ხანგრძლივი მომზადებისა და განხილვის შემდეგ, 2002 წლის 14 ოქტომბერს მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ხელი მოეწერა კონსტიტუციურ შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ასეთი შეთანხმება თანამედროვე ეტაპზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის დარეგულირების ერთ-ერთ ყველაზე მისაღებ ფორმადაა მიჩნეული. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულება ძალიან შორს იდგა დემოკრატიული პრინციპებისაგან. ფაქტიურად ეკლესია დათრგუნული იყო სახელმწიფოს მხრიდან და მათ შორის ცივილიზებულ ურთიერთობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. ამ შეთანხმების ხელმოწერით დაიწყო ახალი ეტაპი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულებაში.
წინამდებარე კომენტარი წარმოადგენს კონსტიტუციური შეთანხმების ავტორისეულ გააზრებას. მის ავტორს - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ დავით ჩიკვაიძეს მიუხედავად ახალგაზრდობისა, საეკლესიო სამართალი მაღალ დონეზე აქვს გააზრებული.
დავით ჩიკვაიძე დაიბადა ქ. თბილისში 1983 წელს. 2001 წელს მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე. იგი პირველი კურსიდანვე დაინტერესდა სამართლის ისტორიით და კერძოდ, საეკლესიო სამართლის შესწავლით. აღნიშნულ საკითხებს მან მიუძღვნა რამდენიმე შესანიშნავი საკონფერენციო თემა. 2002 წლიდან მუშაობს დიდი სჯულისკანონის იურიდიული მიმართულებით შესწავლაზე. მიმდინარე წელს დავით ჩიკვაიძემ წარმოადგინა საკონფერენციო თემა სახელწოდებით „შეცოდებათა (საეკლესიო დანაშაულთა) სახეები ათორმეტთა მოციქულთა და მსოფლიო საეკლესიო კრებათა კანონების მიხედვით“, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე. ასევე, ა.წ. 1-2 მაისს საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაზე სახელწოდებით „აფხაზეთის საკათალიკოსოს ისტორია - გზა ქრისტიანობისა დასავლეთ საქართველოში“ მან წარმოადგინა თემა „აფხაზეთის საკათალიკოსოში მოქმედი საეკლესიო სამართლის ძეგლები“.
2002 წლიდან დავით ჩიკვაიძეს საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ ეთერში მიჰყავს გადაცემათა ციკლი „საეკლესიო სამართალი“, რომელიც უახლოეს პერიოდში ცალკე წიგნად გამოიცემა. სამეცნიერო მუშაობის წარმატებით წარმართვაში დავით ჩიკვაიძეს ხელს უწყობს დიდი ერუდიცია და ღრმა წიგნიერება, კოლოსალური შრომისმოყვარეობა და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, უცხო ენების ცოდნა. ამჟამად იგი ფლობს ინგლისურ, რუსულ, თურქულ, უკრაინულ, ბერძნულ და აზერბაიჯანულ ენებს, აგრეთვე ლათინურსა და ძველბერძნულს.
დასასრულ, გამოვთქვამთ იმედს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება საეკლესიო სამართლის შესწავლა კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე მისი მოქმედ სამართლად აღიარების შემდეგ და ფართო საზოგადოება დაინტერესდება აღნიშნული დარგით.
ნანული კორძაია-სამადაშვილი