1.
პოლტავოს ეპარქიის მოძღვრის 1898 წლის ჩანაწერებში ვკითხულობთ: ჩემი მეუღლე ცხელებით ავად გახდა, რასაც კბილის ტკივილიც დაერთო. იგი შუა ოთახში იწვა, მე კი სამზარეულოში ხმამაღლა ვკითხულობდი წიგნს მამა სერაფიმეს ცხოვრებასა და მისი სასწაულებრივი კურნებების შესახებ. შემდეგ გადავწყვიტე, მელოცა და მეთხოვა მამა სერაფიმესათვის ჩემი ავადმყოფი მეუღლის განკურნება. სანამ ხატების ოთახში გავიდოდი, მივედი ჩემს მეუღლესთან, მივუტანე ტუჩებთან მამა სერაფიმეს სურათი, იგი ემთხვია. ამის შემდეგ ვილოცე და სამზარეულოში დავბრუნდი, ცოტა რომ მეჭამა. ჩემს ცოლს ჩასძინებოდა. 10-15 წუთის შემდეგ იგი ადგა და საჭმელი მოითხოვა. მანამდე ორი დღე-ღამე ვერაფერს ჭამდა. მან განაცხადა, რომ სავსებით ჯანმრთელია და არაფერი აწუხებს. მე ვუთხარი, რომ მამა სერაფიმეს უნდა უმადლოდეს გამოჯანმრთელებას და ორივემ გადავწყვიტეთ, წავსულიყავით საროვოში და სამადლოებელი ლოცვა გადაგვეხადა.
2.
1900 წელს მამა სერაფიმეს ლოცვებით აღრსულდა შემდეგი სასწაული. დივეევოს მონასტრის ახალგაზრდა მორჩილი, 22 წლის მარიამ მოროზოვა ავად გახდა. მისი დედა, მონაზონი სერაფიმა, მანამდე ამჩნევდა, რომ რაც არ უნდა ეთქვათ მარიამისთვის, იგი აუცილებლად საწინააღმდეგოს უპასუხებდა. მდგომარეობა თანდათან რთულდებოდა. დაეწყებოდა შეტევები, ადამიანებს ესხმოდა თავს და იმდენად დაუმორჩილებელი იყო, რომ რამდენიმე ადამიანი ძლივს აკავებდა. ბოლოს და ბოლოს ექიმმა იგი სულიერ ავადმყოფად გამოაცხადა და ურჩია დედებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ. ქვემო ნოვგოროდში გამგზავრების წინ რჩევისათვის იღუმენიამ ნეტარ პრასკოვიასთან გაგზავნა დები მონასტერში. ნეტარმა უთხრა: წაიყვანეთ, დაავადება მაინც მასთან დარჩება, მე ფეხი მტკიოდა და მოხუცმა მიშველა. რომელმა მოხუცმა? ჰკითხეს დებმა. სერაფიმემ, რა თქმა უნდა, და მისმა წყარომ. იქ წაიყვანეთ. ავადმყოფი ქვემო ნოვგოროდის ნაცვლად საროვოში წაიყვანეს წყაროზე. წყაროზე სამი განბნვის შემდეგ იგი სავსებით განიკურნა.
3.
1901 წელს ნატალია მირონოვიჩი წერდა თავის ქალიშვილს ოლღას სასწაულებრივ განკურნებაზე:
ჩემი ქალიშვილი სწავლობდა პეტერბურგში. ავად გახდა უცნაური დაავადებით, ფეხზე გაუჩნდა წითელი ლაქები, რომელიც მთელ სხეულზე გადაუვიდა, გახდა, ძალა დაკარგა. მოვიწვიეთ კონსილიუმი. მათ ვერ განსაზღვრეს დაავადების ხარისხი და გვირჩიეს, წაგვეყვანა სამხრეთში ჰაერის გამოსაცვლელად. ჩათვალეს, რომ პეტერბურგის ნესტიანმა ჰავამ ავნო. გოგონას შეჰპირდნენ სახელმწიფო ხარჯზე გამგზავრებას.
მე ბევრი მსმენოდა მამა სერაფიმეს სასწაულების შესახებ და საროვოში გავგზავნე თხოვნა, გადაეხადათ პანაშვიდი მამა სერაფიმეს საფლავზე და გამოეგზავნათ წყალი. ჩემი ქალიშვილი იწვა სასწავლებლის საავადმყოფოში. როდესაც პანაშვიდი გადაიხადეს, სხეულზე ლაქებმა იწყო გაქრობა. მეორე დღეს ყველა ლაქა გაქრა. ექიმი განაცვიფრა ასეთმა სასწაულებრივმა განკურნებამ.
4.
ქვემო ნოვგოროდის მოხელე ა. პუარე წერდა: ერთ დღეს კლუბიდან სავსებით ჯანმრთელი დავბურნდი სახლში. მაგრამ როგორც კი ოთახში შევედი, გრძნობა დავკარგე და დავეცი. როცა გონს მოვედი, მარცხენა მხარე სავსებით წართმეული მქონდა. მოიწვიეს ექიმები. ექიმმა მითხრა, რომ ტვინში სისხლჩაქცევების შედეგად მარცხენა მხარეზე დამემართა დამბლა და შეტევის განმეორება დასაშვები იყო. ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი პეტრე აბოლშაკოვი, რომელმაც მამა სერაფიმეს წყაროდან ბოთლით წყალი მომიტანა. თან მაჩვენა მამა სერაფიმეს პორტრეტი. მე ვთხოვე, გადაეღო ფოტო პორტრეტისათვის და ჩემთვის მოეცა. მეგობარმა თხოვნა შემისრულა. მე ვკითხულობდი მამა სერაფიმეს ცხოვრებას, მის პორტრეტს ვევედრებოდი განკურნებას და კოვზით წყალს ვსვამდი. ორ დღეში უკეთესობა დამეტყო, მარცხენა მხარეს ნელ-ნელა ვამოძრავებდი, თან ვამბობდი: „ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩემთვის“. ცოტა ხანში ავდექი, დავიწყე ოთახში სიარული და გადავწყვიტე საროვოში წასვლა. მართლაც გავემგზავრე. იქ გადავიხადე პანაშვიდი, ვეზიარე და წყაროზე განვიბანე. სავსებით განვიკურნე და შეტევა აღარ განმეორებულა.
5.
1902 წელს ტამბოვის გუბერნიის მცხოვრებმა ვასილ ევრიუკოვმა მოგვითხრო: 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ანგინით ვიტანჯებოდი. ერთხელაც გავცივდი და ავადმყოფობამ იმდენად მწვავე ხასიათი მიიღო, ვერაფერს ვყლაპავდი. დავუწყე გულმოდგინე ცრემლიანი ვედრება მამა სერაფიმეს. მეორე დღეს შვება ვიგრძენი, შემდგომში კი სავსებით განვიკურნე.
6.
ერთ-ერთი ქალაქის მოძღვარი მამა ნიკოლოზი მოგვითხრობს თავისი მეუღლის სასწაულებრივი გამოჯანმრთელების შესახებ.
ჩემმა 3 წლის ქალიშვილმა გაუფრთხილებლობით ცეცხლი წაუკიდა საწოლს. ჩემი მეუღლე საწოლთან იდგა და ისე შეშინდა, ცეცხლს ხელებით აქრობდა. ცეცხლი კი ჩააქრო, მაგრამ მწვავე დამწვრობა მიიღო, თითები გაუშავდა და დაუსვიდა. საშინელი შესახედი იყო. გრძნობდა აუტანელ ტკივილებს. უბედური ქალი მამა სერაფიმეს თხოვდა ტანჯვისაგან განკურნებას. ამ დროს მან აღთქმა დადო, როცა შესაძლებლობა ექნებოდა, მოენახულებინა საროვოს უდაბნოში მისი საფლავი. მართლაც, მოხდა სასწაული. ნახევარ საათში ტკივილები შეუმსუბუქდა, რამდენიმე დღეში კი ხელებზე აშკარად გაუმჯობესება იგრძნო. მან მთხოვა, ამ სასწაულის შესახემ მიმეწერა საროვოში. მე შევპირდი, მაგრამ კადნიერმა და უღირსმა ფიქრმა გამიელვა თავში: „ისედაც ბევრი რამაა ცნობილი ამის შესახებ“. ამის შემდეგ მოულოდნელად დამეწყო თითების ტკივილი, ხოლო ცოტა ხანში ჩემს ქალიშვილს ოლღას - თვალები ატკივდა. მივხვდი, ეს იყო სასჯელი ჩემი ცოდვების საპასუხოდ. სასწრაფოდ მივწერე წერილი იღუმენს, ვაცნობე სასწაულის შესახებ. ვთხოვე, გადაეხადა პანაშვიდი მამა სერაფიმეს საფლავზე, გამოეგზავნა წყალი და კანდელის ზეთი. ვიცხე რა ზეთი მტკივან ადგილებზე, გამოვჯანმრთელდი, ჩემს ქალიშვილს კი თვალები წყლით მოვბანე, რის შემდეგაც ტკივილი შეუჩერდა.
7.
ყუბანის მხარის მცხოვრები ეკატერინე ხუდისოვა ძლიერი თავის ტკივილების შედეგად სავსებით დაბრმავდა. დედამ იგი საროვოში წაიყვანა. შუაგზაზე მხედველობა უუმჯობესდებოდა, საროვოში მისვლისას კი სავსებით დაუბრუნდა მამა სერაფიმეს ლოცვით.
8.
სერაფიმო-დივეევოს მონასტრის 40 წლის მორჩილი ნატალია პუშკინა 7 წლის განმავლობაში იტანჯებოდა სისხლდენით. ის ფეხით მივიდა სერაფიმო-პონეტაევკოს მონასტერში, რის შემდეგაც სისხლდენა შეუჩერდა. ცოტა ხანში მუცელში მას განუვითარდა სიმსივნე, რომელიც 5 წლის განმავლობაში თანდათან იზრდებოდა. ის ძლივს დადიოდა და მოხრა უჭირდა. ექიმმა მისი ავადმყოფობა უკურნებელად ჩათვალა და ოპერაციის გაკეთება ურჩია. ნატალიამ ყველა იმედი ღმერთზე დაამყარა. ახლოვდებოდა მამა სერაფიმეს გარდაცვალების დღე და მან გადაწყვიტა, საროვოში გამგზავრებულიყო. მონაზონ თებრონიასთან ერთად ის ფეხით წავიდა საროვოში, თუმცა იღლებოდა და ძალიან უჭირდა. აქ ის მივიდა საფლავზე, აღსარება თქვა და ეზიარა. ღამით სენაკში წავიდნენ დასაძინებლად. მონაზონმა თებრონიამ გასაღებით გადაკეტა კარები. ღამით ნატალია გააღვიძა კარების ხმამ. იგრძნო, ვიღაც შემოვიდა ოთახში. მან იფიქრა, რომ მორჩილი აღვიძებდა დილის ცისკარზე და საბანი გადაიფარა თავზე. უცებ ვიღაც შეეხო მარჯვენა მხარზე და უთხრა: „შენ მოხვედი საწყალ სერაფიმესთან განსაკურნებლად, 3-ჯერ განიბანე ჩემს წყაროში და გამოჯანმრთელდები“. შემდეგ მოესმა ფეხის ხმა, რომელიც ნელ-ნელა შორდებოდა. ნატალიამ სასწრაფოდ გადაიძრო საბანი და დაინახა რაღაც უჩვეულო, მაგრამ სასიამოვნო ნათელი. მან მღელვარებით გააღვიძა თებრონია და ყველაფერი მოუთხრო. მისცვივდნენ კარებს. იგი შიგნიდან დაკეტილი აღმოჩნდა. ნატალია მიხვდა, რომ თვით მამა სერაფიმემ ინახულა. მან შეასრულა ბერის დარიგება და 3-ჯერ განიბანა წყაროზე, რის შემდეგაც მისი სიმსივნე გაქრა.
9.
სერაფიმო-დივეევოს საქველმოქმედო ნაწილში მცხოვრები 70 წლის მოხუცი ევდოკია პრიკოტი 1903 წლის 30 იანვარს განიკურნა სიბერით გამოწვეული ავადმყოფობისაგან. მას რევმატიზმი სტანჯავდა და ფეხები უსივდებოდა. ტკივილები იმდენად აწუხებდა, რომ ძლივს დადიოდა. იგი გულმხურვალედ ევედრებოდა მამა სერაფიმეს განკურნებას და ფეხებზე წყაროს წყალს ისხამდა. ევდოკია გრძნობდა, რომ ყოველი წყლის დასხმის შემდეგ ფეხები ეწვოდა. მალე ყველას გასაკვირად, ჯოხისა და სხვების დაუხმარებლად დაიწყო სიარული. ფეხებზე სიმსივნე ჩაუცხრა და სასებით გამოჯანმრთელდა.
10.
16 წლის ქალიშვილი სოფ. ვერტანოვოდან პრასკოვია კისელევა გაცივდა და ორი წელი ავად იყო. ფეხები ისე დაუსუსტდა, რომ ვერ დადიოდა. გოგონა მუდმივად იწვა ღუმელზე და იშვიათად მიჰყავდათ საკაცით დივეევოში ბებიასთან. ავადმყოფს სულ უნდოდა წასვლა საროვოში, მაგრამ არ ხერხდებოდა, რადგან მამამისს ცხენები არ ჰყავდა.
1903 წელს გოგონა წაიყვანეს ბებიასთან, მას ჩაეძინა ღუმელზე და სიზმარში ხედავს მამა სერაფიმეს: „აი, შენ უკვე მესამედ აპირებ წასვლას საროვოში, მაგრამ არ მიდიხარ“. გოგონამ უპასუხა, რომ არა აქვს მგზავრობის ფული. ბერმა უთხრა: „რაიმე გაყიდე და ამ ფულით საროვოში წადი, იბანავე წყაროზე და იყიდე ორი სეფისკვერი, ერთი შეჭამე, მეორე შეინახე ბრწყინვალე ორშაბათამდე“. ამ სიტყვებით მამა სერაფიმე გაქრა. გოგონამ გაიღვიძა და ბებიას მოუყვა ყველაფერი. ბებიამ იმწამსვე იქიარავა ცხენები და თავისი შვილიშვილი საროვოში წაიყვანა. მისვლისას ბებია წუხდა, როგორ გადმოეყვანა მარხილიდან ბავშვი, მაგრამ მისდა გასაკვირად, გოგონა თვითონ გადმოვიდა და ეკლესიაში წავიდა, შემდეგ მივიდა წყაროზე, იბანავა და სრულიად განიკურნა. სახლში დაბრუნებულმა ბავშვმა კვლავ იხილა მამა სერაფიმე, რომელმაც დალოცა ჯვრის გადასახვით.
11.
ტამბოვოს გუბერნიის 23 წლის გლეხი ანდრია ავად გახდა, გვერდები და მუცელი გაუსივდა. ექიმები ამბობდნენ, რომ გაციეული იყო და რევმატიზმი ჰქონდა. სწორ დიაგნოზს ვერავინ უსვამდა. ანდრიას კი ძალიან აწუხებდა თავისი ავადმყოფობა. მას ერთხელაც ჩაეძინა და ნახა სიზმარი: ვიღაც მოხუცი მისი საწოლის ირგვლივ ჯოხით დადიოდა. „ბაბუა, რას დადიხარ?“ - ჰკითხა ანდრიამ. „ანდრია, მოდი ჩემთან“ - უთხრა მოხუცმა. ანდრია მიუახლოვდა. უცნობმა თავზე მოჰკიდა ხელები და სამჯერ შეანჯღრია, შემდეგ დაახრევინა თავი და ჯვარი გადასახა. შემდეგ აკოცა მას და სთხოვა 15 კაპიკი, მაგრამ საბრალო ანდრიამ უპასუხა, რომ მას ფული არა აქვს. მაშინ ბერი კარებში გაჩერდა. „ბაბუა, მითხარი რა გქვია?“ - ჰკითხა ანდრიამ. „მე ხომ მამა სერაფიმე ვარ“ - ანდრია ფეხებში ჩაუვარდა ბერს და უთხრა: „მამაო, მე ბევრჯერ დავაპირე შენს უდაბნოში მოსვლა“. ამაზე ბერმა უპასუხა: „მოდით, მოდით ყველანი ჩემს ადგილზე“ და გაქრა. მან გაიღვიძა, მოუყვა ახლობლებს სიზმარი და ფეხით წავიდა საროვოში. აქ მან ერთი კვირა იცხოვრა, ეზიარებოდა, ბანაობდა წყაროზე, სიმსივნე ნელ-ნელა გაუჩინარდა და ძველი ძალა და ჯანმრთელობა აღუდგა.
12.
შიხანის მონასტრის (პენზის გუბერნია) კეთილმორწმუნე მონაზონი მელიტინა 1902 წელს ძალიან გაცივდა, რის შედეგადაც ყელის აუტანელ ტკივილებს გრძნობდა. ექიმმა ყელისა და ფილტვის კატარი დაუდგინა. ექიმების გულმოდგინების მიუხედავად ავადმყოფობა დღითი-დღე მწვავე ხასიათს იღებდა და ბოლოს ქრონიკულში გადაიზარდა. იგი ფილტვებიდან სისხლიან ნახველს იღებდა. ეზიარა და დაიწყო გულმოდგინე ლოცვა სერაფიმე საროველისადმი. ლოცვების დამთავრების შემდეგ დედა მელიტინამ ჩაიძინა. დილით სავსებით გამოჯანმრთელებულმა გაიღვიძა.
13.
ორლოვის გუბერნიის ქალაქ ლივნის მცხოვრებმა ნიკოლოზ პერეკალინმა განაცხადა, რომ სახეზე გაუჩნდა ჩირქოვანი მუწუკები, რომელთა რაოდენობაც დღითი-დღე იზრდებოდა. მან გამოიყენა მრავალი მალამო და წამალი, მაგრამ უშედეგოდ. დაიწყო გულმოდგინე ლოცვა ღირსი მამა სერაფიმესადმი. შემდეგ მიიღო საროვოს უდაბნოდან ჩამოტანილი სეფისკვერი და შესვა წყალი მამა სერაფიმეს საფლავიდან. საღამოს ჟამს მუწუკებს თავი უშრებოდა, დილას კი სავსებით გასუფთავდა.
14.
ექიმმა აპრაქსინმა მოგვითხრო სასწაულებრივი კურნების შესახებ.
მიწვეული ვიყავი ერთ-ერთ მემამულესთან ქვემო ნოვგოროდში. მისი გასინჯვისა და საუბრის შემდეგ, მთხოვა ასევე გამესინჯა მისი 13 წლის გოგონა, მანია, რომელიც რამდენიმე თვის წინ რევმატიზმით გახდა ავად. ავადმყოფობა ძალიან სწრაფად გაუმწვავდა, რასაც დაერთო მეორე, უარესი დაავადება - გულის შიდა გარსის ანთება, რასაც თან ახლდა კონვულსიური შეტევები. გოგონა ტკივილებისაგან იტანჯებოდა. მკურნალი ექიმები ყველა ღონეს ხმარობდნენ. უშედეგო მკურნალობის შემდეგ მშობლებმა მთელი იმედი ღვთის მოწყალებაზე დაამყარეს. მათ მიუტანეს ღვთისმშობლის ხატის წინ მლოცველი მამა სერაფიმეს გამოსახულება და უთხრეს: „მანია! ევედრე მამა სერაფიმეს, რომ განგკურნოს. თუ ლაპარაკი გიჭირს, გულში თხოვე, დაგეხმაროს“. ამ წუთიდან გოგონას კონვულსიის შეტევები შეუჩერდა. ძილში კი ამბობდა: „გამომეცხადა, გამომეცხადა“. ჯანმრთელობა უმჯობესდებოდა. როცა უკეთ იგრძნო თავი, გოგონამ თქვა, რომ გამოეცხადა მამა სერაფიმე და უთხრა: „ნუ გეშინია, გამოჯანმრთელდები“. შემდეგ დაამატა: „მე შენ პირველს არ გკურნავ. შენი ანიუტაც ავად იყო არზამასში და მე განვკურნე“. განცვიფრებულმა მშობლებმა ღმერთს მადლობა შესწირეს და აღუთქვეს, რომ მანიას გამოჯანმრთელებისთანავე საროვოში წავიდოდნენ. მათ მალე შეიტყვეს, რომ ანიუტა ქუნთრუშით ყოფილა ავად და მამა სერაფიმეს ლოცვით სწრაფად გამოჯანმრთელდა. მანიას გამოჯანმრთელების შემდეგ მადლიერმა მშობლებმა შეასრულეს თავიანთი დაპირება, მოილოცეს საროვო და დივეევო და შეუკვეთეს მამა სერაფიმეს პორტრეტი.
15.
1903 წლის მარტში ყაზანის სასწავლებლის პოლკოვნიკი ლებედევი ავად გახდა ფილტვების ანთებით. მას ახლობლებმა მისცეს მამა სერაფიმეს წყაროს წყალი და ქვის ნატეხი, რომელზეც მამა სერაფიმე ლოცულობდა 1000 ღამე. ქვა თავზე დაიდო და წყაროს წყლით დაასველა, რის შემდეგ შეწყვიტა ხველება და მდგომარეობა შეუმსუბუქდა, ცოტა ხანში სავსებით გამოჯანმრთელდა.
16.
მოსკოვის გუბერნიი გლეხი ილია გორუნოვი მოგვითხრობდა, რომ ძალიან სტკიოდა თვალები. 5 წლის წინათ უშედეგოდ გაიკეთა ოპერაცია, რის გამოც სავსებით დაკარგა მხედველობა ისე, რომ დღესა და ღამეს ვერ არჩევდა. მან გადაწყვიტა საროვოში ფეხით წასულიყო. დიდის გაჭირვებით გაემგზავრა საროვოსკენ. ერთი თვის შემდეგ 1903 წლის 29 მარტს მივიდა საროვოში. იმავე დღეს, იბანავა თუ არა წყაროს წყალში, ნათელი და ბნელი გაარჩია, 5 აპრილს კი განმეორებით იბანავა და მხედველობა სავსებით დაუბრუნდა.
17.
1903 წლის 4 ივლისს ქ. ვორონეჟის მახლობლად მცხოვრებმა ევდოკია კალბეშვინმა მოგვითხრო შემდეგი: მისი ქალიშვილი ვერა ავად გახდა ტიფოზური ცხელებით. ექიმების აზრით ის ვერ გადარჩებოდა. მომაკვდავთან მჯდარმა დედამ დაიძახა: „მამა სერაფიმე, განკურნე ჩემი შვილი, მე ვერ გადავიტან მის სიკვდილს, დავიღუპები“. ავადმყოფს ცოტა ხანში ჩაეძინა, მეორე დღეს გოგონა თავისით ადგა საწოლიდან და მესამე დღეს კი სავსებით გამოჯანმრთელდა.
18.
ჯარისკაცის ქვრივის 9 წლის ქალიშვილი უცნაურად დაავადდა: ფეხები მოეკეცა, ხელები ზეაღემართა და ისეთ მდგომარეობაში დარჩა, რომ თუ ბალიშებს არ შემოუწყობდნენ ირგვლივ, ვერც წვებოდა და ვერც ჯდებოდა. ამ მდგომარეობაში მყოფი 1902 წელს წაიყვანეს საროვოში. საროვოში მისვლისას დედამ 3-ჯერ განბანა წყაროზე. მესამე განბანვის შემდეგ გოგონამ თავისუფლად გაშალა ხელ-ფეხი და შეძლო დამოუკიდებელი მოძრაობა.
19.
ვიატკის გუბერნიის მცხოვრები ქვრივი ექვთიამია მელნიკოვა 50 წლის ასაკში პარალიჩით იტანჯებოდა. მისი ტანჯვა 6 წელიწადს გრძელდებოდა. ყველა კლინიკას მიმართა დახმარებისათვის, მაგრამ უშედეგოდ. ახლობლების რჩევით და დახმარებით, იგი განიბანა საროვოს წყაროზე და განიკურნა.
20.
სოფ. კოროვენკის მცხოვრები გლეხის ქალი ელენე კულმოზინა 5 წლის წინათ დაბრმავდა. 28 ივნისს იგი მთელი ღამე ცრემლებს ღვრიდა და ლოცულობდა სამრეკლოში მამა სერაფიმეს საფლავზე. ტირილის შეწყვეტისთანავე მხედველობა დაუბრუნდა.
21.
ხარკოვის გუბერნიის სოფ. დიდ პისარევკაში გლეხის ქალ ნატალია ლუსკოვას (30 წლის) დაბადებიდან თიაქარი აწუხებდა, ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ ქირურგიული ჩარევის შემდეგ უფრო უარესად დაავადდა. იგი წავიდა საროვოში, 3-ჯერ განიბანა წყაროზე და მესამე განბანვის შემდეგ სავსებით გამოჯანმრთელდა.
22.
ტამბოვოს გუბერნიის სოფ. ნოვოსპასკში მცხოვრები ანა ლოვეცკაია მტანჯველი რევმატიზმისგან საროვოს წყაროს მეშვეობით სავსებით განიკურნა.