1999 წელს ერთი ჩემი ახლობელი მოულოდნელად მძიმედ დაავადდა. მას გენადი ერქვა. იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში საქმიანი ადამიანი იყო, თავის ოჯახსა და ახლობლებზე მზრუნველი, ბევრ სიკეთეს აკეთებდა, მაგრამ ყველაფერ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ყურადღებას არ აქცევდა ეკლესიურ ცხოვრებას. მისთვის ეს მნიშვნელოვანი არ გახლდათ. ასე მიაღწია მან 49 წლის ასაკს და უცებ სრულიად ჯანმრთელს სარკომა დაემართა.
დიაგნოზის გაგების შემდეგ ახლობლებმა მისი სულის გადარჩენისათვის იწყეს ზრუნვა, ტაძარში მიიყვანეს, მაგრამ გენადი ვერც წირვაზე გაჩერდა, არც მოძღვრის სიტყვა შეისმინა, სასულიერო პირს უმიზეზოდ განურისხდა, შეურაცხყოფა მიაყენა და ტაძრიდან გაიქცა.
სარკომა ძალიან სწრაფად ვითარდება და მოკლე ხანში ბოლოს უღებს ადამიანს. მართლაც, გენადის ავადმყოფობა ელვის სისწრაფით განვითარდა, რასაც მძიმე ტკივილები ახლდა თან. ფაქტიურად, გენადის ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. ბუნებრივია, არც ძილი ჰქონდა, არც სიმშვიდე. ექიმები ვერაფრით უმსუბუქებდნენ მდგომარეობას, გამაყუჩებელიც არ მოქმედებდა.
მდგომარეობა უარესდებოდა და ჩვენ უკვე მისი არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი გადარჩენის იმედი გადაგვეწურა. არანაირი ნიშანი იმისა, რომ ის ღვთისკენ პირს მოიბრუნებდა, არ ჩანდა.
მაგრამ ის, რაც შეუძლებელია კაცთათვის, შესაძლებელია უფლისათვის, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი გულმოწყალება:
ერთ დღეს, ეს იყო 1999 წლის სექტემბერი, პარასკევი საღამო, ჩვენს ოჯახში ტელეფონის ზარი გაისმა. რეკავდა გენადის მეუღლე, რომელმაც ჩემთვის დაუჯერებელი სიტყვები წარმოთქვა: გენადი მღვდლის მოყვანას ითხოვს. ჩემთვის ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ ვიფიქრე, რაიმე გაუგებრობა ხომ არ არის-მეთქი, ამიტომ მის მეუღლეს ვთხოვე, ხელმეორედ შეკითხვოდა გენადის, თუ რა სურდა მას. მაშინ ტელეფონით თავად გავიგონე ლოგინად ჩავარდნილი ახლობლის ავადმყოფობიგან მისუსტებული ხმა: დიახ, დიახ, მღვდელი მომიყვანეთ.
სასწრაფოდ დავუკავშირდი ჩემს მოძღვარს, რომელმაც მისთვის ჩვეული გულისხმიერება გამოიჩინა და დაახლოებით ერთ საათში უკვე გენადისთან ვიყავით. იგი სრულიად მოწყვეტილი დაგვხვდა, კისრის ქვემოთ ვეღარაფერს გრძნობდა, კიდურებს ვერ ამოძრავებდა. ყველა ნიშნის მიხედვით აშკარა იყო, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა. რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებდა, თუ როგორ გაუჩნდა მას მოულოდნელად მღვდლის ნახვის სურვილი. გენადიმ საოცარი ამბავი მოგვიყვა: დღეს ჩემი სული გამოვიდა სხეულიდან, მოვიარე ოთახები, დავათვალიერე მთელი სახლი, რისი გაკეთებაც დიდი ხანია უკვე აღარ შემიძლია, აივნიდანაც კი გადავიხედე, შემდეგ სული სხეულში ჩაბრუნდა, რაც ძალიან არ მინდოდა. ამავე დროს, დაამატა: საშინელ კოშმარებს ვხედავო. როგორც მისმა მეუღლემ აგვიხსნა, ავადმყოფი ცხადში ხედავდა შავით მოსილ არსებებს, რაც მის, ტკვილებისაგან ისედაც გაუსაძლის ყოფას, სრულიად აუტანელს ხდიდა. მისთვის, როგორც არაეკლესიური ადამიანისათვის, გაუგებარი იყო მისი მნიშვნელობა. მან, ბუნებრივია, არ იცოდა პატერიკებში აღწერილი მრავალი შემთხვევა, როდესაც მომაკვდავს დემონები ეცხადებიან და სულს უშფოთებენ. ასეთმა მდგომარეობამ გენადის გადააწყვეტინა მოძღვართან საუბარი და ზიარება. სულში მანამდე უცნობმა გრძნობამ გაიღვიძა. დაიწყო აღსარება, მე დავტოვე ოთახი. აღსარება დიდხანს გრძელდებოდა. ჩანს, ბოროტს თავისი მსხვერპლის ხელიდან გაშვება არ სურდა. ავადმყოფშიც გარკვეული გაორება იგრძნობოდა: მთელი ცხოვრების მანძილზე მასში დალექილი ათეისტური ცნობიერება უჩვეულო გრძნობას ებრძოდა. ეს იყო ბრძოლა ურწმუნოებასა და რწმენას, ბოროტსა და კეთილს შორის. ეშმაკი ღვთის არსებობასა და მის სამართლიანობაში აეჭვებდა, ანგელოზი კი საწინააღმდეგოს შთააგონებდა. ჩანს, ბოროტს არ ეთმობოდა თითქმის მის ნადავლად დაგულებული სული. მოძღვარმა მომიხმო და ჩემი თანდასწრებით განაგრძო სნეულთან სარწმუნოებრივი საკითხების შესახებ საუბარი. სასულიერო პირი ყოყმანობდა, ეზიარებინა თუ არა იგი, მაგრამ ავადმყოფმა მტკიცე სურვილი გამოამჟღავნა: მე მინდა ზიარება და სწორედ ამიტომაც დაგიბარეთო. გენადი ეზიარა. ცოტა ხანს კიდევ დავყავით მასთან. როგორც შემდეგ გვითხრეს, მას ჩვენი წასვლის შემდეგ ჩასძინებია. დიდი ხნის მანძილზე ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა მას ორი საათის განმავლობაში მშვიდად ეძინა. როდესაც გაეღვიძა, „შავოსნების“ ნაცვლად მის წინაშე ბავშვის სახის არსებები გაჩნდნენ.
როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ეს მოხდა პარასკევს. კვირას, საღამოს, 5 სთ-თვის კი გენადიმ თავისი სული ყოვლადმოწყალე უფალს მიაბარა, რომელსაც არავის წარწყმედა არ სურს. გაჩნდა იმედი გენადის სულის გამოხსნისა, რისთვისაც მადლობა შევწირეთ უფალს.
მოამზადა ზურაბ ციხისელმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 10 (164), 2002 წ.