1. სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
2. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფერში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.
3. ეკლესია წარმოადგენს ისტორიულად ჩამოყალიბებულ საჯარო სამართლის სუბიექტს, - სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სრულუფლებიან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის ნორმებით, საქართევლოს კონსტიტუციის, ამ შეთანხმებისა და საქართევლოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ეკლესიას სპეციალური უფლებამოსილების გარეშე წარმოადგენენ: საეკლესიო კრება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმიდა სინოდი და საქართველოს საპატრიარქო (ქორეპისკოპოსისა და მდივნის სახით), ხოლო სამართლებრივ ურთიერთობებში უფლებამოსილებას ანიჭებს კათოლიკოს-პატრიარქი.
5. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხელშეუვალია.
6. როგორც წესი, დიდი საეკლესიო დღესასწაულები და კვირა დასვენების დღეებად ცხადდება.
1. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობას ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. შეიძლება იდეალურიც კი ეწოდოს იმ ქვეყანას, სადაც სათანადო დონეზეა დარეგულირებული ურთიერთობა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის. ადამიანისთვის, რომელიც სულის, სამშვინველისა (ე. ი. ფსიქიკის) და სხეულისაგან შედგება, უცილობლივ საჭიროა შესაბამისი პირობები თითოეულის განსავითარებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება ღვთის ხატება დაკარგოს და ცხოველსაც კი მიემსგავსოს. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ სულის განვითარებაზე ზრუნვა ეკლესიას ევალება, სხეულისაზე - სახელმწიფოს, ფსიქიკაზე კი ორივეს (უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა ეპოქაში ფსიქიკას ხშირად სულს უწოდებდნენ, ხოლო მასთან დაკავშირებულს ყოველივეს - სულიერს. ამგვარად, “საბჭოთა ადამიანის” “სულიერ” მოთხოვნილებებად ითვლებოდა თეატრი, კინო და ა. შ. ეს კი არასწორი მიდგომაა).
ხშირად სახელმწიფოსა და ეკლსიის ურთიერთდამოკიდებულებას ადარებენ ძე ღვთისას ორ ბუნებას: ღვთურსა და ადამიანურს. სახელმწიფო და ეკლესია უნდა იყვნენ ერთიანი და ამავე დროს შეურევნელი, როგორც ღმრთაებრივი და კაცობრივი ბუნება ქრისტეში. სწორედ ეს ქრისტიანული ჭეშმარიტებაა გამოხატული კონსტიტუციური შეთანხმების პრეამბულასა და 1-ლი მუხლის 1-ლ პუნქტში.
2. ეკლესია, რომელიც ზეციურ სამეფოს განასახიერებს, არ შეიძლება განიხილებოდეს წარმავალი სამეფოს, ანუ სახელმწიფოს თანასწორად. თუმცა აქვე უნდა გავიხსენოთ ზემოთთქმულის საპირისპირო დებულება, რომ სახელმწიფოს ამქვეყნად ენიჭება უპირატესობა, ვინაიდან იგი არის მიწიერ წესებზე შექმნილი და სწორედ იმ სულისკვეთებას განასახიერებს, რაც დედამიწაზე მოკვდავ ადამიანთა შორის არსებობს და რომ ეკლესიის პირველობა მხოლოდ ზეცაშია. ამგვარად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არ არსებობს უპირატესი. ორივეს აქვთ საკუთარი მოვალეობანი ადამიანთა წინაშე, რითაც უპირატესობა ენიჭებათ ერთი-მეორის მიმართ.
კონსტიტუციური შეთანხმება უმაღლესი რანგის იურიდიული დოკუმენტია. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად მას უნდა შეესაბამებოდეს როგორც სახელმწიფოს ყველა კანონი, ისე საქართველოს უმაღლესი ორგანოების მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები. მასზე მაღლა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია დგას. შეთანხმებაში მოცემულია მხოლოდ ზოგადი კონსტიტუციური დებულებები, ხოლო აღნიშნული დებულებების კონკრეტული მოწესრიგებისათვის სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიიღოს შესაბამისი კანონები. რაღა თქმა უნდა, სახელმწიფოსა და ეკლესიას უფლება აქვთ დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფეროებში, რომლებიც აღნიშნულია ამ შეთანხმების შემდგომ მუხლებში.
3. ამ პუნქტით სახელმწიფომ ეკლესია აღიარა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ეწოდება ისეთ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობა მიმართულია სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადასაწყვეტად. საქართველოში საჯარო სამართლის იურიდიული პირები, გარდა სამინისტროებისა (დეპარტამენტებისა) და ეკლესიისა, არიან პოლიტიკური პარტიები და პროფესიული კავშირები. ამით კიდევ ერთხელ დასტურდება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში მოცემული დებულება, რომ სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას საქართველოსათვის. იურისპრუდენციაში არსებული განმარტებიდან გამომდინარე საჯარო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო აყალიბებს ან იქმნება კანონის საფუძველზე, ამიტომ ეკლესიას საჯარო სამართალში ეძლევა განსაკუთრებული იურიდიული პირის სტატუსი.
სახელმწიფო აღიარებს, რომ ეკლესია თავის საქმიანობას წარმართავს საეკლესიო (კანონიკური) სამართლის საფუძველზე საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური შეთანხმებისა და კანონმდებლობის შესაბამისად. აქ ორი საკითხია გამოსარკვევი: პირველი - საეკლესიო სამართლის განმარტება, მეორე კი მისი მოქმედება პირთა წრის მიმართ.
1. მართლმადიდებელი სარწმუნოების მიხედვით საეკლესიო სამართალი ეწოდება სამართალს, რომელიც აწესრიგებს ურთიერთობას ეკლესიასა და მრევლს (მის წევრებს) შორის. საეკლესიო სამართლის ნორმები გადმოცემულია როგორც წმიდა წერილში, ისე სამართლებრივ ძეგლებში. ზოგადად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შემდეგ იერარქიას ადგენს საეკლესიო სამართლის პირდაპირი თუ არაპირდაპირი წყაროებისთვის:
2. წმიდა წერილი და წმიდა გარდამოცემა
3. მოციქულთა კანონები
4. მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონები
ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონები
წმიდა წერილში მოიაზრება მთელი ბიბლია. ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ახალ აღთქმას. ახალ აღთქმაში ნორმათა კოლიზიის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სახარებას. წმიდა გარდამოცემა ეწოდება ეკლესიის წიაღში არსებულ ცნობებს უფლის, ღვთისმშობლის, მოციქულების ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მოციქულთა კანონები ეწოდება დიდ სჯულისკანონში მოცემულ ამავე სახელწოდების ძეგლს და აგრეთვე მოციქულთა თავთა წმ. წმ. პეტრესა და პავლეს მიერ შედგენილ განწესებებს.
მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონებში უნდა ვიგულისხმოთ იმ 7 საეკლესიო კრების კანონები, რომლებსაც აღიარებს ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია. ესენია ნიკეის I, კონსტანტინოპოლის I, ეფესოს, ქალკედონის, კონსტანტინოპოლის II, კონსტანტინოპოლის III, ნიკეის II კრებები და მათი კანონები.
მართლმადიდებელი ეკლესიების ადგილობრივ კრებათა კანონთაგან ჩვენი ეკლესია აღიარებს იმათ, რომლებიც შედიან დიდ სჯულისკანონში და რომელთაც ზოგადმართლმადიდებლური მნიშვნელობა ენიჭებათ. ადგილობრივ საეკლესიო კრებათა კანონებში საქართველოს ეკლესიის ადგილობრივ კრებათა კანონებიც უნდა ვიგულისხმოთ (მაგ. რუის-ურბნისის ძეგლისწერა, კათალიკოსთა სამართალი და სხვა).
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონიკური სამართალი არაა საეკლესიო სამართლის ზუსტი შესატყვისი, რადგან იგი მხოლოდ საეკლესიო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ურთიერთობებს აწესრიგებს. ფაქტობრივად, კანონიკური სამართალი = საეკლესიო სამართალს - წმ. წერილი.
რაც შეეხება საეკლესიო სამართლის მოქმედებას პირთა წრის მიხედვით აქ ყურადსაღებია ეკლესიის საგარეო ურთიერთობა და საშინაო ურთიერთობა, ანუ ურთიერთობა ეკლესიის წევრებთან. საგარეო ურთიერთობებისთვის (აქ უნდა ვიგულისხმოთ, ძირითადად, ურთიერთობა საერო ხასიათის დაწესებულებებთან, მაგ. სამინისტროებთან, ორგანიზაციებთან, საკუთრივ სახელმწიფოსთან, სხვა სახელმწიფოს მსგავსივე ორგანოებთან) სახელმწიფო ზღუდავს კანონიკური სამართლის ფარგლებს და მას “კონსტიტუციურ ჩარჩოში” სვამს. თუმცა, ამ პუნქტით, რაღა თქმა უნდა, სახელმწიფო არ ზღუდავს კანონიკური სამართლის მოქმედებას ეკლესიის შიდა საქმიანობაში, ანუ ურთიერთობაში მის მრევლთან, სამღვდელოებასთან, სამონაზვნო დასთან. მაგალითად, საეკლესიო სამართლით, ეკლესიის მეთაური (ჩვენს შემთხვევაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) ითვლება სახელმწიფოს მეთაურის თანასწორად. ეს ნორმაა საეკლესიო სამართლისა. თუმცა, რაღა თქმა უნდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ მოთხოვს უცხო სახელმწიფოს მეთაურს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი საქართველოს პრეზიდენტის თანასწორად მიიღონ. ამავე დროს, ვერც სახელმწიფო მოთხოვს ეკლესიას, ვთქვათ, ქალები აკურთხონ ღვთისმსახურებად, ვინაიდან, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულია საქართველოს მოქალაქეთა თანასწორობა, მაგრამ კანონიკური სამართლით აკრძალულია ქალთა ღვთისმსახურებად კურთხევა.
4. შეთანხმების ამ პუნქტში აღნიშნულია, რომ განსაზღვრული პირები ეკლესიას წარმოადგენენ სპეციალური უფლებამოსილების გარეშე. განვმარტოთ თითოეული მათგანი.
საეკლესიო კრება არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო. მისი სინონიმია საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდი (სინოდი ბერძნულია: Άγιος ̠υνό̠ος: ქართულად - წმიდა კრება), ოღონდ იმ განსხვავებით, რომ საეკლესიო კრებაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა შეიძლება მიიღონ წმ. სინოდის მიერ მოწვეულმა გარეშე პირებმაც (როგორც საერო, ისე სასულიერო), ხოლო წმ. სინოდის სხდომებში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრები. თუმცა ხმის მიცემის უფლება ორივე შემთხვევაში მხოლოდ ეპისკოპოსებს აქვთ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არის საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი და მისი კანონიკური მმართველი. მისი სრული ტიტულია: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩვენი (სახელი). ამგვარად, კათოლიკოს-პატრიარქი ამავე დროს არის მცხეთისა და თბილისის ეპარქიის მმართველი.
საქართველოს საპატრიარქო არის იმ დაწესებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. საპატრიარქო შედგება განყოფილებებისაგან და სამსახურებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.
ქორეპისკოპოსი, სულხან-საბას განმარტებით ნიშნავს “უსამწყსოო ეპისკოპოსს”, ანუ ისეთ ეპისკოპოსს, რომელსაც აქვს მღვდელმთავრის ხარისხი, მაგრამ არ ჰყავს მრევლი, ანუ არ მართავს არცერთ ეპარქიას. ადრე ქორეპისკოპოსები ყველა ეპარქიის მღვდელმთავარს ჰყავდა. დღესდღეობით ქორეპისკოპოსი არის მოსაყდრე (მოადგილე) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა. კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების ან ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში (თუ კათოლიკოს-პატრიარქს არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება) იგი (ან მოსაყდრე) ხელმძღვანელობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას წმ. სინოდის მიერ ახლის არჩევამდე. ამჟამად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი არის ყოვლადუსამღვდელოესი, ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე).
კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი არის მისი თანაშემწე, რომელიც ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო დავალებებს. ამჟამად მისი უწმიდესობის მდივანი არის დეკანოზი ზაქარია (მაჩიტაძე).
5. საქართველოს კანონმდებლობით მნიშვნელოვან თანამდებობის პირებს (მაგ. პრეზიდენტს, დეპუტატებს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და ა. შ.) მინიჭებული აქვთ ხელშეუვალობის უფლება, ანუ ე. წ. იმუნიტეტი. დაუშვებელია ასეთი უფლების მქონე პირთა დაპატიმრება ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სპეციალური ნებართვის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა. კონსტიტუციური შეთანხმების მე-5 პუნქტმა იგივე უფლებები მიანიჭა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
6. ისტორიულად, საქართველოში ათორმეტივე საუფლო დღესასწაული დასვენების დღედ ითვლებოდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით კომუნისტური ხელისუფლების დამხობის პირველ დღეებშივე გაუქმდა “ქართველი ერისთვის უცხო დღესასწაულები და აღდგა ტრადიციული დღესასწაულები”. თუმცა, უდიდეს საუფლო დღესასწაულთაგან ყველა არ გამოცხადებულა სახელმწიფო დღესასწაულად. შეთანხმების ამ მუხლმა სახელმწიფო დღესასწაულად ცნო ათორმეტივე საუფლო დღესასწაული (თავისთავად ცხადია აღდგომაც, რომელიც ათორმეტ დღესასწაულებში არ შედის) და კვირა დღე, როგორც სახე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისა. ასევე დასვენების დღეებად გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის დამაარსებლის, წმ. ანდრია პირველწოდებულისა და ქართველთა განმანათლებლის, მოციქულთასწორ წმ. ნინოს ხსენების დღეეები, წითელი პარასკევი და დიდი შაბათი.
ამგვარად, ოფიციალურ დღესასწაულებად გამოცხადდა (ჩამონათვალში მითითებულია აქამდე დასვენების დღეებად გამოცხადებული ყველა საეკლესიო დღესასწაული):