საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის
წმიდა სინოდის სხდომის ოქმი
26 ოქტომბერი, 1999 წელი, თბილისი
თავმჯდომარე: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი
ილია II.
მდივანი: წილკნელი მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი).
წმიდა სინოდის სხდომა გახსნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II.
მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ სხდომის მონაწილეთ მიულოცა უფლისა ჩვენისა იესო
ქრისტეს შობის 2000 და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი.
წმ სინოდმა განიხილა სხვადასხვა საკითხები:
I. რა გაკეთდეს მაცხოვრის ჩვენის, იესო ქრისტეს შობის 2000 წლისთავის
აღნიშვნისთვის საქართველოში.
სინოდმა განაჩინა: ეს დღესასწაული ფართოდ იქნას აღნიშნული მთელს ჩვენს
ქვეყანაში. ამ მიზნით:
- შეიქმნას საიუბილეო მედალი, რომლის ერთ მხარეს გამოსახული იქნება შობა
მაცხოვრისა ბეთლემში, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000
წლის აღმნიშვნელი სიმბოლო;
- მღვდელმთავრის თავმჯდომარეობით ყველა ეპარქიაში ჩამოყალიბდეს კომისიები,
რომელიც დასახავს ეპარქიაში ჩასატარენელი ღონისძიებების გეგმას: საიუბილეო
წიგნებისა და ბუკლეტების გამოცემას, სრულმეტრაჟიანი ფილმების გადაღებას,
სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების ჩატარებას;
- შეიქმნას მაცხოვრის შობის 2000 წელთან დაკავშირებით სადიდებელ-სამადლობელი
პარაკლისი;
- სამღვდელოთა და მლოცველთა ჯგუფებმა უნდა მოიარონ წმიდა ანდრია
პირველწოდებულისა და წმიდა მოციქულთა სწორი ნინოს გზები დასავლეთსა და
აღმოსავლეთ საქართველოში;
- მოეწყოს საეკლესიო გამოფენები, ჩატარდეს კონკურსები მუსიკაში, მხატვრობაში,
ლიტერატურაში;
- საეკლესიო კომისიამ მუშაობის პროცესში კოორდინაცია მოახდინოს საერო
მოღვაწეებთან.
- შეიქმნას საიუბილეო კომისიის ქვეკომისიები:
- საღვთისმსახურო;
- სამეცნიერო-საგანმანათლებლო;
- ხელოვნების და კულტურის;
- საქველმოქმედო.
ქვეკომისიებში შეყვანილ იქნან შემდები სასულიერო პირები:
- საღვთისმსახურო: მთავარეპისკოპოსი დანიელი (დათუაშვილი), ეპისკოპოსი
ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა);
- სამეცნიერო-საგანმანათლებლო: მიტროპოლიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი),
მთავარეპისკოპოსი ანანია (ჯაფარიძე), მთავარეპისკოპოსი აბრაამი (გარმელია);
- ხელოვნებისა და კულტურის: მთავარეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი),
ეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია), ეპისკოპოსი სერაფიმე (ჯოჯუა);
- საქველმოქმედო: ეპისკოპოსი საბა (გიგიბერია), ეპისკოპოსი ანტონი
(ბულუხია).
II. წმიდა სინოდმა განიხილა საქართველოს ეკლესიის პოზიცია მართლმადიდებელ
ეკლესიაში ავტოკეფალიის, ავტონომიის, დიპტიხისა და დიასპორას შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდალური კომისია მთავარეპისკოპოს
ანანას (ჯაფარიძე), მთავარეპისკოპოს ზოსიმეს (შიოშვილი), ეპისკოპოს დიმიტრის
(შიოლაშვილი) შემადგენლობით, რომელიც დამატებით შეისწავლის აღნიშნულ საკითხებს და
მასალებს წარმოუდგენს წმიდა სინოდს.
III. წმიდა სინოდმა იმსჯელა ეკლესიის სოციალური დაცვის ფონდის შექმნის
შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა: ამ მიზნით შეიქმნას სინოდალური კომისია შემდეგი
შემადგენლობით: ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ეპისკოპოსი დიმიტრი
(შიოლაშვილი), ეპისკოპოსი ისაია (ჭანტურია).
IV. განიხილეს საკითხი ცოტნე დადიანის წმინდანად შერაცხვის შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
- ცოტნე დადიანი ერისა და ეკლესიის წინაშე თავდადებული მოღვაწეობისათვის,
ვითარცა „დამდებელი სულისა თვისისა და აღმსარებელი მცნებისა უფლისა“ - შერაცხილ
იქნას წმიდანად და ეწოდოს მას საქართველოს თავდადებული აღმსარებელი.
- მისი ხსენების დღედ დაწესდეს 30 ივლისი (ძვ. სტ.);
- წმიდანის სადიდებლად ტიპიკონის მიხედვით დაიწეროს ლოცვები;
- წმიდანის სახელზე საქართველოში აიგოს წმიდა ტაძარი;
- შეიქმნას წმიდანის ხატი;
- წმიდანის კანონიზაციის შესახებ ეცნობოს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა
მეთაურებს.
V. წმიდა სინოდმა მოისმინა საეკლესიო ხელოვნების საბჭოს წერილობითი
თხოვნა, რომ საბჭოსთან შეუთანხმებლად არ მოხდეს ეპარქიებში ტაძრის მშენებლობა,
სარესტავრაციო სამუშაოები და ეკლესიის კეთილმოწყობასთან დაკავშირებული
მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. წერილობითი თხოვნა წარმოადგიან მისმა
ყოვლადუსამღვდელოესობამ ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძემ).
VI. წმიდა სინოდმა მოისმინა ჭიათურის მთავარეპისკოპოს აბრაამის
(გარმელია) ინფორმაცია დეკანოზ ზურაბ ანთიძის ანტიკანონიკურ ქმედებათა შესახებ.
წმიდა სინოდმა დაადგინა: დაინიშნოს სინოდალური კომისია მთავარეპისკოპოს
ზოსიმეს (შიოშვილი), ეპისკოპოს საბას (გიგიბერია) და ეპისკოპოს დიმიტრის
(შიოლაშვილი) შემადგენლობით, რომელმაც უნდა შეისწავლოს დეკანოზ ზურაბ ანთიძის
საკითხი.
VII. წმიდა სინოდმა მოისმინა ინფორმაცია დეკანოზ როსტომ ლორთქიფანიძის
მიერ საერო პრესაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების შესახებ, რომლებშიც ვლინდება მისი
ანტიეკლესიური აზროვნება.
წმიდა სინოდმა განაჩინა: დაინიშნოს სინოდალური კომისია მთავარეპისკოპოს
იობის (აქიაშვილი), ეპისკოპოს ანტონისა (ბულუხია) და ეპისკოპოს გერასიმეს
(შარაშენიძე) შემადგენლობით, რომელმაც უნდა შეისწავლოს დეკანოზ როსტომ
ლორთქიფანიძის საკითხი.
VIII. წმიდა სინოდმა მოისმინა ინფორმაცია აკრძალვაში მყოფი მღვდლის დავით
კიკნაძის (იგივე რამაზ ჭელიძის) უკანონო ქმედებათა შესახებ, რომელიც
მღვდელმსახურების აკრძალვის შემდეგაც აგრძელებს მღვდელმოქმედებას და დაკავშირებულია
განკვეთაში მყოფ სამღვდელოებასთან.
წმიდა სინოდმა დაადგინა: მღვდელი დავით კიკნაძე (იგივე რამაზ ჭელიძე),
თანახმად საეკლესიო კანონებისა, სრულიად განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან და
დაყვანილ იქნას ერისკაცობამდე.
IX. წმიდა სინოდმა მოისმინა მწვალებლურ დაჯგუფებაში (ე.წ. ავქსენტიოსის
სინოდის ბოსტონური ფრთა) მყოფი ჯიმა შაკაიას მონანიების წერილი.
წმიდა სინოდმა განაჩინა: ჯიმა შაკაიას მიეცეს შენდობა და დაბრუნებულ
იქნას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 43, 1999
წ.
|