1. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა 2001 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე იმსჯელა დღეს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.
წმიდა სინოდი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო. ის დაძაბული ვითარება, რომელიც ბოლო წლებში აქ შეიქმნა, ძირითადად, გარეშე ძალთა ჩარევითაა გამოწვეული, რაც საშიშროებას უქმნის მთელ საქართველოს, საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ერის შვილებს, როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს. აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია კი ერთ-ერთი უძველესი - ჩვენს ეკლესიაში.
მთელი მსოფლიო, და მათ შორის რუსეთი, აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთში დაბრუნების, რეგიონში სამართლიანობის აღდგენისა და მშვიდობის დამყარების მტკიცე საფუძველია.
წმიდა სინოდი გმობს ტერორიზმს, რომელიც ხშირად აგრესიული სეპარატიზმის წიაღში იშვება და მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანი და სამართლიანი გზით მოწესრიგებისაკენ მოუწოდებს.
დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის შეწევნით, საქართველოსადმი კეთილგანწყობილი ქვეყნებისა და კეთილი ნების ადამიანების დახმარებით აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყანაში მშვიდობა დამყარდება.
„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“ (ფს. 28,11).
2. წმიდა სინოდმა მოისმინა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენება საქართველოს ეკლესიაში არსებული მდგომარეობის შესახებბ, ასევე მოსმენილ იქნა მღვდელმთავრების ინფორმაცია საეპარქიო ცხოვრების საკითხებზე.
3. წმიდა სინოდმა იმსჯელა ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის საკითხზე და განაჩინა:
ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნას ბოდბის ეპარქიის მმართველად, ხოლო ბოდბელი მთავარეპიკოპოსი ნიკოლოზი - ცაგერისა და სვანეთის ეპარქიის მმართველად.
4. წმიდა სინოდმა იმსჯელა გორისა და სამთავისის ეპარქიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ და განაჩინა: საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, კონფლიქტური ვითარების თავიდან აცილების მიზნით, გორისა და სამთავისის მთავარეპისკოპოსი ვახტანგი გადაყვანილ იქნას საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიის მმართველად, ხოლო საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსი ანდრია - გორისა და სამთავისის ეპარქიის მმართველად.
5. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს თავმჯდომარემ, მიტროპოლიტმა დავითმა თხოვნით მიმართა წმიდა სინოდს, რათა ყველა ეპარქიის მმართველმა გამოყოს პიროვნება, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს ტაძრების მშენებლობის, მოხატვისა და რესტავრაციის საქმეს და მჭიდრო კავშირი ექნება ხუროთმოძღვრების ცენტრთან.
წმიდა სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და განაჩინა: ტაძრებისა და მონასტრების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა განხორციელდეს მხოლოდ ეპარქიების შესაბამისი სტრუქტურების ვიზირებისა და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის მიერ დამტკიცების შემდეგ.
6. წმიდა სინოდმა იმსჯელა ძველი ტაძრების აღდგენისა და რესტავრაციის საკითხზე და განაჩინა:
ეპარქიებში მღვდელმთავრებმა ახალი ტაძრების მშენებლობასთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ძველი ტაძრებისა და მონასტრების აღდგენისა და რესტავრაციის საქმეს.
7. ბოლო წლებში ჩვენს ეკლესიაში ადგილი აქვს თვითნებური ექსპერიმენტების ჩატარებას საეკლესიო გალობის სფეროში. წმიდა სინოდმა იმსჯელა ამ საკითხზე და განაჩინა:
საქართველოს საპატრიარქოში შეიქმნას ძველი ქართული საგალობლების შესწავლისა და აღდგენის ცენტრი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, იობის ხელმძღვანელობით.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 42, 2001 წ.