საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

17 ოქტომბერი, 2002 წელი, თბილისი

2002 წლის 17 ოქტომბერს შედგა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მარილმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომა.

სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი ღა უნეტარესი ილია II.

პირველ რიგში, მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ წმიდა სინოდის წევრებს წარუდგინა ჩვენი ეკლესიისა და ერის წინაშე თავდადებით მოღვაწე იმ პირთა სია, რომელთა წმიდათა დასში შერაცხვაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.

წმიდა სინოდმა დაადგინა და წმიდანთა დასში შერაცხა:

  1. პეტრე I (V ს.) - წმიდა მეფის ვახტანგ გორგასლის თანამოღვაწე კათოლიკოსი.
  2. სამუელ I (V-VI ს.) - პეტრე I შემდგომი კათოლიკოსი.
    მათი ხსენების დღედ განიჩინა 30 ნოემბერი (ძვ. სტ.).
  3. მელქისედეკ I (XI ს.) - სვეტიცხოვლის განმაახლებელი. საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი.
    ხსენების დღე - 1 ოქტომბერი (ძვ. სტ.).
  4. ზოსიმე II - ეპისკოპოსი კუმურდოელი (XV ს.) დიდი მიღვაწე, ჰიმნოგრაფი და მქადაგებელი.
    ხსენების დღე - 1 მაისი (ძვ. სტ.).
  5. კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანა და დედანი (IX ს.) გამორჩეულნი დიდი სულიერებით, სასწაულმოქმედებით, მონასტერთა აღმშენებლობით.
    ხსენების დღე - 5 ოქტომბერი (ძვ. სტ.).
  6. მღვდელმონაზონი თევდორე აჭარელი (XVIII-XIX ს.) - ათონის მთაზე ოსმალთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებული.
    ხსენების დღე - 17 თებერვალი (ძვ. სტ.).
  7. მღვდელმონაზონი ილარიონ ქართველი (ყანჩაველი, XVIII-XIX ს.) - იმერეთის მეფის, სოლომონ II მოძღვარი. იღვაწა რუსეთში, წმიდა მიწაზე, ათონის მთაზე. გამოირჩეოდა ასკეტური და აღმსარებლობითი ცხოვრებით.
    ხსენების დღე - 14 თებერვალი (ძვ. სტ.). ეწოდა ილარიონ ქართველი ახალი.
  8. აბუსერისძე ტბელი (XIII ს.). ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი და ჰაგიოგრაფი, საქართველოს მთლიანობისთვის თავდადებული.
    ხსენების დღე - 17 აგვისტო (ძვ. სტილით).
  9. ექვთიმე თაყაიშვილი (XIX-XX სს.). დიდი მეცნიერი და მოღვაწე, საქართველოს ეკლესის ავტოკეფალიისთვის მებრძოლი, ეროვნული საგანძურისა და სიწმიდეების გადამრჩენელი, უღმრთოთაგან დევნილი.
    ხსენების დღე - 3 იანვარი (ძვ. სტ.). ეწოდა ექვთიმე ღვთისკაცი.
  10. კირიონ II (საძაგლიშვილი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (XIX-XX სს.) - გამოჩენილი საეკლესიო და ეროვნული მოღვაწე, მკვლევარი, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალოს აღდგენისთვის დევნილი, მოწამეობრივად აღსრულებული.
    ხსენების დღე - 27 ივნისი (ძვ. სტ.). ეწოდა მღვდელმოწამე კირიონი.

წმიდა სინოდმა განაჩინა, ახლადშერაცხილ წმიდანთა სახელზე შეიქმნას ხატები და დაიწეროს საგალობლები. ამასთან, ახალწმიდანთა შესახებ უნდა ეცნობოს მსოფლიოს მარილმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს. რათა ეს სახელები შეტანილ იქნას მათ საეკლესიო კალენდარშიც.

წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვა საქართველოს ეკლესიის ისტორიაში წმიდა ანდრია პირველწოდებულის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. როგორც ჩვენი სამოციქულო საყდრის (ეკლესიის) დამაარსებლისა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წინადადებით მიმართა წმიდა სინოდს, ძველი ტრადიციის (ზოსიმესეული კალენდარი, იერუსალიმის კანონარი) გათვალისწინებით, წმიდა ანდრიას ხსენების განსაკუთრებულ დღედ განისაზღვროს 29 აპრილი (ძვ. სტ.).

წმიდა სინოდმა განაჩინა: დაარსდეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უმაღლესი საეკლესიო ორდენი.

მიღებულ იქნას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება და წმიდა ანდრია მოციქულის ხსენების დღედ 30 ნოემბერთან (ძვ. სტ.) ერთად დადგინდეს 29 აპრილი (ძვ. სტ.).

წმიდა სინოდმა განიხილა წინადადება დასავლეთ ეეროპაში ახალი ეპარქიის დაარსების შესახებ.

ასევე განხილულ იქნა საკითხი ისტორიული ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში ნომინალურად აღდგენისა, რათა სათანადო პასუხი გაეცეს საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებულ ზოგიერო შეგნებულად გაყალბებულ სტატიას.

წმიდა სინოდმა განაჩინა: მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია) გათავისუფლდეს ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიიდან )გამოეცხადოს მადლობა სასულიერო სასწავლებლებისა და საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებაში გაწეული შრომისათვის) და დაინიშნოს საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მმართველად.

წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით ცვლილება მოხდა ეპარქიებშიც, კერძოდ:

წილკნის ეპარქიას ცალკე გამოეყო ყაზბეგის რაიონი და ეწოდა მას სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქია.

ორად გაიყო ცაგერისა და სვანეთის ეპარქია. დაარსდა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია და მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია.

ასევე ორად გაიყო ბორჯომისა და ახალქალქის ეპარქია. დაარსდა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია და ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მოხდა მღვდელმთავართა ადგილის შეცვლაც:

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) გათავისუფლდა ცაგერისა და სვანეთის ეპარქიიდან და დაინიშნა ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მმართველად.

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გათავისუფლდა მარგვეთის ეპარქიიდან და დაინიშნა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მმართველად.

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, მთავარეპისკოპოსი ვახტანგი გათავისუფლდა საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქიიდან და დაინიშნა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მმართველად.

საგარეჯოსა და გურჯაანის ეპარქია დროებით შეუერთდა ალავერდის ეპარქიას და დაექვემდებარა ამბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს (მახარაძეს).

ახალციხის ეპისკოპოსის ტიტულს ნომინალურად დაემატება ტაო-კლარჯეთი და ლაზეთი და ეწოდება მას ეპისკოპოსი ახალციხისა, ტაო-კლარჯეთასა და ლაზეთისა.

წმიდა სინოდმა განიხილა საკითხი ახალი საეპისკოპოსო კანდიდატების შერჩევის შესახებ.

წმიდა სინოდის მიერ საეპისკოპოსო კანდიდატებად დადგენილ იქნენ: იღუმენი პეტრე (ცაავა), იღუმენი სტეფანე (კალაიჯიშვილი), იღუმენი ილარიონი (ქიტიაშვილი).

სტეფანწმიდისა და ხევის ეპისკოპოსად არჩეულ იქნა ყაზბეგის რაიონის სოფლების: სნოს, ახალციხისა და კარკუჩის ეკლესიების წინამძღვარ იღუმენი პეტრე (ცაავა).

ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსად არჩეულ იქნა არქიმანდრიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ახალციხის ეპარქიის ჭულევის მამათა მონასტრის წინამძღვარი.

მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიის ეპისკოპოსად არჩეულ იქნა ურბნისისა და რუისის ეპარქიის წრომის საკათედრო ტაძრის, ახალსოფლის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის. ხცისის წმიდა გიორგისა და ხცისის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი ილარიონი (ქიტიაშვილი).

წმიდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედებააკრძალული სამღვდელოების: მღვდელმონოზონ ანგიას (ჩოხელი) და გრიგოლ ხოჯავას სახელით შემოსული წერილები და მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა მღვდელმონოზონ ანგიას (ჩოხელი), ხოლო გრიგოლ ხოჯავა შემდგომი გამოცდის ვადით განამწესა შიომღვიმის მონასტერში.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდა სინოდის სხდომაზე განსახილველად შემოიტანა სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმების ტექსტის დამტკიცების საკითხი.

წმიდა სინოდმა განიხილა და მოიწონა კონსტიტუციური შეთანხმების ტექსტი. აღინიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ისტორიულად არსებული ურთიერთობები თანამედროვე ეტაპზე განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. ეკლესიამ უნდა აღიდგინოს თავისი ადგილი ქვეყნისა და ხალხის ცხოვრებაში იმ აუცილებელი პირობით, რომ შეინარჩუნოს ერის გამაერთიანებლის და მისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი სხვა ფუნქციები და, ამავე დროს, იყოს დამოუკიდებელი.

ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს კონსტიტუციური შეთანხმების წარმოდგენილი მოდელი, რომელიც თავისი სამართლებრივი სტატუსით სახელმწიფოში კონსტიტუციის შემდეგ უმაღლესი რანგის იურიდიული დოკუმენტია. ეკლესია თითქმის სრულად იძენს ყველა იმ უფლებამოსილებას, რაც კი მას შეიძლება ჰქონდეს. ამასთანავე, დაცულია მისი სუვერენიტეტი.

ეს ფორმა მართლმადიდებელ სამყაროში უნიკალურია და იგი გამიჯნულია იმ მთავარი პრობლემებისაგან. რასაც დღეს მოქმედი სხვა მოდელები ატარებენ.

წმიდა სინოდმა ცალკე იმსჯელა ეკლესიის მდგომარეობის შესასებ XIX-XX საუკუნეებში, (რამაც ასახვა ჰპოვა კონსტიტუციური შეთანხმების XI მუხლში) და ამასთან დაკავშირებით გამოთქვა ოფიციალური პოზიცია.

წმიდა სინოდმა დაადგინა:

1. ვინაიდან 1801 წელს საქართველომ იძულების წესით უკანონოდ დაკარგა ჯერ სახელმწიფოებრვი, ხოლო 1811 წელს ეკლესიური დამოუკიდებლობა და ამ დროიდან იმპერიალისტური ძალების მიერ ხორციელდებოდა ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა, ჩვენი ერი და ეკლესია მოკლებული იყო თავისი სუვერენული ნების გამოხატვის შესაძლებლობას.

დღეს, როდესაც ხდება ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია მიიჩნევს, რომ მისი ანექსიის პერიოდში განხორციელებული რელიგიური პოლიტიკა და სხვა ქმედებანი ვერ ჩაითვლება კანონიერად და მისაღებად და უფლებას იტოვებს, თავის კანონიკურ საზღვრებში აღდგენილად გამოაცხადოს დამოუკიდებლობის დაკარგვამღდ არსებული (სტატუს ქვო-ს) მდგომარეობა, რაც საყოველთაოდ აღიარებულ სამართლიანობის პრინციპს ეფუძნება;

2. მოწონებულ და დამტკიცებულ იქნას საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველში ხელმოწერილი კონსტიტუციური შეთანხმების წარმოდგენილი ვარიანტი;

3. აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობოს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმებიდან გამომდინარე წმიდა სინოდმა განაჩინა, რომ უნდა მოხდეს სათანადო ცვლილებების შეტანა საეკლესიო მართვა-გამგეობის დებულებაში. ახალი დებულების პროექტის შედგენაზე მუშაობა წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით დაევალა სათანადო კომისიას.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 43, 2002 წ.