ჭეშმარიტი მორწმუნისათვის, ვინც წმინდანების მეოხებით ღმერთს შეწევნას ევედრება, ჩვეულებრივი მიწიერი მოვლენაა მიწიერ და ზეციურ ეკლესიებს შორის უშუალო კავშირი. ამ ორიოდე წლის წინ, ვასილიუსების ოჯახი კვიპროსიდან, მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. მათ ლეიკოზით დაავადებული მცირეწლოვანი ანდრიასათვის ზურგის ტვინის გადანერგვისათვის საჭირო დონორი ესაჭიროებოდათ. ინფორმაცია ტელევიზიით გადაიცა, დონორი გამოჩნდა და ოჯახი აშშ-ში გასამგზავრებლად მოემზადა, რადგან სწორედ იქ უნდა ჩატარებულიყო ურთულესი ოპერაცია.
თუ როგორ ევედრებოდა უფალ იესო ქრისტეს შვილის გადარჩენას ვასილიუს ოჯახი, სატელევიზიო სიუჟეტშიც ჩანდა. გამგზავრებამდე კი მათ წმიდა მარინეს სასწაულების შესახებ შეიტყვეს და გადაწყვიტეს, მისი სახელობის მონასტრიდან ლოცვა-კურთხევა აეღოთ. ისინი, კუნძულ ანდროსზე მდებარე, წმ. მარინეს სახელობის მონასტრის იღუმენს - არქიმანდრიტ კვიპრიანეს ტელეფონით ესაუბრნენ. არქიმანდრიტი შეჰპირდა, რომ მათთვის ილოცებდა და უსურვა, რომ ოპერაციის დროს წმიდა მარინე ყოფილიყო მათი ბავშვის შემწე. მართლაც, მამა კვიპრიანეს ლოცვითა და წმიდა მარინესადმი უსაზღვრო რწმენით მშობლები პატარა ანდრიასთან ერთად აშშ-ში გაემგზავრნენ.
შესაბამისი წინასაოპერაციო გამოკვლევისა და მომზადების შემდეგ, პატარა ანდრია ურთულეს ოპერაციაზე შეიყვანეს. ოპერაციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ქირურგთან ერთი ქალი მივიდა და განუცხადა, რომ იგი პატარა პაციენტის პირადი ექიმია და ოპერაციაზე დასწრება სურს. საუბარში ქალმა ისეთი სამედიცინო ცოდნა გამოამჟღავნა, რომ ქირურგს მასში ეჭვიც არ შეპარვია, თუმცა აუხსნა, რომ ასეთ რთულ ოპერაციაზე უცხო ექიმის დასწრება დაუშვებელია და მათი საოპერაციო ბრიგადის პრაქტიკაში მსგავსი რამ არც მომხდარა. თუმცა ქალის დაჟინებულმა თხოვნამ ქირურგს აზრი შეაცვლევინა. ოპერაციაზე შესვლამდე მან ქალი მდივანთან გაგზავნა, სადაც მას თავისი მონაცემები უნდა ჩაეწერა.
უცნობი ექიმი ქალი არა მარტო დაესწრო, არამედ ენერგიულად ჩაერთო პატარა ანდრიას ოპერაციის მსვლელობაში და მას რამდენჯერმე ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულება მისცა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ქირურგმა უცნობ ექიმ ქალს მადლობა გადაუხადა და საოპერაციოდან გამოვიდა. პატარა ანდრიას მშობლებმა როგორც კი ქირურგი დაინახეს, ოპერაციის შედეგის გასაგებად მიეჭრნენ: „ყველაფერმა ძალზე კარგად ჩაიარა“, - უთხრა მათ ქირურგმა და დაამატა: „თუმცა ვერ გამიგია, რატომ მომმართეთ მე, თუკი ბავშვებისათვის ასეთი ექიმი გყავდათ?“. გაოცებულმა მშობლებმა თქვეს, რომ არავითარი ექიმი არ ჩამოჰყოლიათ და ასეთ ვინმეს არც კი იცნობენ. მაშინ, ქირურგმა ურჩია, რომ ცოტაც მოეთმინათ, ვიდრე უცნობი ექიმი სხვებთან ერთად საოპერაციოდან გამოვიდოდა... ამაოდ უცდიდნენ და ამაოდ ეძებდნენ ყველგან უცნობ ექიმ ქალს - იგი გაუჩინარდა. პატარა ანდრიას მშობლებმა ბოლოს ივარაუდეს, რომ რომელიმე ექიმს საბერძნეთიდან ან კვიპროსიდან, მათი თანადგომისათვის, ოპერაციაზე დასასწრებად აშშ-ში ჩამოვიდა. ისინი მდივანთან მივიდნენ, რათა ამ უცნობი ექიმის მისამართი მაინც გაეგოთ და მადლობა მოგვიანებით გადაეხადათ. ყველასათვის გასაოცრად უცნობ ექიმ ქალს ჟურნალში თავისი სახელი - მარინე ანდროსიდან ჩაეწერა. ბავშვის მშობლები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, კარგა ხანს გაოგნებულები იდგნენ. მათი თვალები სიხარულისა და წმიდა მარინესადმი მადლიერების ცრემლებით აივსო. მაშინ გაიხსენეს მონასტრის იღუმენის სიტყვები: „წადით ამერიკაში, დაე, წმიდა მარინე გყავდეთ შემწე საოპერაციოში“.
უსაზღვრო სიხარულითა და მადლიერებით აუწყა ვასილიუსთა ოჯახმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს პატარა ანდრიას გამოჯანმრთელებისა და ნამდვილი სასწაულის შესახებ. ამ ამბის შემდეგ ოჯახმა აღთქმა დადო, რომ კუნძულ ანდროსზე, წმიდა მარინეს მონასტერში, ყოველწლიურად დასწრებოდნენ ამ სასწაულმოქმედი დიდმოწამის დღესასწაულს.
ღვთის მადლით, მართლმადიდებელ ეკლესიაში ყოველთვის მრავლად აღესრულება წმინდანთა სასწაულები, რომელთა მეშვეობით, ყოვლადმოწყალე უფალი იესო ქრისტე, თითოეული ჩვენგანის რწმენაში განმტკიცებას ცდილობს.
გაზეთი „სტილოს ორთქოდოქსიას“
ახალბერძნულიდან თარგმნა ზურაბ ალასანიამ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 6, 2006 წ.