(გაგრძელება)
როგორც წმიდა ნილოს მირონმდინარე ბრძანებს - „ავმეხსიერებაა ბეჭედი ანტიქრისტესი და ავმეხსიერის გულია მისი ბეჭდით დატვიფრული. და როდესაც ანტიქრისტე (ანუ სოფელში მოქმედი სული ანტიქრისტესი) ადებს გულს ამ ბეჭედს, მაშინ ავმეხსიერების ამ ბეჭდისგან სამარადჟამოდ კვდება გული კაცისა (ანუ ღვთის შიშის, ცოდვის გამო მწუხარებისა და სხვა სულიერ გრძნობათა ვერ შემმეცენებელი, ხდება თითქოსდა მკვდარი), ვამბობ: ასე კვდება ადამიანი, რომლის გულიც მძულვარებით არის აღბეჭდილი. ეს წყეული გულღრძოობა ადამიანს ესოდენ უგრძნობელს ხდის, რომ კაცნი სხვადასხვაგვარი სიკვდილით თავადვე იკლავენ თავს. ვიეთნს იგი რწმენისგან განდგომილად ხდის, ზოგთ - თვითმკვლელად, სხვათ იძულებულს, რომ საჩხუბრად აღიძრან, ზოგს გამცემად აქცევს, ზოგს კი მგმობელად, სხვათ - კაეშანში აგდებს და გულს კაცისას არასოდეს აძლევს მოსვენებას. საბრალო ადამიანები კი ვერ ამჩნევენ, რომ ყოველივე ამას გულღრძოობა და ავმეხსიერება იქმს და ისინი სიკვდილამდე მიჰყავს (ამ სტრიქონებზე საჭიროა, მცირედ შევჩერდეთ. წმიდანი გვიხსნის-რა კაცობრიობის უმთავრეს მღელვარებათა საფუძვლებს, რევოლუციების მიზეზებს, შვილების მძულვარებას მშობლების მიმართ და სხვა მათ განწყობილებებს, გვეუბნება, რომ ყოველივე ამის მიზეზი არის გულღრძოობა, ანუ მახლობელთა ნაკლოვანებათა ქედმაღლური განკითხვა, მშობელთადმი უპატივცემულო დამოკიდებულება, ხელქვეითთა მიერ უფროსების მიმართ გამოვლენილი დაუმორჩილებლობა და სხვა ამგვარი. უკეთუ ჩვენ კარგად ჩავწვდებით დროის სულსა და ეკლესიისა და სახელმწიფოს მოწინააღმდეგეთა ქმედების სახეებს, დავინახავთ, რომ ისინი თავის წარმატებებს სწორედ იმაზე აფუძნებენ, რომ ადამიანები განკითხვითა და მძულვარებით მოწამლონ, ხოლო მოწამლულნი კი საკუთარ მორჩილ საჭურველად გამოიყენონ).
ამრიგად, როდესაც ანტიქრისტე თავისი ბეჭდით ადამიანთა დატვიფრას დაიწყებს, მათი გულები მკვდართა გულებს მიემსგავსებიან (ანუ თითქოსდა მოკვდებიან).
და მაშინ (ანუ ნაწინასწარმეტყველევი უბედურების ჟამს), ანტიქრისტე თავისი ბეჭდით ადამიანთა დაბეჭდვას იმის გამო დაიწყებს, რომ თითქოსდა ამ ნიშნით ისინი უბედურებისაგან იხსნას, რამეთუ აპოკალიფსის თანახმად (აპოკალიფსი. 13,17) პური მხოლოდ მათ მიეყიდებათ, ვინც ამ ბეჭდით იქნებიან დატვიფრულნი. მრავალნი პირდაპირ გზებზე დაიხოცებიან. ადამიანები მძორისმჭამელ მტაცებელ ფრინველებს მიემსგავსებიან, რამეთუ ისინი შეჭამენ მკვდრებს. მაგრამ როგორი ადამიანები ჩაიდნენ ამას? ისინი, რომლებიც ანტიქრისტეს ბეჭდით იქნებიან დაბეჭდილნი; ქრისტიანები კი, თუმცა მათ არც მიჰყიდიან და არც მისცემენ პურს იმის გამო, რომ ბეჭედი არ ექნებათ მიღებული, მაინც არ შეჭამენ მკვდარ ადამიანთა ცხედრებს. დაბეჭდილნი კი, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის პური ხელმისაწვდომი იქნება, მაინც ხარბად შთანთქავენ მიცვალებულებს. რამეთუ როდესაც კაცი მიიღებს ბეჭედს, გული მისი კიდევ უფრო უგრძნობელი გახდება, ვიდრე დაბეჭდვამდე იყო. იმის გამო, რომ ადამიანებს აღარ ექნებათ შიმშილის გაძლების უნარი, ისინი წარიტაცებენ მკვდართა სხეულებს და იქვე, სადღაც გზის პირას ჩამომსხდარნი, დაუწყებენ მძორს ჭამას. ბეჭედზე კი იქნება შემდეგი წარწერა: „მე შენი ვარ“. - „დიახ, შენ ჩემი ხარ“. - „ნებით მოვდივარ და არა იძულებით“. - „და მეც შენი ნებით გიღებ შენ და არა იძულებით“. ეს ოთხი ზმა ან წარწერა იქნება გამოსახული იმ წყეულის ბეჭდის შუაგულში.
ჰოი, რა უბედურია იგი, ვინც აღიბეჭდება იმ წყეული ბეჭდით! ეს დაწყევლილი ბეჭედი უდიდეს ჭირსა და უბედურებას შეჰყრის მსოფლიოს. ქვეყნიერება მაშინ ისეთი დაჩაგრული იქნება, რომ ადამიანები დაიწყებენ ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადასახლებას. ადგილობრივები-კი, მხილველნი სხვა მხრიდან მოსულთა, ეტყვიან მათ: ჰოი, უბედურო ადამიანებო! რამ გადაგაწყვეტინათ თქვენი საკუთარი, ესოდენ მადლიანი მხარის მიტოვება და ამ წყეულ ადგილას, ჩვენთან მოსვლა, რომელთაც აღარავითარი ადამიანური გრძნობა აღარ შეგვრჩენია? - ასე ივიშვიშებენ ადამიანები ყველა იმ ადგილას, სადაც ისინი საკუთარი მხარეებიდან გადასახლდებიან... მაშინ ღმერთი, იხილავს-რა კაცთა შფოთვას, რომლისგანაც ისინი ბოროტად ევნებიან და საკუთარი ადგილებიდან იწყებენ სხვაგან გადასახლებას, უბრძანებს ზღვას, რათა მან მიიღოს თავისი უწინდელი მხურვალება, რომელიც მას გააჩნდა, რათა ადამიანებმა ვეღარ შესძლონ დასასახლებლად მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. და როდესაც ანტიქრისტე თავის წყეულ ტახტზე დაჯდება, მაშინ ზღვა ისე ადუღდება, როგორც მდუღარე წყალი ქვაბში. და როდესაც წყალი ქვაბში ხანგრძლივად დუღს, რა ემართება მას? განა იგი არ აორთქლდება? ასევე დაემართება ზღვასაც. ხანგრძლივი დუღილისაგან ისიც აორთქლდება და როგორც კვამლი, ისე გაჰქრება პირისაგან მიწისა. დედამიწაზე ყოველივე მცენარეული გახმება - ხენი მუხისა და კედრისანი. ზღვის მხურვალებისაგან გამოხმება ყველაფერი და მდინარეთა კალაპოტებიც დაშრება; ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები სრულიად ამოწყდებიან.
დღე იქნება როგორც საათი, კვირა როგორც დღე, თვე როგორც კვირა და წელიწადი კი როგორც თვე. რამეთუ კაცთა მზაკვრობის გამო მოხდება ისე, რომ სტიქიონებიც კი დაიძაბება, კიდევ უფრო აჩქარდება და დაიჭიმება, რამეთუ მალე აღესრულოს საუკუნეთა მერვე რიცხვისათვის (ანუ სოფლის შექმნიდან მერვე ათასწლეულისათვის) უფლის მიერ ნაწინასწარმეტყველები რიცხვი“ (წმ. ნილოს მირონმდინარე - „სიკვდილისშემდგომი შეგონებანი...“).
„ღვთის წმიდანებსა და მორწმუნეებს საშინელი განსაცდელის დღეები დაუდგებათ: მზაკვარება, პირფერობა, ცრუ-სასწაულები მდევარისა სულ უფრო გაძლიერდება, და ყოველივე ამას ერთი მიზანი ექნება - მათი ცთუნება; შეფარული, მზაკვრული გამომგონებლობით შენიღბული ფორმები დევნისა, მტანჯველის შეუზღუდავი ძალაუფლება - მეტად მძიმე დღეში ჩააგდებს უფლის რჩეულთაც კი. მათი რიცხვი იმ დროისათვის ძალზე მცირე იქნება და უმნიშვნელოდ გამოჩნდება ანტიქრისტეს მიერ დამონებული კაცობრიობის წინაშე... საყოველთაო ზიზღი, სიძულვილი, ცილისწამება, დევნა-შევიწროება, სიკვდილით დასჯა - გახდება მართალ მორწმუნეთა უმრავლესობის ხვედრი... ანტიქრისტეს მოწინააღმდეგენი ჩაითვლებიან საზოგადოებრივი კეთილდღეობისა და წესრიგის მტრებად, მშვიდობის დამრღვევებად, და ამისთვის აშკარა თუ ფარულ დევნას დაითმენენ, ტანჯვა-წამებასა და სიკვდილით დასჯასაც ეწევიან“ (ეპ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, ტ.IV, გვ.302-303).
ანტიქრისტეს მეტად ძლიერი და ქმედითი თანაშემწე ეყოლება ჭეშმარიტ ქრისტიანთა დევნა-შევიწროებაში, მათ იძულებაში - თაყვანი სცენ მას როგორც ღმერთს. თავისი სისასტიკისა და არნახული დაუნდობლობის გამო ეს თანამდგომი ანტიქრისტესი საღმრთო წერილში წოდებულია მეორე „სხვა მხეცად“ (გამოცხ. 13,11-12,14-15).
პირველნი დიდნი მსხვერპლნი ანტიქრისტეს სასტიკი დევნულებისა გახდებიან მისი მამხილებელნი - წმიდა წინასწარმეტყველნი ელია და ენუქ.
„როდესაც წყეული იგი ხელმწიფება დაინახავს ელიასა და ენოქს, რომლებიც ადამიანებს უქადაგებენ რათა მათ არ მიიღონ ბეჭედი ანტიქრისტესი, მათ შეპყრობას ბრძანებს. წინასწარმეტყველნი კი ადამიანებს დაარწმუნებენ, რათა ისინი არ აღიბეჭდონ ანტიქრისტეს ბეჭდით, ეტყვიან მათ, რომ ვინც გამოავლენს მოთმინებას და არ მიიღებს წყეულ ბეჭედს, იგი გადარჩება და უფალი უსათუოდ დაუმკვიდრებს მას სასუფეველს მხოლოდ იმის გამო, რომ არ მიიღო ბეჭედი. დაე, ყველამ გამუდმებით გამოისახოს პატიოსანი ჯვრის ნიშანი, ყოველ საათს გადაიწეროს პირჯვარი, რამეთუ ბეჭედი ჯვრისა ადამიანს ჯოჯოხეთის სატანჯველისაგან განათავისუფლებს. ხოლო ანტიქრისტეს ბეჭედი კი კაცთა მოდგმას საუკუნო სატანჯველში ჩაჰყრის. უკეთუ მოგშივდეთ და მოგინდეთ საზრდო, მცირეოდენი ხანი მოითმინეთ და ღმერთი, თქვენი მოთმინების მხილველი, დახმარებას ზეციდან გამოგიგზავნით. უფლის შეწევნით თქვენ განცხოველდებით (სიტყვა-სიტყვით - ცხოვლად (ცხადად) დანაყრდებით. უკეთუ არ გამოიჩენთ მოთმინებას და მაინც მიიღებთ არაწმიდა მეფის ბეჭედს, იცოდეთ, რომ ამის გამო მწარედ ინანებთ.
ეტყვიან კაცნი ენოქსა და ელიას: „რატომ ემადლიერებიან ანტიქრისტეს ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ბეჭედი?“ - მაშინ მიუგებენ მათ ენოქ და ელია: „დიახ, ემადლიერებიან, მაგრამ ვინ არიან მისი მადლიერნი? (ანუ ვინ ჰმადლობს მათ ბაგით?). ადამიანები კი არ უხდიან მას მადლობას, არამედ მარტოდენ თავად ბეჭედი (ანუ ბოროტება, რომელიც გაბატონდება ადამიანებზე, მათივე ბაგით გამოხატავს შექცევასა და სიხარულს, რამეთუ მან მოასწრო და დაღუპა ისინი, როგორც ეს იციან ხოლმე ავკაცებმა, რომლებიც ჩადენილი სივერაგის გამო დღესასწაულობენ და ხარობენ).
და რა არის მათი მადლიერება? მათი მადლიერება არის ის, რომ მათში ჩაბუდდა სატანა, განსხეულდა ადამიანის გრძნობაში და ადამიანი უკვე ვეღარ აღიქვამს იმას, თუ რა უბედურება ტრიალებს მის თავს.
ის ვინც აღიბეჭდება ანტიქრისტეს ნიშნით, დემონად გადაიქცევა, თუმცა-კი დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ ვერ გრძნობს ვერც შიმშილსა და ვერ წყურვილს, მაგრამ შია და სწყურია კიდევ უფრო მეტად, და არა მარტო მეტად, არამედ შვიდგზის უფრო მეტად, ვიდრე თქვენ. თქვენ მხოლოდ მცირე ხნით მოითმინეთ. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ის, ვინც იღებს ანტიქრისტეს ბეჭედს, ცოცხლებში აღარ წერია? (ანუ სულით უკვე მკვდარია და მას მარადიული სატანჯველი ელოდება), ნუთუ, თქვენც ასევე გსურთ, რომ დაუშრეტელ სატანჯველში დაიღუპოთ ამ ბეჭედთან ერთად და იქ იმათთან ერთად ეწამოთ, ვინც წყეული ბეჭდით დაიტვიფრნენ? და სადაც არს „ტირილი და ღრჭენაი კბილთა?“ და სხვა მრავალი ამგვარი მოძღვრებით განსწურთნიან კაცთა ენოქი და ელია.
გაიგებს ანტიქრისტე, რომ ორი ადამიანი ქადაგებს მის წინააღმდეგ და უწოდებს მას მაცდურს, გრძნეულს, მატყუარასა და მზაკვარ ეშმაკს. გაიგებს და განრისხებული მათ შეპყრობასა და მის წინაშე მიყვანას ბრძანებს. როდესაც მის განკარგულებას შეასრულებენ, იგი ელიასა და ენოქს მლიქვნელური სიტყვებით ჰკითხავს: „ჰოი, ვითარ დაღუპული ცხვრები ხართ, რამეთუ არ აღბეჭდილხართ სამეფო ბეჭდით?“ და მაშინ მიუგებენ მას ენოქი და ელია: „მაცდურო და მატყუარავ! დემონო! შენს გამო ესოდენი სული წარწყმდა ჯოჯოხეთსა შინა! წყეულიმც იყოს ბეჭედი შენი შენსავე ხელმწიფებასთან ერთად! წყეულმა ბეჭედმა და წაბილწულმა მეფობამ შენმან დაამხო და წარწყმიდა სოფელი ესე. ძვირშემთხვეულობამ შენმან მიიყვანა ქვეყენიერება ამ ყოფამდე, დაიღუპა სოფელი და დადგა აღსასრული მისი...“ - ასეთ სიტყვებს მოისმენს ანტიტიპი ენოქისა და ელიასაგან და ეტყვის მათ: „როგორ ბედავთ ჩემს, თვითმპყრობელისა და მეფის, წინაშე ამგვარ ლაპარაკს?“ და მიუგებს ელია: „მეფობაი შენი გვძაგს, ხოლო დიდებასა შენსას კი შენს ბეჭედთან ერთად შევაჩვენებთ!“ - ამგვარი შეურაცხმყოფელი პასუხით ისე გამძვინვარდება ანტიქრისტე, რომ ცოფიან ძაღლს დაემსგავსება და ორივე წინასწარმეტყველს საკუთარი ხელით მოჰკლავს (წმ. ნილოს მირონმდინარე - „სიკვდილისშემდგომი შეგონებანი...“).
ეს ამბავი ნაწინასწარმეტყველებია იოანეს გამოცხადებაში, სადაც ნათქვამია: „და რაჟამს აღასრულონ წამებაი მათი (ძაძით მოსილმა „ორმა მოწამემ“ ღმერთისა), მხეცმან მან, რომელი აღმოვალს უფსკრულით, ბრძოლა-ყოს მათ თანა და სძლოს და მოკლნეს იგინი. და მძორები მათი უბანთა ზედა ქალაქის მის დიდისათა, რომელსა ეწოდების სულიერად სოდომი და ეგვიპტე, სადა-იგი უფალი მათი ჯვარს-ეცვა. და იხილონ ერთა და ტომთა და ენათა და წარმართთა მძორები მათი სამ დღე და ნახევარ და არა უტეონ მძორებსა მათსა დადებას სამარესა შინა. და მკვიდრთა ქვეყანისათა განიხარონ მათ ზედა და იშვებდნენ და ძღვენი მისცენ ურთიერთას, რამეთუ ამათ ორთა წინასწარმეტყველთა ტანჯეს მკვიდრნი ქვეყანისანი. და შემდგომად სამისა მის და ნახევარისა დღისა სული ღმერთისაი ცხოველი შევიდა მათ თანა, და აღდგეს ფერხთა ზედა მათთა და შიში დიდი დაეცა მათ ზედა, რომელნი ჰხედვიდეს მათ. და მესმა ხმაი დიდი ზეცით, რომელი ეტყოდა მათ: აღმოვედით აქა! და აღვიდეს ზეცად ღრუბლითა. და იხილნეს იგინი მტერთა მათთა. მას დღესა შინა იქმნა ძრვაი დიდი, და მეათედი ქალაქისაი დაეცა, და მოსწყდეს ძრვისა მისგან კაცნი შვიდ ათასნი, და სხვანი იგი შეშინებულ იქმნეს და მისცეს დიდებაი ღმერთსა ცათასა“ (გამოცხ. 11,7-13).
ამის შემდეგ უნდა აღსრულდეს ღირსშესანიშნავი რამ, რაც უნდა მიეწეროს ამ წმიდა წინასწარმეტყველთა ქადაგების ძალას, მათს საკვირველ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას, - მოხდება ის, რომ ანტიქრისტეს თანამედროვე იუდეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჭეშმარიტ რწმენაზე მოიქცევა და ქრისტეს შეუდგება. ამასთან დაკავშირებით ნეტარი თეოფილაქტე წერს: „ელია... მოვა როგორც წინამორბედი ქრისტეს მეორედ მოსვლისა, და ჭეშმარიტ რწმენას ქრისტესას დაუბრუნებს ყველა ებრაელს, ვინც კი მდაბალი და მორჩილი აღმოჩნდება, და მამათა მემკვიდრეობას დაუბრუნებს მათ, რაც ამდენი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდათ“.
საფუძველს ამგვარი მტკიცებისათვის ვპოულობთ თვით საღმრთო წერილში, სადაც შემდეგია ნაწინასწარმეტყველები:
ა) მალაქიას წინასწარმეტყველება: „და აჰა, მე მოგივლენ თქვენ ელიას თეზბიტელსა პირველ მოსლვისა დღისა უფლისასა, დიდსა და განჩინებულსა, რომელმაც კვალად მოაგოს გული მამისა ძისა მიმართ და გული კაცისა - მოყვასისა მიმართ მისისა. ნუ მოსრულმან მოვსპო ქვეყანა მყის“ (4, 5-6).
ბ) ესაიას წინასწარმეტყველება: „და იყოს მას დღესა შინა, არღა მერმე, შეეძინოს დაშთომილი ისრაელსა. და განრომილნი იაკობისანი არღა მერმე არმოსავ იყვნენ, მიმძლავრებულთა მიმართ მათთა, არამედ იყვნენ მოსავ ღმერთისა მიმართ წმიდისა ისრაელისასა ჭეშმარიტებითა. და იყოს დაშთომილი იაკობისი ღმერთისა მიმართ ძლიერისა“ (10, 20-21).
გ) იგივეს გულისხმობს პავლე მოციქულიც, რომელსაც მოჰყავს ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ხოლო ესაია ღაღადებს ისრაელისთვის: დაღათუ იყოს რიცხვი იგი ძეთა ისრაელისათაი ვითარცა ქვიშაი ზღვისაი, ნეშტნი ოდენ ცხონდეს (რომ. 9,27; იხ. ესაია 10,22);
დ) ზაქარიას წინასწარმეტყველება: „და იყოს მას დღესა შინა ვიძიო მოსპობა ყოველთა წარმართთა, მიმავალთა იერუსალემსა ზედა. და მივჰფინო სახლსა ზედა დავითისსა და დამკვიდრებულთა ზედა იერუსალემისათა სული მადლისაი, სიხარულისა და თანალმობისაი, და მოიხილონ ჩემდამო მის წილ, რომლისა მიმართ უგმირეს“ (12, 9-10).
ე) ყველა ამ წინასწარმეტყველებას აგვირგვინებს ღვთაებრივი პავლე მოციქულის ღმრთივსულიერი სიტყვები: „და იგინი (იუდეველები), თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კვალად დამყნად მათდა. უკუეთუ შენ (ანუ რომაელი - წარმართი, მოქცეული ქრისტეს რწმენაზე) ბუნებითისა მისგან მოეკვეთე ველურისა ზეთისხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რაოდენ უფროის იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თვისსავე მას ზეთისხილსა! არა მნებავს უმეცრებაი თქუენი, ძმანო, საიდუმლოისა ამის, - რაითა არა იყვნეთ თავით თვისით ბრძენ, - რამეთუ სიბრმე ჟამითი ჟამად შეჰყვა ისრაელსა, ვიდრემდე სავსებაი იგი წარმართთაი შემოხდეს. და ესრეთ ყოველი ისრაელი ცხონდეს, ვითარცა წერილ არს: მოვიდეს სიონით მხსნელი და მოაქციოს უღმრთოებისაგან იაკობი“ (რომ. 11,23-26; იხ. ესაია 27,19).
ვლ. სოლოვიოვს, რომელიც ცდილობდა, წმიდა ელიასა და ენუქის ამქვეყნად მოვლინებასთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება საღმრთო წერილისა იგავურად, არაპირდაპირი მნიშვნელობით განემარტა, უნებლიეთ უნდა შეეცოდა უფლის ამ ორი მოწამის მოღვაწეობასთან დაკავშირებული დიდი მოვლენის - ქრისტესადმი ისრაელის „ნეშტის“ მოქცევის ახსნა-განმარტებაშიც (იხ. მისი ესქატოლოგიური შრომა - „სამი საუბარი“, თავი - „სიტყვა ანტიქრისტეზე“). მისი ინერპრეტაციით, როცა იუდეველები შეიტყობენ, ჩვენს მიერ ჭეშმარიტ მესიად მიჩნეული კაცი (ანუ ანტიქრისტე) წინადაცვეთილი არ არისო, ისინი ზურგს შეაქცევენ მას, უარყოფენ და ქრისტიანობას მიიღებენო. თუკი ეს ვარაუდი - ანტიქრისტეს წინადაუცვეთელობა - მართლაც ნამდვილი აღმოჩნდება, ფანატიკურად განწყობილ იუდეველებს იგი მხოლოდ იმას აიძულებს, რომ უარყონ ასეთი „მესია“, ანუ ანტიქრისტე, და სხვას, მესიისათვის უფრო შესაფერ კანდიდატს დაუწყონ ლოდინი. მართლაც, ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს ამბავი, ანუ მომავალი ანტიქრისტეს შესაძლო წინადაუცვეთელობა, გახდეს იმის მიზეზი, რომ იუდეველებმა უარი თქვან თავიანთ ეროვნულ-სარწმუნოებრივ იდეოლოგიაზე და ქრისტეს რწმენა შეიძინონ. განა აქამდე იუდეველთა ისტორიაში მრავლად არ ყოფილან მესიის წოდების მისაღებად ამაოდ გარჯილი პრეტენდენტები, რომელნიც წინამძღვრობდნენ რომის წინააღმდეგ აღძრულ აჯანყებებს?! ასეთი „მესიანი“, დიახაც, რომ ჰყოლია ისრაელს, მაგრამ შემდგომი იმედის გაცრუება არასოდეს არ აიძულებდა იუდეველებს უარეყოთ თავიანთი რწმენა, თავიანთი იდეოლოგია, და ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებად ქრისტიანობა ეღიარებინათ.
ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში, როგორიც არის, უფრო სწორად, როგორიც იქნება უფლის მეორედ მოსვლის წინ იუდეველთა ნაწილის („ისრაელის ნეშტის, დაშთომილის“) საკვირველი მოქცევა ქრისტესადმი, მთლიანად შეიძლება განპირობებული იყოს მხოლოდ უფლის ორი დიდი წინასწამეტყველის - ელიასა და ენუქის ქადაგების ზემოქმედებით; ისინი ხომ სამნახევარი წლის მანძილზე დაუფარავად ამხილებენ ანტიქრისტეს და დიდი ღვთაებრივი ძალითაც იქნებიან შემოსილნი, ამასთან, უდიდესი ზეგავლენა ექნება მათს მოწამეობრივ აღსასრულს, სასწაულებრივ აღდგომას მკვდრეთით და ზეცად ამაღლებას, რისი მოწმენიც სწორედ ისრაელში მცხოვრებნი გახდებიან. როგორც ვნახეთ, ამასვე გვიდასტურებს საღმრთო წერილიც, რომლის ზემოთ მოყვანილი წინასწარმეტყველებანი „ისრაელის ნეშტის“ მოქცევას ქრისტეს რწმენაზე სწორედ ელიასა და ენუქის მოღვაწეობას მიაწერენ.
იუდეველთა ეს მოქცევა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ანტიქრისტეში მძვინვარე გაბოროტებას გამოიწვევს საერთოდ ქრისტიანთადმი და მაშინ იყოს „ჭირი დიდი, რომელი არა იყო დასაბამითგან სოფლისაით ვიდრე აქამომდე“ (მათე 24,21); „და მიეცა მას (მხეცს - ანტიქრისტეს) ბრძოლისაცა-ყოფად წმიდათა მიმართ და ძლევად მათდა; მიეცა მას ხელმწიფებაი ყოველსა ზედა ტომსა და ერსა და ენასა და ნათესავსა“ (გამოცხ. 13,7).
ხსნა მართალ მორწმუნეთათვის, რომელნიც თაყვანს არ სცემენ ანტიქრისტეს და არ მიიღებენ მის ბეჭედს, მხოლოდ ის იქნება, რომ მათი მდევრის სასტიკი მეფობა მცირე ხანს გაგრძელდება. საღმრთო წერილი ასე გვასწავლის იმ დღეთა შესახებ: „და უკუეთუმცა არა შემოკლდნენ დღენი იგი, არამცა განერა ყოველი ხორციელი, ხოლო რჩეულთა მათთვის შემოკლდენ დღენი იგი“ (მათე 24,22).
ანტიქრისტეს მსოფლიო ბატონობა და ჭეშმარიტ ქრისტიანთა სასტიკი დევნა, ანუ მესამე პერიოდი ამ ყველაზე დიდი ქრისტემტყუვარის მოქმედებისა, სამნახევარ წელიწადს გაგრძელდება (გავიხსენოთ დანიელის წინასწარმეტყველება: „და ჟამისაგანცა ცვალებადისა მიმდებადისა და მოცემისა საძაგელისა მოოხრებისა დღენი 1290“ - 12,11; იხ. აგრეთვე დან. 12,7). იგივე ვადა მხეცის (ანტიქრისტეს) ბატონობისთვის აღნიშნულია იოანეს გამოცხადებაშიც: „და მიეცა მას პირი დიდად მეტყუელი და მგმობარი, და მიეცა მას ხელმწიფებაი ყოფად ბრძოლისა ორმეოც და ორ თთუეს“ (13,5).
„იხილავს ანტიქრისტე, რომ ადამიანური ბუნება მის უმძვინვარეს შვილებთან შედარებით კიდევ უფრო უბოროტესი და მშფოთვარე გახდა, იხილავს და განიხარებს იმის გამო, რომ განმრავლდა სიბოროტე კაცთა შორის, დაჰკარგეს მათ ადამიანური, ბუნებრივი თვისებები და ავსულებზედ უარესნი გახდნენ... და იმ დროს, როდესაც ანტიქრისტე კაცთა მოდგმის სიბოროტით იქნება გახარებული, მასზედ მოულოდნელად ზეციდან „ორლესული მახვილი“ დაეშვება, რომლითაც იგი სასიკვდილოდ განიგმირება და მისი უწმინდური სული უბილწესი სხეულიდან გადმოინთხევა. ანტიქრისტეს სიკვდილით ბოლო მოეღება კიდეც მკვლელობას, ანტიტიპი კი (ანტიქრისტე) დაასრულებს მას. ანუ ცოდვაი იგი მასზედ დასრულდება...“ (წმ. ნილოს მირონმდინარე „სიკვდილისშემდგომი შეგონებანი...“).
არავითარ ადამიანური ძალას არ შეეძლება წინააღმდეგობა ანტიქრისტესი. მხოლოდ თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომელიც მეორედ მოვა ამქვეყნად მთელი თავისი დიდებითა და ძლიერებით, სძლევს მას და გეჰენიის ცეცხლში ჩააგდებს საუკუნო ტანჯვისათვის. მაშინ დადგება საშინელი განკითხვის დღეც, როცა ყოველნი - ცოცხალნიცა და მკვდარნიც, რომელნიც მკვდრეთით აღდგებიან, ქრისტეს სამსჯავროს წარუდგებიან, და ეს იქნება ქვეყნის დასასრულიც (იხ. მათე 24,30-31; 25,31-46; გამოცხ. 1,7,20,11-15; 21,1-8). „და შეპყრობილ იქმნა მხეცი იგი და მის თანა ცრუ-წინასწარმეტყველი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მხეცისაი და თაყვანისცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი-იგი იწვების წუმწუბითა, და სხვანი იგი მოისრნეს მახვილითა ცხენსა მას ზედა მჯდომარისაითა, რომელი გამოვიდოდა პირით მისით, და ყოველნი ფრინველნი განძღეს ხორცითა მათითა“ (გამოცხ. 19,20-21). „და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მაათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მხეცი იგი და ცრუ-წინასწარმეტყველი. და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 20,10).
ანტიქრისტეს მსოფლიო გაბატონებამდე ყველაზე დიდი უბედურება, რაც კაცობრიობას ეწევა, ის იქნება, რომ ადამიანთა უმრავლესობა განსაკუთრებული სულიერი სიბრმავით იქნება შეპყრობილი; ჭეშმარიტი სულიერი გონიერება, ანუ ის ძალა, რომელსაც ერთადერთს ძალუძს მიანიჭოს ადამიანს უნარი ღვთაებრივი ნათლის ხედვისა, უკიდურესად იშვიათი რამ შეიქმნება, და ამის გამო მრავალნი მოაკლდებიან ჭეშმარიტ რწმენას ისე, რომ თვით ეგონებათ მართლიად გვწამსო. ასე რომ, კაცობრიობა, რომელიც ხორციელი გონებით იხელმძღვანელებს და ყოველივე ამქვეყნიურის მსასოებელი იქნება, არათუ ვერ შეიცნობს ანტიქრისტეს მზაკვრობას, არამედ თავის სულიერ მოძღვრად და კეთილისმყოფელად მიიღებს მას. მრავალნი ირწმუნებენ მისას და განდიდებას დაუწყებენ როგორც ყოვლად ძლიერ ღმერთს. ხოლო ის მართალი მორწმუნენი, რომელთა შორისაც ღვთის სული იქნება დამკვიდრებული, სულიერი ხედვით შეხედავენ ყოველივეს და შეიცნობენ მზაკვარ სულს. მაშინ, ვისაც კი ღვთაებრივი ჭვრეტის უნარი და სულიერი გონიერება ექნება, ყველა გულისხმა-ჰყოფს, რომ ამქვეყნად ჭეშმარიტ ქრისტიანთა მტანჯველი გამოჩენილა, და არა უფალი. მრავალნი კი, მოკლებულნი ამგვარ გონიერებას და სულიერ ხედვას, რომელთაც ამქვეყნიური გონიერება ექნებათ და ყოველივე წარმავალი ეყვარებათ, მაშინაც ვერ შეიცნობენ მზაკვარს, როცა ღვთაებრივ სიტყვას მოისმენენ - ანუ ანტიქრისტეს პირდაპირ მხილებას წმიდა წინასწარმეტყველების - ელიასა და ენუქის მიერ; მეტიც, როცა ამ ღვთივსულიერ ქადაგებებს მოისმენენ, ისინი კიდევ უფრო საძაგელნი გახდებიან, რადგან საბოლოოდ ექნებათ დაკარგული ჭეშმარიტი რწმენა (იხ. ეფრემ ასურის 106-ე სიტყვა).
ყველაზე ქმედით გაფრთხილებას ანტიქრისტეს, ანუ ქრისტემტყუვარის, საშიშროების გამო ადამიანისათვის წარმოადგენს თვით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სიტყვები, გადმოცემული ჩვენდა წმიდა სახარებით: „ეკრძელეთ თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთვრალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაითა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი“ (ლუკა 21,34), რადგანაც უკიდურესი ჩაფლობა მატერიალური ცხოვრებისა და ხორციელი სიამოვნების საზრუნავში ხელს უწყობს მხოლოდ ხორციელი გონების განვითარებას, რომელიც ყოველთვის წინ აღუდგება საღმრთო სწავლებას და ვერ მიიღებს ღვთაებრივ გამოცხადებას. სწორედ ასეთი - ხორციელი გონებაა აღზევებული დღეს, ჩვენს თანდროულ მსოფლიოში, და იგი მხოლოდ უბედურებას უქადის ადამიანებს, რომელნიც მისი მიზეზით მოშორებიან ღმერთს და ამა ქვეყნისას სასოებენ.
იმისათვის, რომ სულიერი გონება შევიძინოთ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია დავემორჩილოთ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას; საჭიროა ყოველი ჩვენი სიტყვა და შეხედულება შევამოწმოთ ხოლმე საღმრთო წერილით და ეკლესიის წმიდა მამათა სწავლებით; ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ძველი და ახალი აღთქმის წიგნთა კითხვასა და შესწავლას ეკლესიის დიდ მოძღვართა განმარტებების ხელმძღვანელობით, და თუ ჯეროვნად ვიქმთ ყოველივე ამას, ჩვენ არასოდეს არ მოვშორდებით ჭეშმარიტ რწმენას და წმიდა სამების მართლად მადიდებელ ეკლესიას. ეფრემ ასური, ამასთან დაკავშირებით, ასე გვასწავლის: „მარად განიცდიდე საღმრთო წერილს, მარად ჰკითხვიდე დედა-ეკლესიას - როდის მოვალს ნეტარი სიძე? გამოიკითხე და გამოიძიე ნიშნები მისი ამქვეყნად მეორედ მოსვლისა, რამეთუ მსაჯული არ ჰყოვნის. მარადის გამოიკითხვიდე ამას, ვიდრე სიზუსტით არ შეიტყობდე. მარად მიმართე შეწევნისათვის იმათ, ვინც ჭეშმარიტებით უწყის ეს“ (ტ.IV, გვ.133, მ., 1850 წ., რუსულ ენაზე).
ეკლესიის წმიდა მამები გვირჩევენ, ყოველ საქმეში, ყოველი გაჭირვების ჟამს საღმრთო წერილით ვიხელმძღვანელოთ. მოყვასთა ღმრთივ-სულიერი რჩევაც დიდად სასარგებლოა, თუკი ისინიც ღვთის სიტყვით და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით ხელმძღვანელობენ. ასეთი ხელმძღვანელობა ეკლესიის გონებით დაიცავს მორწმუნეებს ფართოდ გავრცელებული ცრუ-მოძღვრებისაგან, ხოლო თუკი ადამიანი მოაკლდება ასეთ ხელმძღვანელობას, იგი უსათუოდ მცდარ გზაზე დადგება, რადგან დაემორჩილება ცოდვაში ჩავარდნილ უმრავლესობის აზრს. და ამ დროს თუკი ვინმე გაბედავს კიდევ დადგენილი საზოგადოებრივი შეხედულების წინააღმდეგ გამოსვლას, მას მაინც განსაცდელი დაემუქრება, რადგან ყოველის მხრივ გაიგონებს - როგორ, ნუთუ შენ ერთი ხარ მართალი, ჩვენ ყველანი კი ვცდებითო! ასეთ მსჯელობას მხოლოდ იმ ადამიანისთვის არ ექნება ფასი, ვინც საღმრთო წერილით იხელმძღვანელებს, რადგან მისგან ეცოდინება, რომ არა ყველა, არა უმრავლესობა, არამედ მხოლოდ მცირედნი ვიდოდიან ხსნის ვიწრო გზით, ხოლო უკანასკნელ ჟამს ეს გზა კიდევ უფრო ძნელად სავალი გახდება. ამით საღმრთო წერილი ადამიანებს მხნეობას შთაბერავს და მათ ვერ შეაშფოთებთ ის გარემოება, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეთა რიცხვი ძალზე მცირე იქნება, და ეს სამწყსო ქრისტესი მცირე რამ ჭალაკივით გამოჩნდება სიცრუისა და უკეთურების უკიდეგანო ოკეანეში, რომელიც მთელს ქვეყნიერებას მოიცავს; ასეთ ჭეშმარიტ მორწმუნეებს მარად ეხსომებათ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქვენდა სასუფეველი“ (ლუკა 12,32), და გამხნევებულნი ამ ნუგეშით ხორციელ სიკვდილსაც არ შეუშინდებიან.
სხვა დიდი უბედურება ანტიქრისტეს ბატონობის ეპოქაში ის იქნება მსოფლიო კონტროლდაწესებულ კაცობრიობისათვის, რომ მაშინ უკვე შეუძლებელი გახდება რაიმე ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევა მისი ბოროტი ძალაუფლებისადმი. და მაშინ „ნუ ეცდები გააჩერო იგი (ანტიქრისტე) შენი უძლური ხელით, არამედ თვით განერიდე მას, დაიკრძალე თავი ბოროტისაგან, და ეს შენთვის სავსებით საკმარისი იქნება“, - გვირჩევს ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი. ამიტომაც იმით უნდა დავკმაყოფილდეთ, რომ გვჯეროდეს - ხსნა იმ ადამიანებს მიემადლება, ვისაც ნამდვილად სურს ხსნა სულისა, ვისაც ნამდვილად სწამს სულის უკვდავება. ამიტომაცაა აუცილებელი სწორედ ახლა ვებრძოლოთ მოახლოებულ წყვდიადს, როცა წინააღმდეგობის შესაძლებლობა ჯერ კიდევ გვაქვს. უარის თქმა უღმერთობის წინააღმდეგ ამხედრებისა, ყოველი, თუნდაც სულ უმნიშვნელო კომპრომისი ბოროტის წინაშე იმ მიზნით, რომ „მშვიდობიანად“ თანავიარსებოთ მის გვერდით, ყოველი დათმობა დღეს - მხოლოდ კიდევ უფრო გაზრდის სიძნელეებს ხვალ, დაგვასუსტებს მომავლისათვის, როცა ყოველგნით წყვდიადი გაბატონდება. ასე რომ, ჩვენთვისაც „ჯერ-არს საქმედ საქმესა... ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ხელ-ეწიფოს საქმედ“ (იოანე 9,4), რადგანაც „მცირედ ჟამ ნათელი თქუენ თანა არს. ვიდოდეთ, ვიდრემდე ნათელი გაქუს-ღა, რაითა არა გეწიოს თქუენ ბნელი...“ (იოანე 12,35).
ეს ბნელი, ეს ღამე - არის ის, ჩვენზე მომავალი სატანური მეუფება სულიერი წყვდიადისა, რომელიც მთელს კაცობრიობას უნდა ეუფლოს. და მაშინ ჭეშმარიტ მორწმუნეთა ცხოვრება იმდენად მძიმე გახდება, რომ ისინი, მიუხედავად საკუთარი ცოდვების შეგნებისა, მიუხედავად საშინელი სამსჯავროს მოლოდინისა, რწმენით შეჰღაღადებენ მაცხოვარს - „ჰე, მოვედ, უფალო იესო!“ (გამოცხ. 22,20).
მოამზადა თეიმურაზ საგანელიძემ
გამოყენებული ლიტერატურა:
„სიკვდილისშემდგომი შეგონებანი და წინასწარმეტყველებანი
ღირსი მამისა ნილოს მირონმდინარისა-ათონელისა“
დეკანოზი ბორისი (მოლჩანოვი) - „ანტიქრისტე 666“
გაზეთი „აღსავალი“, № 1-15