გამაყრუებელი ჭახანის ხმა უამრავ გუგუნად დაიშალა და ხევ-ხევებს მოედო. ასწლოვანი ხეები ტოტების ლიწინ-ლიწინით მიმოიგრიხნენ. ტაძარი თითქოს შეინძრა, შეტორტმანდა და გაყუჩდა. კოკისპირული წვიმა შეკრთა და პირი შეიკრა. წვიმით მოჭოჭებულ ეზოში მუხლზე დაცემულები ზეცას შეღაღადებდნენ. სხვები გაოგნებულნი წინ და უკან დარბოდნენ, ტიროდნენ, წიოდნენ და სასოწარკვეთილნი შველას ითხოვდნენ. ისინი ჭეშმარიტი სასწაულით იყვნენ დაზაფრულნი.
თავიდან კი ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო:
1993 წლის 23 მაისს 10-12 კაციანი ჯგუფი მსუბუქი მანქანებით ზედაზენს ესტუმრა. ტაძარს უცებ შემოურბინეს გარშემო და სუფრის თადარიგს შეუდგნენ, ეკლესიის მსახურთაგან ორი მაგიდა ითხოვეს, იქვე გაშალეს და ქეიფი გამართეს. მათ შორის ხუთი ქალი იყო; თავიდან ამინდი შესაფერისი ედგათ, მაგრამ მოულოდნელად მოიღრუბლა და წვიმა წამოვიდა. მთაში ამინდი ხშირად იცვლება და ასეთი მოულოდნელი წვიმისათვის რაიმე სხვა მნიშვნელობა არავის მიუცია. მოქეიფეებს საღერღელი ისე აშლოდათ, რომ სუფრა ადვილად არ ეთმობოდათ. წვიმამ იმძალვრა და იქაურობას უკვე კოკისპირული შხაპუნით ასველებდა. ღვთისმსახურს ეკლესიაში სუფრის გაშლა სთხოვეს, რაზეც, რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. მოქეიფეებმა წარბი არ შეიხარეს და თხოვნა კვლავ გაუმეორეს.
ტაძარში ქეიფი არ შეიძლება, მაგრამ მე ვერც პურობას აგიკრძალავთ. ამიტომ როგორც საკუთარმა სინდისმა გიკარნახოთ, ისე მოიქეცითო, მიუგო ღვთისმსახურმა, რაც მათ რატომღაც ნებართვად აღიქვეს, მაგიდებს ხელი წამოავლეს და სტოაში შეაფარეს. გარეთ ნამდვილი თავსხმა წვიმა იყო. სტოაში კი სადღეგრძელო სადღეგრძელოს ცვლიდა. ბერთა სენაკს თავშეფარებული ღვთისმსახურნი კი საღამოს მწუხრის ლოცვისათვის ემზადებოდნენ. ცაზე ამ დროს საშინლად იელვა და ძლიერმა გრუხუნმა მთებს გადაუარა, ბერებმა სარკმლიდან დაინახეს, როგორ დაეცა ზედაზნის მთის წვერს მეხი. ზედაზნის მთა სამიარუსიანია. პირველი მთის წვერია, ხოლო მესამე იარუსზე ზედაზნის ტაძარია აგებული. ცოტა ხნის შემდეგ ელვა გრუხუნი და მეხის დაცემა კვლავ განმეორდა, მაგრამ ამჯერად ფანჯარასთან მდგომმა ბერმა თვალნათლივ დაინახა, რომ მეხი ზედაზნის მთის მეორე იარუსს დაეცა. ასეთ დროს იტყვიან, ტანი ავის მოლოდინს მიგრძნობსო, მაგრამ მისი გაცნობიერება არც ჩვეულებრივ მოკვდავ ბერებსა და მითუმეტეს არც ბახუსის წიაღში ჩაძირულ მოქეიფეებს არ ძალუძდათ. ამასობაში სტოადან ხმაარეული „კრიმანჭული“ წამოყელყელავდა და მოსახდენიც სწორედ ამ დროს მოხდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მომხდარის შესახებ თხუთმეტამდე თვითმხილველი ერთნაირად იხსენებს. მათი მონათხრობი იმდენად იდენტურია, რომ ეჭვის მცირე საფუძველსაც კი არ სტოვებს.
ტაძრის უკანა მხარეს, გალავანსა და სალოცავს შორის სივრცეში დიდი ცეცხლოვანი დისკო გაჩნდა, გაისმა საშინელი, ნამდვილად არამიწიერი ჭახანის ხმა და დისკო უზარმაზარ ცეცხლად გადაიქცა, რომელშიც ტაძარი მთლიანად დაინთქა. ცეცხლი იმდენად წითელი იყო, რომ ტაძრის კედლები გავარვარებულ ლითონისფრად აელვარდნენ. ცეცხლს, როგორც ვთქვით, ახლდა ძლიერი ხმა, რომელმაც არემარე გააყრუა. სალოცავს ცეცხლის ჭახანისა და გრუხუნის ისეთი ხმა დაეძგერა, რომ არავის ეგონა, თუ გადარჩებოდა. ტაძარი გადარჩა. შეშინებული მოქეიფეები არაადამიანური ღრიალით ეზოში გამოცვივდნენ. ისინი იმდენად დათრგუნულნი და სასოწარკვეთილნი იყვნენ, რომ გაოგნებულნი მოქმედებდნენ. რამოდენიმე წვიმით მოჭოჭებულ ეზოში მუხლზე დაეცა და ხელაპყრობილი ზეცას შეჰღაღადებდა. სხვები შეძრწუნებულნი წინ და უკან დარბოდნენ და შველას მოითხოვდნენ. სენაკიდან ბერებიც მაშინვე გამოვიდნენ, მათზე არანაკლებ შეშფოთებულნი. ცეცხლოვანი დისკოს გასკდომასა და საშინელ ხმაურს წვიმის მომენტალური შეწყვეტა მოყვა. ეს ყოველივე იმდენად ძლიერი და მასშტაბური იყო, რომ იგი ჩვეულებრივ ელვასა და გრუხუნთან არავის გაუიგივებია, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ მოხდა ნამდვილი სასწაული, რომელსაც ცოცხლები გადაურჩნენ. თუმცა ორმა მოქეიფეთაგანმა, დამწვრები ვართო თქვეს. ერთი ზურგზე იმიზეზებდა დამწვრობას და მეორე საჯდომზე. როდესაც დამწვარმა ტანზე თეთრი პერანგი გაიხადა, ყველა განცვიფრდა. მის ზურგზე დიდი წრიული ფორმის დამწვრობა წითლად ღადღადებდა, დამწვრობა იმდენად მტკივნეული იყო, რომ ხელის მცირე შეხებასაც კი შეკივლებით პასუხობდა. უცნაური ის იყო, რომ თვით პერანგს, რომლის შიგნითაც სხეული ასე დაიწვა, აბსოლუტურად არაფერი ემჩნეოდა, სამოსზე არც მეორეს ეტყობოდა რამე, მაგრამ ტკივილი აშკარად აწუხებდა. იგი სკამზე იჯდა. წესით სხეულის სწორედ ის ნაწილი არ უნდა დაშავებოდა, რომელიც ისე მწარედ დაეწვა, რომ მანქანაში ვეღარ დაჯდა და მოხერხებულად მოკუნტული მოთავსდა.
მანამდე კი მოქეიფეები შეძრწუნებულები აღნიშნავდნენ, თუ როგორ შეზანზარდნენ კედლები და იქიდან ძალით გადმოცვენილი ქვები მაგიდაზე დაცვივდნენ, სტოა არაგვის ჭალის სიპებით ნაგები და გაულესავია, ამიტომ ქვის გადმოვარდნის ადგილები აშკარად ემჩნეოდა. თვით ქვები კი მაგიდაზე ეყარა, თვითმხილველთა გაკვირვება იმანაც გამოიწვია, რომ ქვები ძირს თითქმის არ დაცვენილიყო. ეს ფაქტი სუფრის დაგმობისა და ჩაქოლვის ერთგვარ ასოციაციას იწვევს. თვითმხილველნი შეშინებულნი იხსენებდნენ: ცეცხლი სტოაში უზარმაზარი ხელის ფორმით შემოიჭრა, სუფრას მოეხვია, ჭახა-ჭუხითა და ლიწინ-ლიწინით მოიგრაგნა და ისევ შესასვლელ თაღში გაილიაო. მაგიდაზე ჭურჭელი, რა თქმა უნდა, დამტვრეული იყო, მაგრამ ერთგვარი კანონზომიერება თვით დამტვრეულ ჭურჭელსაც ემჩნეოდა. გატეხილი ჭიქები და თეფშები უბრალოდ დამტვრეული კი არ იყო, არამედ შუაზე იყო გამსკდარი, ყველამ შეამჩნია შუაზე დახეთქილი ჭურჭელი. მათ შორის პლასტმასის სამგზავრო ჭიქებიც კი შუაზე გახსნილიყო, მაშინ, როცა ისინი თითქმის არ იმტვრევიან.
მომხდარი იმდენად ცხადი და შთამბეჭდავი იყო, რომ მოქეიფეები შიშით ერთბაშად გამოფხიზლდნენ, ამოსვლისას, რაკი ცოცხალი გადავრჩით მცხეთაში რესტორანს ვკისრულობთო, თქვეს და ეკლესიის მსახურნიც დაპატიჟეს. ბერებმა მადლობა მოუხადეს, ხელი ჩაიქნიეს და დაცილდნენ იმ ხალხს, რომლებსაც ლამის ცა ჩამოენგრათ თავზე, მაგრამ საჭირო დასკვნა მაინც ვერ გამოიტანეს.
საინტერესოა რას ნიშნავდა ზედაზნის მთის წვეროდან მეხის ტაძრამდე საფეხურებრივი ჩამოსვლა, უცნაური დისკო, ტაძარს შემოვლებული უზარმაზარი ცეცხლი, შემზარავი ჭახანი და შემაძრწუნებელი გრუხუნი; წვიმის მოულოდნელი წამოსვლა და მომენტალური შეწყვეტა; სტოას კედლებიდან მაგიდაზე ქვების გადმოცვენა და უცნაური კანონზომიერებით დამტვრეული ჭურჭელი? კიდევ ერთი: ეს ყოველივე, როგორც უკვე ითქვა, 23 მაისს მოხდა, ანუ ზედაზნობის დღესასწაულიდან მესამე დღეს.
გაზეთი „ახალგაზრდა ივერიელი“
1994 წ. 18 იანვარი