ქ. თბილისი, საქართველოს საპატრიარქო
თავმჯდომარე: უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II.
მდივანი: ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
სხდომას არ ესწრებოდნენ: რუსთავისა და მარნეულის მიტროპოლიტი ათანასე (ჩახვაშვილი), დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი), დმანისის ეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული).
I. წმიდა სინოდმა მოისმინა:
მოხსენება სახელმწიფოს მიერ საქართველოს საპატრიარქოსთვის ქონების გადმოცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
მომხსენებელი: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე).
წმიდა სინოდმა მადლიერებით აღნიშნა, რომ მართალია, კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული ძირითადი ტერიტორიები და შენობა-ნაგებობები დაუკანონდა ეკლესიას და გადმოეცა ახალი ობიექტიც, მაგრამ გასაკეთებელი კვლავაც ბევრია, განსაკუთრებით ეპარქიებთან მიმართებაში.
წმიდა სინოდმა დაადგინა: ეპარქიებში შეიქმნას კომისიები, რათა დაჩქარდეს საპატრიარქოში სათანადო მასალების დროულად წარმოდგენა და ეკლესიისთვის სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების პროცესის გაგრძელება.
II. წმიდა სინოდმა მოისმინა მოხსენება საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.
მომხსენებელი: დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ბ-ნი ავთანდილ სულაბერიძე
წმიდა სინოდმა გამოთქვა გულისტკივილი ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამო და ამასთან გამოხატა მზადყოფნა, რათა ეკლესიის მიერ მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ოჯახებში მრავალშვილიანობის წახალისებას. ითქვა იმ დადებით ძვრებზეც, რაც მოყვა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე ბავშვის ნათლიობის დაწესებას.
III. წმიდა სინოდმა მოისმინა ინფორმაცია ცხუმ-აფხაზეთის და ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიებში არსებული მდგომარეობის შესახებ:
მომხსენებლები: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი);
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია);
წმიდა სინოდმა განაჩინა:
1. წერილობით მიემართოს მოსკოვის საპატრიარქოს, რათა აღკვეთილ იქნას ის არაკანონიერი ქმედებები, რომელიც რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლების მიერ ხორციელდება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და რაც კიდევ უფრო ამწვავებს ჩვენს ქვეყანებს შორის არსებულ ისედაც დაძაბულ ვითარებას.
2. შეიქმნას მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საქართველოს ისტორიის საკითხების გაყალბების მცდელობის წინააღმდეგ და სისტემატიურად გამოაქვეყნებს შესაბამის მასალას.
IV. წმიდა სინოდმა მოისმინა: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინადადება პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად არჩევის შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი გამორჩეულ იქნას ცურტავის ტიტულოვან ეპისკოპოსად და დადგენილ იქნას კათოლიკოს-პატრიარქის მეორე ქორეპისკოპოსად.
პროტოპრესვიტერ გიორგის ბერად აღკვეცა შედგეს თბილისის წმიდა სამების საკათედრო ტაძარში, ხოლო ეპისკოპოსად კურთხევა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.
V. წმიდა სინოდმა მოისმინა პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელის მოხსენება საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო დაწესებულებების მდგომარეობის შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედ ტაძარებთან შეიქმნას საკვირაო სკოლები.
საკვირაო სკოლების საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია დაევალოს საქართველოს საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტს.
VI. წმიდა სინოდის სხდომაზე წაკითხულ იქნა ახალგაზრდული ორგანიზაციების კოალიციის „მოძრაობა ზნეობრივი საქართველოსთვის“ საკოორდინაციო საბჭოს მიმართვა (16 ორგანიზაცია) წმიდა სინოდისადმი, სადაც ისინი ითხოვენ ეკლესიამ მხარი დაუჭიროს იმ მოთხოვნებს, რომელიც „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ სრულყოფას ეხება.
წმიდა სინოდზე აღინიშნა, რომ ტელევიზიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერ-კულტურულ და ზნეობრივ ფორმირებაში, რომ ნებსით თუ უნებლიედ ამ მაუწყებლობის საშუალებით ხდება ძალადობის, აღვირახსნილობის, უზნეობის პროპაგანდა და აუცილებელია კანონით აღნიშნული პროცესის აღკვეთა.
წმიდა სინოდმა დაადგინა: მიემართოს „მარეგულირებელ კომისიას“ და უშუალოდ ტელევიზიის ხელმძღვანელობებს, რათა დაიცვან ჩვენი საზოგადოება უხამსობისა და აგრესიისაგან და ხელი შეეწყოს ეროვნული იდეოლოგიის განმტკიცებას.
VII. წმიდა სინოდმა მოისმინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესის და უნეტარესის ილია II მოხსენება სოციალურ სფეროში საქართველოს ეკლესიის გააქტიურების შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა:
1. საქართველოს საპატრიარქოში და ეპარქიებში შეიქმნას დასაქმების ხელშემწყობი საბჭოები, რომლის მუშაობაში აქტიურად უნდა ჩაებან სასულიერო პირები.
2. დასაქმების საბჭოებს დაევალოს სოციალური პროექტების შედგენა და საჭირო ფინანსურ-მატერიალური საშუალებების მოძიება სათანადო პროექტების განსახორციელებლად.
VIII. წმიდა სინოდმა მოისმინა: უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II წინადადება ჩვენთა დიდთა წინაპართა, - გიორგი გურამიშვილის, მამა-შვილ კაკაბაძეების, 300 არაგველისა და კრწანისის ომში მოწყვეტილ სხვა გმირთა, - საერო და სასულიერო პირთა, - წმინდანად შერაცხვის შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა: 1795 წ. კრწანისის ომში მომწყდარნი 300 არაგველნი და სასულიერო და საერო პირნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად.
დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 11 (24) სექტემბერი.
ეთხოვოს ქ. თბილისის მერიას საპატრიარქოსთან შეთანხმებით, იზრუნოს კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე.
IX. წმიდა სინოდმა მოისმინა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II წინადადება მარაბდაში ბრძოლის ველზე დაცემულ ცხრა ძმა ხერხეულიძის, მათი დისა და დედის და 9000 ქართველის წმიდანად შერაცხვის შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა: 1625 წ. მარაბდის ომში რწმენისა და სამშობლოსათვის თავგანწირული 9 ძმა ხერხეულიძე, მათი და და დედა, 9000 მხედარი და მათი მხედართმთავარნი შერაცხილ იქნან წმიდა მოწამეებად.
დაიწეროს მათი ხატი, ტროპარ-კონდაკი, ცხოვრება და საგალობლები. მათი ხსენების დღედ დაწესდეს 3 (16) აგვისტო.
X. წმიდა სინოდმა მოისმინა წინადადება საქართველოს სამოციქულო ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს, - "უფლის კვართის ორდენის" დაწესების შესახებ.
წმიდა სინოდმა განაჩინა: საპატრიარქო მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა და ქართველი ერის წინაშე გაწეული განუზომელი ღვაწლისათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II დაჯილდოვდეს "უფლის კვართის ოქროს ორდენით".
დაჯილდოება შედგება ა.წ. 13 ივლისს (30 ივნისს), თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სადღესასწაულო წირვაზე.
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 24, 2008 წ.