საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს კონსტიტუციისა და 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე (პირველი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები) უფლებამოსილნი არიან გააფორმონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, განათლების სფეროში თანამშრომლობისთვის, საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის შეთანხმების პროექტის შემუშავების მიზნით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ შეიქმნა ერთობლივი კომისია. მას შემდეგ, რაც გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა მოლაპარაკების საგანთან დაკავშირებით, ერთობლივი კომისიის წევრები შევთანხმდით შემდეგზე:
1. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე (პირველი და მე-5 მუხლები) საქართველოს კონსტიტუციის მე-9 და მე-19 მუხლებში აღიარებული პრინციპების დაცვით დაიწყება საქართველოს სახელმწსიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტზე მუშაობა.
2. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტის მაღალ დონეზე და დროულად მომზადების მიზნით შეიქმნება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ერთობლივი მუშა ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ შემდეგი მიმართულებით:
ა) საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, ხარისხებისა და წოდებების ორმხრივად და გათანაბრებულად ურთიერთაღიარების პროცედურების შემუშავება და მათი სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების სწავლებისათვის საჭირო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო პროგრამების შედგენის, პედაგოგიური კადრების შერჩევის, მომზადებისა და დანიშვნა-გათავისუფლების პროცედურების შემუშავება;
გ) მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოების საკითხების შემცველი საგნების სასწავლო გეგმების მომზადებისა და შესაბამისი სახელმძღვანელოების განხილვის პროცესში საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა მონაწილეობის პროცედურის შემუშავება;
დ) საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების დაფინანსებისა და ქონებრივი საკითხების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ე) მოსწავლე-ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თანამშრომლობის ფორმებისა და პირობების დადგენა.
3. ერთობლივი მუშა ჯგუფები უზრუნველყოფილნი იქნებიან საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის დაწესებულებებში არსებული იმ ინფორმაციით, რაც დაკავშირებულია შესათანხმებელ საკითხებთან.
4. მოცემული მემორანდუმის პირველი, მეორე და მესამე მუხლებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებისთანავე შედგება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ოფიციალური ღონისძიება.
ერთობლივ კომისიაში
საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს
წარმომადგენლობითი ჯგუფის
ჯგუფის ხელმძღვანელი
ბელა წიფურია მინისტრის მოადგილე |
ერთობლივ კომისიაში
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის
წარმომადგენლობითი
ჯგუფის ხელმძღვანელი
გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი |