ზლატოვერხის წმიდა მიქაელის მონასტრის იღუმენი მღვდელმონაზონი თეოდოსი (საფანოვიჩი) იგონებს:
„1665 წელს მინახულა ერთმა კეთილშობილმა მოქალაქემ, გვარად სლუცკიმ, რომელმაც მოიტანა ვერცხლისაგან ჩამოსხმული ხელი და დაბეჯითებით მთხოვა, მომეთავსებინა იგი დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებთან. ასეთი თხოვნით გაოცებულმა ვკითხე, თუ რატომ უნდოდა ეს. ასე რა მიამბო მან: „მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ხელი ისე მომეგრიხა, რომ მისი გაშლაც არ შემეძლო და საშინლად ვიტანჯებოდი. ამ დროს გამახსენდა, რომ დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებიდან იკურნება ყველა, ვინც მასთან რწმენით მიდის. და მეც მხურვალედ შევევედრე წმიდა დიდმოწამეს, მოერჩინა ჩემთვის ხელი და იქვე აღთქმა დავდე, რომ აუცილებლად წავიდოდი მისი წმიდა ნაწილების თაყვანსაცემად. ძალიან მალე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მეოხებით ჩემი დაგრეხილი ხელი სრულიად განიკურნა. ახლა მე მოვედი აღთქმის შესასრულებლად, რათა თაყვანი ვსცე მის წმიდა ნაწილებს და მადლობა შევწირო ხელის მორჩენისთვის; ამიტომ მოვიტანე ეს ვერცხლისაგან გაკეთებული ხელი ჩემი ხელის აღსანიშნავად, რომელიც დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილების საშუალებით განიკურნა“.
„1660 წელს, ძმათაშორის ომის დროს, ძალიან შეშინებული და შეშფოთებული ვიყავი ჩვენი მონასტრის სიმწირითა და იმ საფრთხით, რომელიც ბერებს ემუქრებოდა. ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა და მესიზმრა, ვითომ ვდგავარ დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებთან და ვხედავ მას ზეითუნის ზეთში მწოლიარეს. წმიდანი მეუბნება: „ნუ გეშინია, მე თქვენთანა ვარ“. გაღვიძებულმა დავიწყე ახსნა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ჩემს მიერ სიზმარში ნანახი ზეთი და წმ. დიდმოწამის ნათქვამი სიტყვები. საღმრთო წერილში, ვმსჯელობდი ჩემთვის, ზეთი წყალობას ნიშნავს; ე.ი. წმიდა დიდმოწამის ზეთით სავსე განსასვენებელი ნიშნავს, რომ მისი ლოცვის წყალობით ჩვენს მონასტერს საფრთხე და სიღარიბე არ ემუქრება და ის გადარჩება, რაც მართლაც აღსრულდა სინამდვილეში“.
ერთხელ, ქრისტეშობის მარხვის წინ, ორი ჯარისკაცი, ანდრია და თეოდორე, მივიდა წმიდა მიქაელის ეკლესიაში. მათ დაინახეს წმიდა ბარბარეს ნაწილებზე ძვირფასეულობა და მდიდრული სამკაულები და გადაწყვიტეს მათი მოპარვა. ამ მიზნით ისინი ღამით მიიპარნენ ეკლესიასთან და თან წაღებული იარაღების საშუალებით გააღეს ეკლესიის სამხრეთის კარები. შევიდნენ თუ არა, განსასვენებლისკენ გაეშურნენ, რომელშიც წმიდანის ნაწილები იყო ჩასვენებული. მაგრამ როგორც კი მას მიუახლოვდნენ, მოხდა რაღაც საშინელი და საოცარი: მოულოდნელად მათზე მეხმა დაიჭექა და განსასვენებლისგან მთელი გროვა ნაპერწკლებისა დააცვივდათ თავზე. ბოროტმოქმედები შიშისაგან მიწას დაენარცხნენ: ერთი დაყრუვდა, ხოლო მეორე - შიშისაგან შეიშალა. ასე დაისაჯა მათი მკრეხელობა! დაყრუებული ჯარისკაცი მალე მოეგო გონს და შიშითა და თრთოლვით გაიყვანა ეკლესიიდან თავისი შეშლილი ამხანაგი, არც არაფერი წაუღია, კარიც დაკეტა და შინ დაბრუნდა. მან კარგად შეიგნო თავისი დანაშაული და დაინახა რა ყოველივეში ღვთის სასჯელი, გადაწყვიტა სინდისი მონანიებით განეწმინდა: წაიყვანა თავისი შეშლილი ამხანაგი იმავე ეკლესიაში და დაუფარავად მოუყვა თავისი დანაშაულის შესახებ მოძღვარს, მღვდელმონაზონ სიმონს. მოძღვარმა ურჩია, რომ ამიერიდან წესიერად ეცხოვრა, ხშირად ელოცა თავის ამხანაგთან ერთად წმიდა დიდმოწამის ნაწილებთან იმ იმედით, რომ მისგან განკურნებას მიიღებდა და გაუშვა ორივენი თავის გზაზე. ამის შესახებ, ლიტურგიის ჩატარებამდე, მან უამბო ამავე მონასტრის იღუმენს, მღვდელმონაზონ თეოდოსის. ეს სასწაული მოხდა 1668 წელს.
1669 წლის 12 აგვისტოს, ვინმე ჯარისკაცმა, რომელიც მიეახლა წმ. დიდმოწამე ბარბარეს ნაწილებს და მოწიწებით სცა თაყვანი, იქ მყოფებს ასეთი რამ უამბო:
„ერთ დროს მე ჩემს ამხანაგებთან ერთად თათრების თავდასხმის მსხვერპლი გავხდი. თათრებმა ბევრი დახოცეს, ხოლო დანარჩენები ტყვედ წაიყვანეს. მხოლოდ მე გადავრჩი რაღაც სასწაულით. და აი, როცა ღმერთს მადლობას ვწირავდი გადარჩენისათვის, გამომეცხადა წმიდა ქალწული ბარბარე, ზუსტად ისეთივე სახითა და გვირგვინით, როგორც აქ არის და მითხრა: „იცოდე, რომ მე ვარ მოწამე ბარბარე და ეს მე გიხსენი თათრებისაგან“. ამიტომაც მოვედი აქ, რათა მადლობის ნიშნად თაყვანი ვცე მის წმინდა ნაწილებს მფარველობისათვის“.
კიევის ერთი ღვთისმოსავი მოქალაქე, სახელად იოანე, მძიმედ დაავადდა ციებ-ცხელებით. დიდხანს იტანჯებოდა და ერთხელ გაახსენდა იმ მრავალრიცხოვანი განკურნებების შესახებ, რომლებიც დიდმოწამე ბარბარესადმი ლოცვებით ხდებოდა. მან გადაწყვიტა, მაშინვე გამგზავრებულიყო წმინდა ნაწილების მოსანახულებლად, მაგრამ არათუ წასვლა, სარეცელიდან წამოდგომაც ვერ შეძლო. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სთხოვა თავის ახლობელს გამგზავრებულიყო წმიდა მიქაელის ეკლესიაში და იქიდან მოეტანა წყალი, რომელიც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხელს ესხმებოდა. მისი წასვლის შემდეგ იოანეს სიცხემ იმდებად აუწია, რომ ლამის სული განუტევა. შინაგანი მხურვალება იმდენად სწვავდა, რომ ენაც კი უშრებოდა. მისი საშინელი ტანჯვის დანახვაზე ახლობლები და ნათესავები ურჩევდნენ ავადმყოფს, დაელია რაიმე გამაგრილებელი სასმელი. მაგრამ მას იმდენად დიდი რწმენა ჰქონდა წმიდა დიდმოწამის მფარველობისა, რომ არ ისურვა მათი რჩევის შესრულება და თქვა: „სულიც რომ ამომხდეს ამ სნეულებით, მაინც არაფერს დავლევ, ვიდრე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხელიდან გადმომდინარე წყალს არ მომიტანენ“. აი, ასეთი დიდი იყო რწმენა სნეულისა! როცა ავადმყოფს წყალი მოუტანეს და დალია, მაშინვე იგრძნო ცოტაოდენი შვება და კეთილისმყოფელმა ძილმა დაუხუჭა თვალები, და ეს მაშინ, როცა მანამდე საერთოდ არ ეძინა. და აი, ესიზმრა, თითქოსდა დგას წმიდა მიქაელის ეკლესიაში და მის წინ გაჩნდა მშვენიერი ქალწული, გასხივოსნებული ზეციური ნათლით და ჰკითხა: „იცი, ვინა ვარ?“ სნეულმა უპასუხა: „არა, არ ვიცი“. ქალწულმა კი განაგრძო: „მაშინ იცოდე: მე მოწამე ბარბარე ვარ. ბევრს არ სჯერა, რომ ჩემი ნაწილები ამ მონასტერში განისვენებს, ახლა კი იცოდე, რომ ეს ჭეშმარიტად ჩემი ნაწილებია და ყველას უქადაგე, რომ ამის სწამდეთ; ხოლო იმის დასტურად, რომ ეს მართლაც ჭეშმარიტებაა, შენ უკვე ჯანმრთელი ხარ“. ამის თქმაზე დიდმოწამე ბარბარე თვითონვე ჩაწვა განსასვენებელში, რომელიც ულამაზეს ადგილას იდგა. სნეულმა იოანემ კი, მაშინვე გაიღვიძა და ნახა, რომ სრულიად გამოჯანმრთელებულიყო. მან მადლობა უძღვნა უფალს და მკურნალ წმიდა ბარბარეს და ყველაფერი უამბო თავის ძმას, იღუმენ თეოდოსის და იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დროს წმიდანის ნაწილებთან იმყოფებოდნენ. ეს სასწაული მოხდა 1670 წელს.
1710 წელს მალაროსიაში საშინელი და გამანადგურებელი ეპიდემიის დროს, როცა ზედიზედ 10 თვის განმავლობაში მძვინვარებდა შავი ჭირი კიევსა და მის გარეუბნებში, ქუჩები და მონასტრები დაცარიელდა, მხოლოდ წმიდა მიქაელის ეკლესიის ბინადართ არ შეხებია ეს დამღუპველი და სიკვდილის მომტანი სენი და არავინ გარდაცვლილა ბერთაგან, თუმცა მონასტრის კარი მუდამ ღია იყო მომსვლელთათვის. ეს გარემოება მაშინ მიაწერეს წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მფარველობას და დახმარებას. იგივე იქნა შემჩნეული მეორე ჭირიანობის დროს 1770 წელს და შემდეგ ქოლერის ეპიდემიისას.
ოდესღაც სოლოვკებში გადასახლებული მონაზვნები იხსენებდნენ, როგორ კვდებოდა იქ 1929 წლის 25 იანვარს ვორონეჟის მთავარეპისკოპოსი პეტრე (ზვერევი): „მეუფესთან ერთად პალატაში ერთი ვეტექიმი იწვა, მისი სულიერი შვილი. მეუფის გარდაცვალების დღეს, დილის 4 საათზე, მან რაღაც ხმაური გაიგონა, თითქოსდა ფრინველთა გუნდი შეფრენილიყო ოთახში. მან თვალები გაახილა და დაინახა წმიდა დიდმოწამე ბარბარე სხვა ქალწულებთან ერთად. ბარბარე მეუფის სარეცელს მიუახლოვდა და იგი აზიარა. მის მხლებელთა შორის ვეტექიმმა წმიდა მოწამე ანისია და დიდმოწამე ირინა შეიცნო. ნანახის შესახებ მან უამბო პოლტავის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ბასილს (ზელენცოვს) და სხვებს“.
ეპიფანიელი მოძღვარი, დეკანოზი მიხეილ ჩუდაკოვი (1923-1990) ახალგაზრდობაში მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და რამდენჯერმე მძიმედაც დაიჭრა, ხოლო მარჯვენა ხელი თითქმის მოეგლიჯა. მას რამდნიმე ოპერაცია გაუკეთეს და აი, ერთხელ, ჰოსპიტალში ყოფნისას, მას ესიზმრა, თითქოს ის ბრძოლის ველზეა, სროლები არ ისმის და იგი წევს უამრავ დაღუპულს შორის; და ამ სიჩუმეში ხედავს, როგორ მოაბიჯებს გრძელ სამოსში გახვეული ქალის ფიგურა ხელში თასით და თავზე ნათებით და თითოეულ მკვდართან იხრება. და მეომარმა იცნო: ეს იყო დიდმოწამე ბარბარე, რომელიც მიცვალებულებს აზიარებდა. როცა მოწამემ გვერდი აუარა, მან ჰკითხა, რატომ ისიც არ აზიარა. „იმიტომ, რომ ომის შემდეგ შენ თვითონ მიიღებ აღსარებას და აზიარებ“ - უპასუხა წმინდანმა. და მართლაც, ჩუდაკოვი მღვდელი გახდა, თანაც უქორწინებელი და ჰყავდა უამრავი სულიერი შვილი.