როდესაც მე სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიაში ვსწავლობდი, მოწაფეთა შორის ერთგვარი შეჯიბრი გვქონდა: ვინ უკეთ წამოთქვამდა ქადაგებას. ენა ყველას გვიჭრიდა და ქადაგებაც ერთნაირად გვსიამოვნებდა - მთქმელსაც და მსმენელსაც, მაგრამ ნამდვილი რწმენა მცირედს თუ ჰქონდა. თუმც კი დახვეწილად და ლამაზად ვმეტყველებდით, სათქმელი დაცლილი იყო ჭეშმარიტი არსისაგან. ამიტომაც ხდებოდა, რომ იქაური სწავლება მრავალს გულს უყრიდა ცოცხალი რწმენისაგან.
აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივი გახლდათ, რომ, როდესაც დაისვა საკითხი წარმომადგენლის გასამგზავრებლად იოასაფ ბელგოროდელის წმიდა ნაწილების აღმოყვანასთან დაკავშირებულ დღესასწაულში მონაწილეობისათვის, ყველამ უარი განაცხადა - ესაოდა, რა გვესაქმება სასწაულის მომლოდინე ბნელ ხალხთან, რა სასწაულები შეიძლება მოხდესო ჩვენს დროში? წილი ვყარეთ და ეს დავალება მე მერგო. მივემგზავრებოდი ყოველგვარი წადილის გარეშე - მორჩილებას ვასრულებდი მხოლოდ.
სამღვდელოება მღვდელმთავარ იოასაფ ბელგორიდელის წმიდა ნაწილებთან |
მაგრამ ჩავედი და რაღაც იძრა ჩემს არსებაში - ისეთი რამ ვიხილე, რაც მშვიდად მაცქერალს ვერ დამტოვებდა: რუსეთის ყოველი კუთხიდან ჩამოდიოდნენ ავადმყოფები და ხეიბრები - და თუმცა მძიმე იყო ამდენი ტანჯვისა და სატკივარის ერთად დანახვა, საერთო განწყობილება, რაღაც საოცარის წინასწარ განცდა, უნებურად მეც გადმომცემოდა, მიუხედავად ჩემი სკეპტიკური, უნდო დამოკიდებულებისა მიმდინარე მოვლენებისადმი. ბოლოს, იმპერატორიც მობრძანდა მთელი ოჯახით და დღესასწაულიც დაიწყო. ამ დროისათვის მე უკვე საკმაოდ ვყავდი ღელვას შეპყრობილი და გამალებული ვლოცულობდი - თუმცა არ მჯეროდა, მაინც რაღაცას ველოდი თითქოს. დღეს ძნელად თუ წარმოიდგენს ადამიანი ამ სანახაობას - ათასობით ავადმყოფი, დაკრუნჩხული, ეშმაკეული, უსინათლო, ხეიბარი - იწვნენ, იდგნენ გზის ორივე მხარეზე, სადაც უნდა ჩაეტარებინათ მღვდელმთავრის წმიდა ნაწილები. ჩემი ყურადღება განსაკუთრებულად მიიქცია ერთმა ხეიბარმა. მისი ცქერა შეუძლებელი იყო ისე, რომ ტანში ჟრუანტელს არ დაევლო: სხეულის ყველა ნაწილი ხორცისა და ძვლის ერთ გორგლად გადაქცეოდა და ასე იდო მიწაზე. ვფიქრობდი - რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანს? რა ძალა უნდა არსებობდეს ქვეყნად, რომ შეძლოს მისი შველა?
და აი, გამოასვენეს ლუსკუმა მღვდელმთავარ იოასაფის წმიდა ნაწილებით - ასეთი რამ არც არასოდეს მენახა და ალბათ ვერც ვეღარასდროს ვნახავ! - თითქმის ყველა ავადმყოფი, ვინც გზის გასწვრივ იდგა, იკურნებოდა: უსინათლოებს თვალები ეხილებოდათ, ყრუებს ესმოდათ, მუნჯები ენას იდგამდნენ და სიხარულისაგან ყვიროდნენ და ხტუნავდნენ, ხეიბრებს უსწორდებოდათ სხეულის გონჯი ნაწილები... შეძრწუნებული, თრთოლივითა და სასოებით ვუცქეროდი ჩემს თვალწინ დატრიალებულ საოცრებას და ერთთავად იმ დაკრუნჩხული ხეიბრისკენ გამირბოდა მზერა. როდესაც ლუსკუმა მღველმთავრის წმიდა ნაწილებით გაუსწორდა მას, ჯერ ერთმანეთზე გადასკვნილი ხელები გაეშალა - გაისმა საშინელი ტკრციალი, თითქოს რაღაც გასკდა და გადატყდა მისი სხეულის შიგნით და იგი თანდათან გაიმართა წელში, მერე ცოტაც დაატანა თავს ძალა და ფეხზე წამოდგა. ეს იყო ჩემთვის გამაოგნებელი და სულის შემძვრელი სანახაობა. თვალზე ცრემლმომდგარმა მივირბინე მასთან და მერე კარგად აღარ მახსოვს, რას ვიქმოდი; ვგონებ, რომელიღაც ჟურნალისტს ვეწეოდი სახელოზე და დაჟინებით ვთხოვდი, აეწერა ეს ყოველივე...
პეტერბურგს მე სულ სხვა ადამიანად დავბრუნდი - ნამდვილ, ჭეშმარიტ მორწმუნედ!
„მართლმადიდებლური სასწაულები XX საუკუნეში“, კრებული I, თბილისი, 1996 წ.