს, როცა წმიდა ძღვენს ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადააბრძანებენ, ის იღებს ზეციური საყდრის მნიშვნელობას, სადაც ამაღლდა უფალი და დაჯდა მარჯვენით მამისა. „აქ ჩვენ ვხედავთ უაღრესად საინტერესო მოვლენას სიმბოლოკისა - ერთი და იმავე ნივთის სულიერი მნიშვნელობის ცვლას იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება ლიტურგიულ ქმედებათა აზრი. თავიანთ ძირითად, მყარ მნიშვნელობებს სიმბოლური საგნები თითქოს უერთებენ ურთიერთმონაცვლე ახალ მნიშვნელობებს ღვთისმსახურების დროს... აქედან გამომდინარეობს გარკვეული ორმაგობა სამკვეთლოს მოწყობისა. ადრე მის ზევით ყოველთვის ათავსებდნენ შობის ხატს, მაგრამ თვითონ სამკვეთლოზე ჯვარცმას დააბრძანებდნენ. ახლა კი უფრო ხშირად მის ზევით ათავსებენ იესო ქრისტეს ხატს ეკლიანი გვირგვინით ანდა ქრისტეს გოლგოთის გზაზე. ოღონდ სამკვეთლოს პირველი მნიშვნელობა მაინც ის ქვაბი და ბაგაა, უფრო ზუსტად, ქრისტე მოსული სოფლად. ამიტომ სამკვეთლოს ქვედა სამოსი სახეა სახვევთა, რომლითაც შეახვია ყრმა იესო მისმა უწმიდესმა დედამ, ხოლო ზედა სამოსი - სახე ზეციური სამოსისა ქრისტე ყოვლისამპყრობელისა, რომელიც არის მეუფე დიდებისა“ (გვ. 53).

გელათის ტაძარი, საკურთხევლის კონქი
(ფოტო აღებულია საიტიდან: http://burusi.wordpress.com)

როგორც ტაძრის ნაწილების განხილვისას ვნახეთ, რამდენიმე მნიშვნელობას ითავსებს ტაძრის თითქმის ყველა ნაწილი: საკურთხეველი - სახე უხილავი ქვეყნისა, უფლის საფლავისა, „ზეცისა მის უხილავისა საკურთხეველისა“, სამოთხისა, ადამიანის სულისა წმიდათა წმიდა. ტრაპეზი - საყდარი უფლისა, განსაწმედელი მსოფლიო ცოდვათა, საფლავი უფლისა, სამკვიდრებელი დიდებისა მისისა, სახე სუფევისა უფლისა და საყდარი ღმრთისა; მაღალი დასაჯდომელი განასახიერებს უფალს მჯდომარეს მარჯვენით მამისა, აგრეთვე სახეა მეორედ მოსვლისა და ა.შ.

ტაძარში ყველა ნივთსა და შესამოსელსაც კი რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ შეუძლებვლია იმდენი ნივთი (ან ადგილი) იყოს ტაძარში, რაც ლიტურგიისთვის არის აუცილებელი უფლის ამქვეყნიური ცხოვრების ამა თუ იმ მომენტთან დაკავშირებით. ამიტომ ერთ ნივთს სხვადასხვა მნიშვნელობა ენიჭება ადგილის, დროისა თუ წარმოთქმული სიტყვების მიხედვით (Архиепископ Вениамин „Новай Скрижаль“). ისიც ხდება, რომ ერთი და იგივე ნივთი ერთსა და იმავე დროს ორ ან მეტ რაიმეს აღნიშნავს. არც ესაა გასაკვირი. ისინი თითქოს მზის სხივებს ჰგვანან, რომლებიც ღვთივგანბრძნობილ მამათა თვალში სხვადასხვა ფერად აკიაფდება. აქ ხომ ყველაფერი იმასთანაა დაკავშირებული, ვინც არის „მზე იგი სიმართლისა“, ვინც სიცოცხლით აღავსებს ყველაფერს, რადგან იგია სათავე ყოველი სიცოცხლისა, „რამეთუ მისგან, და მის მიერ, და მისა მიმართ არს ყოველი“ (რომ. 11,37).

უდაბნოს მონასტერი
(თამთა ჭანტურიას ფოტო)

რაც შეეხება ტაძრის ვერტიკალურ აღქმას, ხსენებული მამები არაფერს წერენ ამ მხრივ, მაგრამ არსებობს ძველი ტაძრების აღწერები თანამედროვეთა მიერ, და ასევე სატაძრო მხატვრობა, როგორც არქიტექტურული ფორმის „წაკითხვის“ თვალსაჩინო საშუალება.

ტაძრის შუა ნაწილის ზეაღმართული ფორმები გამოხატავენ ზეციურ სამყაროს და თვით ადამინთა სულიერ მისწრაფებას ამ ზეციური ქვეყნის მწვერვალებისაკენ“ („Настольная книга священнослу“). ეს მისწრაფება არქიტექტურული თვალსაზრისით დაგვირგვინებულია გუმბათით, რის სიმბოლურ დანიშნულებაზეც მიუთითებს IV ს.-ის ედესის ტაძრის აღწერა. „მართლაც საოცარია, რომ მან, (ტაძარმა - მთარგ.) თავისი სიმცირით უნდა მოგვაგონოს მთელი ქვეყანა. ... მისი ჭერი ზეცასავითაა გადაჭიმული - სვეტების გარეშე, კამაროვანი და დახურული, მორთული... ოქროსფერი მოზაგკით, როგორც ცის თაღია მორთული მოციმციმე ვარსკვლავებით. მისი მაღალი გუმბათი ცათა სასუფეველს თუ შეედრება. ის ჰგავს ჩაფხუტს და მისი ზედა ნაწილი მყარად ეყრდნობა ქვედას. მისი დიდი, მშვენიერი თაღები ქვეყნის ოთხ მხარეს განასახიერებს. თავიანთი ნაირგვარი ფერების წყალობით ისინი მოგვაგონებენ ღრუბლების დიდებულ ფერადოვნებას“. ხოლო წმიდა სოფიის ტაძრის (532-537 წ.წ.) აღწერაში ვკითხულობთ. „...ამ წრეზე ამაღლებულია უზარმაზარი სფერული გუმბათი, რაც განსაკუთრებულ მშვენიერებას აძლევს შენობას. გეჩვენება, რომ ის მყარ ქვის წყობაზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ ზეციდანაა ჩამოშვებული ოქროს ჯაჭვით და ასე მოიცავს სივრცეს“ (The art of Byzantia).

მხატვრობის პროგრამაც ზევიდან, გუმბათიდან (ე.ი. ციდან) იშლება. გუმბათის ცენტრში გამოისახება ხოლმე უფალი „ყოვლისამპყრობელი“, ან ჯვრის ამაღლება ოთხი ანგელოზის მიერ (ჯვარი - ქრისტეს სიმბოლო). გუმბათის ყელში იხატება წინასწარმეტყველნი და მოციქულნი, რომლებიც წინასწარ აუწყებდნენ ქრისტეს მოსვლას და ქადაგებდნენ უფლის სწავლებას. აფრებში კი გამოისახებიან მახარებლები. შემთხვევითი არაა მათი გამოსახვა სვეტის თავზე, „რომელთაც უჭირავთ გუმბათი, რადგან ისინი არიან ოთხი ბურჯი სახარებისეული სწავლებისა“. ხოლო მათ ქვევით სვეტებზე ვხედავთ წმიდა მოწამეებს, ბერებს და მესვეტეებს, რომლებმაც თავიანთი ცხოვრებით დაამოწმეს უფლის ძალა და სიყვარული. „სვეტი არის საყრდენი, ბურჯი გუმბათისა, ანუ ცისა და ამიტომ გამოისახებიან ისინი სვეტებზე, რომლებიც უშუალოდ გამომდინარეობენ აფრებიდან, ანუ მახარებელთა დანატოვარი ქრისტიანული მოძღვრებიდან, როგორც ამ მოძღვრების მყარი მცველნი. ისე გამოდის, რომ ამ სვეტებით „გუმბათი - ზეცა - დედამიწას ეფუძნება“ (ქ.აბაშიძე „ქრისტიანული ტაძარი: ფორმა და შინაარსი“).

აია სოფიას ტაძარი

საკურთხევლის აბსიდის კომპოზიცია მჭიდროდაა დაკავშირებული პანტოკრატორთან გუმბათში. აქ გამოისახება ღვთისმშობელი (ორანტა), რომელიც მიწიერ ეკლესიას განასახიერებს, ან ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზებით ან ქრისტე დიდებით ანგელოზთა დასის თანხლებით ან კიდევ მაცხოვარი საუფლო ტახტზე ღვთისმშობელისა და იოანე ნათლისმცემელს შორის, რომლებიც ჩვენს შეწყალებას ევედრებიან უფალს მეორედ მოსვლის ჟამს. კონქის გამოსახულების ქვემოთ საკურთხევლის აფსიდში არის ხოლმე მოციქულთა ზიარება, მღვდელმთავრები და არქიდიაკვნები, რომლებმაც იღვაწეს მიწიერი ეკლესიისათვის. ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მკლავებში საუფლო დღესასწაულების სცენებია გაშლილი. სულ ქვედა რეგისტრი კი წმიდანებს და მოწამეებს უჭირავთ. ტაძრის ქვედა ნაწილის მოხატულობა „უშუალოდაა დაკავშირებული გუმბათის კომპოზიციასთან, სადაც ქრისტე - თავი ეკლესიისა, ღვთისმშობლის, ანგელოზების, წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მახარებელთა და წმინდანთა საშუალებით მუდმივ ერთობაშია მიწიერ ეკლესიასთან“ (Лазарев „Система живописной декорации византийского храма“).

დასავლეთის კედელზე გამოისახება საშინელი სამსჯავრო.

ამასთან დგკავშირებით გვინდა მოვიყვანოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სიტყვები. ეკლესია გაცილებით იმაზე დიდია, ვიდრე ჩვენ გვგონია. ეკლესია მისტიკური სხეულია უფლისა ... ეკლესია მასში მყოფი მრევლი კი არ არის მხოლოდ, ან დედამიწაზე მცხოვრები მორწმუნენი, არამედ უპირველეს ყოვლისა, უფალი, ღვთისმშობელი, ანგელოსთა დასი და წმიდანთა მთელი კრებული შეერთებული მლოცველთა ჯგუფთან. ამიტომ არის ტაძარი - ცა დედამიწაზე“ (საშობაო ეპისტოლე, 1993).

და ბოლოს, გვინდა ეს წერილი დავასრულოთ წმ. გერმანე კონსტანტინოპოლელის სიტყვებით, რაც, ვფიქრობთ, საოცარი ჰიმნია მიძღვნილი ეკლესიისადმი და მისი ხილული გამოვლინებისადმი -ტაძრისადმი: „ეკლესია არს სახლი ლოცვისა, ტაძარი ღმრთისა, შესაკრებელი ერისა, გვამი ქრისტესი და სძალი მისი წყლითა მით ნათლისღებისათა განწმენდილი და პატიოსნითა სისხლითა პკურებული, და ვითარცა სძალი, შემკული და საცხებელითა მით სულისა წმიდისათა აღბეჭდული, ვითარცა თქუა წიგნმან, ვითარმედ: „ნელსაცხებელი წარმოცალიერებული არს სახლი შენი“ და „სულნელებასა ნელსაცხებელისა შენისასა ვრბიოდი“. ეკლესია არს ცა ქვეყანასა ზედა, რომელსა შინა დამკვიდრებულ არს ცათა შინა მყოფი ღმერთი. ამას შინა გამოისახვის ჯვარცმა და დაფვლა და აღდგომა ქრისტესი. უდიდებულეს არს უფროს კარავსა მას საწამებელსა, რომელი შეჰმზადა მოსე წმიდასა მას წმიდათასა, რამეთუ ესე წმიდა ეკლესია მამათმთავართა მიერ წინათვე გამოსახულ არს, წინასწარმეტყველთაგან ქადაგებულ არს, მოციქულთაგან დაფუძნებულ არს და მღვდელმთავართაგან შემკობილ არს. სახე არს უხილავისა მის სოფლისა და ხილულისა ამის სახე არს ტაძარი“.

ნახაზი შეასრულა ეკატერინე შარიქაძემ
ჟურნალი „რწმენა და ცოდნა“, № 4(8), 2001-2002 წ.