ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი, როდესაც მათი გამოვლინება ხდება საქმით. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია, როცა ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ ჩვენ ამქვეყნიურ სიამეებს - საჭმელს, გართობას, შვებას ცოტათი მოვიკლებთ და ვიქნებით თავშეკავებულნი. მას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდევაც ასეთი წმიდა მამები), მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანს, თავისი დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვისა, რომლის დაცვა, თავდაპირველად თუნდაც მექანიკური და იძულებითი, არის საწინდარი იმისა, რომ ოდესმე შევძლებთ ჭეშმარიტ მარხვასა და თავშეკავებულ ცხოვრებას.
წელიწდში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, რომელიც წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს.
ა) დიდი წმიდა მარხვა - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ;
ბ) საშობაო მარხვა - ქრისტეს შობის წინ;
გ) მარიამობის მარხვა - ყოვლად წმიდა ღმრთისმშობლის მიძინების წინ;
დ) პეტრე-პავლობის მარხვა - მოციქულთა თავთა - წმ. პეტრეს და წმ.
პავლეს დღესასწაულის წინ.
ა) დიდი წმიდა მარხვა ამათგან ყველაზე ხანგძლივი და საპასუხისმგებლოა. იგი აღდგომის წინ 49 დღით ადრე იწყება და აღდგომის დღესასწაულამდე გრძელდება;
ბ) შობის მარხვა გრძელდება 28 ნოემბრიდან 7 იანვრამდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხორციელად დაბადებას (7 იანვარი სინამდვილეში არის 25 დეკემბერი იმ ძველი და ჭეშმარიტი კალენდრით, რომლითაც სარგებლობს ჩვენი ეკლესია);
გ) მარიამობის მარხვა ორკვირიანია და გრძელდება 14 აგვისტოდან 28 აგვისტომდე, როდესაც ეკლესია დღესასწაულობს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს - მის მიძინებას.
დ) პეტრე პავლობის მარხვის ხანგრძლივობა ცვალებადია 9 დღიდან თვენახევრამდე. ეს იმიტომ ხდება, რომ მისი დასასრული უძრავია, დასაწყისი კი - მოძრავი და უკავშირდება სულთმოფენობის დღესასწაულს, რომელიც, თავის მხრივ, აღდგომის დღესასწაულზეა დამოკიდებული (აღინიშნება აღდგომიდან 50-ე დღეს).
პეტრე-პავლობის მარხვა იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ და მთავრდება 12 ივლისს (ახ. სტილით), როდესაც ეკლესია იხსენიებს თავთა მოციქულთა - წმ. პეტრესა და წმ. პავლეს.
განსაკუთრებულ დღეებში ეკლესიამ დაგვიდგინა ერთდღიანი მარხვები:
ა) ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი გარდა მსგეფსისა (მსგეფსის შესახებ - ქვემოთ), რადგან ოთხშაბათს იუდამ გასცა ქრისტე, პარასკევს კი ქრისტე ჯვარს აცვეს;
ბ) ნათლისღების წინა დღე - 18 იანვარი (ახ. სტილით);
გ) წმ. იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე - 11 სექტემბერი (ახ. სტილით);
დ) ჯვართმაღლება - 27 სექტემბერი (ახ. სტილით).
წლის განმავლობაში არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული კვირა ანუ შვიდეული, როდესაც ოთხშაბათი და პარასკევი არასამარხო დღეებია, ანუ ხსნილია. ასეთ შვიდეულს ეწოდება მსგეფსი (ძველ ქართულში ეს სიტყვა ზოგადად შვიდეულის აღსანიშნავად იხმარებოდა, მიუხედავად ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა-გახსნილებისა, დღეს კი მან იმ კვირის მიშვნელობა შეიძინა, რომელშიც ყველა დღე ხსნილია). წელიწადში ასეთი მსგეფსი ხუთია:
ა) შობიდან ნათლისღებამდე - 7 იანვრიდან 17 იანვრამდე (ახ. სტილით);
ბ) მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული - დიდი მარხვის დაწყების წინ მესამე კვირა;
გ) ყველიერის შვიდეული - დიდი მარხვის წინ ბოლო კვირა; ხსნილი ყველითა და კვერცხით;
დ) ბრწყინვალე შვიდეული - აღდგომის შემდეგი კვირა;
ე) სულთმოფენობის შვიდეული - სულთმოფენეობის დღესასწაულის მომდევნო კვირა.
ოთხი უკანასკნელი მსგეფსის თვე და რიცხვი ყოველწლიურად საეკლესიო კალენდარში უნდა მოიძებნოს.
მარხვის დროს ადამიანმა არ უნდა მიიღოს გარკვეული სახის საკვები: ხორცეული (ცხოველი, ფრინველი), რძის ნაწარმი (რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი, არაჟანი, კარაქი) და კვერცხი.
შეიძლება: პური, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული და თაფლი.
იქვე უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად არსებობს მარხვის შენახვის საყოველთაო წესები, რომელიც საერთოა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიისათვის ყველა ეპოქაში, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებშიც შეიძლება იცვლებოდეს მარხვის სიმკაცრე გეოგრაფიული მდებარეობისა თუ კონკრეტული ვითარების მიხედვით (ძირითადად ეს ეხება თევზის მიღებას მარხვისას და მძიმე მარხვის შენახვას). არსებობს აგრეთვე ადგილობრივი ეკლესიის ტრადიციები (მაგალითად, ჩვენ ფერისცვალებამდე ვერიდებით ყურძნისა და ზოგიერთი სხვა ხილის ჭამას და სხვ.)
რაც შეეხება თევზს, იგი საზოგადოდ სამარხო საჭმელად ითვლება, მაგრამ მისი მიღება-არმიღების საკითხი მარხვის სიმკაცრეზეა დამოკიდებული. ასევეა ღვინოც. მიუხედავად მისი მცენარეული წარმოშობისა, იგი სახსნილო პროდუქტად ითვლება და, თუ ხსნილში თრობა არ შეიძლება, მარხვაში მისი მიღება მხოლოდ მცირე რაოდენობითაა დასაშვები და ისიც - შაბათ-კვირას.
საერთოდ კი, ყოველ კონკრეტულ დროსა და ადგილას მარხვის სიმკაცრეს განსაზღვრავს ადგილობრივი ეკლესიის მამამთავარი.