1. წმიდა სინოდის სხდომის გახსნის შემდეგ უწმინდესმა და უნეტარესმა აღნიშნა, რომ დიდია მნიშვნელობა რწმენისა და მეცნიერების მჭიდრო კავშირისა. ისტორიულად ყველა მონასტერი წარმოადგენდა არა მარტო სულიერი მოღვაწეობის სავანეს, არამედ სამეცნიერო მოღვაწეობის კერას და ეს ტრადიცია დღესაც უნდა გაგრძელდეს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სხვა კომისიებთან ერთად შეიქმნა ქრისტინული თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისია, რომლის თავმჯდომარედ არჩეულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მეცნიერებათა აკადემიის საპატიო აკადემიკოსი.
კომისიის წევრებია, როგორც საერო მეცნიერები, ასევე სასულიერო პირები.
წმინდა სინოდი მიესალმა მეცნიერებათა აკადემიის ამ გადაწყვეტილებას, აღნიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა აკადემიის არსებობის მანძილზე, რაც უდაოდ გამოიღებს დადებით შედეგს.
2. წმინდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, მთავარეპისკოპოს თეოდორეს (ჭუაძე) მოხსენება აკრძალვაში მყოფი ქართველი სასულიერო პირების უკრაინაში ვიზიტის შესახებ.
მღვდელმოქმედება აკრძალულნი, - ეპისკოპოსი ქრისტეფორი წამალაიძე და დეკანოზი ბასილ კობახიძე საქართველოს საპატრიარქოსთან შეუთანხმებლად იმყოფებოდნენ უკრაინაში და ესწრებოდნენ მსახურებას ე.წ. უკრაინის საპატრიარქოში, რომელიც არ არის აღიარებული არც ერთი მართლმადიდებლი, ავტოკეფალური ეკლესიის მიერ.
წმინდა სინოდი გმობს აკრძალვაში მყოფი ზემოაღნიშნული ქართველი სასულიერო პირების თვითნებურ საქციელს.
საქართველოს ეკლესიას კარგად ესმის უკრაინაში არსებული რელიგიური პრობლემების სიმწვავე, თვლის, რომ ქვეყნის ერთიანობისა და განვითარების ერთ-ერთი საფუძველი არის ეკლესიის ერთიანობა და გამოთქვამს მზადყოფნას ამ მხრივ გვერდში დაუდგეს ერთმორწმუნე უკრაინელ ხალხს, მაგრამ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციის შესაბამისად, ეკლესიებს შორის არსებული საკითხები უნდა გადაწყდეს ქრისტესმიერი სიყვარულით.
უკრაინის ეკლესიამ დამოუკიდებლობა უნდა მოიპოვოს მხოლოდ საეკლესიო სამართლის კანონების დაცვით, რაშიც მხარეთა სურვილის შემთხვევაში საქართველოს ეკლესიაც თავის წვლილს შეიტანს.
3. წმინდა სინოდმა იმსჯელა რუსეთის პრეზიდენტის შემდეგ განცხადებაზე: „თუ ვინმე თვლის, რომ შესაძლებელია კოსოვოს მიენიჭოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაშინ რატომ უნდა ეთქვას უარი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს...“
წმინდა სინოდზე აღინიშნა, რომ თუნდაც ერთი პრეცენდენტი სეპარატიზმის ხელშეწყობისა, საფრთხეს შეუქმნის როგორც ცალკეულ რეგიონებს, ასევე მთელ მსოფლიოს. ამან შეიძლება მსოფლიო გახვიოს ომის ქარცეცხლში. ეს საშიშია როგორც პოლიტიკური, ასევე ეკლესიური თვალსაზრისით.
4. წმინდა სინოდმა მოისმინა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ დანიელის (დათუაშვილი) მოხსენება ცხუმ-აფხაზეთის პრობლემის შესახებ.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი გმობს ბერ-დიაკონ დავითის (სარსანია) მოქმედებას, როგორც ანტიეკლესიურს და ანტიკანონიკურს. იგი, როგორც საქართველოს ეკლესიის მღვდელმსახური, გამოძახებულ იქნა საქართველოს საპატრიარქოში, რათა გასცეს პასუხი საკუთარ ქმედებებზე.
წმინდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სპეციალური კომისია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემების შესასწავლად, შემდეგი შემადგენლობით:
მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) - თავმჯდომარე;
მიტროპოლიტი ანანა (ჯაფარიძე);
მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა);
მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე);
ეპისკოპოსი გერასიმე (შარაშენიძე);
ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა);
5. წმინდა სინოდმა მოისმინა: მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტ ანანიას (ჯაფარიძე) და დმანისის ეპისკოპოს ზენონის (იარაჯული) განცხადება ქვემო ქართლის ერთ-ერთი ისტორიული ეპარქიის აღდგენის თაობაზე.
წმინდა სინოდმა განაჩინა: აღდგეს ისტორიულად არსებული აგარაკ-ტაშირის ეპარქია და იგი დაექვემდებაროს დმანისის ეპისკოპოსს, რომლის ტიტულიც განისაზღვროს შემდეგნაირად: ეპისკოპოსი დმანისისა და აგარაკ-ტაშირისა, კათედრა დმანისში.
საქართველოს საპატრიარქო
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №7, 2006 წ.