წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა, სწორედ იმ ადგილზე, რომელიც უფალმა
წინასწარვე გამოირჩია მისთვის სათნოდ. მეფე მირიანმა სვეტიცხოველში,
მაცხოვრის კვართთან ახლოს მოისურვა მისი გადასვენება, მაგრამ ორასმა კაცმა
ძვრა ვერ უყო წმიდანის მცირე სარეცელს და იქვე, ბოდბეში, დაკრძალეს.
დამწუხრებული მეფე თავის სამეფოსთან ერთად ოცდაათი დღე გლოვობდა „სიობლესა
თვისსა“. საფლავთან ხალხიც დიდძალი შეკრებილიყო, რადგან მრავალი კურნება
აღესრულებოდა ქრისტეს მადლით. პირველი ტაძარიც წმიდა ნინოს ლუსკუმაზე,
„ფრიად დიდი“ და „ყოვლითა სამკაულითა“ შემკული, სწორედ მეფე მირიანმა ააგო.
გარდაცვალების წინ კი ანდერძად დაუტოვა ნანა დედოფალს: „შენ, ნანა, თუ
დაგცალდა, ჩემი სიკვდილის შემდეგ, სამეფო განძი ორად გაყავი და ერთი ნაწილი
წმიდა ნინოს საფლავს შესწირე, რათა უკუნისამდე შეუძვრელად ეგოს ეს ადგილი“,
მთავარეპისკოპოსს კი მეფე ევედრა, განედიდებინა ბოდბე, რადგან პატივი
შვენოდა ამ ადგილს. XIX საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა ჰაგიოგრაფმა და ხატმწერმა მიხეილ საბინინმა წმიდა ნინოს საფლავის ძველი ქვა მარმარილოს ლუსკუმით შეცვალა. |