წმიდა დიდმოწამე გიორგის მიერ აღსრულებული სასწაულები

სარკინოზთა დასჯა

მიდა გიორგის სასწაულთა რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებით და წყალობით. წმიდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსრვაზე მოგვითხრობს შემდეგი საკვირველებით აღსავსე სასწაული:
პალესტინაში, წმიდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმიდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, ერთ დროს სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს, იწყეს ლხინი და განცხრომა. უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიჰყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშს და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და დაუწყეს სროლა იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: „არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმიდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე თავის მოწინააღმდეგებს ამხილებს და ულმობელად მუსრავს მათ“. ურჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: „გაგვაგებინეთ, ვინ არის ასეთი?“ ხოლო იგი უჩვენებდა წმიდა გიორგის ხატს, ბრწყინვალედ გამოსახულს და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილს, რომელსაც ერტყა ოქროს ქამარი, ხელში ეჭირა საბრძოლო შუბი და იყო თავზარდამცემი სანახავი თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და სტყორცნა წმიდანის დიდებულ ხატს. ისარი წამშივე უკუიქცა, მტყორცნელს გული გაუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო. უბადრუკმა იმწამსვე სული დალია. დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმიდანის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცმული მეომრები გაიქცენენ. ვინც გადაურჩა მახვილით მოსრვას, მოუთხრობდნენ წმიდა გიორგის უძლეველ ძალაზე.

წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი, თბილისი, 2003

 

მეფის ასულის ხსნა

ოლო იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმიდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, იყო ერთი ქალაქი, რომელსაც ლასია ეწოდებოდა. ამ ქალაქში მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, ურჯულო, კერპთმსახური, შეუბრალებელი და ულმობელი ქრისტიანების მიმართ. თავისი ბოროტი საქმეების შესაფერისად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა უზარმაზარი გველი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა მეფე დაადანაშაულეს, რომ იგი არ ეძებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად. ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისათვის შესაწირად და როდესაც ჯერ მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული იყო გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა. დარდისგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით პატარძალივით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისათვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი. სელინიოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმერთის განგებულებით, დიოკლეტიანე მეფემ დაითხოვა ჯარი და სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმიდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და რა იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა. ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმიდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო კიდეც. მაშინ ქალმა მოუთხო თავისი გასაჭირის შესახებ. წმიდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდა მამამისი და მისი ქვეშევრდომები. „აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას“, - უპასუხა ქალმა. როდესაც წმიდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მცეხისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან „შესმენილ იქნა შენი ვედრება, ჰყავ რაჲცა გნებავს, მე შენთანა ვარ“.
უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა „აქაურობას გაეცალეო“. ხოლო წმიდა გიორგი ვეშაპის შესახვედრად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: „უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად“. როგორც კი ეს თქვა, სულიწმიდის შეწევნით და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი დაეცა წმიდანის ფეხებთან. წმიდა გიორგიმ უბრძანა ქალს, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისათვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: „იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჭეშმარიტი ღმერთი, ყოვლად ძლიერი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს, რომ მან არ დაგხოცოთ თქვენ“.
მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშევდრომებმა: „გვწამს, მამა და ძე და სული წმიდა“. წმიდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მეფეს დაუბრუნა. ქალაქის მაცხოვრებლების დაემხნენ წმინდანის წინ და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს. მაშინ წმიდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთმა ათასმა კაცმა ნათელ იღო. მეფემ ააშენა ძვირფასი ტაძარი ჭეშმარიტი ღმერთის სადიდებლად. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.
სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმიდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომელიც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმიდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებაზე და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი, თბილისი, 2003 წ.

 

წმიდა გიორგის თანამებრძოლობა ქართველთა ლაშქარში

1121 წლის აგვისტო იდგა. ქვიშასავით მოადგა ურიცხვი მტერი თრიალეთს, მანგლისს, დიდგორს, „თჳთ ფერჴთა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა“. წმიდა მეფე დავით აღმაშენებელმა წყნარად, უშფოთველად და ბრძნულად განაწყო სპა ისე, რომ არა მარტო გამარჯვებაზე იზრუნა, არამედ თავის მცირერიცხოვან მხედრობასაც გაუფრთხილდა.
ბრძოლის დაწყების წინ მეფემ სიტყვით მიმართა ლაშქარს: „ეჰა, მეომარნო ქრისტესნო“, თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთ რამეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება: ესაა, რომ ჩვენ ყველამ ხელთა ცისადმი აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე უმალ მოვკვდებით, ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომ მოვინდომოთ, ამ ხეობის შესავალი, რომლით შევსულვართ, ხეთა ხშირ ხერგებით შევკრათ და მტკიცე გულით, მტრებს, როცა მოგვიახლოვდებიან ჩვენზე იერიშის მოსატანად, სასტიკად შევუტიოთ“...
უკან დახევაზე არც უფიქრია ვინმეს. მეფის გასაოცარმა საბრძოლო ტაქტიკამ მტერი შიშით გათანგა. მაგრამ რაც უფრო მნიშნვნელოვანია, „ჴელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისა“.
დიდგორის ომმა დიდი ხნით და საფუძვლიანად გადაუტეხა ხერხემალი ქართველთა მტრებს.
წმიდა გიორგი იბრძოდა ხილულად ქართველთა ლაშქარში შაჰ-აბასის წინააღმდეგაც, XVII საუკუნეში. მემატიანე მოგვითხრობს, რომ „ცხადად იხილვებოდა მთავარმოწამე გიორგი ცხენსა ზედა სპეტაკსა ელვის სახედ მიმომსრბოლი წინამავალად მათდა“.

წმინდათა ცხოვრება, თბილისი, 2001 წ.

 

შავნაბადას წმიდა გიორგი

მიდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესია. მის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, ურჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმიდა გიორგის ეკლესია იყო აგებული და გულმხურვალედ ევედრებოდა წმიდა მოწამეს შეწევნას მოსალოდნელ ბრძოლაში. გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სახილველი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა. გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმიდა გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმიდა გიორგის ეკლესიას.

წმიდა გიორგის წამება და საკვირველებანი, თბილისი, 2003

 

დიდმოწამე გიორგი ყრმას ტაძარში აცილებს

ირსი თეოდორე სიკიოტელი (VII ს.) 10 წლისა იყო, როდესაც მასთან ყოველ ღამე დიდმოწამე გიორგი მოდიოდა, აღვიძებდა და ეუბნებოდა: „თეოდორე, უკვე გათენდა და დადგა დილის ლოცვების დრო, ადექი და წამოდი წმიდა გიორგის ტაძარში“. ყრმა მყისვე სიხარულით დგებოდა. თავიდან წმიდა გიორგი ყრმას სტეფანეს (თეოდორეს ოჯახის წევრი) სახით ევლინებოდა, შემდეგ კი საკუთარი სახით ეცხადებოდა. ყოველდღე აღვიძებდა და აცილებდა ეკლესიისაკენ.
გზაში ეშმაკებს უნდოდათ ყრმის შეშინება, რისთვისაც ისინი მგლებად ან სხვა ცხოველებლად იქცეოდნენ და მისკენ მიემართებოდნენ, მაგრამ წმიდა გიორგი მიუძღოდა ბავშვს, ამხნევებდა და შუბით დევნიდა საშინელ მოჩვენებებს.
თეოდორეს ოჯახის წევრები დილით ვერ პოულობდნენ ბავშვს საწოლში. მოგვიანებით კი მიხვდნენ, რომ იგი ღამღამობით ეკლესიაში დადიოდა და უკვირდათ, რატომ ვერ იგებდნენ, თუ როდის დგებოდა ყრმა საწოლიდან.
დედას ეშინოდა, რადგანაც შეიძლებოდა, რომ ბავშვი მგელს შეეჭამა. ხმა დადიოდა, რომ ერთი მგელი იტაცებდა არა მხოლოდ საქონელს, არამედ პატარა ბავშვებსაცო. მზის ამოსვლამდე სახლიდან გასვლა სასტიკაც აუკრძალა დედამ შვილს. თუმცა ნეტარმა ყრმამ დედას ყური არ უგდო და წმიდა გიორგის მიერ გაღვიძებული ჩვეულებრივ დროს, წავიდა ეკლესიაში.
ერთხელ, გათენებისას, დედამ თეოდორე სახლში რომ ვერ ნახა, გაბრაზებული წავიდა ეკლესიაში, თმებით გამოიყვანა ყრმა, სახლში ჩაკეტა და აღარსად უშვებდა. საღამოს კი მაგრად გაკოჭა, რომ ვერსად წასულიყო.
ღამით თეოდორეს დედასა და ოჯახის სხვა წევრებსაც ხმალშემართული წმიდა გიორგი გამოეცხადათ, რომელიც იმუქრებოდა: „თავებს მოგკვეთთ, თუ ყრმას კიდევ სცემთ და ჩემთან მოსვლას დაუშლითო“.
სიზმრისაგან შეშინებულმა ქალებმა ერთმანეთს უამბეს ნანახი და წმინდა დიდმოწამე გიორგის მუქარა. როდესაც გაიგეს, რომ ყველამ ერთიდაიგივე იხილა სიზმრად, უფრო შეშინდნენ, მყისვე გახსნეს ყრმა და ფერება დაიწყეს. შემდეგ დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ეშინოდა თეოდორეს მხეცებისა, როდესაც გათენებამდე ეკლესიაში მიდიოდა. ყრმამ უპასუხა: „ყოველ ღამეს ნათელი ყმაწვილი მაღვიძებს და ეკლესიაში მივყავარ, გზაზე კი საფრთხისაგან მიფარავს“.
ოჯახის წევრები მიხვდნენ, რომ ყრმას ევლინება და მფარველობს წმინდა გიორგი. ამის შემდეგ ისინი წინააღმდეგობას აღარ უწევდნენ თეოდორეს, მთლიანად მიენდვნენ უფალს და ამბობდნენ: „დაე, იყოს ნება უფლისა!“

„სასწაულები და ხილვები წმინდა მამათა ცხოვრებიდან“, თბილისი, 2003 წ.

 

წმიდა გიორგის დახმარება

იორგი მთაწმინდელი ათონის წმიდა მთას მიემგზავრებოდა. დიდი მდინარე გადაეღობა გზად. ბერმა ადიდებული წყლის გადალახვა ვერ შეძლო - მღვრიე ტალღები დანთქმას უქადდა.
მაშინ გამოეცხადა მას თეთრ ცხენზე ამხედრებული მშვენიერი ჭაბუკი და უთხრა: „შემოდი მდინარეში, ნუ გეშინია!“ - მოჰკიდა ხელი და მშვიდობით გადაიყვანა მეორე ნაპირზე, თვითონ კი უმალ უჩინო იქმნა.
„რომელმან წყალთა შინა სიკვდილისაგან მიხსნა, დიდებული მთავარმოწამე გიორგი იყო“ - მადლიერებით იხსენებდა შემდგომ ღმრთის დიდი სათნომყოფელი ბერი, რომელზეც მომავალში იტყვის მთელი ქართველობა: „კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან მოგვივლინა ესევითარი კაცი მაცხოვნებლად სულთა ჩვენთა“.

ქრისტიანული მოთხრობები საქართველოს ისტორიული წარსულიდან, თბილისი, 2002 წ.

 

მუსულმანის მოქცევა

იდი ხნის წინ, როდესაც თურქებმა სირია დაიპყრეს, ეკლესიაში წმიდა გიორგის ხატის წინ ერთი მღვდელი ლოცულობდა. ამ დროს ეკლესიაში შევიდა დიდგვაროვანი თურქი თავისი ამალით, დაუწყო დაცინვა მღვდელს და ხატს ისარი ესროლა, მაგრამ ისარი, ღმერთის ნებით, ხატს ასცდა და დიდგვაროვანს მოხვდა ხელში. შეშინებულმა თურქმა მიმართა მღვდელს თხოვნით, რომ დახმარებოდა მას დასიებული ხელის მორჩენაში. მღვდელმა აუხსნა ურწმუნო ადამიანს, რომ ჩვენ ხატთან წმინდანის წინაშე ვლოცულობთ, და ხატებს პატივს ვცემთ არა როგორც ღმერთებს, არამედ როგორც ღმერთის მსახურთა გამოსახულებებს, რომლებიც ხატის საშუალებით სასწაულებს ახდენენ. ერთ-ერთი სასწაულის თვითმხილველი თვითონ დიდგვაროვანიც გახდა.

თურქმა წაიღო სახლში წმიდა გიორგის ხატი, აუნთო მთელი ღამით კანდელი და დილას ნატკენი ხელი დაიზილა კანდელის ზეთით. მოხდა აღუწერელი სასწაული: ხელი მაშინვე შეუხორცდა. გაოგნებულმა მუსულმანმა წამოიძახა: „შეთხოვე შენს ღმერთს ჩემი ხსნა და მე ვიქნები მისი მონა“. შემდეგ ჩაუვარდა ფეხებში მღვდელს და ითხოვა მონათვლა. მართლაც, ღამით ჩუმად მოინათლა მუსულმანი. მეორე დილას კი მოედანზე გავიდა და საქვეყნოდ აღიარა ქრისტიანობა, რისთვისაც მუსულმანების ბრბომ ჩაქოლა.

საბავშვო საეკლესიო კალენდარი, 2002 წ.

 

გატაცებული ყმაწვილის დაბრუნება ოჯახში

ოგეხსენებათ, ჩვენში ერთ დროს ძალიან იყო გავრცელებული ყმაწვილების მოტაცება და გაყიდვა უსჯულოებზე. ასე მიჰყიდეს ერთი ბიჭი ფაშას, რომელმაც იგი დაიყენა თავისთან. ყოველ ღამით ბიჭს მასთან შემოჰქონდა თასით წყალი და ფეხს ბანდა. ბიჭი მორწმუნე ოჯახში იყო გაზრდილი და ისე არ დაწვებოდა, რომ არ ელოცა. ერთხელაც წააწყდა წმიდა გიორგის ხატს და ძალიან გაიხარა. წმიდა გიორგის მთელი მისი ოჯახი სცემდა თაყვანს და ოჯახის მფარველადაც მიაჩნდათ. ბიჭს მისდამი ცოცხალი რწმენა ჰქონდა. იგი მთელი გულითა და არსებით შეევერდა ხატს დახმარებოდა და ოჯახში დაებრუნებინა. და მოხდა საოცრება: საღამოს, როცა წესისაებრ იგი ფაშას ოთახისაკენ თასით ხელში გაეშურა, უეცრად საკუთარ სახლში, მამამისის ფეხებთან აღმოჩნდა. ასე აუსრულა წმიდა გიორგიმ გულისწადილი ბიჭს.