სული სიკვდილის შემდეგ

ბოლო წლებში ხშირად იბეჭდება სტატიები და წიგნები, რომლებშიც აღწერილია სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის ფაქტები, უმთავრესად ესაა ე.წ. „კლინიკური სიკვდილის“ შემთხვევები, რომლებიც ფაქტობრივ მასალებზე დაყრდნობით ასაბუთებენ საიქიო ცხოვრებას და სულის უკვდავების ჭეშმარიტებას, მაგრამ საქმე ისაა, რომ აღნიშნული პუბლიკაციების ავტორები (რაიმონდ მოუდი, ელიზაბეთ კუბლერ-როსი და სხვები) არამართლმადიდებლები არიან, ისევე როგორც ის პაციენტები, რომელთა მონათხრობსაც ემყარება მათი დასკვნები, ამის გამო მიუხედავად იმისა, რომ სულის სხეულიდან გაყრის შემდგომი სიცოცხლის ფაქტებში, რასაკვირველია, ეჭვის შეტანა არ შეიძლება, იქ აღწერილი მოვლენები ერთი უმთავრესი ნიშნის გამო არასწორი, არაქრისტიანულია. კერძოდ, ყველა პაციენტი ლაპარაკობს იმაზე, რომ „იქ“ საოცრად კარგად გრძნობდა თავს, რაც მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად სრული სიყალბეა და ეწინააღმდეგება საიქიო ცხოვრების შესახებ ეკლესიურ სწავლებას. ამის თაობაზე მამხილებელი წიგნი დაწერა ცნობილმა თანამედროვე ამერიკელმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა, მღვდელმონაზონმა სერაფიმე როუზმა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ჩვენი მკითხველისათვის საინტერესო იქნება მართლმადიდებელი მორწმუნის მიერ აღწერილი კლინიკური სიკვდილის შემთხვევა. ავტორი გვარსა და სახელს მისივე თხოვნის გათვალისწინებით არ ვასახელებთ. მასალა მოგვაწოდა წმიდა პეტრე-პავლეს ტაძრის მოძღვარმა, მამა თეოდორე გიგნაძემ.

ღვთის მადლითა და წყალობით, ხუთი წლის წინ, ოპერაციის დროს მქონდა შემდეგი სახის ხილვა, უფრო დეტალურად კი, საოპერაციო მაგიდაზე ნარკოზის მიღებამდე გულმხურვალედ ვლოცულობდი და შეწევნას ვითხოვდი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისაგან. ამ ვედრებაში მყოფმა შევიგრძენი, რომ ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მიკვირდა და ვერ გამერკვია, რატომ გავხდი ასეთი მსუბუქი და ჰაეროვანი, ფიზიკური ფორმა შენარჩუნებული მქონდა, მაგრამ აბსოლუტურად სხვაგვარად შევიგრძნობდი თავს - სწრაფი, ბრუნვითი მოძრაობით მივიწევდი მაღლა. მოულოდნელად აღმოვჩნდი სრულიად ერთფეროვან, მკვდარ, ყვითელ, უფრო ზუსტად - ჩალისფერ გარემოში, სადაც არ არსებობდა ჩემთვის მანამდე ჩვეული დროითი შეგრძნება. იქ არ არსებობდა წარსული, აწმყო და მომავალი. იმ გამზომილებით შევიგრძნობდი მარადიულობას (ასე აღმოვჩნდი სრულიად სხვა განზომილებაში).

ეს მარადიულობა აერთიანებდა წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც ერთ დროში. გონება ძალიან სწრაფად და სხარტად აზროვნებდა, მახსენდებოდა ჩემი ცხოვრების ყველა დეტალი. მეტყველება შემეძლო არა ბაგეების მეშვეობით, არამედ გონებით. ინფორმაციის გაცვლა ხდებოდა, ასე ვთქვათ, გონებიდან გამომავალი ტალღებით. ამაში უჩვეულო არაფერი იყო, იმგვარი მეტყველება გაცილებით სწრაფი და მოხერხებულია.

უცაბედად, შევიგრძენი, რომ ვიმყოფები ფიზიკურად უმწეო და უსუსურ მდგომარეობაში, ვითარცა ჩვილი. გონება კი ისეთი ნათელი და სწრაფად მოაზროვნე მქონდა, როგორც სინათლის სხივი.

მოულოდნელად გარს შემომეხვივნენ საზარელი, მანამდე ჩემთვის უჩვეულო ხმისა და ფორმის არსებები. მათ სხვადასხვა ფორმა, ზომა და არაბუნებრივად მახინჯი სახეები ჰქონდათ. ეს საზარელი არსებები შემომეხვივნენ გარს უჩვეულო ყიჟინითა და სიხარულით და იწყეს ჩემი ტანჯვა-წამება ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვიტანჯებოდი როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად. შედარება არაზუსტია, მაგრამ მიწიერი გრძნობებიდან იგი შეიძლება გავაიგივოთ მატყლის წეწვასთან, წყლის ჩეხვასთან, მჭრიდნენ, მაგრამ ისევე როგორც წყალი, სხეული მყისიერად იბრუნებდა ფორმას.

მიხსენებდნენ ყოველ ცოდვას, ბავშვობიდან დაწყებული. მაგალითად, კურდღლის წვალებასაც კი. დროის ფლანგვას, ამაოდმეტყველებას, მწარედ მომეკითხა სხვათა განკითხვა და იმის შეგრძნება, რომ განკითხულზე უკეთესი ხარ, სხვისი დაბრკოლება, ქმრის დაუმორჩილებლობა ყოველ წვრილმანშიც კი, და რაც მთავარია, განხეთქილებაში ყოფნა (როგორც პირად საუბარში განაცხადა, ავტორი ოპერაციამდე ვასილ მკალავიშვილის მიმდევარი იყო).

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ არსებობდა ძალა, რომელიც მე აზრს შემიცვლიდა ჩემი რწმენის შესახებ, მაგრამ როგორც წერილ არს - შეუძლებელი კაცთათვის, შესაძლებელ არს ღმერთისთვის.

მინდა დავუბრუნდე ჩემს განცდებს. როდესაც ხდებოდა ჩემთვის ცოდვების ყვედრება, მთელი გულით და გონებით შევიგრძნობდი, რომ ვიყავი ცოდვილი უფლის წინაშე, ვიყავი სრულიად უმწეო, თითის განძრევაც კი შეუძლებელი იყო საკუთარი თავის დასახმარებლად. ეს იყო მდგომარეობა, რომლის შედარებაც მიწიერ ტკივილებთან თითქმის შეუძლებელია. იმ სატანჯველში არ მახსოვდა არაფერი მიწიერი, არც ოჯახი, შვილებიც კი.

ერთადერთი გრძნობა იყო ცოდვის ტკივილის შეგრძნება და სინანული.

უცაბედად, ჩემდა გასაკვირად, ამ არსებებმა საშინელი ღრიალით დაიწყეს უკან დახევა. აშკარა იყო, ისინი ამას თავისი ნებით არ აკეთებდნენ. მათი სიხარული სადღაც გამქრალიყო და მალე ისინი თავადაც გაქრნენ. მე გავიგონე ქალის ხმა, რომელმაც გაბრაზებით მითხრა, რომ მე უფალმა შემიწყალა და რომ უნდა დავბრუნდე დედამიწაზე, რათა აღსარების თქმა მოვასწრო და მე უზომოდ ბედნიერი და გახარებული მყისიერად აღმოვჩნდი ჩემი სახლის წინ სკვერში, ვხედავდი, როგორ მოძრაობდა ტრანსპორტი და მიდი-მოდიოდა ქუჩაში ხალხი.

ამ დროს მე დამიბრუნდა მეხსიერება, რომელიც დაკავშირებული იყო ჩემს მიწიერ ყოფასთან. გამახსენდა, რომ მე იმ სახლში ვცხოვრობდი, რომ მყავს შვილები და ამ ფიქრებით აღმოვჩნდი საავადმყოფოში, სადაც ჩემი სხეული ესვენა.

ვგრძნობდი, რა არასასიამოვნო შეგრძნებით შევდიოდი სხეულში, თითქოს მუთაქაში მტენიდნენ. ეს იყო ფიზიკურად ძალზე არასასიამოვნო, მაგრამ სულიერად განვიცდიდი დიდ სიხარულს. მიხაროდა, რომ მეძლეოდა შესაძლებლობა, აღსარებით განვწმენდილიყავი ცოდვებისაგან, რათა არ დავბრუნებულიყავი სატანჯველში.

დავბრუნდი სულ სხვა აზრებითა და განცდებით. მე პირველად შევიგრძენი, თურმე რა დიდი ბედნიერებაა ყოველი დღის გათენება, რომელსაც თან მოაქვს დიდი წყალობა ღვთისა, რომ შეინანო, რათა შესძლო გამოასწორო შეცდომები, შეიგრძნო როგორ ჰყვარებიხარ უფალს, მადლობა შესწირო ყველაფრისათვის.

პირველად შევიგრძენი ჩემს ცხოვრებაში, რომ სინანულის საიდუმლო არ აღსრულდება, თუ ცრემლით არ ჩამოირეცხა ადამიანმა ცოდვები, რომ ცრემლით და არა სიტყვით ხდება განწმენდა. რომ არ არსებობს მიწაზე არაფერი ისეთი მნიშნველოვანი, რისი გულისთვისაც შეიძლება ადამიანი კომპრომისზე წავიდეს და სცოდოს.

ღვთის მადლით, მრცხვენია ყველა ჩემი ცოდვის გამო, უპირველესად უფლის წინაშე, ყოველი ადამიანის წინაშე, იქნებოდა იგი ნაცნობი თუ უცნობი და ჩემი თოთო შვილების წინაშეც კი.

ღვთის წყალობით მიყვარდა ყოველი ადამიანი, მზად ვიყავი, მიმეტევებინა ყველასათვის ყოველი.

ღვთის წყალობით მაშინ პირველად შევიგრძენი ლოცვის ძალა და სიტკბოება. ყოველი ლოცვა, რომელსაც ვკითხულობდი, ჩემი სულის ამოძახილი იყო, მე კიდეც მიკვირდა, როგორ ზუსტად შესძლეს წმიდა მამებმა ჩემი სათქმელის გადმოცემა. ლოცვის ყოველი სიტყვა ჩემი გულის გავლით წარმოითქმებოდა. განსაკუთებით გავითავისე იოანე დამასკელის ლოცვები.

მადლობა უფალს ყველაფრისათვის, მაგრამ, ამავე დროს, დიდი სინანულით შენდობას ვითხოვ უფლისაგან, რომ ვერ შევინარჩუნე ის მადლი, რომელიც დაუმსახურებლად მომემადლა უფლისაგან, რომელიც ასე დაუდევრად გავფანტე და გული გავიუხეშე.

ავტორის სტილი დაცულია.

მოამზადა ზურაბ ეკალაძემ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 34(136), 2001 წ.