მოგვიანებით, მიწაზე, მე აზრობრივად გამუდმებით ვუბრუნდებოდი იმ უსაზღვრო საღვთო „სიყვარულის“ მოგონებას და ვადარებდი იმ აუტანელი მწუხარების ხსოვნას. როგორც ჩანს, მათ შორის ასეთი უზარმაზარი სხვაობა შემთხვევით არ დავინახე. ახლა ესენი, ეს ორი მდგომარეობა, როგორც ორი წერტილი ღმერთსა და წყვდიადს შორის, გამუდმებით მახსენებენ ჩემი მიწიერი არსებობის აზრს და იმასაც, თუ მთელი ძალით რას უნდა ვესწრაფოდე ამქვეყნიურ ცხოვრებაში. იმ ტკივილისა და ტანჯვის გახსენება, რომელიც ღვთისგან მოწყვეტის შემდეგ განვიცადე, ბადებს ჩემში აზრს, რომ თვით ყოველივე ამის გამოცდის შემდეგაც, მე მხოლოდ ძალიან ბუნდოვნად შემიძლია წარმოვიდგინო ის გამოუვალი მდგომარეობა და სატანჯველი, რომელსაც ცოდვილები ჯოჯოხეთში განიცდიან, როდესაც უნუგეშოდ უხმობენ ღმერთს. და მათი ტკივილები საშინელია არა მარტო იმიტომ, ტომ ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვიან, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს და მის უსაზღვრო „სიყვარულს“ არიან განშორებულნი. და ეს ღვთისგან განშორება განა ჯოჯოხეთში დაწვა არ არის?! ანდა ეს დახელოვნებული ეშმაკისეული სატანჯველები და სასტიკი განსაცდელები არ არის ღვთისაგან სრული განშორების და აბსოლუტური დაუცველობის შედეგი - ღვთის „სიყვარულის“ მოკლება რომ იწვევს?! ახლა მე მივხვდი, რომ ადამიანის არსებას, ერული საზრუნავით აღძრულსა და სრულად დანთქმულს მასში, ძალა არ შესწევს, ბოლომდე ჩასწვდეს და გაიგოს იმ ცოდვილის საშინელი და გამოუვალი მდგომარეობა, ჯოჯოხეთი რომ ელის. დედამიწაზე ჩვენ ისე ვცხოვრობთ, თითქოს სიკვდილი თავისი გარდაუვალი ცვლილებებით ჩვენს სიცოცხლეს პირადად არ ეხებოდეს.
ჩემი უნუგეშო, დამთრგუნველი გლოვა არ წყდებოდა და უფრო და უფრო მიფლეთდა სულს. ასე გრძელდებოდა კიდევ რაღაც დროის განმავლობაში... მაგრამ ერთხელაც მკაფიოდ ვიგრძენი, რომ ვხედავ მას... და მისმა მყოფობამ კვლავ თეთრი სინათლით აავსო ყოველივე. ეს იყო რაღაც ძლიერი და ყოვლისმომცველი, კონკრეტული ფორმის არმქონე, ყოველივე არსებულის აღმომავსებელი დამაბრმავებლად თეთრი სინათლე. მარადიული, დაუვალი მზის ნათელი. შემოქმედის დამაბრმავებელმა დიდებულებამ ისევ ამათრთოლა და ამატირა. მე ვიყავი დანთქმული და გაოგნებული იმით, რაც გამომეცხადა. შემდეგ შევნიშნე, რომ მასთან ერთად არის კიდევ ვიღაც, მაგრამ ბევრად პატარა, და მისი შტრიხები საბოლოო ჯამში ადამიანისას წააგავს. თავი და ზედა ნაწილი მხრებისა და ფრთებისაგან შედგება, დანარჩენი კი თეთრ ნათელ ნისლშია ჩაფლული. სახეს ვერ ვხედავდი, რადგან ისიც თეთრ სინათლეში იყო გახსნილი. ჩემს მიმართ მისგან გამომავალ სიყვარულსა და სითბოს ვგრძნობდი და კიდევ იმას, რომ ჩემთვის ძალიან ნაცნობია ჩემდამი ამ სითბოთი და თანაგრძნობით. ეს ვიღაც, ასე საგრძნობლად ნაცნობი ჩემთვის ესაუბრებოდა „მას“ (ღმერთს) და მე დანამდვილებით ვიცოდი, რომ ეს საუბარი მე მეხებოდა. ის თითქოს მშუამდგომლობდა ღვთის წინაშე. და ამ ჩემს განუწყვეტელ სასოწარკვეთილ გოდებაში უცებ ჩემდაუნებურად გაჩნდა საკუთარი ცოდვების წარმოუდგენელი ძალით შეგრძნება, რაც თანდათან იზრდებოდა.
და უფალმა ჩანს, შეისმინა ჩემი ტირილი. და იმ ფაქტმა, რომ ბოლოსდაბოლოს მან მისმინა მე, დამამშვიდებლად იმოქმედა, თითქოს ჩემს მიერ გაფლანგულმა მისმა სიყვარულმა კვლავ ჩემში დაიყო დაბრუნება. მაგრამ, რაც უნდა უცნაური იყოს, ჩემი შემუსრვილი გოდება არა და არ წყდებოდა, ის უფრო და უფრო ღრმავდებოდა და ძლიერდებოდა.
რაღაც ეტაპზე თეთრმა სინათლემ და ყველაფერმა, რასაც ის შეიცავდა, გაქრობა დაიწყო, თითქოს ჰაერში იხსნებოდა და ვიგრძენი, რომ უფრო მყარ შრეებზე ვეშვებოდი. ამ სიმჭიდროვესთან შეხებასთან ერთად შეგრძნებები უფრო და უფრო უსიამოვნო ხდებოდა. ტირილი-ლოცვა ჩემში კვლავ და კვლავ არ წყდებოდა და უფრო მეტიც - ძლიერდებოდა, მაგრამ სინანულთან ერთად უკვე ყოვლადმაღალი არსებისადმი ღრმა მადლიერებასაც გამოხატავდა.
დაბლა და დაბლა ვეშვებოდი, სანამ მოულოდნელად არ მომესმა ხმა, რომელიც უკვე მიწიერად ჟღერდა და წინადადების ნაწყვეტი „...იღვიძებს...“, თუმცა ჯერ ხორციელი შეგრძნებები არ იყო, მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვიგრძენი, რომ სადღაც გადამიტანეს. ჩემს წინ თეთრი ნისლი დავინახე და ვიფიქრე, რომ შეიძლება, უკან ვბრუნდებოდი, ისევ იქ, საიდანაც ეს-ესაა მოვედი. შემდეგ მივხვდი, რომ ეს საავამდყოფოს კაფელის თეთრი ფილებით დაფარული კედელი იყო. მაგრამ მანამდე დიდხანს ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი. დროის რაღაც მონაკვეთში გავაცნობიერე, რომ უფალს უკვე ხმით, ადამიანურ ენაზე ვუხმობდი. ზოგჯერ ღვთისადმი ლოცვას ვწყვეტდი, რათა მიმემართა მათთვის, ვისი ხმაც ეს-ესაა გავიგონე: „სად ვარ? დედამიწაზე ვარ? ადამიანი ვარ?“ პასუხად მედდის წყნარი, დამამშვიდებელი ხმა მომესმა, რომელმაც დამიდასტურა ეს. თანდათანობით ნელ-ნელა ვაცნობიერებდი, რომ ეს ნამდვილად მე ვარ, ნამდვილად დედამიწაზე ვარ და რომ დასრულდა ყველაფერი, რაც თავს უნდა გადამხდენოდა, მაგრამ კერძოდ რა - ამას ჯერ ვერ ვაცნობიერებდი.
ოპერაციამდე ძალიან მეშინოდა, რომ შეიძლებოდა, აღარ გამღვიძებოდა და რომ ჩემს ახლობლებს მეტად დაამწუხრებდათ ეს დანაკარგი, რომ გაუჭირდებოდათ უჩემოდ. და ჩემი ვედრება „მისდამი“ შედგებოდა თხოვნისგან, რომ ჯერჯერობით დედამიწაზე დავეტოვებინე, რათა „ახლობლებისთვის ვალი დამებრუნებინა“. ხოლო მთავარი იყო ის, რომ ჩემზე ძლიერად მოქმედებდა საკუთარი ცოდვიანობის განცდა და კარგად ვაცნობიერებდი, რომ არ შემეძლო, ჩემი საქმეები ასეთ ცუდ ვითარებაში მიმეტოვებინა.
ჩემი სასოწარკვეთილი გლოვა-კივილი გრძელდებოდა და ისეთი განცდა მქონდა, თითქოს გამდნარი რკინით მწვავდნენ. მოგვიანებით მივხვდი, რა მწვავდა ასე აუტანლად: ეს იყო ჩემი ცრემლები. ისინი ნაკადულებად მომდიოდა თვალებიდან, ისე რომ კისერთან ტანსაცმელი მთლიანად სველი იყო. თანდათან ყრუ ხორციელი ტკივილები მეუფლებოდა და ვგრძნობდი, რა ნელა ვუბრუნდებოდი საკუთარ სხეულს.
სხეულში დაბრუნება ხანგრძლივი და უსიამოვნო იყო. განსაკუთრებით კი - მომხდარის გაცნობიერების პირველი ეტაპი. მე უსიამოვნო მიწიერი სიმძიმე ვიგრძენი, რომელიც გამდნარ ტყვიასავით იღვრებოდა ჩემში, ეს იყო მიწაზე დაბრუნებით გამოწვეული ძლიერი გულისტკივილი და ღრმა იმედგაცრუება.
მაგრამ მიუხედავად ესოდენ უარყოფითი და უსიამოვნო შეგრძნებებისა, ჩემს გოდება-ყვირილში, მადლიერებასთან ერთად გაჩნდა მიხვედრა იმისა, რომ ჩემი ვედრება ბოლოსდაბოლოს შეისმინა მან. მედდის სიტყვებით, მე ნახევარ საათზე მეტ ხანს სასოწარკვეთილებითა და ცრემლით ვუხმობდი ღმერთს. გაჭირვებით დამარწმუნეს, რომ ხმაურით იმ პალატაში მყოფ სხვა ავადმყოფებსაც ვაწუხებდი, რის შემდეგაც ხმამაღლა ლოცვა შევწყვიტე და გავაგრძელე - გონებაში, ძალიან დიდხანს, ვიდრე ძილმა თავი არ წამართვა.
ოპერაცია საღამოს 6 საათზე დაიწყო, დაახლოებით ორ საათზე გამომეღვიძა. ყველაფერი ძალიან მკაფიოდ მახსოვდა. უფრო და უფრო ძლიერად მეუფლებოდა სურვილი, ავმდგარიყავი და დამეწერა, რაც თავს გადამხდა. იზრდებოდა რწმენა იმისა, რომ ეს ჩემთვის კი არ იყო საჭირო, არამედ - ვიღაცისთვის. თითქოს ამის გაკეთებას ვიღაც მაძალებდა. იმ პერიოდში ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, თითქოს ის, რაც „იქ“ შემემთხვა, ძალიან ბუნებრივი იყო და რომ მასში არ იყო რაიმე განსაკუთრებული. მაშინ მეჩვენებოდა, რომ ადამაინის სულისათვის ძალიან ახლობელია ის განცდები, რომელიც „იქ“ გადავიტანე, რომ ეს ყველასათვის მისაწვდომია... მაგრამ სადღაც ზემოდან მომდინარეობდა მოთხოვნა, რომელიც მაიძულებდა ქაღალდზე დაწვრილებით გადამეტანა და დამეფიქსირებინა ყველაფერი, რაც ჩემს მეხსიერებას შემორჩა. ისე რომ, ბოლომდე ჯერ კიდევ არ მესმოდა ამ ზეგარდმო მოთხოვნის მნიშნვნელობა, ბოლოს და ბოლოს საწოლიდან წამოვდექი, ზეციდან მოსულ ამ მოწოდებას დავემორჩილე და მაშინ, როცა ნარკოზის შემდგომ დაუძლურებული სხეულის მართვა მიჭირდა, ყველაფერი ეს დავწერე.
აქამდე არასოდეს შევჭიდებივარ სამწერლო საქმეს და გამაოცა იმის შეგრძნებამ, რომ ჩემს ხელს თითქოს ვიღაცა ფლობდა. ცნობიერებაში ძალიან ადვილად შემოდიოდა ის, რაც უნდა მეწერა და ამის გაკეთება დიდ შრომასთან არ იყო დაკავშირებული. რაღავ ეტაპზე გავიფიქრე: „ხომ შეიძლება, ვიღაცისთვის ეს აუცილებელია, შეიძლება ამ მოულოდნელი მოგზაურობის ამბავში ვიღაცამ დაინახოს რაიმე ისეთი, რაც დაარწმუნებს, რომ ჩვენი ცხოვრება ეს მხოლოდ მოკლე და უაზრო წამია და დედამიწაზე და ამ მოკლე წამის მნიშვნელობა ესოდენ დიდია მომავალ, წარუვალ ცხოვრებაში. ხოლო მთავარია ის, რომ ვიღაცამ შეიძლება, ჩემი მაგალითის საშუალებით ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა მოიპოვოს“. ადრე, მანამდე ეს მოხდებოდა, ხშირად მცირედმორწმუნეობა და ეჭვები მაწუხებდა, მართლმადიდებლობაში სულ რაღაც ცხრა თვის წინ მოვედი. ახალ კი უკვე დანამდვილებით ვიცი - ღმერთი არსებობს!
გარკვეული ხნის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ჩანაწერი დამესრულებინა იმით, რაც შეიძლება მორწმუნე ადამიანისთვის გარკვეულწილად ღირებული იყოს.
ეს ოპერაცია 1996 წლის 14 მარტს გადავიტანე - დიდ მარხვაში. და რაც შემემთხვა, დარწმუნებული ვარ, არ ყოფილა სიზმარი. უეჭველია, რომ ეს რეალურად მოხდა. სიზმრის შთაბეჭდილება, როგორც ცნობილია, ფერმკრთალდება და იშლება მეხსიერებიდან. თვით ყოველდღიური ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენებიც კი თანდათანობით ფერმკრთალდებიან და დავიწყებას ეძლევიან. ეს კი!.. მე ყველაფერი - ყველაზე უმნიშვნელო წვრილმანებიც კი ისე მკვეთრად მახსოვს!..
ისიც, რაც ოპერაციის შემდგომ პირველ პერიოდში დამემართა მეტად განსაცვიფრებელია. ჭეშმარიტად, ღვთის მოწყალებას დასასრული არა აქვს! ის ცოდვილს უდიდესი სიყვარულით სჯის. როდესაც ასეთი სერიოზული განსაცდელის ღირსი გამხადა, მან უხვად დამაჯილდოვა, რადგან დაფარული და მრავალთა თვალთაგან უნახავი მაჩვენა. და ის, რაც ამ განსაცდელის მცირე წუთებში მოვიპოვე, ჩემს სულში ღრმად შემოიჭრა. ოპერაციის შემდგომ სამი თვის განმავლობაში მქონდა განცდა, რომ სხეულში ბოლომდე არ დავბრუნებულვარ. მიჩნდებოდა გრძნობა, რომ ახალშობილი ყრმა ვარ, და მთელ სამყაროს სულ სხვაგვარად აღვიქვამდი. ეს იყო ყველა, მიწაზე მცხოვრებთაგან განუყოფლობის გრძნობა, თითქოს ყოველი კაცის საერთო სხეული ვიყავი, ღვთის წინაშე ყველა ადამანის მიმართ ნათესაობის გრძნობა გამიჩნდა, თუნდაც ეს ადამიანები ყველაზე უარესნი და ცოდვილნი ყოფილიყვნენ, ძალიან მძაფრად განვიცდიდი, რომ ღმერთისთვის ჩვენ - ერთი მთლიანი ვართ და ჩემში გაჩნდა ყველას მაგიერ ძალიან ღრმა პასუხისმგებლობის გრძნობა. მე შევიგრძნობდი, რომ მოყვასისთვის ტკივილის მიყენების უფლება არა გვაქვს და რომ ერთმანეთისადმი სიყვარულით უნდა ვცხოვრობდეთ. ყოველივე მიწიერისადმი საოცრად ღრმა სიყვარულს ვგრძნობდი - ბუნებისადმი, მცენარეებისადმი და ასევე - გასაოცარ სიტკბოებას მიწიერი ყოფის ყოველ წამში. ჩემში თითქოს იშვა ყოვლად მაღალი ღმერთის მიმართ გულწრფელი მადლიერება - ყველაფრისათვის რაც ჩემში ხდებოდა, ხდება ეხლაც და შეიძლება კვლავაც მოხდეს. მქონდა გულწრფელი სურვილი, რომ აღარ ჩამედინა ცოდვა და მოყვასისთვის წყენა არ მიმეყენებინა.
ოპერაციის შემდეგ სრულიად გამიქრა შიში ბავშვის მომავალთან დაკავშირებით. მივხვდი, რა უსაზღვროდ უყვარს უფალს თითოეული ჩვენგანი და როგორ ზრუნავს ყველაზე. მაგრამ ჩვენ ეს ყოველთვის არ გვესმის და მის კეთილ ნებას ვეწინააღმდეგებით. და გაცილებით უფრო ღრმად მივხვდი, რომ თითოეული ჩვენი თხოვნა ღვთისადმი აუცილებლად, უეჭველად შესმენილია.
ერთ-ერთი ყველაზე ღირებული შენაძენი, რომელიც „იქ“ მოვიპოვე, იყო სიკვდილის შიშის გაქრობა. ადრე, ვიდრე ღმერთს ვირწმუნებოდი, ღამ-ღამობით ხშირად მეღვიძებოდა და გამყინავ, სამარის საშინელებას განვიცდიდი სიკვდილის წინაშე. ასეთი საშინელი დასასრული ცხოვრებას უაზროდ და ამაოდ წარმომიდგენდა. ვხედავდი, რომ ჩვენ - ადამიანები პრიმიტიული მწერებივით მიწიერ ვნება-საზრუნავში ვართ დანთქმულნი, ვქმნით სუსტ და ჟამიერ ნაგებობებს - ჭიანჭველების ნაგებობებს. და თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ ადამიანი ამ საქმიანობაში ჯიუტად ცდილობს ცხოვრების აზრი დაინახოს. იგი ცდილობს გამართლება მოუძებნოს თავის ფაცი-ფუცს და ამისთვის არსებობის აურაცხელ და ურთულეს თეორიებს ქმნის. და შეუძლებელი იყო არდანახვა იმისა, რომ ყოველივე ეს წამიერად გაიფანტება ისეთი გარდაუვალი, აუცილებელი ფაქტის წინაშე, როგორიცაა სიკვდილი. გავრცელებული თეორია, რომ ჩვენ მოდგმის გასაგრძელებლად ვცხოვრობთ, ასევე არ მამშვიდებდა. მაგრამ აშკარა იყო, რომ საშინელ გარდაუვალობასთან შერიგება არ მსურდა. მე დაუღალავად ვცდილობდი, ადამიანური ყოფის უფრო საიმედო გამართლება მეპოვა. ინტუიტურად ვგრძნობდი, რომ თითოეული ადამიანური სიცოცხლის უფრო ღრმა და უდავო გამართლებაც არსებობს. და აი, მართლმადიდებლობის წყალობით, მე შევძელი, მიწიერი ცხოვრებისა და სიკვდილის მიმართ დამოკიდებულებები ძირეულად შემეცვალა, მე მივხვდი, რომ ცხოვრება, რომელსაც ასეთი სასოწარკვეთილებითა და კანკალით ვეტმასნებით, უფლის ფერხთა წინაშე მხოლოდ მტვერი და ფერფლია. ხოლო ღვთის მიერ ჩემზედ დაშვებულმა განსაცდელმა დამარწმუნა, რომ სიკვდილი (როგორც ეს ურწმუნო ადამიანს ესმის) არ არსებობს, არამედ არის მხოლოდ გათავისუფლება ყველაფერი ზედმეტისაგან, რაც ხელს გვიშლის, რომ ჭეშმარიტი „მე“ სრულად მოვიხვეჭოთ და უფალს საბოლოოდ დავუკავშირდეთ. ჩემში შემოვიდა მტკიცე მიხვედრა იმისა, რომ ჭეშმარიტი რეალობა იქაა, ხოლო ჩვენი მიწიერი ე.წ. რეალობა - მხოლოდ მოჩვენებითი რეალობაა, რომელიც რეალობად აღქმულ ილუზიას არ აღემატება.
ამჯერად სიკვდილი აღარ არის ჩემთვის საშინელი გარდაუვალობა, რომელიც გონებას აბნელებს და შეუცნობელის წინაშე ცხოველურ შიშს ბადეს. ზეციურ არსებობასთან შედარებით მიწიერი ცხოვრება ისეთი უზომოდ დამამძიმებელი და დამთრგუნველი აღმოჩნდა, ხოლო იმ „თეთრი სინათლის“ გახსენება ისე ტკბილად რეალური, რომ მიწიერი ცხოვრების შეცვლა ზეციური სავანეთი ჩემთვის ახლა მხოლოდ ბედნიერებაა და საოცნებო რამ. მაგრამ... ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „იქიდან“ მოვდიოდი, ჩემში სიკვდილის შიში შეცვალა ყოვლისშთანმთქმელმა შიშმა საკუთარი ცოდვიანობის წინაშე. ხოლო როდესაც ჩემი ცნობიერება სხეულში დაბრუნდა, ცოდვის წინაშე შიშმა საბოლოოდ შეავიწროვა სიკვდილის შიში. იმის შეგრძნება, რომ ღვთის წინაშე ჩემი ცოდვები არ გამომისყიდია, მაიძულებს, გაცილებით მეტი და გაცილებით ხშრიად ვიფიქრო არა სამოთხის ნეტარებაზე, არამედ - მარადიულ ტანჯვაზე. ახლა მესმის, რომ მხოლოდ - მართლის სიკვდილია განთავისუფლება, ხოლო ცოდვილის სიკვდილი საშინელია თავისი გამოუვალობით. მე დავიწყე იმის მიხვედრა, რომ უფალს მხოლოდ სინანულის ცრემლით განბანილი სული სურს.
დიახ, ტკივილი - ეს უმძიმესი განსაცდელია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არის ერთადერთი, რაც შეძლებს, ღრმად შესძრას ადამიანი, აიძულებს მას მიწიერ არსებობაზე შეხედულებები შეიცვალოს და ახალი ცხოვრებისათვის შვას იგი. ჩვენ ისე არ ვაფასებთ ამ საჩუქარს - სიცოცხლეს! ვივიწყებთ, რომ იგი ღვთის მიერ ბოძებული ერთი წამია. მე მკვეთრად მახსოვს, რომ ჩემი ხასიათის უმთავრესი შტრიხები „იქაც“ წარმართავდნენ ჩემს პიროვნულ მეს. ესაა შეუპოვრობა და მოუთმენლობა, აქედან მხოლოდ იმის დასკვა შეიძლება, რომ ხასიათი შენში აქ, მიწაზე უნდა აღზარდო. „იქ“ ეს უკვე გვიანი იქნება. „იქ“ ჩვენ უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში უჩვეულო იყო საჭმელთან დამოკიდებულება. არ ვფარავ, რომ მთელი ცხოვრება ერთ-ერთი ჩემი ცოდვა იყო გემოთმოყვარეობა, რომელსაც ხან ვამარცხებდი, ხან ისევ ვუბრუნდებოდი. ოპერაციის შემდგომ პირველ პერიოდში ჭამა საერთოდ არ მინდოდა. განა იმიტომ, რომ ჭამის ფიზიკური სურვილი აღარ მქონდა, არამედ ჭამის პროცესმა უეცრად ჩემში ყოველგვარი მნიშნველობა დაკარგა - გაუგებარი გახდა. „იქ“ ჩემი სული უფლის ხილვამ გააძღო და ის მეტს აღარაფერს ითხოვდა. და ვერანაირი სხვა ხორციელი საკვები ვერ შეცვლიდა მას, რადგან არამიწიერი მადლით ცხოვრობდა. ამგვარად მე ვიხილე სრულიად განსაცვიფრებელი მდგომარეობა, როდესაც არც ხორცი და არც სული არ არის დამძიმებული ფიზიკური საკვებით (რომელთან მიკარებაც არ მსურდა). მაგრამ ჩემი სული კვლავ დედამიწაზე დაბრუნდა - სხეულში. ამას ვერ გავექცეოდი, ეს უნდა მიმეღო, როგორც ნება უზენაესისა და სხეულმა ბოლოს და ბოლოს მოითხოვა თავისი საკვები. თავდაპირველად ძალიან მაწუხებდა, რომ სული თანდათანობით ძილის მდგომარეობაში შედიოდა, გამოთაყვანებისა და ძნელად ათვისების მდგომარეობაში. ჩემი კავშირი მასთან, რაც იქ იყო, ძლიერი ნაკადიდან, წვრილ და სუსტ ძაფად იქცა. ძაფად, რომელიც იმ სამყაროსთან მაინც მაკავშირებდა. ეს კავშირი კი ძალას მაძლევდა, რომ ამ მკაცრი და გულგრილი ცხოვრებისათვის გამეძლო. დიახ, ასეთი ცივი და უგულო ჩანს მიწიერი სამყარო ზეციურთან შედარებით.
იქიდან დაბრუნების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში მე ვდუმდი ერთ, ცნობიერებისათვის მეტად საკვირველ ფაქტზე. მესმოდა, რომ მას ადამიანების უმრავლესობაში მძიმე სასოწარკვეთილების გამოწვევა შეეძლო, მაგრამ ახლა, როდესაც დრო გავიდა და თანდათანობით ჩვეულებრივ ამქვეყნიურ ცხოვრებას ვუბრუნდები, მივხვდი: იმან, რასაც ვმალავდი, შეიძლება მრავალ ადამიანს ჩვენს ჭეშმარიტ მიწიერ არსებობაზე აუხილოს თვალი.
მიწაზე დაბრუნების პირველი სამი დღე ჩემთვის განსაკუთრებულად მტანჯველად მძიმე იყო. მან, რაც დაბრუნებულმა მიწიერთან შეხებისას ვნახე და ვიგრძენი, ჩემი განახლებული სული მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. მიწა უზარმაზარ, მყრალ სანარცხე ორმოდ წარმომიდგა, რომელიც ცოცხალი ადამიანების გვამებით იყო სავსე. მათი ფუთფუთის გამო მიწიერი ცხოვრების დანახვა ძნელდებოდა. ამ ცოცხალი ადამიანების გვამებისგან საშინელი არამიწიერი სიმყრალე მოდიოდა, რაც ჩემს სულს აღრჩობდა და გამოუთქმელად აწამებდა. ამ მიწიერი კოშმარისაგან, რომელსაც ადრე ამ ცხოვრებისას ვერ ვამჩნევდი და რომელიც ეჭვადაც კი ვერ წარმომედგინა, ჩემი სული კვლავ ზეცისკენ მიიწევდა. მეჩვენებოდა, რომ ჩემი ჭეშმარიტი სამშობლო „იქაა“, ცაში, ხოლო აქ რაღაც ბრმა შემთხვევითობის გამო აღმოვჩნდი, საშინელი შეცდომის შედეგად. მე „იქიდან“ ახალშობილ ყრმასავით დავბრუნდი და იმ ახალშობილი, დაჭრილი ყრმის უმწეობას ვგრძნობდი, ვგრძნობდი, რომ იმ საშინელ მიწიერ რეალობასთან შეხებისაგან, რომელიც თვალწინ გადამეშალა, ვერაფერი დამიცავდა.
განსაკუთრებით ტრავმას ადამიანებთან შეხვედრა მაყენებდა. მათ უმრავლესობაში დამალული მრისხანება და აგრესია ჩანდა და ამას მთელი სისრულით ვხედავდი. ჩანდა, რომ ეს მრისხანება სადაცაა ამოიფრქვეოდა და ისინი ძლივს მალავდნენ მას. მათი არაადამიანური მზერა, სადღაც შიგნიდან გაღვივებული წითელი ნახშირივით ანათებდა; მრისხანებითა და ბოროტებით მოელვარე თვალები ენითუთქმელ ტკივილებს მანიჭებდნენ. ძალიან მებრალებოდა ეს ადამიანები და თავდაპირველად გულწრფელად დავტიროდი მათ ცოდვებს. მაგრამ თანდათანობით მათთან შეხვედრა მიმძიმდა, რაღაც ეტაპზე ვიგრძენი, რომ მწუხარე გლოვა მათ გამო მტოვებდა და მის ადგილს განაწყენება იზრდებოდა. ეს იყო წყენა ადამიანებისადმი, - მათი, ასეთი საბრალო მდგომარეობიდან გამომდინარე და ეს აუტანლად ტანჯავდა ჩემს სულს. მე გამოვფხიზლდი და უკვე საკუთარი თავისთვის შევუდექი ლოცვას... მიწიერი სინამდვილე ბოროტებაზე ძევს. აქ, მიწაზე ყოფნისას ჩვენ მხოლოდ ხრწნად, უძლურ ადამიანებად ვრჩებით. და ამ წყენასთან ერთად ჩემში რაღაც ცუდი, დამთრგუნველი შემოვიდა, რაც მბრძანებლურად ეუფლებოდა ჩემს შინაგან არსებას და არამიწიერი, ნათელი სიხარულის შემდეგ სიმძიმით აბნელებდა სულს. შემდეგში ბნელი ძალები უმოწყალოდ დამესხნენ თავს, სამაგიეროს მიზღავდნენ იმისათვის, რაც განვიცადე და ვიგრძენი. ახლობელი და ძვირფასი ადამიანების საშუალებით ეს „არაკაცები“ ჩემში ყოველგვარი კეთილისა და ჩემს განადგურებას ცდილობდნენ. სიმწრით შევიგრძენი საკუთარი უმწეობა და ისიც, რომ მხოლოდ განუწყვეტელ კავშირს ღმერთთან - ლოცვასა და სარწმუნოებას შეუძლია ჩემი გადარჩენა.
ერთხელ იმ მონასტერში, სადაც მსახურებაზე დავდივარ, შემოვიდა ერთი არცთუ მოხუცი კაცი. ის ლოთობის გამო უკიდურესად დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ამიტომ უსიამოვნო, მძაფრი სუნი უდიოდა. მთელი ტანსაცმელი ამ სუნით იყო გაჟღენთილი. არ შემიმჩნევია, როგორ აღმოჩნდა იგი ჩემს გვერდით და მხოლოდ სუნმა, რომელიც უცაბედად მოხვდა ჩემს ყნოსვას, უნებურად მიმახედა. პირველი, რაც თავში მომივიდა, იყო ის, თუ როგორც ვუყვარვართ ჩვენი ცოდვებით და რას ითმენს თითოეულის მფარველი ანგელოზი ჩვენგან?.. მეორე, რაც ვიფიქრე: როგორც ჩანს, უფალმა ტყუილად არ მოიყვანა ტაძარში ეს ადამიანი მსახურებისას. ეს ჩვენთვის ცოდვილებისათვის, საკუთარი სავალალო მდგომარეობის დროულად შეხსენებაა.
უფალი ხშირად გვახსენებს ჩვენს ჭეშმარიტ მდგომარეობას, როდესაც მწუხარებასა და სნეულებას გვიგზავნის. შემდეგში გაირკვა, რომ ჩემი დაავადება ონკოლოგიური იყო და განისაზღვრებოდა, როგორც კიბო. რომ ქირურგიული ჩარევა ჩემს მდგომარეობას საერთოდ არ მიესადაგებოდა, რადგან ოპერაციას შეიძლება, მეტასტაზები დაეჩქარებინა. აღმოჩნდა, რომ სიჩქარეში ექიმმა ქირურგიული შეცდომა დაუშვა და სავარაუდო ცხიმგროვის მაგიერ, რომელიც ბოლო ნახევარი თვის განმავლობაში სწრაფად იზრდებოდა, ავთვისებიანი სიმსივნე ამოკვეთა. ოპერაციამდე თვით სიტყვა „კიბო“, ისევე როგორც ჩემში ამ დაავადების არსებობის რამენაირი ეჭვი, შიშს მგვრიდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც „იქ“ შემემთხვა, სულის ავადმყოფობა და მისი შედეგები - აი, რამ შეიძინა ჩემთვის დიდი მნიშნველობა. იმის გაცნობიერებამ, რომ ხორცის სნეულება სულიერი სნეულების ანარეკლია, ცხოვრებასთან ჩემი დამოკიდებულება შეცვალა. ცოდვა - სულის კიბოა - მივხვდი მე. და თუ დროდადრო მაინც არ შევეცადეთ, ცოდვას გავექცეთ, ის სულს მთლიანად მოიცავს და დაღუპვამდე მიგვიყვანს. მაშინ სხეულის კვდომა მხოლოდ სულიერი სიკვდილის შედეგი იქნება. არ ვიცი, რა დამემართებოდა, ოპერაციამდე რომ სული აღსარებით არ გამნეწმინდა. ჩემთვის სავარაუდო შედეგზე ფიქრიც კი საშინელებაა. ვფიქრობ, რომ ჩემი ცოდვით დამძიმებული სული სიმაღლეზე ასვლას ვერ შეძლებდა. ის ნამდვილად უფსკრულისთვის იქნებოდა განწირული.
ზოგიერთი ნაცნობი უნუგეშო ავადმყოფად მთვლის და ცდილობს, ჩემდამი თანაგრძნობა დამალონ. მაგრამ მე ვიცი, რომ სწორედ ამ ავადმყოფობით დაიწყო ჩემი ჭეშმარიტი განკურნება. განკურნება ჩემი სნეული სულისა, სულიერი კიბოთი რომ იყო დაწყლულებული. და მე მესმის, რომ ეს ოპერაცია უფრო მეტად სულისა იყო, ვიდრე - ხორცის. თითქოს მძიმეს ჩამოწოლილი ზღუდე მოკვეთეს, რომელიც ღმერთს მაშორებდა. თუმცა, ექიმმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამის გამო წყენას ვერ გამოვთქვამ და მით უმეტეს, ვერ ვუსაყვედურებ, რადგან მწამს: ყველაფერი მაღალი ღმერთის ნებით მოხდა და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის.
ზოგჯერ ვფიქრობდი იმაზე, თუ რად გავხდი ასეთი მოწყალების ღირსი. რა დამსახურებისათვის მომენიჭა ყოველივე ეს? - მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობდი, რადგან კარგად მახსოვდა, რომ მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ ღვთის წინააღმდეგ სიარული იყო და ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩემი ღრმად მორწუნე წინაპრების მეოხებამ მიხსნა დამღუპველი უფსკრულისაგან, რომლის ნაპირზეც, უკიდურესი საშიშროების წინაშე ვიდექი მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. დიახ, მხოლოდ მათ მხურვალე ლოცვას ღვთის წინაშე - უგუნური, დაღუპვის პირას მყოფი პირმშოსათვის შეეძლო, ჩემს თავს ასეთი სასწაული მოეხდინა, მე ხომ უნუგეშოდ ცოდვილი ვიყავი. ხოლო ჩემთვის ლოცვა, როგორც ჩანს, მეტად ძლიერი იყო, რადგან, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან ჩემი წინაპრები ღვთისმსახურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანის პროტოპრესვიტერ ალექსის (პორფირიევის) მოწამეობრივი აღსასრული აღწერა მღველ-მონაზონმა დამაკინემ (ორლოვსკიმ), რომელმაც გამოსცა ორტომეული: „ღვთისთვის მოწამენი, აღმსარებელნი და მოღვაწენი XX ასწლეულის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში“. ყველაფერი ეს ჯერ კიდევ მაშინ შევიტყვე, როდესაც ეკლესიურ ცხოვრებას პირველად შევუდექი და ჩემი ნათესავებით დავინტერესდი, რადგან ბუნდოვნად მახსოვდა, ჯერ კიდევ ბავშვობაში უფროსებისაგან გაგონილი, რომ ჩემი დიდი პაპა ღვთისმსახური იყო. მოგვიანებით საარქივო მასალებსაც გავეცანი მის შესახებ და შევიტყვე, რომ იგი ნიჟნი ნოვგოროდში მეტად პატივცემული პროტოპრესვიტერი ყოფილა. ცოცხლად დარჩენილი ნათესავები, რომლებიც ამ ცნობილი ადამიანის მემკვიდრეები იყვნენ, საკუთარი სიცოცხლით რომ აზღვევინეს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებმა, ჩვენ - ბავშვებს გვიმალავდნენ იმ დროისათვის საშინელ სიმართლეს, რადგან წარმოუდგენლად მძიმე დევნის პირობებში ცხოვრობდნენ.
მადლობა ყველაფრისათვის უფალს, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სანკტ-პეტერბურგის მკვიდრის - ნატალია სედოვას მონათხრობი.
„გამარჯვება უკანასკნელ მტერზე“, თბილისი, 2004 წ.