მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი

წესი ქრისტიანის ცხოვრებისა

 

თავი V. აღდგომა

1. იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა

დიდი წმიდა მარხვა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით გვირგვინდება. ეს არის სანატრელი დღე - დღე უფლისა, რომლის შესახვედრადაც ასე დიდხანს ვემზადებით: ვინ - მეტად, ვინ - ნაკლებად, ვინ - თავიდანვე, ვინ მოგვიანებით; ჩვენ შორის არიან ისეთები, რომლებიც ყველა ამქვეყნიურ საზრუნავს, გვერდზე სდებენ და მთელ მარხვას მონასტერში ატარებენ საკუთარი ნაკლის ჭვრეტასა და ერზე ლოცვაში - ღმერთმა შეუწიროთ ეს დიდი ღვაწლი. ზოგს ამის საშუალება არა აქვს, მაგრამ თავის არჩეულ ეკლესიაში ყველა რიტუალს ესწრება - ასეთი კეთილმსახურებაც სანაქებოა. ზოგი ამასაც ვერ ახერხებს, მაგრამ სამაგიეროდ მარხვას ინახავს წმინდად - ჩვენს დროში ესეც დიდია; ზოგი ვერც იმას ახერხებს, რომ მთლიანად იმარხულოს და მხოლოდ პირველ და ბოლო კვირას ინახავს - დასაწყისისათვის ესეც კარგია; ზოგი კი გვიან გებულობს, რომ მარხვა იყო საჭირო, სინანული ეუფლება და მომავალი მარხვის შენახვის სურვილი უჩნდება - ღმერთი ამ სურვილსაც შეიწირავს. აღდგომას ყველანი ვდღესასწაულობთ, დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა - „ესე არს დღე, რომელ ქმან უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა“ (ფსალმუნი 117,24).

ამ დღეს მთელი მართმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს.

სადღესასწაულო ღმერთმსახურება ტრადიციულად იწყება ღამის 12 საათზე. ჯერ სრულდება ლიტანიობა: სამღვდელოება საკურთხევლიდან გამოასვენებს ხატებს და ბაირაღებს და მრევლთან ერთად გალობით სამჯერ უვლის ტაძარს, რის შემდეგაც ტაძრის წინამძღვარი ულოცავს მრევლს: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად აღსდგა!“ ამის შემდეგ იწყება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა, რომელიც დილამდე გრძელდება. ვინც მომზადებულია, ღებულობს წმიდა ზიარებას.

ღმერთმა მრავალი ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს!

2. ბრწყინვალე შვიდეული

აღდგომის დღესასწაული ერთი კვირის მანძილზე გრძელდება. ამ კვირას ბრწყინვალე შვიდეული ეწოდება. მისი თითოეული დღე განსაკუთრებული მადლითაა აღსავსე.

ტრადიციულად ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ვიხსენებთ მიცვალებულებს, გავდივართ საფლავებზე, მაგრამ ამჯერად ჩვენ მათ ვიხსენებთ არა იმიტომ, რომ განშორება ვიგლოვოთ, არამედ იმიტომ, ვახაროთ მათ „ქრისტე აღსდგა! თავისი სიკვდილით დათრგუნა სიკვდილი და საფლავებსა შინა სიცოცხლე მიანიჭა!“ ასე რომ, თუ ადამიანს სწამს ღმერთი, სწამს, რომ ის აღდგა და სიკვდილი განაქარვა, მისთვის ამ სადღესასწაულო დღეებში მიცვალებულის დატირება და გლოვა დიდი ცოდვაა. განშორების მწუხარება, რომელიც მარად ჩვენს გულშია, ამ დღეს მეტად თავშეკავებულად უნდა გამოიხატოს, რამეთუ მას ცვლის დიდი სულიერი სიხარული და განცდა კვლავ შეხვედრის უეჭველობისა. ამასთან, საფლავებზე გავდივართ სწორედ ორშაბათს და არა თვით აღდგომას, რაც არ იქნებოდა მართებული.

ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს; წირვა-ლოცვა მხოლოდ ამ კვირისათვის დამახასიათებელი რიგით სრულდება, განსხვავებულია მიცვალებულის წესის აგება, ცვლილებაა ჩვენს ყოველდღიურ ლოცვებშიც; დაწყებით ლოცვებში სულიწმინდის მოწვევის ლოცვა „მეუფეო ზეცათაო....“ სულთმოფენობამდე აღარ ითქმება. მის ნაცვლად სამჯერ ვამბობთ: „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი“.

ამ კვირაში ზიარებისათვის მომზადებაც შემსუბუქებულია: მარხვის დაცვა არაა საჭირო, ხორცის მიღება თვით ზიარების წინ დღესაც კი შეიძლება.

იცვლება მისალმების წესიც: აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტიანები შეხვედრისას „გამარჯობის“ ნაცვლად ერთმანეთს ახარებენ: „ქრისტე აღსდგა“ - „ჭეშმარიტად!“ „ჭეშმარიტად აღსდგა!“ „ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!“

3. არტოსი

აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ დგას პატარა მაგიდა პურით. ეს პური საგანგებოდაა გამომცხვარი და ეწოდება არტოსი (არტოს - ბერძნ. პური). ამ სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.

აღდგომის სწორზე - კვირაცხოვლობას, არტოსი მცირე ნაწილებად დაიჭრება და მორწმუნეებს დაურიგდება. ჩვენ ეს ნაჭერი უფრო მცირე ნაწილებად უნდა დავყოთ და მთელი წელი ვიმყოფინოთ: ავადმყოფობის ან სხვა განსაცდელის ჟამს უნდა მივიღოთ როგორც სულიერი წამალი საკურნებლად სულისა და ხორცისა. არტოსი უნდა შევინახოთ წმიდა ადგილას.

4. კვირაცხოვლობა ანუ აღდგომის განახლება.
თომას კვირა

ბრწყინვალე შვიდეული გვირგვინდება კვირიაკით, რომელსაც ეწოდება კვირაცხოვლობა ანუ ახალი კვირა ანუ აღდგომის განახლება.

ეს დღე განახლებაა აღდგომის დღესასწაულის. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირიაკე (კვირა დღე) აღდგომის დღესასწაულია, სწორედ ამიტომ ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე. ძველი ქრისტიანები ყოველ კვირა დღეს ერთმანეთს სააღდგომო მისალმებით ხვდებოდნენ: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად!“

კვირაცხოვლობას ეწოდება აგრეთვე თომას კვირა შემდეგი მიზეზის გამო: სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო. აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: „უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო“. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღმთაებრივი ბუნება. „შენ იხილე და ირწმუნე, თომა, - უთხრა უფალმა - ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა“.

მაცხოვრის ეს სიტყვები გვეხება ჩვენ, მის შემდგომ ქრისტიანებს. ღმერთმა მოგვმადლოს ეს რწმენა და აღთქმული ნეტარება.

ასე რომ, წინ დიდი სიხარული გველის. ამ სიხარულის განცდას მით მეტად შევძლებთ, რაც უკეთ მოვემზადებით მის შესახვედრად მარხვით და ლოცვით.

უფალო იესო ქრისტე, ჩვენო მეუფევ და ღმერთო, დაგვეხმარე, რომ მოვიკრიბოთ სულიერი თუ ფიზიკური ძალები და შენთან ერთად ავიდეთ გოლგოთის უკანასკნელ აღმართზე, შენთან თანაჯვარსვეცვათ, თანადავეფლათ, რათა შენთანვე აღვდგეთ მკვდრეთით და დავიმკვიდროთ ჩვენთვის განმზადებული საუკუნო ადგილი მარჯვენით ღმრთისა და მამისა; ღმერთო, შენ აცხოვნე სრულიად საქართველო. ამინ.

5. ამაღლება და სულთმოფენობა
ზატიკის დასასრული

ა) ამაღლება

ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაული ორმოცი დღე გრძელდება.

აღდგომიდან ორმოცი დღის განმავლობაში იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ყოველდღე ეცხადებოდა, ამხნევებდა და სახარებისეულ ჭეშმარიტებებს განუმარტავდა. ჩვენ ამ ორმოცი დღის მანძილზე ამ დიდ სიხარულში ვმონაწილეობთ და შეხვედრისას ერთმენეთს კვლავ სააღდგომო მილოცვით ვესალმებით: „ქრისტე აღსდგა!“ - „ჭეშმარიტად აღსდგა!“.

მეორმოცე დღეს ქრისტემ მოწაფეები ელეონის მთაზე წაიყვანა, მათ თვალწინ ამაღლდა ზეცაში და თვალს მოეფარა. სახარებაში წერია, რომ მოწაფეები იერუსალიმში გახარებულები დაბრუნდნენ, ნაცვლად მოსალოდნელი მოწყენილობისა საყვარელ მასწავლებელთან განშორების გამო. მათ სიხარულის მიზეზი ის იყო, რომ იესო ქრისტემ ნუგეშისმცემლის - სულიწმინდის მოვლინება აღუთქვა, რაც მოწაფეების ღმერთთან მარადიულ ყოფას ნიშნავდა. ამაღლების დღესასწაულზე, რომელიც ათორმეტთაგანია (ერთ-ერთია ათორმეტი დიდი დღესასწაულიდან). აღდგომიდან მეორმოცე დღეს, ტაძრებში სრულდება საზეიმო წირვა-ლოცვა, რომელზეც სასურველია ყველა ქრისტიანი ეზიაროს.

ბ) სულთმოფენობა

ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებულ ნუგეშისმცემელის - სულიწმინდას მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებმაც აქამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმინდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე ათორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს, ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება, წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რომლის დროსაც პირველად მოვიყრით მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ; ამ დღეს ასევე პირველად ვამბობთ სულიწმინდის მოწვევის ლოცვას; „ მეუფეო ზეცათაო“....

სულთმოფენობის დღესასწაულზე მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს; როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმინდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ტრადიციულად სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით, ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მოდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით, შუაში დამაგრებული ანთებული სანთლებით, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარ სანახაობას წარმოადგენს. ტაძრის მწვანედ შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის, ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმინდის მადლი ამ სიმწვენეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვენესა და ბალახებს მთელი წელი ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია დარწმუნდეს.

გ) ზატიკის დასასრული

სულთმოფენობის დღესასწაულით თავდება ბრწყინვალე აღდგომის სადღესასწაულო ორმოცდაათი დღე, რომელსაც ზატიკი ეწოდება და რომლის შემდეგაც ეკლესია ჩვეულებრივ რიგით კალენდარზე გადადის.

სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგი კვირა არის მსგეფსი - ოთხშაბათი და პარასკევი ხსნილია. ამ შვიდეულის შემდეგ კი კვლავ მარხვა იწყება, რომელსაც პეტრე-პავლობის მარხვა ეწოდება. იგი გრძელდება 28 ივნისამდე (ახალი სტილით 12 ივლისს), როდესაც ეკლესია თავის მოციქულების - წმ. პეტრესა და წმ. პავლეს ხსენებას დღესასწაულობს.

ზატიკის ბრწყინვალე სადღესასწაულო დღეების ხანმოკლე სიხარული ოდნავ გვაზიარებს იმ ენით გამოუთქმელ მარადიულ სიხარულს, რომელსაც უფალი მის მორწმუნეთ უმზადებს. ჩვენი და სრულიად საქართველოს მარადიულ ზატიკაში ცხოვრება ინებოს ღმერთმა, რომელსაც შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა - მამისა ძისა და წმიდა სულისა აწ და მარადის უკუნითი უკუნისამდე, ამინ.