სახელმწიფო მხარს უჭერს აღსარებისა და საეკლესიო საიდუმლოს დაცვას. სასულიერო პირი ვალდებულია არ გასცეს ინფორმაცია, რომელიც მას, როგორც სულიერ მოძღვარს, გაანდეს ან მისთვის, როგორც სასულიერო პირისათვის, გახდა ცნობილი.
ეს მუხლი ეხება საეკლესიო საიდუმლოების ყველა სახეს. საიდუმლოებში უნდა ვიგულისხმოთ საიდუმლო თავისი კლასიკური და არა ეკლესიური გაგებით. ეკლესიური გაგებით ტერმინ საიდუმლოში მოიაზრება ის საღვთო მსახურებანი, რომლის დროსაც მორწმუნეზე “საიდუმლოდ” გადმოდის უხილავი მადლი სულისა წმიდისა. სწორედ ამიტომ ეწოდებათ მათ საიდუმლო. მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს შვიდ საიდუმლოს: ნათლისღებას, მირონცხებას, აღსარებას, ზიარებას, ჯვრისწერას, ზეთის კურთხევას და მღვდლობას.
კომუნისტური ხელისუფლების დროს, ე. წ. „წითელი სამღვდელოების“ მიერ ხშირად ხდებოდა მორწმუნე აღმსარებლის დაბეზღება აღსარების საფუძველზე. სამწუხაროდ, დაბეზღებით აღმსარებელი არაერთხელ სიკვდილითაც კი დაუსჯიათ. სწორედ მსგავსი ქმედებების აღსაკვეთად იქნა შეტანილი ეს მუხლი შეთანხმების ტექსტში. აქამდე თუ სასულიერო პირს უფლება ჰქონდა არ გაეცა აღსარებით მიღებული ინფორმაცია, ამჯერად იგი უკვე ვალდებულია ეს გააკეთოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესია ხელს დააფარებს სისხლის სამართლის დამნაშავეს: საეკლესიო სამართლით მორწმუნე, რომელიც აღიარებს აღსარებაში დანაშაულს (და ე. ი. ნანობს კიდევაც მის მიერ ჩადენილ ქმედებას), ვალდებულია გამოცხადდეს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებში და აღიაროს დანაშაული. სავარაუდოა, რომ მოძღვარიც ასევე მოუწოდებს მის წინაშე აღმსარებელს. ცხადია, გამოუცხადებლობა მას ცოდვის შენდობად არ ჩაეთვლება.
ამ მუხლში, აღსარების გარდა, ეკლესიის წიაღში არსებული სხვა საიდუმლოებათა დაცვაც მოიაზრება.
სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები.
როგორც წინა მუხლის კომენტარშიც აღინიშნა ჯვრისწერა (ქორწინება) ერთ-ერთი საეკლესიო საიდუმლოა. დღეს არსებული ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაცია მომდინარეობს სწორედ ეკლსიის მიერ დაფუძნებული ჯვრისწერის საზეიმო შესრულებიდან, ანუ რეგისტრაციიდან. საქართველოს სამეფო კანონმდებლობით, ასევე რუსეთის საიმპერიო კანონმდებლობითაც ჯვრისწერის რეგისტრაციის ერთადერთი ორგანო იყო მართლმადიდებელი ეკლესია (მართლმადიდებელთათვის). ხოლო მას შემდეგ, რაც გადადგა რუსეთის იმპერატორი და დაიშალა რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ გააუქმა ჯვრისწერის იურიდიული ხასიათი და დატოვა მხოლოდ ფორმალური სახით. შემოღებულ იქნა ქორწინების რეგისტრაცია სახელმწიფოს მიერ შექმნილ სათანადო ორაგნოში. ანალოგიური პოლიტიკა გაატარეს ბოლშევიკებმა რუსეთშიც. ასე რომ საქართველოს შეერთების შემდეგ მათ აღარ დასჭირვებიათ ქართული კანონების (აღნიშნულ საკითხების შესახებ) ჰარმონიზაცია თავიანთ კანონმდებლობასთან.
კონსტიტუციური შეთანხმებით სახელმწიფომ აღიარა ეკლსიის მიერ შესრულებული ჯვრისწერა ერთი პირობის გათვალისწინებით: იურიდიულ ურთიერთობებში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. ამგვარად, სახელმწიფომ დატოვა არსებული წესი, ანუ ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაცია, მაგრამ ასევე ცნო ჯვრისწერა (საეკლესიო წესებით ქორწინება). ეს ცნობა, სავარაუდოდ, გამოიხატება იმაში, რომ ჯვარდაწერილ, მაგრამ სახელმწიფო რეგისტრაცია გაუვლელ ცოლ-ქმარს სახელმწიფო განარჩევს, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემთხვევითი წყვილისაგან და ამგვარად, გამართლებულია ზნეობრივად. კერძოდ, ეს უპირველესად შეეხება მამობის დადგენას, ასევე სხვა ურთიერთობებს. კონკრეტულად თუ რას სახით აღიარებს სახელმწიფო ჯვრისწერას, პრეზიდენტის ა. წ. 7 იანვრის ბრძანებულებით შექმნილია სპეციალური კომისია (ამის შესახებ იხ. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის კომენტარი).
ჩვენი აზრით, უმჯობესი იქნებოდა აგვეღო ბერძნული მოდელი. კერძოდ, იგი მდგომარეობს იმაში, რომ საბერძნეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ დაიწერონ ჯვარი ეკლესიაში, ან ქორწინების რეგისტრაცია გაიარონ სახელმწიფო ორგანოში; მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მათ ჯვარი დაიწერეს, დამატებითი რეგისტრაცია სახელმწიფო ორგანოში არ სჭირდებათ და ეკლესიაში შესრულებული ჯვრისწერა პირდაპირ იძენს იურიდიულ ძალას.
1. სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან.
2. სახელმწიფო ეკლესიასთან შეთნხმებით უზრუნველყოფს სამხედრო-საჯარისო ფორმირებებში, საპატიმროებსა და თავისუფელბის აღკვეთის ადგილებში მოძღვრის ინსტიტუტის შექმნას და ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებას.
3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განახორციელონ მოსახელობის სოციალური დაცვის ერთობლივი პროგრამები.
1. დიდი სჯულისკანონის მოციქულთა 83-ე კანონში ვკითხულობთ: “ეპისკოპოსი და ხუცესი და დიაკონი, რომელი სამ ედროთა და საერისკაცოთა საქმეთა შექცეულ იყოს და ორისავე პყრობა ენებოს ჰრომაელებრისა მთავრობისა და სამღდელო სა განგებისა , განიკუეთენ, რამეთუ �კეისრისანი კეისარსა და ღმრთისანი ღმერთსა”. ამგვარად, დიდი სჯულისკანონი უკრძალავს სასულიერო პირებს სამხედრო და, საერთოდ, საერო საქმიანობაში მონაწილეობას. სწორედ კანონიკური სამართლის ეს ნორმაა გათვალისწინებული კონსტიტუციურ შეთანხმებაში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში სასულიერო პირი შეიძლება მაინც იქნეს გაწვეული, მაგრამ არა როგორც სამხედრო, არამედ როგორც ჯარისკაცთა მოძღვარი, უძველესი ქართული ტრადიციისამებრ (ამის შესახებ იხ. შემდეგი პუნქტის კომენტარი).
2. საისტორიო წყაროები მოწმობენ, რომ საქართველოს ეკლესია და მისი სამღვდელოება ყოველთვის გვერდით ედგნენ ქართულ ჯარს. უშუალოდ ბრძოლაში ჩაბმის წინ ჯარისკაცთა ზიარება სავალდებულო იყო. სწორედ ამიტომაც უზიარებლობას საქართველოს კანონმდებლობით “სამოქალაქო სიკვდილი” ერქვა, ვინაიდან უზიარებელს სხვა მრავალ შეზღუდვასთან ერთად აკრძალული ჰქონდა ომში მონაწილეობაც. აღნიშნული მიზეზის გამო დაუშვებელი იყო სამეფოს ჯარში არამართლმადიდებლის გაწვევაც. სწორედ ამის შესახებ საუბრობს არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ასირი, რომელიც აღნიშნავს, რომ დავით აღმაშენებელი ომში არ იწვევდა თბილისელ მუსლიმებსო. იგივე წესები მოქმედებდა რუსეთის იმპერიაშიც (ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ “რუსის ჯარში” არ იყვნენ სომხები. ზოგი ამას რუსების პროსომხურ პოლიტიკად აღიქვამს).
ყოველივე ზემოთთქმულის გათვალისწინებით საქართველოს ჯარში დაწესდა მოძღვრის ინსტიტუტი. თავისთავად ცხადია, აქ ვერ იმოქმედებს ტრადიციული ქართული წესი, რომ ჯარში არამართლმადიდებელი და უზიარებელი არ გაიწვიონ. თუმცა, თავის მხრივ ვერც არამართლმადიდებელი მოითხოვს თავისი კონფესიის სასულიერო პირი იყოლიონ ქართულ ჯარში.
საქართველოს სამეფო კანონმდებლობით სავალდებულო იყო პატიმრისთვის მოძღვრის მიყვანა. სასჯელის მიზანი არაა შურისძიება, მისი ერთ-ერთი მიზანია სინანული და დამნაშავის გამოსწორება. შეიძლება, რომ დამნაშავე ნანობდეს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. ამიტომ მას უნდა მიეცეს მონანიების საშუალება, ე. ი. აღსარების ჩაბარების საშუალება. ამიტომაც, შეთანხმების საფუძველზე შეიქმნება მოძღვრის ინსტიტუტი საპატიმროებშიც.
საქართველოს საპატრიარქოში შექმნილია შესაბამისი სამსახურები: ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), აგრეთვე მსჯავრდებულებთან ურთიერთობის განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს დეკანოზი მიქაელი (ბოტკოველი).
3. აქ ფაქტობრივად იგივე საკითხზეა საუბარი, რომელსაც ეხება შეთანხმების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი. კერძოდ, სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ მოსახლეობის საკეთილდღეოდ განსახორციელებელ ერთობლივ პროგრამებზე.
1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართლმადიდებელი სარწმუნოების შესახებ საგნის სწავლა ნებაყოფილობითია. სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით.
2. სახელმწიფო და ეკლესია კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ორმხრივად და გათანაბრებულად აღიარებენ შესაბამისი სასწავლო დაწესებულებების მიერ გაცემულ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სამეცნიერო ხარისხებსა და წოდებებს.
3. სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან განათლების სისტემაში განახორციელონ ერთობლივი პროგრამები. სახელმწიფო ხელს უწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას.
1. ჯერ კიდევ საქართველოს სამეფოში სავალდებულო იყო, რომ დაწყებითი ქრისტიანული საფუძვლები მრევლისთვის მღვდელს ესწავლებინა. მაშინ, თავისთავად ცხადია, არც სახელმძღვანელოები არსებობდა და არც სასწავლო პროგრამები. ამ ხარვეზის გამოსწორება სცადა მეფე ერეკლე II, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულ სახელმწიფოში შექმნილი სავალალო მდგომარეობის გამო აღნიშნულის განხორციელება არ დასცალდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ სკოლებსა და გიმნაზიებში შემოიღეს ქრისტიანული სარწმუნოების საფუძვლების - საღვთო სჯულის სწავლება. ეს საგანი რუსეთის იმპერატორისა და უწმიდესი სინოდის მიერ დადგენილი პროგრამითა და სახელმძღვანელოებით ისწავლებოდა. ძირითადად წიგნები რუსულენოვანი იყო, მაგრამ არსებობდა ქართული ანალოგიური შინაარსის წიგნებიც. ასე გრძელდებოდა რევოლუციამდე. 1918 წ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ბრძანებით ქვეყნის ყველა სასწავლებელში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება. რაღა თქმა უნდა, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ შეერთების შემდეგ ამ საკითხში დადებითი ძვრა არ ყოფილა. პირიქით, თუ დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობით დასაშვები იყო მშობლებს თავიანთი ხარჯით მოეწვიათ აღნიშნული საგნის მასწავლებელი, საბჭოთა კანონმდებლობამ საქართველოს მოქალაქეებს ეს უფლებაც ჩამოართვა. კონსტიტუციური შეთანხმების ძალით 85 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში კვლავ აღდგა საღვთო სჯულის სწავლება.
აუცილებელია ითქვას, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991 წ.) ზოგიერთ სასწავლებელში ხელმძღვანელებმა საკუთარი ინიციატივით აღადგინეს საღვთო სჯულის სწავლება. ამ კეთილ განზრახვას უარყოფითი მხარეც აღმოაჩნდა: გართულდა საგანში კარგად გათვითცნობიერებულ პედაგოგთა კადრის შერჩევა. არაერთხელ ისეთი შემთხვევაც კი დაფიქსირდა, როცა სკოლებში მართლმადიდებლობას ამოფარებული სექტანტები შედიოდნენ და ბავშვებს გონებას უწამლავდნენ (ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს რადიო “ივერიის” ეთერში სხვადასხვა სახელწოდების არაერთი გადაცემა გავიდა). ზემოთთქმულიდან გამომდინარე კონსტიტუციურ შეთანხმებაში მართებულად ჩაიწერა, რომ “სასწავლო პროგრამების დადგენა, შეცვლა, პედაგოგთა დანიშვნა და გათავისუფლება ხდება ეკლესიის წარდგინებით”. მართლაც, ვის თუ არა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას აქვს უფლება შეარჩიოს ქვეყნის მომავლის სულიერ აღმზრდელთა კადრები!.. იურიდიულად, ეკლესიის მიერ წარდგენილ პროგრამასა და მასწავლებელთა კანდიდატურებს დაამტკიცებს საქართველოს განათლების სამინისტრო.
2. საქართველოს უდიდესი სასულიერო სკოლა აქვს. ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა დღეს არსებულ მართლმადიდებელ სახელმწიფოთაგან მრავალი ან არ არსებობდა, ან არსებობის პირველ წლებს ითვლიდა, საქართველოს ჰქონდა საყოველთაოდ ცნობილი გელათისა და იყალთოს სასულიერო აკადემიები და სხვა სასწავლებლები. იმ უმდიდრესი სამეცნიერო და პედაგოგიური მიღწევების უმრავლესობა, რომლითაც დღეს სამართლიანად ამაყობს საქართველო, სწორედ აღნიშნული სამეცნიერო-კულტურული ცენტრების საქმიანობის შედეგია. ამიტომაც, სამართლიანი იქნებოდა, რომ სახელმწიფო სასწავლებლებთან თანასწორად წარმოდგენილი ყოფილიყო საპატრიარქოს იურისდიქციაში მყოფი სასწავლებლები.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ექვემდებარება:
- გელათის მეცნიერებათა აკადემია (რექტორი მაგალი თოდუა), რომელიც ამიერიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თანასწორად იქნება განხილული;
- თბილისისა და გელათის სასულიერო აკადემიები, რომლებიც როგორც უმაღლესი სასულიერო სასწავლებლები წარმოდგენილი იქნებიან საერო უნივერსიტეტების, აგრეთვე სპეციალური უმაღლესი სკოლების (მაგალითად, გაერთიანებული სამხედრო აკადემია, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია და სხვა) თანასწორად;
- სხვა საშუალო და საშუალო-სპეციალური სასწავლებლების თანასწორი ლიცეუმები და გიმნაზიები, როგორც საერო, ისე სასულიერო (მაგალითად, მცხეთის წმ. წმ. ათორმეტთა მოციქულთა სახ. გიმნაზია, ბათუმის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. გიმნაზია და ა. შ.).
ბუნებრივია, თანასწორუფლებიან სასწავლებელთა მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები თანაბარი იურიდიული ძალის და ასევე, მნიშვნელობის მქონე იქნება.
3. ეს პუნქტი იმეორებს 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შინაარსს. აქვე დამატებულია, რომ სახელმწიფო ხელს შეუწყობს ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებას. ხელშეწყობა შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალური, ისე მორალური, იდეოლოგიური და სხვა სახით.