საეკლესიო სამართალი წარმოადგენს იმ ნორმების ერთობლიობას, რომლებიც აწესრიგებენ ურთიერთობას ეკლესიასა და მის მრევლს (ანუ წევრებს) შორის და ასევე მრევლს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს. საეკლესიო სამართალიც, მსგავსად სამართლის სხვა დარგებისა, სავალდებულოა შესასრულებლად და შეუსრულებლობა იწვევს შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ამდენად, საეკლესიო სამართლის შესწავლისას, სათანადო ყურადღების ღირსია საეკლესიო სამართლის პროცესის შესწავლა, იმ საპროცესო ნორმების გამოკვლევა, რომლებიც ადგენენ საქმის განხილვისა და გადაწყვეტის წესს საეკლესიო სამართალში.
სამართლის თეორიაში მიღებულია, რომ საპროცესო სამართალი (რომელ დარგსაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს იგი) წარმოადგენს საჯარო სამართლის ნაწილს1. ამავე დროს, საეკლესიო სამართალი თავად მიეკუთვნება საჯარო სამართალს2, რაც იმას ნიშნავს, რომ საეკლესიო სამართლის პროცესიც მიეკუთვნება საჯარო სამართალს.
საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო სამართლის სპეციფიკიდან გამომდინარე, დარგობრივი დაყოფა საეკლესიო სამართალში პირობითია და იგი მხოლოდ სამეცნიერო ხასიათს ატარებს. მსოფლიო, ადგილობრივ საეკლესიო კრებათა თუ სხვა კანონები, რომლებიც საეკლესიო სამართლის უმთავრეს წყაროებს წარმოადგენენ, საერთოდ არ იცნობენ დარგობრივ დაყოფას, შესაძლბებელია ერთი ნორმით იყოს მოწესრიგებული სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობა, აქვე იყოს სასჯელი მისი დარღვევისთვის ან მითითებული იყოს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებათა შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი მუშაობა საკვლევი საკითხის მიმართ წარიმართა იმგვარად, რომ „მოგვეძებნა“ მთელი დიდი სჯულისკანონის მასშტაბით საპროცესო ნორმები, მოგვეხდინა მათი სამართლებრივი ანალიზი, დაგველაგებინა ისინი საპროცესო ქრონოლოგიით (ანუ რომელ მოქმედებას რა მოსდევს), გამოგვეყო იმპერატიული და დისპოზიციური ნორმები და ასე შემდეგ. ცხადია, საპროცესო მოქმედებათა სახელწოდებების უმრავლესობა პირობითია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ჩვენ სახელი ვუწოდეთ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესში დღეს მიღებული ტერმინების მიხედვით. იმ შემთხვევაში თუ გარკვეულ საპროცესო მოქმედებას სახელი ჰქვია დიდი სჯულისკანონის მიხედვითაც, ჩვენ მას აღვნიშნავდით და გამოვყოფდით ცალკე.
ამ თემის მიზანია გარკვეული სახით აჩვენოს საეკლესიო სამართლის ნორმებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების სახეები და მათი სამართლებრივი ანალიზი, რაც მოკრძალებული მცდელობა იქნებოდა ამ სფეროში არსებული ვაკუუმის შევსების დიდ საქმეში.
საეკლესიო სამართლის პროცესს, მსგავსად სხვა საპროცესო სამართლისა, გააჩნია თავისი პრინციპები, ამოსავალი დებულებები, რომლის საფუძველზეც ხორციელდება საეკლესიო სამართალწარმოება. ჩვენ დიდი სჯულისკანონის ნორმების განხილვისას გამოვყავით საეკლესიო პროცესის, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი და ძირითადი პრინციპები. ცხადია, სახელწოდებები პირობითია.
1. მონანულის შეწყნარებების სავალდებულობა. საეკლესიო სამართლისთვის, ისევე როგორც თავად მართლმადიდებელი ეკლესიისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ქრისტიანი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდეს და ასრულებდეს ეკლესიის მიერ დადგენილ მცნებებს. მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ დამტკიცდა სწავლება, რომლის მიხედვითაც აღიარებულია, რომ ყოველი ადამიანი სცოდავს, მათ შორის წმინდანებიც, ხოლო ეს სწავლება, თავის მხრივ, ეფუძნება უფლის სიტყვებს3. ამიტომაც ეკლესიაში დადგენილია, რომ სავალდებულოა შეცოდების მონანიე ქრისტიანის მიღება, რაც არ უნდა მძიმედ ჰქონდეს შეცოდებული. ცხადია, იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როცა მონანიება გულწრფელია. ამიტომ მოციქულთა ნბ (52) კანონში ჩაიწერა, რომ: „უკუეთუ ვინმე ეპისკოპოსმან ანუ ხუცესმან მოქცეული ცოდვისაგან არა შეიწყნაროს, არამედ განჴადოს, განიკუეთენ“4. ეს დებულება სამართლებრივად გულისხმობს იმას, რომ სასულიერო პირს უფლება არ აქვს განუსჯელად გააძევოს ვინმე ეკლესიიდან, ცოდვის სიმძიმის მიუხედავად, მით უმეტეს, თუ იგი ინანიებს თავის შეცოდებას.
2. ერთი შეცოდებისთვის ორჯერ დასჯის დაუშვებლობა. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპია საეკლესიო სამართალში. იგი სათავეს ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან იღებს5, ხოლო საეკლესიო სამართალში ასახვა ჰპოვა არაერთ კანონში6. თუმცა ამ პრინციპს ისეთი კლასიკური სახე არ აქვს, როგორც ეს დღესაა. იმ პერიოდისთვის ამგვარი პრინციპი გულისხმობდა იმას, რომ ერთი შეცოდებისთვის ქრისტიანის მიმართ არ უნდა გამოყენებულიყო ორმაგი სასჯელი, ანუ ორჯერ არ უნდა დასჯილიყო.
3. ყველა ბრალდების დამტკიცების პრინციპი. ეს პრინციპი ასახულია კართაგენის რლ (130) კანონში. იგი ადგენს წესს, რომ ერთი ბრალმდებლის ყველა ბრალდება, რომელიც წაეყენება სასულიერო თუ საერო პირს, უნდა დამტკიცდეს ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ბრალდებათაგან თუკი რომელიმეს დამტკიცება ვერ შეძლო ბრალმდებელმა, მაშინ მის მიერ წარდგენილი ყველა ბრალდება მიუღებლად და დაუმტკიცებლად ჩაითვლება: „რომელმან ერთისა ბრალისა გამოჩინებაჲ ვერ უძლოს, სხჳსათჳს არღარა შეწყნარებულ იქმნეს“.
4. განსჯისას ბრალდებულის დაცვის პრინციპი. ჩვენ ასე ვუწოდეთ პრინციპს, რომელიც ასახულია კართაგენის რლგ (133) კანონში. იგი გულისხმობს იმას, რომ მთელი განსჯის პერიოდში (ანუ იმ დროს, როდესაც ბრალდებულის საქმე განიხილება), თუკი ზიარებიდან დაყენებულია ბრალდებული, მაშინ მის მიმართ ამგვარი განაჩენის გამომტან ეპისკოპოსთანაც სხვა ეპისკოპოსები არ უნდა ეზიარონ. ეს პრინციპი დაწესებულია ბრალდებულის დასაცავად, ანუ იმისათვის, „რაჲთა არა თქუას ვისთჳსმე ეგევითარი რაჲმე, რომლისაჲ ვერ შესაძლებელ იყოს მხილებაჲ [დამტკიცება, დ.ჩ.] სხუათაგან გამოსაჩინებელთა მიერ“ [სხვა საბუთებით, დ.ჩ.].
5. სასულიერო პირის ხარისხით ჩამოქვეითების დაუშვებლობა. მართლმადიდებელ ეკლესიაში დაწესებულია მღვდლობის საიდუმლო, რომელიც სამი ქიროტონიისაგან შედგება7. საეკლესიო კანონებში მძიმე შეცოდებისთვის სასულიერო პირების მიმართ განსაზღვრულია განკვეთა სასულიერო ხარისხიდან. როგორც ქალკედონის მსოფლიო კრების კთ (29) კანონიდან ირკვევა, იმ პერიოდისთვის ეკლესიაში არსებობდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირების ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ხარისხით ჩამოაქვეითებდნენ, მაგ.: ეპისკოპოსს მღვდლამდე, ან დიაკვნამდე. მსოფლიო კრებას აღნიშნული ვითარება გააცნო კონსტანტინოპოლელმა მთავარეპისკოპოსმა ანატოლიმ. მანვე დასძინა, რომ თუ გარკვეული პირი უღირსად იქნა ცნობილი საეპისკოპოსო პატივისთვის, იგი ღირსი იყოს მღვდლობისა. ამიტომ მან შესთავაზა წმინდა კრებას, რომ აეკრძალათ ამგვარი პრაქტიკა, რაც მსოფლიო კრებამ ერთხმად დაამტკიცა.
6. კრების განაჩენის უცვალებლობა. საეკლესიო პროცესში, განსჯადობის მიხედვით პირდაპირ ან გასაჩივრებისას საქმე შეიძლება განიხილოს საეკლესიო კრებამ. ამ პრინციპით დადგენილია, რომ საეკლესიო კრების მიერ ერთხმად (ხაზგასმა ჩვენია, დ.ჩ.) გამოტანილი განაჩენი უცვალებელია და არ დაიშვება მისი გასაჩივრება8. ეს პრინციპი ეფუძნება მართლმადიდებლურ სწავლებას ეკლესიის სიწმინდის შესახებ, კერძოდ იმას, რომ საეკლესიო კრება, როგორც მემკვიდრე სამოციქულო კრებისა, არის შეუცდომელი და მას მიცემული აქვს სულიწმინდის მადლი სწორად განსჯისთვის9.
7. განაჩენის სავალდებულობა სხვა ადგილობრივ ეკლესიებში. ეკლესია, როგორც ცნობილია, წარმოადგენს ერთიან ორგანიზმს, იგი შეერთებულია ევქარისტიის საიდუმლოთი და ლოცვითი ურთიერთობით10. ამიტომ ერთ ავტოკეფალურ ეკლესიაში გამოტანილი განაჩენი სავალდებულოა სხვა ეკლესიებშიც. ავტოკეფალური ეკლესია არ წარმოადგენს დამოუკიდებელ ეკლესიას, იგი მხოლოდ თვითმწყემსობის უფლებით სარგებლობს. მართლმადიდებელ ეკლესიაში არის ერთიდაიგივე მოძღვრება, ამიტომაც შეუძლებელია ქრისტიანი ზიარების ან მღდვლობის უღირსი იყოს ერთგან, ხოლო მეორეგან კი ღირსი იყოს. ეკლესიაში მოქმედებდს წესი, რომლის მიხედვითაც არათუ სხვა ავტოკეფალური ეკლესიაში, არამედ თვით სხვა საეპისკოპოსოშიც კი არც საერო და არც სასულიერო პირს არ აზიარებენ თავისი მმართველი ეპისკოპოსის წერილის გარეშე, რომელშიც დადასტურებული იქნება, რომ მოცემულ პირს აქვს შესაბამისად ზიარების ან მღვდელმოქმედების უფლება.
საეკლესიო სამართლის პროცესში სამართლის სხვა საპროცესო დარგების მსგავსად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს განსჯადობა, ანუ ვინ შეიძლება იყოს ამა თუ იმ საქმის განმხილველი ორგანო. თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ საეკლესიო სამართალწარმოების უფლებამოსილება აქვთ მხოლოდ ეპისკოპოსებს, რომლებიც სრულად ფლობენ სამოციქულო მადლს, რამდენადაც ისინი ითვლებიან მოციქულთა მემკვიდრეებად11. ეს დებულება გულისხმობს იმას, რომ დაუშვებელია საქმის განხილვის უფლებამოსილების გადაცემა საერო პირისთვის ან სასულიეროთაგან დიაკვნის ან მღვდლისათვის. ეს უკანასკნელი წარმოადგენს საეკლესიო სამართლის პროცესის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელიც აღნიშნულია არაერთ საეკლესიო კანონში12. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საეკლესიო სამართლით ნებადართულია საეკლესიო საქმის საერო პირის მიერ განხილვა, არის საქმის განხილვა მეფის მიერ, თუმცა კართაგენის რდ (104) კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ საეკლესიო წესით, ანუ დასაშვებია მეფემ განიხილოს საქმე, თუკი იგი განხილვისას გამოიყენებს საეკლესიო სამართლის და არა საერო სამართლის ნორმებს.
ერისკაცის, დიაკვნის და მღვდელის საქმეს განიხილავს ადგილობრივი ეპისკოპოსი, ანუ ის ეპისკოპოსი, ვისი ომოფორის ქვეშაც არიან აღნიშნული პირები13. დაუშვებელია საქმე თვითნებურად განიხილოს სხვა ეპისკოპოსმა. გამონაკლისს წარმოადგენს ისეთი შემთხვევა, როდესაც თავად ბრალდებული არ ენდობა გარკვეული მიზეზის გამო თავის ეპისკოპოსს და სურს მისი საქმე სხვამ განიხილოს. კართაგენის ადგ. კრების ია (11) კანონი ნებას რთავს ბრალდებულს, ასეთ შემთხვევაში მიმართოს მეზობელ საეპისკოპოსოს და იქ მოითხოვოს საქმის განხილვა.
ეპისკოპოსის საქმეს აუცილებლად კრებული განიხილავს14. ბრალდებული ეპისკოპოსი ვალდებულია გამოცხადდეს კრებულის წინაშე წაყენებული ბრალდების დასადასტურებლად ან უარსაყოფად.
საეკლესიო სამართალი ითვალისწინებს საქმის განხილვის კიდევ ერთ წესს - მედიატორთა, ანუ შუამავალთა მიერ. ასეთ შემთხვევაში თავად მხარეები ირჩევენ საქმის განმხილველ მოსამართლეებს (კანონშია: ბჭეებს)15. ეს ძირითადად ხდება ეპისკოპოსთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში.
უპირველესი საპროცესო მოქმედება არის საქმის აღძვრა. თუმცა სანამ უშუალოდ ამ საკითხს შევეხებოდეთ, უპრიანი იქნებოდა, ზოგადად მიმოგვეხილა, თუ რა შეიძლება გახდეს საქმის აღძვრის საფუძველი.
საეკლესიო სამართალში მიღებული წესის თანახმად საქმის აღძვრის საფუძველი არის შეცოდება, ანუ საეკლესიო დანაშაული. საეკლესიო სამართალში, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყოდით, რომ საეკლესიო კანონებში, არ არის ზუსტად ფორმულირებული, თუ რა არის შეცოდება. ჩვენი აზრით, შეცოდება არის ისეთი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია საეკლესიო კანონებში, როგორც ღვთის მცნების დარღვევა და მისთვის გათვალისწინებულია საეკლესიო სასჯელი. სამართლებრივი თვალსაზრისით, შეცოდება უნდა განვასხვავოთ ცოდვისგან. ცოდვა არის ღვთის მცნების ყოველი დარღვევა, თვით ბოროტი ფიქრიც კი. ხოლო რაც შეეხება შეცოდებას, მას თავისი მნიშვნელობის გამო ენიჭება საშიში ცოდვის (სახელი პირობითია, დ.ჩ.) ხარისხი, ამიტომაც მისთვის უკვე საეკლესიო სასჯელია გათვალისწინებული. მაგალითისთვის მოვიყვანოთ მარხვის დარღვევა. იგი წარმოადგენს ცოდვას, ვინაიდან ეს მოქმედება მარხვის დაცვის სავალდებულობის შესახებ ღვთის მცნებას ეწინააღმდეგება. ხოლო თუ ასეთმა მოქმედებამ ქრისტიანის მხრიდან რეგულარული ხასიათი მიიღო, მაშინ ეს უკვე იქნება შეცოდება, რისთვისაც საეკლესიო კანონებით გათვალსწინებულია სასჯელი16. ცხადია, ჩვენ იმის თქმა არ გვინდა, რომ შეცოდება პირდაპირ არის ცოდვის პრეიუდიცია, თუმცა კი, რაღაც გაგებით მსგავსი შეიძლება იყოს. ამგვარად, საეკლესიო საქმის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს შეცოდება, ანუ საეკლესიო დანაშაული.
საეკლესიო სამართალში მიღებულია საქმის აღძვრის ორი საფუძველი:
ა) ბრალდება
ბ) აღიარება
ბრალდება გულისხმობს იმას, რომ თუ მართლმადიდებელი ქრისტიანის მიერ17 შეცოდების ჩადენის შესახებ აქვს ინფორმაცია ვინმე გარეშე პირს, მას უფლება აქვს საეკლესიო კრების, ეპისკოპოსის ან სხვა საეკლესიო ორგანოს წინაშე (განსჯადობის მიხედვით, იხ. წინა თავი) განაცხადოს აღნიშნული შეცოდების ჩადენის შესახებ. ამ მხრივ გამოიყოფა ბრალდების ორი სახე:
ა) საეკლესიო ბრალდება
ბ) საერო ბრალდება
საეკლესიო ბრალდება გულისხმობს იმას, რომ შესმენა (ბრალდება) უნდა ხდებოდეს საღვთისმეტყველო, სარწმუნოებრივ ან ეკლესიოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, ანუ ისეთებზე, როგორიცაა, მაგალითად წირვის არასწორი ჩატარება (მოც. გ (3) კანონი), უღირსად ჴელდასხმა (ნიკ. I კრ. თ (9) კანონი), მწვალებლობა და ეკლესიისგან განდგომა (კონსტ. ა (1) კანონი) და ა.შ. ხოლო საერო ბრალდებაში მოიაზრება საერო საკითხებთან დაკავშირებით ქრისტიანის შესმენა (მაგ.: მომხვეჭელობა, პარვა და სხვა). ამ უკანასკნელში არ უნდა ვიგულისხმოთ საერო კანონმდებლობით (მაგ.: სისხლის სამართლის კოდექსით) გათვალისწინებული დანაშაული.
ბრალდების ამგვარ დაყოფას საკმაო მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კონსტანტინოპოლის ვ (6) კანონით სასულიერო საკითხზე ბრალდება არ მიიღება არამართლმადიდებლის მხრიდან, განსხვავებით საერო ბრალდებისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ არამართლმადიდებელს უფლება არ აქვს ბრალი დასდოს მართლმადიდებელს სარწმუნოებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება აღიარებას, იგიც წარმოადგენს საქმის აღძვრის ერთ-ერთ საფუძველს. ამავე დროს იგი არის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება: „მპარავმან უკუეთუ თჳთ შეინანოს და შეასმინოს თავი თჳსი, ერთსა ოდენ წელიწადსა დაყენებულ იქმნეს ზიარებისაგან სიწმიდეთაჲსა, ხოლო უკუეთუ სხუათა მიერ ემხილოს, [ხაზგასმა ორივეგან ჩვენია, დ.ჩ.] ორსა წელიწადსა“ (ბასილი დიდის ჲა (61) კანონი).
ჩვენ, მართალია, სასულიერო ბრალდებაზე საუბრისას შევეხეთ ბრალმდებლის პიროვნებას, მაგრამ სასურველი იქნება, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ აღნიშნული საკითხი.
ბრალმდებელი, ანუ ის, ვისაც შეაქვს საჩივარი (ტერმინი ასევეა მოხსენიებული დიდ სჯულისკანონში), თუ საქმე ეხება, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, სასულიერო საქმეს, უნდა იყოს მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანი. დაუშვებელია, აგრეთვე, ბრალდების მიღება უზიარებლის ან განკვეთილისაგან. ამასთან ერთად, საეკლესიო სამართალი დაუშვებლად მიიჩნევს ბრალმდებლად ისეთი ადამიანის მიღებას, ვისაც საერო კანონებით ჩამორთმეული აქვს ამგვარი უფლება18. აუცილებელია აღინიშნოს, რომ უზიარებელთან ერთად თანალოცვა და განკვეთილთან ერთად თანამსახურება პირდაპირ იწვევს ანალოგიურ სასჯელს19, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მართლმადიდებელი მხილებულია აკრძალულ თანალოცვაში, მას უფლება არ აქვს ბრალი დასდოს მართლმადიდებელს.
რაც შეეხება ბრალდებულს, იგი უნდა იყოს, როგორც აღინიშნა, მონათლული მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც არ არის განკვეთილი და მიაღწია 10 წლის ასაკს, ვინაიდან ცოდვა ადამიანს ამ პერიოდიდან მოეკითხება20.
საპროცესო სამართლის მთავარ სტადიას წარმოადგენს საქმის არსებითი განხილვა, რომლის დროსაც ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და განაჩენის გამოტანა. ამ თავში ჩვენ განვიხილავთ საქმის არსებითი განხილვის წესს საეკლესიო სამართალში, ხოლო შემდეგ თავში შევეხებით უშუალოდ განაჩენის გამოტანის წესს, ვინაიდან საეკლესიო სამართალი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს აღნიშნულ საკითხს.
ჩვენ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუ რა შემთხვევაში გადაეცემა საქმე სასამართლოს, ვინ არის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი პირი და რა სახის ბრალდებები არსებობს. საეკლესიო სამართლის პროცესის პრინციპების შესახებ საუბრისას კი აღვნიშნეთ, რომ მონანულის შეწყნარების სავალდებულობა ერთერთ მნიშვნელოვან და არსებით პრინციპს წარმოადგენს საეკლესიო პროცესში, ვინაიდან ამ პრინციპის საფუძველზე სავალდებულო განხილვას ექვემდებარება ბრალდების საქმე, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი საეკლესიო სასამართლო მოვალეა ნებისმიერ შემთხვევაში განიხილოს ბრალდება.
დიდი სჯულისკანონის საპროცესო ნორმებით დადგენილია საქმის განხილვის ვადა, რომელიც წარმოადგენს ერთ წელს ბრალის დადების მომენტიდან21. კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ თუ ამ პერიოდში არ იქნება განხილული საქმე და ეს მოხდება ბრალდებულის მიზეზით, როცა იგი განზრახ აჭიანურებს საქმის განხილვას, ერთი წლის შემდეგ ბრალდებულის მხრიდან თავის გამამართლებელი სიტყვა აღარ მიიღება. ამგვარად, კართაგენის კრების ოთ (79) კანონით განსაზღვრულია, რომ საეკლესიო ბრალდების საქმე განხილული უნდა იქნეს 1 წლის განმავლობაში.
ამავე კრების ით (19) კანონი განსაზღვრავს, რომ ბრალდებული ვალდებულია წერილის მიღებიდან 1 თვის ვადაში გამოცხადდეს საქმის განმხილველ სასამართლოში. ამ ვადის დაცვის შემთხვევაში მას საქმის განხილვის დასრულებამდე ზიარების უფლება არ ერთმევა. კანონი ითვალისწინებს შემთხვევას, როცა საპატიო მიზეზით ბრალდებული ვერ ახერხებს გამოცხადებას, ასეთ შემთხვევაში მას ვადა კიდევ 1 თვით გაუგრძელდება, კვლავაც ზიარების უფლებით.
რაც შეეხება უშუალოდ საქმის განხილვას, უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ საეკლესიო სამართლის პროცესი განარჩევს ერთის მხრივ დიაკვნისა და მღვდლის, ხოლო მეორეს მხრივ ეპისკოპოსის საქმის განხილვის წესს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საერო პირის საქმის განხილვის წესი, როგორც ასეთი, არც ცალკეა გამოყოფილი და არც სხვა კატეგორიის (მაგ.: დიაკვნისა და მღვდლის) საქმესთანაა ნახსენები. ჩვენი აზრით, საერო პირის საქმის განხილვა, სავარაუდოდ იწარმოება დიაკვნისა და მღვდლის საქმის განხილვის წესის შესაბამისად, ცხადია, საერო პირის, როგორც საეკლესიო სამართლის ერთ-ერთი სუბიექტის სპეციფიურობის გათვალისწინებით.
ეპისკოპოსის საქმის განხილვა, ზოგადი წესის მიხედვით ექვემდებარება საეკლესიო კრებას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საეკლესიო კრება მოიწვევა წელიწადში მხოლოდ ორჯერ ძირითადად დოგმატურ საკითხებზე22, დასაშვებია მოწვეულ იქნეს 12 ეპისკოპოსიანი სასამართლო, რომელიც უფლებამოსილი იქნება განიხილოს აღნიშნული კატეგორიის საქმე. დასაშვებია განმხილველ მოსამართლეთა რიცხოვნობის შემცირებაც, თუკი საპატიო მიზეზი არსებობს23.
მოციქულთა ოდ (74) კანონით, ბრალდებული ეპისკოპოსი გამოიძახება აღნიშნული სახის კრებაზე. იმ შემთხვევაში, თუ იგი არ გამოცხადდება კრებაზე, დასაშვებია გამოძახება მეორედ და მესამედ. თუკი ბრალდებული მესამედ გამოძახების შემთხვევაშიც არ გამოცხადდება კრებაზე, მაშინ კრება უფლებამოსილია დაუსწრებლად განიხილოს საქმე და გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ბრალდებულის სასამართლოზე გამოცხადების შეტყობინებისას სავალდებულოა ბრალდებულის წინასწარ გაეცნოს ბრალდების შინაარსი, რათა მას საშუალება მიეცეს, კრებაზე გამოცხადებისას აღიაროს ბრალი24.
თუ ბრალდებული დროულად გამოცხადდება სასამართლოზე, მაგრამ ბრალს არ აღიარებს, მაშინ ბრალმდებელს წინადადება ეძლევა წარმოადგინოს ბრალდება. საქმის განმხილველი ეპისკოპოსები ვალდებული არიან ბრალმდებელი გააფრთხილონ, რომ თუკი იგი ვერ დაამტკიცებს თავის ბრალდებას, მაშინ იგი იმავე სასჯელით დაისჯება, რა სასჯელითაც ბრალდებული დაისჯებოდა ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, ხოლო ბრალმდებელი, თავის მხრივ ვალდებულია დადოს წერილობით პირობა იმის შესახებ, რომ ბრალდება არ არის ცილისწამება25.
საქმის განხილვის პროცესში მხარეები (ბრალმდებელი და ბრალდებული) მოვალენი არიან ბრალდების მტკიცების დროს წარმოადგინონ საეკლესიო კანონებით განსაზღვრული მტკიცებულებები. საეკლესიო სამართალი პირდაპირ არ საუბრობს მტკიცების ტვირთზე, თუმცა შესაბამისი კანონების გამოკვლევის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
მღვდლისა და დიაკვნის საქმის განხილვა იმ სახით განსხვავდება ეპისკოპოსის საქმის განხილვისაგან, რომ მათი ბრალდების გამოძიება ხდება მხოლოდ ერთი ეპისკოპოსის, მმართველი მღვდელმთავრის მიერ, თუკი, როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდებული თანახმაა ამგვარი სასამართლოსი. ხოლო ისეთ შემთხვევაში, როდესაც ბრალდებულის არ სურს ბრალდება მისმა მღვდელმთავარმა განიხილოს, ასეთ შემთხვევაში მოიწვევა მღვდლისათვის 6 ეპისკოპოსი, დიაკვნისათვის კი - 3. რაც შეეხება ერისკაცს, მის ბრალდებას ნებისმიერ შემთხვევაში ერთი მღვდელმთავარი განიხილავს26.
საინტერესოა, რომ საეკლესიო სამართალი უშვებს საქმის განხილვას მედიატორთა (კანონშია: ჩინებულთა ბჭეთა) მიერ27. ეს ხდება მაშინ, როდესაც მხარეები საქმის განმხილველ მოსამართლეს (ან მოსამართლეებს) უნდობლობას გამოუცხადებენ. ასეთ დროს ისინი უფლებამოსილი არიან თავად აირჩიონ მოსამართლეები. საეკლესიო კანონები არ განსაზღვრავენ, თუ როგორ ხდება მოსამართლეების არჩევა ან რამდენი მოსამართლე უნდა იქნეს არჩეული. სავარაუდოდ, ეს საკითხიც მხარეთა შეთანხმებით წყდება. ჩვენი აზრით, საქმის არსებითი განხილვა უნდა წარიმართოს ზემოთმოყვანილი წესის შესაბამისად. საეკლესიო კანონები განსაზღვრავენ, რომ მედიატორთა მიერ საქმის განხილვის შემდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გასაჩივრება არ დაიშვება28.
მას შემდეგ, რაც მხარეები პროცესზე წარმოადგენენ სათანადო მტკიცებულებებს, სასამართლო მოისმენს ბრალდებას და პასუხს, იგი უფლებამოსილია გამოიტანოს განაჩენი.