მაკა გელაშვილი

ღირსი დედის მარიამ მეგვიპტელის
ცხოვრება და მოღვაწეობა (+522)

ვუძღვნი ორთუბნის დედათა მონასტერში
მოღვაწე დედა მარიამს

პალესტინაში, ერთ მონასტერში
მოღვაწეობდა ზოსიმე ღირსი,
სიყრმიდან იგი იქ გაიზარდა,
სახელი ბევრმა იცოდა მისი.

ორმოცდაცამეტ წლისას, მაცდურად,
გაუჩნდა ფიქრი, გულში ქებული:
„მოიძებნება კი უდაბნოში,
კაცი თვით ჩემზე აღმატებული?“

გამოეცხადა ღვთის ანგელოზი,
ვითარცა ასე განიზრახავდა,
უთხრა თუმც კარგად მოსაგრეობდა,
მასზე უკეთესს მაინც ნახავდა.

დატოვა თავის მყუდრო სავანე
და ანგელოზი გზაში თან ახლდა.
იორდანესთან, ძველ მონასტერში,
მოღვაწე ბერთა შორის დასახლდა.

დაიწყებოდა როცა დიდმარხვა
და საკუთარი სულების შველა,
მონასტერს ჰქონდა ასეთი წესი:
ქრისტეს სისხლს და ხორცს იხმევდა ყველა.

მერე შენდობას სთხოვდნენ ერთმანეთს,
ფსალმუნთგალობით რეკავდნენ ზარებს,
იორდანეზე გადასვლისათვის
აღებდნენ წმინდა მონასტრის კარებს.

ერთურთის ღვაწლი რომ არ ენახათ
იფანტებოდნენ სხვადასხვა მხარეს,
მცირედი საზრდო ზოგს არც მიჰქონდა,
იტანდნენ სიცხეს, ხორშაკს და ქარებს.

მამა ზოსიმეც, იქ, უდაბნოში,
მარტო გავიდა სულის ხსნისათვის,
იმედი ჰქოდნა ჰპოვებდა წმინდანს,
ვინც ლოცულობდა მშვიდობისათვის.

ოცი დღის ნავალს, მეექვსე ჟამზე,
ლოცვისას გულში რაღაც ენიშნა,
მარჯვენა მხარეს მიიხედა და
ადამიანის მსგავსი შენიშნა.

შიშველი უცხო იყო ის ვინაც
ამ ხნის მანძლიზე ნახა პირველად,
ეშმაკეული ეგონა იგი,
ძლიერ შეშინდა თავდაპირველად.

შემდეგ პირჯვარი გადაისახა,
თავისგან შიში უცებ განაგდო,
ლტოლვილ მოსაგრეს გამოედევნა,
წლები და დაღლა არად ჩააგდო.

მეუდაბნოე იყო სულ შავი
პაპანაქება მზის მცხუნვარებით,
თმაგახუნებულს და შორს გაქცეულს
ზოსიმემ სთხოვა გულმხურვალებით:

„ჰე, ღვთისნიერო, რად გამირბიხარ?
უძლურ და უღირს ბერს დამიცადე,
გთხოვ, შემაწიე შენი კურთხევა,
თქვი უდაბნოში რაც განიცადე.“

უცხო მოსაგრემ არც გამოხედა
ისე მიმართა მამა ზოსიმეს,
მისი სახელი წარმოთქვა კრძალვით,
თითქოს ენახა ბერი როდისმე:

„მამა ზოსიმე, არ შემიძლია
მოვიქცე შენდა ქალი შიშველი,
მადლს იზამ ჩემთვის, ცოდვილისათვის,
შენს მოსასხამით თუკი მიშველი.“

გაოცდა ბერი წინასწარხედვით,
და აღუსრულა დედაკაცს თხოვნა,
დალოცვა სთხოვა მუხლმოდრეკილმა,
რადგან ეღირსა წმინდანის პოვნა.

მოსაგრე ქალი შეიმოსა და
ზოსიმესავით მუხლზე დაეცა,
გამოითხოვა ლოცვა-კურთხევა,
აღარ გარბოდა რადგან ტანთ ეცვა.

უთხრა: „შენა ხარ პატივცემული
სარწმუნოებით და მღვდლის ღირსებით,
წმინდა ძღვენს სწირავ საკურთხეველში,
აღვსებული ხარ ღმერთზე ფიქრებით.“

სულიერ დედას ბერმა შეჰვედრა
ელოცა მისთვის და ყოვლისათვის,
მიხვდა წინასწარმჭვრეტელი უცხო
მომკვდარი იყო ამ სოფლისათვის.

ქალი მიიქცა აღმოსავლეთით,
აღაპყრო ზეცად თვალნი და ხელნი,
წყრთის სიმაღლეზე ჰაერში დადგა,
ბერმა იხილა ეს საკვირველი.

პირქვე დაემხო, ეჭვი გაუჩნდა:
„მოჩვენება ხომ არ არის ესო,
ალბათ, ეშმაკის მოციქულია,
ჩემში ბოროტი უნდა რომ სთესოს“.

უცებ მობრუნდა მოსაგრე დედა,
უთხრა: საშიში ფიქრები გზარავს,
მხოლოდ ცოდვილი და უღირსი ვარ,
თუმცა ნათლობის სიწმინდე მფარავს.“

აღელდა ბერი ქალის სიტყვებზე,
რადგან გაუგო ფიქრი მალული,
გულით ეხვეწა არ დაეფარა
ცხოვრება, ღვაწლი საქმით კრძალული.

მაშინ დაიწყო წმინდანმა თხრობა:
ძლიერ მცხვენია გამცნო, მამაო,
გამერიდები როცა მოისმენ,
ჩემი წარსული არის ამაო.

მეგვიპტე იყო სამშობლო ჩემი,
არ დამაღონა სიშორემ მისმა,
მშობლებს ზრუნვაზე ხელი ვუკარი,
და მივატოვე თორმეტი წლისამ.

გადავიხვეწე ალექსანდრიას,
არ ვაპირებდი არაფრის ცოდნას,
იქ დამეკარგა უმანკოება,
თავი მივეცი მრუშობის ცოდვას.

ჩვიდმეტი წელი ფულს არ ვიღებდი,
მრუშობას ისე აღვასრულებდი,
არ მადარდებდა ასეთი ბილწი,
ცხოვრებას რითი გავასრულებდი.

ღატაკი ვიყავ, ნართის ხელით რთვა
მაშოვნინებდა დღიურ ლუკმა-პურს,
ვნების დაცხრომა იყო მთავარი,
არაფრად ვთვლიდი მამაკაცის ფულს.

უკეთურმა და სულდაცემულმა
ერთხელ ვიხილე ხალხი მრავალი,
მეგვიპტელები, ლიბიელები,
ნავსადგურისკენ შორს მიმავალნი.

დღესასწაულზე იერუსალიმს
წამსვლელნი იყვნენ სათაყვანოდ ჯვრის,
ეს რომ გავიგე, მერე რაც ვქენი
გახსენებაზე ჟრუანტელსა მგვრის.

მეც დავემგვზავრე გახარებული,
ჰაერსაც გასვრის სიტყვები თქმული,
გარყვნილი საქმით დაკავებულმა,
გემზე დავღუპე მრავალი სული.

ჯვრის ამაღლების დღე როცა დადგა,
ეკლესიაში წავიდა ყველა,
ცხოველსმყოფელი ძელის ხილვისთვის
მეც მის ეზოში შევედი ნელა.

ეკლესიაში შესვლაც მომინდა,
ძლივს მივაღწიე წმინდა კარამდე,
მაგრამ ღვთის ძალამ იქ არ შემიშვა,
და მომისროლა ალაყაფამდე.

სისუსტეს ჩემსას მივაწერე და
ოთხგზის მივედი, ზღურბლს დავაბიჯე,
კარებში მდგარმა რას არ ვეცადე,
მაინც ვერაფრით გადავაბიჯე.

ცრემლთა ნაკადი თვალთაგან წამსკდა,
ნაღველმორეულს და გვერძე გამდგარს,
ცხადად ვიგრძენი რომ მაბრკოლებდნენ
ჩემი ცოდვები არაქათგამწყდარს.

ქვითინით მკერდში ვიცემდი მუშტებს,
ღმერთს ვავედრებდი ჩემს თავს – მის შობილს,
ამ დროს უეცრად ვიხილე თვალწინ
ხატი სანატრელ დედა ღვთისმშობლის.

ლოცვით შევვედრე: „ჰოი, ქალწულო,
ვინაც შვი ხორცით ღმერთი და სიტყვა,
მადლობელი ვარ ასეთ საძულველს
მრუში თვალებით მაქვს შენი ხილვა.

გთხოვ, შემეწიე, ჩემი ტაძარში
შესვლა, ჯვრის ნახვა, ლოცვა ისურვე,
მერე უმალვე დავტოვებ სოფელს,
წავალ იქ, სადაც გულით მისურვებ“.

ლოცვის დასასრულს მთელი არსებით
ვიგრძენი ლოცვა იქნა შესმენილ,
ათრთოლებული ტაძრის კარებში
დაუბრკოლებლად გავხდი შემსვლელი.

გახარებულმა ჩემში წარმოვთქვი:
„ყველა მონანულს ღმერთი იწყნარებს,
უმანკო სისხლი ჩემთვის დაღვარა,
ამიტომ მჯერა მეც შემიწყალებს.“

პირქვე დავემხე, ტაძარში მოვვლე
ყველა სიწმინდე ამბორის ყოფით,
აღელვებულმა, აცრემლებულმა
გული დავაცხრე ღვთის სახლში ყოფნით.

რომ გამოვედი, ღვთისმშობლისადმი
სიტყვებით გავხდი მწირველი მადლის,
ვუთხარი თუ გზას დამანახვეებდა,
აღვასრულებდი ჩემს აღთქმა-ქადილს.

შორიდან მესმა ხმა ქალწულისა,
მისი შეწევნა ვით მოვიპოვე,
მითხრა: „გადადი იორდანეზე,
ნეტარ სიმშვიდეს იქ მოიპოვებ“.

უმალ ვირწმუნე მისი სიტყვები,
ვთხოვე, მოეცა ჩემთვის წყალობა.
ეზო დავტოვე; უცნობმა კაცმა
სპილენძის გროში გზად მიწყალობა.

იმ ფულით სამი პური ვიყიდე,
იორდანეში სახე ვიბანე,
ნათლისმცემელის ეკლესიაში,
თითქოს ცოდვებისგან განვიბანე.

იქ ვეზიარე ღვთის საიდუმლოს,
ასე ისმინა ღმერთმა ვედრება.
ნაწილი სამი პურისა ვჭამე,
ღამე ვათენე ტაძრის კედლებთან.

დილით როდესაც გამოვიღვიძე
პატარა ნავი ნაპირთან ვნახე.
გადავცურე და ძლიერ გავოცდი
ვრცელი უდაბნო რომ დავინახე.

ორმოცდაშვიდი წელია უკვე
ამ უდაბნოში ვდგავარ მლოცველი,
გულში აღძრული ვნებების გამო
გავმხდარვარ მწარე ცრემლთა მხოცველი.

როგორც ჩვიდმეტი წელი ვიმრუშე,
ჩვიდმეტი წელი მე გავიტანჯე,
დაუფლებული ბილწი ზრახვებით,
სურვილთა აღძვრით ბევრი ვიტანჯე.

გარყვნილ სიმღერის მღერის სურვილით
იშფოთა ჩემმა სულმა და სმენამ,
და შებილწული სხეულის განცდა
არ შეუძლია წარმოთქვას ენამ.

მაინც ვმადლობდი დედა ღვთისმშობელს
ამ უდაბნოში გადმოსვლისათვის,
თან მეშინოდა არ განვესაჯე
აღთქმათა ჩემთა გარდასვლისათვის,

ამიტომ როცა მდაგავდა ვნება
მწარედ ვგოდებდი მიწას გართხმული,
განსაცდელში მყოფ მონანულ ცოდვილს
მახსენდებოდა ჩემი აღთქმული.

მერე უეცრად ყოველი მხრიდან
მეფინებოდა ნათელი წმინდა,
ნათლით მშფოთვარე ვწყანრედებოდი და
მეცხადებოდა თვით ყოვლადწმინდა.

მისი შეწევნით და მფარველობით
თავი ლოცვებით გამიტანია,
ამ უდაბნოში მშიერს და მწყურვალს
მრავალი ტანჯვა ამიტანია.

ტანზე სამოსი შემომეფლითა,
პური რაც მქონდა გახმა, გაქვავდა,
ცოტა-ცოტას თუ მოვატეხავდი
და ვჭამდი რასაც თვალი ნახავდა.

მცენარეების ძირები, ფესვნი
მასაზრდოებდნენ ამდენი წლები,
სიცხეში, ზამთრის სასტიკ ყინვებში,
მე თვითონ მიკვირს, მაინც რომ ვძლებდი.

ბევრჯერ მიწაზე უგრძნობლად ვიწექ,
გვერდით არ მყავდა არავინ ეულს,
მხოლოდ ღვთის ძალა შემეწეოდა
და იფარავდა ჩემს ცოდვილ სხეულს.

სულს ვიკვებავდი სახარებიდან
ბრძნული აზრებით და ახლაც ვიტყვი:
„მხოლოდ პურით არ იცოცხლებს კაცი,
არამედ უფლის ყოველი სიტყვით“…

ასეთ სიტყვების გამეორებით,
საკუთარ თავში ვიპოვე შვება.
ღმერთს მივენდე და დავემორჩილე,
რადგან მთავარი არის ღვთის ნება“.

აღსარებისგან განცვიფრებული
მამა ზოსიმე უცქერდა ნეტარს,
მერე გონება მოიკრიბა და
კითხვა დაუსვა ღირსეულ დედას:

„სად გისწავლია, დედაო ჩემო,
ფსალმუნები და აღთქმის წიგნები?
ზეპირად გახსოვს საღმრთო წერილნი,
ალბათ, ნაკითხი ქალი იქნები“.

„წერილთა ცოდნას მანიჭებს ღმერთი,
არ მისწავლია მე წერა-კითხვა,
არც არავის არ მოუყოლია,
და ასეთ ცოდვლის რაღაც მსურს გითხრა:

სანამ სოფლად არ გარდავიცვლები,
ჩემგან მოსმენილს ნურავის ეტყვი,
რადგან შენს გარდა არვინ მინახავს
გთხოვ, აღასრულო რასაც კი გეტყვი:

„მომავალ წელს და თან დიდმარხვაში
ვეღარ გადმოხვალ, თუმც რომ გვინდოდეს,
ამით მონასტრის წესსაც დაარღვევ,
ასე მოხდება რომც არ გინდოდეს.“

ბერი გაოცდა, ქალმა იცოდა
ძველი სავანის წესი ყოველი,
მოსაგრემ უთხრა: „მხოლოდ ხუთშაბათს
მამაო, შენსას მოსვლას მოველი.

ვნების ხუთშაბათს, წმინდა ჭუჭელით
მოდი, ცოდვილი რომ აზიარო,
იორდანესთან, სანაპიროსთან,
მე თვითონ გნახავ, შენ არ იარო;

ხოლო სავანის წინამძღვარს უთხარ
„ეკრძალოს თავსა თვისსა და სამწყსოს“,
მას, იოანეს, ჩემგან ურჩიე
ბერები უფრო მეტად რომ დამწყსოს.

თუმცა არა მსურს ახლა რომ უთხრა,
არამედ როცა უფალი გამცნობს“.
ამ სიტყვის მერე ღირსი მოსაგრე
დაემშვიდობა, წასვლის დრო ამცნო.

წმინდანის ნახვით ღმერთმა ზოსიმეს
გონების თვალი კვლავ აუხილა.
ბერმა ამბავი, ქალის სურვილით,
მონასტრის წევრებს არ გაუმხილა.

ერთი წლის შემდეგ, დიდი მარხვისას,
ღირსი ზოსიმე ავად რომ გახდა,
ვეღარ წავიდა უდაბნოში და
ამით წმინდანის სიტყვები ახდა.

ვნების კვირაში განკურნებულმა,
ქალს აღუსრულა თავისი აღთქმა,
წმინდა ჭურჭელით საუფლო ძრვენი
იქ მიუტანა, სადაც მან დათქვა.

იორდანესთან როცა ჩავიდა,
გულანთებულმა უფალს ევედრა:
„მაღალო ღმერთო, გთხოვ, აღასრულო
ნეტარ დედასთან ჩემი შეხვედრა.“

ადიდა იგი წყალობისთვის,
მეორე მხარეს გამოჩნდა ქალი,
თუმცა დამწუხრდა ბერი ზოსიმე:
„როგორ გადმოვა, არა აქვს ნავი?“

მაგრამ წმინდანმა იორდანეზე
ჯვარი დასახა და წამოვიდა,
იესოსავით თითქოს ხმელეთზე
ფეხით იარა და გადმოვიდა.

ამის მნახველმა ბერმა წარმოთქვა:
„გასაკვირველი, ღმერთო, ხომ არის?!
შენ მიჩვენე და ვაღიარებ, რომ
სრულყოფილება ჩემგან შორს არის.

ჭეშმარიტი და უტყუარი ხარ,
სულითგანწმენდლის ყველას იმსგავსებ,
რამდენადაც კი შესაძლო იყო,
ნეტარი დედაც შენ დაიმსგავსე.“

ამ სიტყვის მერე რომ აზიარა,
ქალმა ტირილით აღაპრყო ხელნი,
ღმერთს შეჰღაღადა ნაზიარებმა:
„აწ განუტევე მხევალი შენი“.

მერე ბერს უთხრა ათრთოლებულმა:
„ბედნიერი ვარ რაკი შენ შეგხვდი,
გთხოვ, მომავლა წელს, მშრალ ნაკადულთან
მოხვიდე, სადაც პირველად შევხვდით.“

კვლავ იორდანეს ჯვარი დასახა,
უწინდებურად იარა წყალზე.
ბერი დაბრუნდა მონასტერში და
არა ასვენებდა ფიქრები ქალზე.

ღირსეულ დედის ნახვის სურვილით
ის წელიწადი მალე გავიდა.
მისი სახელიც სურდა გაეგო
და უდაბნოში ლოცვით წავიდა.

დათქმულ ადგილზე გარდაცვლილიყო,
მიწაზე იწვა სულით ვნებული,
მამა ზოსიმე მუხლზე დაეცა,
წრფელად იტირა შესვენებული.

ლოცვა წარმოთქვა, წესი აუგო,
ენანებოდა მარტოდ შთენილი,
მერე დაკრძალვა რომ გადაწყვიტა,
მიწაზე ნახა ეს დაწერილი:

„მე აღვესრულე აპრილის პირველს,
ამ დღეს უშველე სულის იარებს:
ჩემთან მოხვედი წმინდა ჭურჭელით,
ქრისტეს სისხლსა და ხორცს მაზიარე.

მამა ზოსიმე, ევედრე უფალს
ცხონება ძალზედ ცოდვილ ქალისა,
და ამ ადგილზე, აქვე დაკრძალე
სხეული მდაბალ მარიამისა.“

არ დაიჯერა, ძლიერ გაოცდა
რომ წაიკითხა ბერმა წარწერა.
წერის და კითხვი უცოდინარმა
ღმერთის შეწევნთი მაინც დაწერა.

დაღონებული, დამწუხრებული,
იყო გამომხმარ მიწაზე მდგომი,
როცა იხილა, წმინდა მარიამს
ფეხს ულოკავდა ვეება ლომი.

ლომმა, მორჩილად თავდადრეკილმა,
გამხმარი მიწა თითებით თხარა,
რადგან აღგზნებულ სულით ზოსიმემ
სთხოვა საფლავი რომ გაეთხარა.

დაკრძალვის შემდეგ, ვრცელ უდაბნოში,
ერთურთს დაშორდენენ ბერი, ცხოველი,
და მონასტერში დაბრუნებულმა
ნეტარმა მამამ მოყვა ყოველი.

საუკუნეებს გადმოეცემა
ღირსეულ დედის წმინდა ცხოვრება,
მის მეოხებით, ღმერთო, ისურვე
ცოდვილ მელექსის სულის ცხონება.

24.07.2001