დღევანდელი ადამიანის ცხოვრებაში დროის სწორი განაწილება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემათაგანია. ჩვენი თანამედროვე ჩივის, რომ მას აღარ ყოფნის დრო, რომ იგი ვერ ახერხებს, აკეთოს სასურველი საქმე, ჰყოს სიყვარული მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთანაც კი, რაც სულიერად ისედაც დაუძლურებულ ადამიანში იწვევს კიდევ უფრო მეტ გაუცხოვებას ახლობლებთან, გაუცხოვებას საკუთარ თავთან.
ქრისტიანი უნდა ეცადოს, გარკვეული კონტროლი გაუწიოს თავის დროს, წარმართოს იგი, რაც თითოეულ ჩვენთაგანს საშუალებას მისცემს სწორად გაანაწილოს თავისი ძალები იმ სულიერ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩაბმული. უნდა ვეცადოთ, შევადგინოთ დროის გარკვეული განაწესი, თუნდაც სულ ზოგადი, მაგრამ მყარი. ამისთვის ცხოვრების მიმდინარეობიდან ჯერ უნდა გამოვყოთ ის მოვლენები და პროცესები, რომლებიც გარკვეული პერიუდულობით მეორდება. (მაგალითად ძილი, კვება, ძირითადი საქმიანობა), ხოლო შემდეგ კი მათ დავუკავშიროთ სხვა მოვლენები, რომლებზედაც გვინდა, დრო გამოვყოთ.
აბსოლუტურად ზუსტი განაწესის შედგენა და მისდამი მექანიკური დამორჩილება შეუძლებელია და არც არის სწორი, რამეთუ წესრიგის დამყარება არაა თვითმიზანი. გარკვეულ შემთხვევებში მისი დარღვევა აუცილებელიცაა, მაგრამ რომ დაარღვიო, ჯერ უნდა დაამყარო ეს წესრიგი.
თითოეული ადამიანის უფლება-მოვალეობანი და, აქედან გამომდინარე, მისი დღის თუ კვირის განაწესი მეტად ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს მომენტები, რომელთაც ყველა ქრისტიანის ცხოვრებაში გარკვეული ადგილი უნდა ეკავოს.
მოზრდილ ადამიანს დღე-ღამეში საშუალოდ 6-7 საათი უნდა ეძინოს. შეიძლება ცოტა მეტიც, მაგრამ ზედმეტი ძილი არც სულისთვის და არც სხეულისთვის არაა სასარგებლო; მავნეა ასევე, როგორც უძილობა. უმჯობესია ქრისტიანი დასაძინებლად ადრე დაწვეს და ადრე ადგეს. თუ ადამიანს ძილი აკლდება, გვიან გაღვიძებას ჯობია ადრე ადგომა. თუ შემდეგ დღისით დასვენება (თუნდაც 1 საათით), რამეთუ დრო დილის ლოცვებიდან საუზმემდე საუკეთესოა გონებრივი მუშაობისათვის. საზოგადოდ კარგი იქნება, თუ დასვენებისათვის გამოვყოფთ, განსაზღვრულ დროს და გვეცოდინება, რომ ამ დროს ვისვენებთ, რადგან ხშირად ხდება, რომ დაღლილობის გამო ვერც საქმეს ვაკეთებთ, დასვენებითაც ვერ ვისვენებთ და დრო კი ფუჭად იკარგება.
თუ ადამიანი დაძინებას არ აპირებს, დასვენების საუკეთესო საშუელება არის ერთი სახის საქმიანობის მეორეთი შენაცვლება.
კვების ჯერადობის დადგენაც ინდივიდუალურია. ადამიანი საზრდელს შეიძლება იღებდეს დღეში ორჯერ, სამჯერ ან მეტჯერ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია განსაზღვრული იყოს რაოდენობაც და შეძლებისდაგვარად, დროც. მაგალითად, თუ ადამიანი დღეში 3-ჯერ იკვებება, ნუღარც მეოთხედ მიიღებს საკვებს და ნუღარც შუალედებში (ასეთი კორექტულობა განსკუთრებით ეფექტურია მარხვის დროს). კვების ასეთი მოწესრიგება, გარდა იმისა, რომ სხეულის ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, სულიერ ასპექტშიც არსებითად მნიშვნელოვანია: იგი საფუძველია სწორი და ნამდვილი მარხვისა, აგრეთვე ქრისტიანის შინაგანი და, შესაბამისი გარეგანი წესრიგის დამკვიდრებისა.
მესამე, რაც სისტემატიურად განმეორებადია ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებაში და, ამდენად, დასაყრდენია დღის განაწესის შედგენისას, არის ძირითადი საქმიანობა, როგორც ბრძანებს უფალი: „ოფლითა პირსა შენისათა სჭამდე პურსა შენსა“ (დაბადება 3. 19); აგრეთვე, წმ. მოციქული პავლე: „უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუღაცა ჭამნ“ (2 თეს 3.10).
შეძლებისდაგვარად ადამიანმა აქაც უნდა გამიჯნოს ძირითადი საქმიანობა არაძირითადისგან, იქნება ეს შრომა საზოგადოებრივი თუ ინდივიდუალური.
ყოველივე ამის შემდეგ, როდესაც განისაზღვრება დრო ამ სამი ძირითადი მომენტისათვის, მეტნაკლებად შესაძლებელია დროის განსაზღვრა სხვა მოვლენებისათვის, როგორიცაა არაძირითადი საქმიანობა - ჰობი, თვითგანათლება, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან, გართობა და სხვა.
1 ცნობილი გამონათქვამი-ლოზუნგი: „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს“, რომელიც ამ 70 წლის მანძილზე ხშირად გაისმოდა, წმ. პავლე მოციქულის სწორედ ამ გამონათქვამის პერიფრაზა იყო.
ძირითად საქმიანობასთან ერთად ქრისტიანობის დღის განაწესში გამოყოფილი უნდა იყოს დრო, რომელიც მოხმარდება რაიმე საეკლესიო საქმის კეთებას, რამეთუ ყოველი ქრისტიანის ვალია, წვლილი შეიტანოს ეკლესიის აღშენების საქმეში, აქტიური მონაწილეობა მიიღოს მის ცხოვრებაში. თუ რა აკეთოს კონკრეტულად, ეკლესიის თითოეულმა წევრმა უნდა შეათანხმოს მოძღვართან თავისი შესაძლებლობების მიხედვით. აქ არჩევანი დიდია: იქნება ეს საქმიანობა ფიზიკური, მაგალითად დახმარება ტაძრის დალაგებაში, გარემონტებაში, საეკლესიო შემოსავლის შეკერვა-მოწესრიგება; გონებრივი, მაგალითად სასულიერო ლიტერატურის თარგმნა-გამრავლება, თუ სულიერი: მაგალითად მონაწილეობა ფსალმუნის კითხვის ჯგუფში, რომელიც თითქმის ყველა ტაძრის მრევლში მოქმედებს.
ყოველივე ამისათვის დროც და მისი ხანგრძლივობაც დღის განაწესში უნდა გამოიყოს საქმიანობის შესაბამისად.
ქრისტიანის ერთ-ერთი მოვალეობათაგანია ღმრთაებრივი ჭეშმარიტებების თანმიმდევრული შემეცნება - ქრისტიანი ვალდებულია, სრულყოს თავისი რწმენა და წარმოდგენები ღმერთსა და სამყაროზე.
ამისთვის დღის განაწესში გამოყოფილი უნდა იყოს დრო. თუ საშუალება არის, ღვთაებრივი სიბრძნის შესამეცნებლად, როგორც უკვე აღინიშნა, დროის საუკეთესო მონაკვეთია დილის ლოცვებიდან საუზმემდე ამ დროს სასურველია ვიკითხოთ საღმრთო წერილი და მისი განმარტებები, წმ. მამათა თხზულებები; დასაწყისისთვის უპრიანია წმიდათა ცხოვრებების კითხვა. ამასთან, ლიტერატურა უნდა შეირჩეს მოძღვრის ლოცვა კურთხევით, რადგან სულიერი საზრდოს მიღებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.
გარდა სარწუნოების შემეცნებისა ქრისტიანმა დრო უნდა დაუთმოს მისთვის საჭირო სპეციალურ თუ ზოგადსაგანმათლებლო ცოდნის შეძენას, აგრეთვე იმ პრობლემური საკითხების შესწავლას, რომლებიც აღელვებს მის მეგობრებს თუ საზოგადოებას და გაიზიაროს მათი ტკივილი და სიხარული.
ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანმა ოჯახის წევრებთან ურთიერთობისათვის უნდა გამოყოს გარკვეული დრო, ცხადია უხერხულია, მაგრამ დღესდღეობით, როდესაც ჩვენი უმეტესობა დღის დიდ ნაწილს სახლის გარეთ, სამსახურში ატარებს, ხოლო საღამოს დაღლილი-დაქანცული ტელევიზორთან თვლემს, ამაზე ფიქრი მაინც გვმართებს, რამეთუ საფუძველი ნორმალური ცხოვრებისა და საერთოდ ყოველივესი სიყვარულია, რომელიც სიყვარულის საქმეში, ამ შემთხვევაში ადამიანურ ურთიერთობებში ვლინდება.
ასევე წინასწარ უნდა გამოიყოს კვირის განმავლობაში დრო ნათესავებთან და მეგობრებთან სტუმრობისა, თუ მათი შინ მიწვევის. აქაც, ისევე როგორც ქრისტიანული ცხოვრების სხვა ასპექტებში, მთავარია ამ შეხვედრების პერიოდულობა, სისტემატური განმეორებადობა, ხოლო სიხშირე კონკრეტული ვითარების მიხედვით შეიძლება სხვადასხვა იყოს.
ამ სიტყვას, რომელიც თანამედროვე ადამიანისათვის მრავალფეროვან ატრაქციონებსა თუ ვიდეოთამაშებს გულისხმობს, დღეს ჩვენ სააზროვნო ლექსიკონში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავს, ჩვენი წინაპრებისათვის კი, თავისი შინაარსითა და ფორმით მეტად მოკრძალებულად მნიშვნელობდა. გართობა მაშინაა მისაღები და დასაშვები, როდესაც ის გადაღლილი ადამიანისთვის განტვირთვის საშუალებაა და ამ შემთხვევაშიც კი სიფრთხილე და ზომიერება გვმართებს; ხოლო როდესაც გართობა თვითმიზანი ხდება, და ოდენ დროის გაყვანას თუ პირადი სიამოვნების მიღებას ემსახურება, როდესაც ნორმად იქცევა, ასეთი გართობა ადამიანში თანდათანობით კლავს ღმრთის ხატებას და მის სრულ სულიერ გაუცხოვებას იწვევს.
ყოველი ეს თავიდან რომ ავიცილოთ, გონებრივად უნდა ვაკონტროლოთ და წინასწარ განვსაზღვროთ ჩვენი დასვენების დრო და ფორმა. როგორც ზემოთ აღინიშნა, საუკეთესო დასვენება არის ერთი საქმის მეორეთი შენაცვლება, აქტიური დასვენება, რომელსაც კვლავაც სულიერი სარგებლობაც მოაქვს, მაგრამ სხვა ფორმით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს სულიერი საზრდოს მიღება ხელოვნების საშუალებით, იქნება ეს კინო, თეატრი, ლიტერაურა, მხატვრობა, მუსიკა თუ სხვა (ცხადია იგულისხმება ჭეშმარიტი, ღმრთაებრივი მშვენიერების მადიდებელი და არა ფსევდოხელოვნება).
„აკურთხა ღმერთმა მეშვიდე დღე და წმიდა ჰყო იგი, რადგან იმ დღეს დაისვენა ღმერთმა ყოველი საქმისგან, რასაც ქმნიდა ღმერთი და აკეთებდა“ (დაბადება 2.3).
კვირა დღე ანუ ძველებურად, კვირიაკე (ბერძ. უფლისა) ქრისტიანმა უფალს უნდა მიუძღვნას. ყოველი ქრისტიანი უნდა დაესწროს ეკლესიაში საკვირაო წირვას (ცხადია, ვისაც ჯანმრთელობა თუ ოჯახური პირობები უწყობს ხელს. პირველი ქრისტიანები, მაგალითად, ეკლესიის იმ წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით ზედიზედ სამ საკვირაო წირვას გააცდენდა, ძმობიდან იკვეთავდნენ).
ეს ვალდებულება არის მეტად სასიხარულო და საპატიო. ქრისტიანები კვირაში ერთხელ საკვირაო წირვაზე იკრიბებიან, რათა გაიხსენონ ღმერთის - იესო ქრისტეს განკაცება, მისი ამქვეყნიური ცხოვრება, ჯვარცმა, ბრწყინვალე აღდგომა და ამაღლება და თავად მიიღონ მონაწილეობა ამ მოვლენებში; ქრისტესთან ერთად გაეკრან ჯვარს, რათა მასთან ერთად აღდგენ მკვდრეთით (იხ. რომ. 6.8), კიდევ და კიდევ რეალურად განიცადონ, რომ ყველანი ღვთის შვილები ვართ. ყოველი კვირა დღე, რომელიც იწყება ეკლესიაში შაბათის საღამოს ლოცვით, აღდგომის დღესასწაულია (შეადარეთ რუს. „ვოსკრესენიე“).
ეს სადღესასწაულო განწყობილება მთელი დღე უნდა გაგყვეს. ამისთვის, ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის რჩევით, სასურველია მორწმუნეებმა ეს დღე ერთმენეთის საზოგადოებაში გაატარონ, მაგალითად, ეწვიონ ერთმანეთს სტუმრად.
ვინც ტაძარში რეგულარულ სიარულს ვერ ახერხებს, (მაგალითად, მცირეწლოვანი ბავშვების დედა), ეს მისთვის განსხვავებული უნდა იყოს და არა ჩვეულებრივი.ამ დღეს არ უნდა წამოვიწყოთ დიდი საქმე (ცხადია წვრილმანი საქმის კეთება, მაგალითად, სახლის დალაგება თუ ჭურჭლის დარეცხვა, დასაშვებია).
ღმერთმა აკურთხოს და დალოცოს ჟამი ჩვენი ცხოვრებისა და მოგვმადლოს დროის სწორი განაწილების, მისი ფლობის ნიჭი, ამინ.