მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი

წესი ქრისტიანის ცხოვრებისა

 

თავი VII. ბინა

1. ხატების კუთხე

ა) ადგილი ხატებისათვის

ყოველ ქრისტიანს სახლში მოწყობილი უნდა ჰქონდეს ხატების კუთხე. ყველაზე კარგია, თუ მათ ცალკე პატარა ოთახი გამოეყოფა (რაღა თქმა უნდა თუ ბინა ამის საშუალებას იძლევა), ან ოთახის ნაწილი, ლოცვისათვის მოხერხებულ ადგილას. სასურველია, ეს არ იყოს ცოლ-ქმრის საძინებელი ოთახი, მაგრამ, თუ ბინაში სხვა საშუალება არ არის, შეიძლება საძინებელ ოთახშიც.

ხატები უნდა ეკიდოს აღმოსავლეთის კედელზე ან აღმოსავლეთის კუთხეში ისე, რომ ლოცვის დროს მლოცველი პირით აღმოსავლეთისკენ იდგეს.

ხატები ისეთ სიმაღლეზე უნდა ეკიდოს, რომ შესაძლებელი იყოს მათზე მთხვევა, ხატების წინ უნდა იყოს თავისუფალი ადგილი, მცირე ზომის მაინც, რომ მლოცველს მათ წინაშე მუხლის მოყრა და თაყვანისცემა შეეძლოს.

ბ) შედგენილობა

სასურველია ხატების კუთხე შემდეგი ხატებისსაგან შედგებოდეს:

აუცილებელია: ყოვლადწმიდა სამება, იესო ქრისტე, ყოვლადწმიდა ღვთისშობელი, ჯვარცმა ან ჯვარი (ან ჯვარი ვაზისა);

სასურველია: წმ. ნინო - ქართველთა განმანათლებელი;

წმ. გიორგი - მფარველი ჩვენი ერისა;

წმ. ნიკოლოზი - მფარველი ჩვენი ეკლესიისა.

აგრეთვე ხატები ოჯახის წევრების მფარველი წმინდანებისა.

ყოველ ხატს მორწმუნემ შესაფერისი პატივი უნდა მიაგოს. მაგალითად, ლოცვისას წარმოთქვას თითოეული მათგანის ტროპარი, ან უბრალოდ თავისი სიტყვებით მიმართოს. მრავალრიცხოვანი წმინდანის (ან ხატის) მიმართ ასეთი სისტემატიური ვედრება შეიძლება მორწმუნეს თავდაპირველად გაუჭირდეს, ამიტომ არაა მიზანშეწონილი ხატების კუთხის გადატვირთვა.

უფრო უპრიანი იქნება, თუ გამოვყობთ ცალკე თაროს, სადაც შევინახავთ ხატებს და სხვა სიწმინდეებს და მაშინ გამოვაბრძანებთ სალოცავ ადგილს, როდესაც თითოეული მათგანის დღესასწაული იქნება.

ხატების ქვემოთ მოსახერხებელია მცირე თაროს დამაგრება, რომელზეც დაიდგმება კანდელი, სანთელი და ამა თუ იმ დღესასწაულზე გამობრძანებული ხატი, აგრეთვე სხვადასხვა სიწმინდე. კანდელი შეიძლება იყოს დაკიდებული.

2. კანდელი

კანდელი არის ზეთიანი ჭურჭელი, რომელშიც ანთია ცეცხლი. იგი შედგება თვით ჭურჭლისა, ბამბის ფთილისა და უღელისაგან, რომელსაც უჭირავს ფთილი.

ეკლესიაში კანდელისათვის სპეციალური ფორმის ჭურჭელი გამოიყენება. სახლში ეს შეიძლება იყოს მცირე ზომის ლამაზი ჭიქა, ფიალა და სხვა.

ფთილად კარგია ბამბის ძაფი, რომლითაც ეკლესიაში სანთლის კონებია შეკრული; გამოდგება აგრეთვე, ნებისმიერი ბამბის ძაფი მრავალწვერად შეერთებული.

უღელი იყიდება ეკლესიაში; შეიძლება დამზადდეს თვითნაკეთიც ალუმინის, სპილებძის ან სხვა ლითონის მავთულისგან.

კანდელში იხმარება ჩვეულებრივი მზესუმზირის ზეთი, გამსაკუთრებით კარგად იწვის ზეითუნისა და სიმინდის ზეთები.

კანდელი უნდა აინთოს ლოცვის წინ. ამისათვის გამოყოფილი უნდა იყოს ცალკე სანთელი: ასანთით აინთება სანთელი, სანთლით კანდელი, უშუალიდ ასანთით კანდელის ანთება არაა მიზანშეწონილი.

ანთებული კანდელი შეიძლება ენთოს მთელი დღე და მთელი ღამეც (ეგრეთ წოდებული „ჩაუქრობელი კანდელი“), როგორც სახე ღმრთისადმი ჩვენი მარადიული წვის და ლოცვისა, მაგრამ ამ შემთხვევაში დიდ სულიერ ძალისხმევასთან ერთად საჭიროა სიფრთხილეც, რათა ხატების კუთხეში ცეცხლი არ გაჩნდეს.

ლოცვის დროს შეიძლება ავანთოთ სანთელიც.

3. ნაკურთხი წყლის, სეფისკვერისა და არტოსის ხმარების წესი

ა) ნაკურთხი წყალი

ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს ნაკურთხი წყალი, რომელიც გამოიყენება დასალევად და ოთახში სასხურებლად.

ნაკურთხი წყალი შეიძლება მოვატანინოთ ეკლესიიდან, თუ სისტემატიურად ამის გაკეთება საძნელოა, შეიძლება მასში გადავურიოთ უბრალი წყალი და ამგვარად გავამრავლოთ.

ნაკურთხი წყალი უნდა ინახებოდეს მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, დასალევად გამოყოფილი უნდა იყოს აგრეთვე, მცირე ზომის ჭიქაც. ნაკურთხი წყალი, სასურველია, ყოველ დილით დავლიოთ უზმოზე, აგრეთვე ავადმყოფობისას.

დროდადრო, კვირა დღეს, ან სხვა საეკლესიო დღესასწაულებზე ნაკურთხი წყალი უნდა მოვასხათ ოთახებში, ყველა სათავსოში. სხურება შეიძლება ხელით ან, თუ მხოლოდ ამ მიზნისათვის გამოვიყენებთ, რაიმე მაშხეფებელი ხელსაწყოთი.

ნაკურთხი წყალი არ იხრწნება. მორწმუნეები, როგორც სიწმინდეს, წლობით ინახავენ მას, რაშიც თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია დარწმუნდეს მაგრამ, თუ ნაკურთხ წყალს უდიერად მოვეპყრობით, ის შეიძლება გაიხრწნას კიდეც. მის გამო იგი სუფთად უნდა შევინახოთ. ნაკურთხი წყლის მარაგს არ უნდა შეეხოს უცხო სხეული, არამედ მხოლოდ მისთვის გამოყოფილი ჭურჭელი (მაგალითად, დაუშვებელია წყალში ხელის ჩაყოფა, ან მისი ბოთლიდან შესმა).

ნაკურთხი წყლის უხრწნელობა ერთ-ერთია ამ სასწაულთაგან, რომელნიც დღემდე ხილულად აღესრულებიან.

ბ) სეფისკვერი

სასურველია მორწმუნეს სახლში მუდამ ჰქონდეს ნაკვეთი სეფისკვერი.

როდესაც წირვაზე შევაგგზავნით სეფისკვერს (ამის შესახებ იხილეთ ზემოთ „მიცვალებულთა მოხსენება ლოცვის დროს“), იგი იკვეთება მოხსენებულისა და მომხსენებლის სახელზე; წირვის შემდეგ კი ნაკვეთი სეფისკვერები ურიგდება მორწმუნეებს როგორც ევლოგია (ბერძ. კურთხევა). ნაწილი შეიძლება აქვე მივიღოთ, თუ უზმოზე ვართ (სასურველია წირვაზე უზმოდ მივიდეთ), ნაწილი კი შეიძლება სახლში წამოვიღოთ, მცირე ნაწილებად დავჭრათ და ყოველ დილით საუზმემდე ნაკურთხ წყალთან ერთად მივიღოთ ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებმა.

გ) არტოსი

აღდგომის სადღესასწაულო დღეებში პირველი ერთი კვირის ბრწყინვალე შვიდეულის - განმავლობაში საკურთხეველში შესასვლელ სამეუფო კარებთან პატარა მაგიდაზე დევს არტოსი (ბერძნ. პური).

ეს არის სპეციალურად გამომცხვარი რამდენიმე პური, რომელიც ბრწყინველე შვიდეულის ბოლოს მცირე ნაწილებად იჭრება და აღდგომის სწორზე - კვირაცხოვლობას - წირვის შემდეგ მორწმუნეებს ურიგდებათ.

არტოსი წმიდა პურია, რომელიც, როგორც დიდი სიწმინდე, ცალკე სათუთად უნდა შევინახოთ და განსაკუთრებულ შემთხვევებში - ავადმყოფობის თუ სხვა განსაცდელის ჟამს სასოებით მივიღოთ.

შენიშვნა: სიწმინდეებთან ხანგძლივი შეხებისას ჩნდება აუცილებლობა გარკვეული საგნებისა თუ ნარჩენებისაგან განთავისუფლებისა, ეგრეთ წოდებული „სუფთა ნაგვის“ მოცილებისა. ეს შეიძლება იყოს სანთლის ნამწვავები, დაობებული სეფისკვერი ან მისი ნამცეცები, დაზიანებული, სალოცავად უხმარი ხატი ან მისი რეპროდუქცია, ნაჭერი ან ქაღალდი, რომლითაც მოვწმინდეთ დაღვრილი ნაკურთხი წყალი ან ზეთი, ქაღალდის ნაფლეთი , რომელზეც წმიდა სიტყვები წერია, ასანთის ნამწვავები, რომლითაც სანთელი ავანთეთ, - ყველა ის ნივთი, რომელიც სიწმინდეს ეხებოდა.

ასეთი ნარჩენების სხვა ნაგავთან აღრევა დააუშვებელია, ამიტომ ისინი ცალკე უნდა გავანადგუროთ: სანთლის ნამწვავები შეგვიძლია ერთ პარკში მოვაგროვოთ ან თავად გადავავადნოთ და ჩამოვქნათ, ან ეკლესიაში საერთო ნამწვავებს შევურიოთ: დაობებული სეფისკვერი ან მიწაში უნდა ჩავმარხოთ, ან სუფთა ადგილას ჩიტებს დავუყაროთ, დანარჩენი ერთად უნდა ვაგროვოთ ხოლმე და ტყეში ან სხვა სუფთა ადგილას დავწვათ.

4. მოწყალების საქმე

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენს ცხოვრებაში არის მოწყალების საქმე.

„(მოწყალე კაცმა) განაბნინა და მისცა გლახაკთა და სიმართლე მისი ჰგიეს უკუნით უკუნისამდე“ - ბრძანებს წმ. მეფსალმუნე მეფე დავით წინასწარმეტყველი (ფს. 111, 10).

ამასთან მეტად მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ აქ იგულისხმება არა ერთეულ შემთხვევებში გულის აღელვების შედეგად გაღებული მოწყალება, არამედ მოწყალების საქმის მიზანდასახული კეთება; ეს არის ჩვენი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანების და უბრალოდ ჰუმანური ადამიანების პირდაპირი და ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა და არა ოდენ ლამაზი საქციელი და კარგი ტონი.

ამ მოვალეობის კეთილსინდისიერი შესრულებისათვის თითოეულმა ჩვენთაგანმა, პირველ რიგში, უნდა გამოყოს დრო და შემდეგ იფიქროს, როგორ გამოიყენოს იგი. ყოველმა ქრისტიანმა დღის მანძილზე მოყვასის დასახმარებლად რაიმე სამსახური უნდა გასწიოს. თუ ჩვენგან არავინ ითხოვს დახმარებას, ჩვენ თვითონ უნდა მივაკითხოთ განსაკუთრებით უძლურ და გაჭირვებულ ადამიანებს. სასურველია, რომ ასეთი მსახურება, თუნდაც სულ მცირე, ყოველ დღე სრულდებოდეს; მაგრამ თუ ყოველდღე ვერ შევძლებთ, ქრისტიანისათვის ერთი დღე მაინც უნდა იყოს სავალდებულო. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის რჩევითა და ლოცვა კურთხევით, ეს შეიძლება იყოს შაბათი. ამ დღეს უნდა ვეცადოთ, დავეხმაროთ ერთ გაჭირვებულ ადამიანს მაინც. ხანდახან ხდება, რომ სხვისი დახმარების მატერიალური საშუალება არ არის. ასეთ შემთხვევაში, გაჭირვებულთათვის ერთი მცირე ლოცვის წაკითხვასაც კი უფალი შეიწირავს.

ასევე მეტად მნიშვნელოვანია, ქრისტიანი ეცნობოდეს წმ. მამათა თხზულებების იმ დიდ მემკვიდრეობას, რომელშიც მოწყალების საქმის ყველა ასპექტი დაწვრილებით და ჩვენთვის ხელმისაწვდომად არის განხილული.

ღმერთმა მოგვცეს ნიჭი ჭეშმარიტი ქრისტიანული მოწყალებისა, ამინ.