„შემიძლია გასწავლოთ, როგორ ჩამოასხათ წამლის შუშაში პატივმოყვარეობა, მოადუღოთ სახელი და დიდება, ბოთლში მოაქციოთ სიკვდილი“- ურჩევენ ჩვენს ბავშვებს

ამ რამდენიმე წლის წინ ქართველმა (და არა მარტო ქართველმა) მკითხველმა მიიღო წიგნი, რომელმაც „წიგნთან დააბრუნა ბავშვები“. ეს გახლდათ ჯ.ქ. როულინგის ლეგენდარული „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“. ამ გამოცემამ მთელ მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მას არნახული რეკლამა ახლდა. მსოფლიოს უდიდეს ქალაქების ქუჩაში თქვენ შეგიძლიათ გადააწყდეთ სათვალიანი, სიმპათიური ბიჭუნას უზარმაზარ სარეკლამო ფირნიშებს, პოტერი გვიმზერს ჟურნალების ფურცლებიდან, პოტერი გაცოცხლდა კინოში, ტელევიზიაში... ნაწარმოების გმირების თეატრალიზებული წარმოდგენები იმართება წიგნის პრეზენტაციებზე და ა.შ.

წმიდა მამები გვაფრთხილებდნენ, რომ ადამიანი თავის გონებას უფრო მეტად უნდა უფრთხილდებოდეს, ვიდრე კუჭს, რომელშიც არცერთი ჭკუათმყოფელი არ ჩაუშვებს მძაღე საჭმელს და აშმორებულ წყალს. განსაკუთრებით კი მოსაფრთხილებელია ბავშვების სათუთი გონება და სული.

ყველაფერს, რასაც ჩვენ ბავშვებს ვთავაზობთ წასაკითხად ან საყურებლად გულმოდგინე და მზრუნველი გამოკვლევა სჭირდება. ჩვენი რედაქციის დავალებით სწორედ ამგვარი გამოკვლევა იდო თავს ქვემოთ მოყვანილი ნაშრომის ავტორმა ნანა ბოკუჩავამ. უნდა ითქვას, რომ ავტორი ამ საქმეს არ შედგომია რაიმე წინასწარი, აკვიატებული განწყობით. მან ყურადღებით შეისწავლა საკითხი და შემოგვთავაზა სურათი, რომელიც გვიმჟღავნებს „პოტერის“ რეალურ არსს. ამ არსის გასაგებად კი საჭირო გახდა არამარტო „საბავშვო ბესტსელერის“, მისი ავტორის ინტერვიუების, წიგნზე დაწერილი გამოხმაურებების, არამედ ოკულტიზმისა და მაგიის შესახებ არსებული ლიტერატურის, სამედიცინო ცნობარების გაცნობა, რაც სულიერი თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე იყო. სწორედ ამ სიმძიმის გამო კვლევა უფრო გამოწვლილვითი არ აღმოჩნდა, თუმცა წარმოდგენილი მასალა დასკვნების გამოსატანად სრულიად საკმარისია. დასკვნები კი ყველაზე სევდიანია და უნებლიედ გვაგონებს ზოგიერთი თანამედროვე ოკულტისტის დანაქადებს, რომ XXI საუკუნე იქნება ადამიანის დაფარული ოკულტური შესაძლებლობების გამოვლენის საუკუნე.

ნაშრომი, რომლის ბეჭდვასაც „საპატრიარქოს უწყებანი“ ამ ნომრიდან იწყებს, არაა კომპილაციური. ვფიქრობთ, იგი უნდა წაიკითხონ პედაგოგებმა, მშობლებმა და საერთოდ, ყველა ადამიანმა, ვისთვისაც ჩვენი მომავალი თაობის სულიერი მდგომარეობა სულერთი არაა. და ბოლოს, ქვემოთ წარმოდგენილ მასალას აუცილებლად უნდა გაეცნონ ისინი, ვისაც „ჰარი პოტერი“... უწყინარი ზღაპარი ჰგონია.

ზ. ცხოვრებაძე

 

ცოცხზე ამხედრებული „ბიჭუნა“ ჰარი პოტერი
ანუ ჰოპლა... ჯოჯოხეთში

„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

„ახმაურდა „ბაბა-იაგა“, დაიყვირა, ჩაჯდა როდინში და გოგონასაკენ გაქროლდა. ფილთაქვით მიერეკება, ცოცხით ნაკვალევს შლის...“
ხალხური ზღაპარი

აქამდე, ყველგან ბიჭუნები ხის ხმლებით, ხის ცხენებზე „დაჯირითობდნენ“... რატომ გადასვა ინგლისელმა ყოფილმა მასწავლებელმადა დებიუტანტმა მწერალმა ჯოან როულინგმა თავისი ლიტერატურული გმირი, 11 წლის ბიჭი ჰარი პოტერი, მართალია, მოდერნიზებულ, მაგრამ მაინც ზღაპრის ბოროტი, მდედრი პერსონაჟის ატრიბუტზე, „განახლებულ“ ცოცხზე?!

მწერალი ქალი საკუთარ ვარაუდს თავისი წიგნის პერსონაჟს ათქმევინებს: „ეს ხალხი ვერასოდეს მიხვდება, ვინ არის ჰარი პოტერი.“/გვ.18/ და იმ ადამიანებს გულისხმობს, ვისაც ჯადოქრობა ცხოვრების წესად არ გაუხდია.

* * *

ეს დაპირისპირება და არჩევანი ჯერ კიდევ პირველმშობლებთან - ადამთან და ევასთან დაიწყო, როცა პირველ ტყუილზე წამოგებულმა,სიცოცხლისა და უკვდავებისთვის შექმნილმა კაცმა კვდომისა და ხრწნილებისათვის გასწირა თავი... მას შემდეგ არ წყდება ბრძოლა ადამის მოდგმის სულში, ფიქრებში, ცხოვრებაში... აქედან ლიტერატურასა და ხელოვნებაში... ამ ბრძოლის სამზადისისთვის ითქმება ბავშვებისათვის ზღაპრებიც, სადაც სიკეთეს მუდმივად ებრძვის ბოროტება, თითქოს ამარცხებს, დასცემს, მაგრამ ის მაინც დგება, იმარჯვებს! ბოროტს აქვს თავისი სახე - ის მახინჯი და მყრალია, სიკეთეს თავისი - ის მშვენიერია, ნათელია და კეთილსურნელოვანი... ისიც ხშირია, როცა ბოროტი დიდი ძალისხმევით, მიზნის მისაღწევად, მცირე ხნით სილამაზეს ამოეფარება, რადგან იცის, შემაძრწუნებელია მისი რეალური სახე...

* * *

ჯ.კ. როულინგის ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნი „ჰარი პოტერიდა ფილოსოფიური ქვა“ ჩვენი შვილებისათვის საშობაო „საჩუქრად“ მოგვევლინა და სწორედ საშობაო ზრუნვით გართულებმა ეს ნაკმაზი შხამი გასინჯვამდე ვაგემეთ მათ, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს. აქ ზღაპარი ლამის რეალობად იქცეს, აქ „ცოცხზე ამხედრებულ“ ალქაჯ დედაკაცს ობოლი, სათვალიანი ბიჭის იერი მიუღია და ჩვენს პატარა თუ მოზრდილ შვილებს თავის „ქოხში“ მიერეკება თუ რისთვის, ამის გახსენება ძველი, ნაცნობი ზღაპრიდანაც იოლია...

ახალგაზრდა დებიუტანტი მწერალი გაცილებით დიდ ამოცანას ისახავს და უნდა ვაღიაროთ, რომ გამარჯვებასაც ზეიმობს: იგი ბავშვებს ახალ „ესთეტიკაზე“ აგებულ სინამდვილეზე უმყნობს სათავგადასავლო ისტორიას. ეს ანტიესთეტიკა - ბნელეთის გაიდეალების, მასთან შეჩვევისა და მასთან ზიარების მიზანია. აქამდე საბავშვო ლიტერატურაში, ასეთი ურცხვობითა და მიზანმიმართულობით არავის გამოურიცხავს ღვთაებრივი გზა და არ დაუყენებია მოზარდი ეშმაკისეული გზის ორი მიმართულების: გაცხადებული ბოროტებისა და შელამაზებული ბოროტების - შავი და თეთრი მაგიის არჩევანის წინაშე.

ბოროტების ამ სკნელში საკუთარი ცხოვრების მიძღვნის ასეთი მძლავრი მოწოდება სწორედ ჯესიკა ქეთრინ როულინგის „მიღწევად“ და „დამსახურებად“ შეიძლება ჩაითვალოს.

* * *

ჯ.ქ. როულინგი თავის ინტერვიუებში სრულებით არ მალავს, რომ პრაქტიკოსი ჯადოქარია: „ - ჰარი პოტერი გვასწავლის, როგორ გამოვავლინოთ საკუთარი პოტენციალი. ჯადოქრობა კი ამის ერთ-ერთ საშუალებად მიმაჩნია, - აცხადებს ავტორი და თავისი ლიტერატურული გმირის პროტოტიპსაც გვიმხელს: „- შეიძლება მთავარი გმირი ჰარი - ჰარიეტი ყოფილიყო. ისე კი სათვალეებს ბავშვობაში მეც ვატარებდი!“

ჯ. ქ. როულინგი ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე იმასაც აცხადებს, რომ ვიდრე წიგნის წერას შეუდგებოდა:

„ - ჩაატარა მაგიური რიტუალებისა და წარმართობის სპეციალური გამოკვლევა, რამაც საშუალება მისცა მის წიგნებში აღწერილი რიტუალები ნამდვილ ოკულტურ მოქმედებებზე ყოფილიყო დაფუძნებული“.

მწერალი ქალი პედაგოგიურმა წარსულმა მოზარდთა ასაკობრივი თავისებურების ცოდნით შეაიარაღა. მისი ნაშრომის ასე ფართომასშტაბიანი პოპულარობის ერთი გასაღები აქ, ნამდვილად, არის საძიებელი, მაგრამ პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ბნელეთის გაიდეალების პიროვნულმა არჩევანმა მისი ხელწერა და მეთოდები ანტიპედაგოგიური ქვეტექსტებით დატვირთა და გააძლიერა. იგი ბავშვთა ასაკით განპირობებულ ფსიქოლოგიურ კრიზისებს კი არ ძლევს, არამედ „წარმატებით“ აღრმავებს. მაგალითად, სასწავლო პროცესის დამახასიათებელი ცოდნის მიწოდებისათვის მიმდინარე შიდა ჭიდილი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის წიგნში განსაკუთრებითაა გამძაფრებული. ჯადოქრობის სკოლაში ეს ურთიერთობა მტრულ დაპირისპირებამდე აღწევს და სამკვდრო სასიცოცხლო ზღვარზე დგება. ჰოგვორსტში მიმდინარე მეცადინეობებს უარყოფითი შტრიხებით შექმნილი პედაგოგები: ცოცხლები და მოჩვენებები ატარებენ, ისინი ერთნაირი „პატივისცემით“ არიან „შემკულნი“ ყოველი მათგანი ან ბოროტია ან უნარშეზღუდული ანდა ცივი და უკარება.

მოჩვენებებს სკოლაში ძირითადად „აღმზრდელობით“-დამთრგუნველობითი ფუნქცია ეკისრებათ: „მოჩვენებები ხელის შეშლის მეტს არაფერს აკეთებდნენ. გული გაგისკდებოდა, როცა კარის გაღებას ცდილობდი და უცებ, იქიდან რომელიმე მათგანი გამოსხლტებოდა, ერთადერთი „თითქმის უთავო ნიკი“ იყო, რომელიც სიამოვნებით ეხმარებოდა ახალ გრიფინდორელებს სწორი გეზის აღებაში“ /გვ.122/. ვნახოთ როგორ შემოდის ეს პერსონაჟი ე.წ. თითქმის უთავო ნიკი. იგი მოსწავლეებს შემდეგნაირად ეცნობა: მან: „მარცხენა ყურზე ხელი იტაცა და დაქაჩა. თავი მაშინვე გადაქანდა და მხარზე დაეკიდა… შეშინებული სახეების დანახვაზე... გამხიარულდა“.

XVII საუკუნის გრავიურა,
სადაც წარმოდგენილია
დემონი პოლტერგეისტი

ამავე კატეგორიის მეორე პერსონაჟია პოლტერგეისტი პივსი: „პოლტერგეისტ პივსს… თუ მაშინ გადაეყრებოდი, როცა გაკვეთილზე გაგვიანდებოდა, თავზე ქაღალდების სანაგვე კალათას ჩამოგაცვამდა, ფეხქვეშ ხალიჩას გამოგაცლიდა, ცარცით დაგბომბავდა...“ /გვ.122/. სიტყვა პოლტერგეისტი ნაწარმოებია გერმანული სიტყვებიდან „გეისტ“ - „პოლტერ“ და სიტყვასიტყვით აღნიშნავს ხმაურის გამომწვევ „სულს“. ჯადოქრობის ისტორიაში შესულ დემონთა ლეგიონიდან პოლტერგეისტის მიმართ შიში დღემდე ნარჩუნდება. მას მიეწერება ის ხმები, რომლის გამომწვევი მიზეზები ხილული არაა: ხმაურები, კაკუნები კედელზე, ჭერზე და კიბეებზე. ანუ ის რასაც ეკლესია ბოროტ სულთა მანქანებას მიაწერს და რაც სახლის კურთხევით ან ნაკურთხი წყლის სხურებითა და ეკლესიაში მიღებული სხვა წესებით დაიძლევა. ხსენებული როულინგისეული პერსონაჟი პივსი კი შემდეგნაირად შემოდის: „ეი, პივს გამოდი დაგვენახე! ცოტა უხერხული პასუხი მიიღეს, თითქოს დიდი საჰაერო ბუშტი დაიცალაო... ტკაც! და გამოჩნდა ჰაერში დაკიდებული პატარა კაცუნა, დიდპირიანი და ბოროტთვალებიანი. ფეხები გადაჯვარედინებული ჰქონდა, ხელებით ვითომ ყავარჯნებს ეყრდნობოდა. „პოლტერგეისტის მე-17 საუკუნისეული ილუსტრაცია თითქმის თანხვდება წიგნში აღწერილს /იხ.ილუსტრაცია/.

ჰოგვორსტის სკოლის ბნელი დერეფნების მოსახლე და მეთვალყურე ფილჩიც „მაშინ ჩნდება, როცა არ ელი.“ იგი თავისი გაძვალტყავებული ჭუჭყისფერი კატით: „ყველა მოსწავლეს სძულს“.

მაგიის ისტორიას მოჩვენება - პროფესორი ბინსი ატარებს. „ყველაზე მოსაწყენი მაგიის ისტორია იყო, ერთადერთი საგანი, რომელსაც მოჩვენება ასწავლიდა. /გვ. 123/ - წმიდა მამები მაგიური ლიტერატურის სახლში შენახვასაც კი მკაცრად კრძალავდნენ. წმიდა კიპრიანე მოგვყოფილმა, როდესაც ჯადოქრობისათვის თავის დანებება და გაქრისტიანება გადაწყვიტა, მაგიური წიგნები ქალაქის ცენტრში საჯაროდ დაწვა. როულინგისეულ პატარა ჯადოქრების სკოლაში კი მაგიის ისტორიის გაკვეთილის ერთადერთი ნაკლი ისაა, რომ ის მოსაწყენია. წარმოდგენა მაგიის თაობაზე ნორჩი მკითხველის ცნობიერებაში ჯდება, როგორც საინტერესო ან უინტერესო, მაგრამ არა საშიში.

„იდეალური“ პერსონაჟის ჰარის დაპირისპირება სწორედ პედაგოგთან, ტრანსფიგურაციის მასწავლებელთან სნეიპთან იწყება, რომლის ჰარის მიმართ ზიზღის მოტივაცია შემდეგნაირი ლოგიკითაა ახსნილი:

„ - პროფესორი სნეიპი, ჰარი.

- დიახ ქვირელმა მითხრა, იმიტომ სძულხარ, რომ მამაშენი სძულდაო. მართალია?

- ერთმანეთი მართლა არ უყვარდათ... მოხდა რაღაც, რაც სნეიპმა არ აპატია.

- რა მოხდა?

- მამაშენმა სიკვდილისაგან იხსნა.

- რაა?

- ო, რა უცნაურადაა ადამიანის ტვინი მოწყობილი, არა? სნეიპი იტანჯება, რადგან ვალში დარჩა მამაშენთან. მთელი წელია თავს იკლავს შენს დასაცავად, რომ მაგ ვალიდან ამოვიდეს, შემდეგ კი ისევ მშვიდად განაგრძოს მისი სიძულვილი“ /გვ.263/. აქ მადლიერების სრულიად დემონური, არალოგიკური საზღაური ჩვეულებრივ ადამიანურ განცდად საღდება. სიძულვილი კი მუდმივ განწყობად ფიქსირდება.

„სანატრელი“ ჰოგვორტსის მასწავლებლებთან დაპირისპირების კულმინაცია „ბნელი ძალებისაგან თავდაცვის“ პედაგოგთან ქვირელთან ხდება, აქ ბავშვებს კიდევ ერთ ტყუილს სთავაზობენ - რა ბნელი ძალებისაგან უნდა დაიცვან სკოლის აღსაზრდელებმა თავი, როცა ჰოგვორტსი ბნელ ძალთა ნამდვილ შესაკრებელს წარმოადგენს. ეს პერსონაჟი წარმოგვიდგება ენაბრგვილ, შეშინებულ სუსტ არსებად. მიუხედავად ამისა, სწორედ იგი ხდება უმაღლესი ბოროტების ვოლდემორის მედიუმი, ე.წ. „ორსახა ადამიანი“. იგი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „დიდმა ვოლდემორმა თვალი ამიხილა. არ არსებობს არც სიკეთე და არც ბოროტება - სულ ტყუილია. არსებობს მხოლოდ ძალაუფლება და არსებობენ ადამიანები, მეტისმეტად სუსტნი, რომელთაც არ ძალუძთ მისი მოპოვება“ /გვ.256/ ჰარი ქვირელის მეშვეობით ხვდება ვოლდემორსაც, რომლის სახელის წარმოთქმასაც მთელს ჯადოქრულ სამყაროში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა გაურბის და„ჩვენ-რომ-ვიცით“-ით მოიხსენიებს: „ - შემომხედე რას დავემსგავსე, - თქვა სახემ, - მხოლოდ ჩრდილი ვარ და მოჩვენება... თუ ვინმეს სხეულში არ შევუსახლდი, ფორმა არა მაქვს... კიდევ კარგი, რომ ყოველთვის მოიძებნება კაცი, ვინც გულშიც შემიშვებს და გონებაშიც“/გვ.258/.

(მკითხველს პატიებას ვთხოვთ მოყვანილი ვრცელი ციტირებებისათვის. ეს გზა თანამოაზრეობისა და თანაოპონირების ერთადერთ საშუალებად მივიჩნიეთ.)

 

მეორე ნაწილი

„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

„ახმაურდა „ბაბა-იაგა“, დაიყვირა, ჩაჯდა როდინში და გოგონასაკენ გაქროლდა. ილთაქვით მიერეკება, ცოცხით ნაკვალევს შლის...“
ხალხური ზღაპარი

არასრულწლოვანი პოტერომანები ინტერნეტსაიტებში აწყობენ დისკუსიებს და იწერება რეკომენდაციებიც თუ „როგორ ვებრძოლოთ იმ მშობლებსა და პედაგოგებს, ვინც ამ წიგნის წაკითხვას გვიშლის“!

ვისაც ეს წიგნი წაუკითხავს, მან იცის, რომ ეს მუქარა ღრმად სერიოზულია და ბავშვის პროტესტის ცნობილ გამოვლინებებს: გაბუტვასა და პატარა მუშტების დაყრას მეტისმეტად სცილდება!

რამდენიმე ციტატა წიგნიდან: „გვიანობამდე სწავლობდნენ, იმეორებდნენ ურთულესი წამლების შემადგენლობას, იზეპირებდნენ ჯადოსნურ სიტყვებს და შელოცვებს, იმახსოვრებდნენ უდიდეს აღმოჩენათა თარიღებს, გობლინთ აჯანყებებს“/ გვ.220/.

საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია, რომ ეს შელოცვები არ არის თარგმნილი და დახრილი შრიფტით მოეწოდება მკითხველს.

ჯადოქართა სკოლაში შესვლა გაურკვეველი სიტყვებით იწყება:

„ალბუს დამბლდორი ფეხზე წამოდგა. აღიმებულმა ორივე მკლავი ფართოდ გაშალა...კეთილი იყოს ოგვორტსის ეს ახალი სასწავლო წელი!

ვიდრე ლხინს შევუდგებით, მსურს წარმოვთქვა რამდენიმე სიტყვაა. ი ისინიც: იტვიტ! ბლაბერ! დდმენთ! თვიქ! გმადლობთ.“ /გვ.113/.

პირველ წიგნში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, რომელიც ყველაზე მსუბუქად არის მიჩნეული, დახრილი შრიფტით მოწოდებულია გაურკვეველი სიტყვების წყება, რომლებიც შემოთავაზებულია, როგორც:

1) საგნების უწონადობაში გადატანის შელოცვა /გვ.157/;

2) ფეხების ჩამკეტი ჯადო;

3) მთელი სხეულის ჩამკეტი ჯადო /გვ.242/;

4) ცნობილი ხდება ისიც, რომ „თუ მაგლები რაღაც ცუდს შეამჩნევენ, ჯადოქრები „დავიწყების ჯადოს უკეთებენ“ /გვ.207/.

შელოცვები ყველგან ზემოთმოყვანილი პრინციპითაა მოყვანილი - აუცილებლად ლათინურად და აუცილებლად დახრილი შრიფტით. კითხველი თუ „განდობილთ “ წრეს არ მიეკუთვნება, ვერასოდეს შეიტყობს ამ სიტყვების მნიშვნელობას, მაგრამ მათი სამომხმარებლო ფუნქცია უკვე გარკვეულია. თუნდაც ის გამოგონებული იყოს. სპეციალურ ლიტერატურაში, რომელიც ოკულტიზმს, შავსა და თეთრ მაგიას, ჯადოქრობას ეძღვნება, მითითებულია, რომ ჯადოქრად ჩამოყალიბების პირველ სტადიაზე აუცილებელია თუნდაც ცრუ დაჯერება საკუთარ ძალებში.

აქედან გამომდინარე, დაწერილ-გამოქვეყნებული თუ დაგეგმილ-დასაწერი ტომეულები რომ ჯადოქრობის, ოკულტიზმის, წარმართობის პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა და იქმნება, ეჭვს არ უნდა იწვევდეს. ეს წიგნი ჯ. ქ. როულინგს შვიდ ტომად აქვს ჩაფიქრებული. ყოველ წელს თითო იწერება და იბეჭდება. სულ ინგლისურენოვანმა სამყარომ ხუთი წიგნის გამოცემა „იზეიმა“. ქართულად მხოლოდ პირველი წიგნი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ითარგმნა, როგორც ცნობილია, უკვე მზადდება მეორე წიგნის, „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახის“ ქართული თარგმანიც და შესაძლოა, ესეც საშობაოდ შემოგვთავაზონ. რუსულ ენაზე თარგმნილი და გამოცემულია მესამე და მეოთხე წიგნები: „ჰარი პოტერი და აზბაკანის ტყვე“, „ჰარი პოტერი და ცეცხლის თასი“.

ასე რომ, წინ მრავალი მოულოდნელობა გველის. ბოლო ხანებში საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომ ბოლო ახალი გამოცემის „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენის“ კითხვისას ბავშვებისა და მოზარდების ნაწილს თავის ტკივილისა და გულისრევის შეგრძნება ეუფლებათ, მაგრამ ისინი მაინც ვერ ახერხებენ კითხვის შეწყვეტას.

პირველ უცნაურობად ის შეიძლება ჩაითვალოს, თუ რა ძალამ განაჭვრეტინა მწერალს თავისი წიგნის პირველივე გვერდებზე გამოთქმული, დღეს რეალობად ქცეული სიტყვები:

„- ჰარი სახელგანთქმული გახდება, ლეგენდად იქცევა. არ გამიკვირდება, თუ დღევანდელი დღე ისტორიაში შევა „ჰარი პოტერის დღედ“ და ასე აღინიშნება მომავალში. მის შესახებ დაიწერება უამრავი წიგნი, ჩვენს სამყაროში ყველა ბავშვს ეცოდინება მისი სახელი!“ /გვ.18/.

სხვათაშორის ზმნა „HARRY“ აოხრებას, განადგურებას, გაჩანაგებას, გატიალებას: ძარცვას; წვალებასა და გულის გაწყალებას აღნიშნავს. ხოლო „POTTER“ მეთუნე, მექოთნის გარდა, უქმად გდებას, უსაქმურად ყიალისა და დროის მოკვლის მნიშვნელობასაც შეიცავს.

„- აბა, რომელ ბიჭს არა აუვარდება თავში, რომ სახელგანთქმული უფრო ადრე გახდეს, ვიდრე სიარულსა და ლაპარაკს ისწავლიდეს! სახელგანთქმული იმის გამო, რაც არც კი ემახსოვრება..“ /გვ.18/ აქ ჯადოქრული წარმომავლობა წარმოდგენილია, როგორც განსაკუთრებულად აღმატებული პრივილეგია: „მამაშენი და დედაშენი საუკეთესო ჯადოქრები იყვნენ ვინც კი ოდესმე გამიგონია!/გვ.55/.

„-არ გაინტერესებს, როგორ გაჩნდა ეს ნაიარევი შენს შუბლზე? ხომ ხვდები, რომ ჩვეულებრივი ნაიარევი არ არის. ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ბოროტი, ძლიერი ჯადოქრის წყევლა შეგეხება. მამაშენი და დედაშენი დახოცა, თქვენი სახლი დაანგრია. ხოლოდ შენზე ვერ გაჭრა იმისმა ძალამ. მიტომ ხარ სახელგანთქმული, ჰარი... საუკეთესო ჯადოქრები დახოცა და შენ, სულ ერთი ციცქნა ბავშვი გადარჩი...“

აქ, პატარა ბიჭის, პოტერის ზებუნებრივი ძალმოსილება მისსავე პიროვნებაში ექცევა, საიდუმლოს ტაბუ ედება და ბავშვებისთვის მისაბაძ შაბლონად იდება.

„წამში ყველა იქ მყოფი ჰარის შემოერტყა და სათითაოდ ართმევდა ხელს.

-მისტერ პოტერ არ მჯერა, რომ ბოლოს და ბოლოს შეგხვდით.

-ვოცნებობდი თქვენთვის ხელი ჩამომერთმია, ძალიან ვღელავ!“ /გვ.67/.

ჯადოქრობის პოპულარიზება

„-ტრანსფიგურაცია მაგიის ურთულესი და ყველაზე სახიფათო სფერო გახლავთ“ - განუცხადა პროფესორმა მაკგონაგელმა კლასს პირველივე გაკვეთილზე - „ვინც ხელს შემიშლის, იცოდეთ, სამუდამოდ დატოვებს კლასს. მე გაფრთხილებთ!

ამის შემდეგ თავისი მაგიდა ჯერ ღორად გადააქცია, მერე ისევ მაგიდად გადმოაქცია, რამაც საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია. ველას მოუნდა, დაუყოვნებლად იგივე გაემეორებინა, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ავეჯის ცხოველად გადაქცევას კიდევ კარგა ხანს ვერ მოახერხებდნენ.“

უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი, საბჭოეთის დიდი ბელადის „ანდერძის“ მსგავსად ჯ. ქ. როულინგიც სულ „სწავლა, სწავლა და სწავლისკენ“ მოუწოდებს ახალგაზრდა თაობას.

„მას შემდეგ, რაც დეტალურად ჩაიწერეს ამ ურთულესი პროცესის თეორიული აღწერა, პროფესორმა თითო ასანთის ღერი ჩამოურიგა ველას და უთხრა ნემსად აქციეთო..“ მხოლოდ ერთმა შეძლო და მაკგონაგელმა მთელ კლასს უჩვენა, როგორი წვეტიანი და ვერცხლისფერი გახდა ასანთის ღერი“.

საგანგებოდ აღნიშვნის ღირსია ჯადოქართა სკოლის სახელმძღვანელოთა სახელწოდებები:

„შელოცვების ქრესტომათია“, „მაგიის ისტორია“, „მაგიის თეორია“, „სასწაულმოქმედი წამლები და საწამლავები“, „ტრანსფიგურაციის დამხმარე სახელმძღვანელო“, „ ბნელი ძალები: თავდაცვის სახელძღვანელო“.

ეს წიგნი ზოგადად ქრისტიანობის მიმართ ოკულტური ძალების სერიოზულ რევანშად შეიძლება ჩაითვალოს. აქ არა პირდაპირ არამედ სასხვათაშორისოდ გაფანტულია შემდეგი დეტალები, მაგალითად: ჰოგვორსტში ას ორმოცდაორი კიბეებიდან იყო ისეთი კიბეებიც, რომლებიც მაინცდამაინც პარასკევ დღეს სულ სხვაგან მიგიყვანდა /გვ.122/, ვიდრე სხვა დღეებში. ხოლო ოთხშაბათობით /გვ.123/ შუაღამისას აკვირდებოდნენ ღამის ცას. ერთი თავი მთლიანად ეძღვნება შობა დღეს მომხდარ მოვლენებს, მაგრამ არაფერი ითქმება თავად დღესასწაულზე: „ჰარის არასოდეს ენახა ასეთი ზღაპრული საშობაო სუფრა: უთვალავი მსუქანი შებრაწული ინდაური... ლანგრებზე დაწყობილი სურნელოვანი ძეხვები, კარაქში მოხარშული მუხუდო.. ყველასთან ელაგა ჯადოსნური სატკაცუნოები. ისეთი კი არა მაგლებს რომ აქვთ, საცოდავი და უბადრუკი“ /გვ.187/ შობის დღესასწაულის გამოყენება მწერალს ოდნავ გაზღაპრებული სპირიტუალური სეანსისათვის ჭირდება, რათა ე.წ. სილივრუს სარკეში გარდაცვლილთა სულები ახილვინოს საკუთარ გმირს /გვ.188/. სწორედ ამ დღეს ნახავს პოტერი სარკეში თავის გარდაცვლილ მშობლებსა და წინაპრებს. ამგვარად, აღდგომის შემდეგ ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულზე ბავშვების საყვარელი გმირი ჰარი, ეკლესიის სწავლებით, ერთ-ერთი საშიში ცოდვით, სპირიტიზმით არის დაკავებული. ასეთი სეანსების დროს ადამიანი თავის სულს უხსნის ბოროტ სულებს, რის შედეგადაც, ცნობილია ეშმაკისგან დაუფლებული ადამიანის მიერ ჩადენილი საშინელი ცოდვები - მკვლელობები, თვითმკვლელობები, ანდა შეპყრობილ მდგომარეობაში მათი დარჩენა. აღწერილია ასევე ეშმაკის მიერ სპირიტიზმის სეანსის დროს მოხდენილი სხვადასხვა ცრუსასწაულების მეშვეობით (ჭაღის ან სხვა მძიმე საგნის ჩამოვარდნა და ა.შ.) ადამიანთა დასახიჩრების შემთხვევებიც. ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ის, გაუჩნდება თუ არა ჰარის წაბაძვით პატარა მკითხველს ამგვარი უწყინარი სპირიტუალური სეანსის ჩატარების სურვილი სწორედ შობის ღამეს, როდესაც უფროსები „მოძველებული“ და „მოსაწყენი“ საეკლესიო რიტუალებით იქნებიან დაკავებულნი.

სააღდგომო არდადეგები ისე მხიარულად ვერ გაატარეს, როგორც საშობაო.“ მწერალი ქალი თემატურ წიაღსვლებს ამაოდ არ ახდენს. სააღდგომო არდადეგებზე იწყება საუბარი კვერცხზე, მაგრამ არა წითელზე და უფლის სისხლით გამოსყიდულზე, არამედ სხვა, შავ კვერცხზე: „შუა ცეცხლში, დაკიდებული ჩაიდნის ქვეშ, ვეებერთელა შავი კვერცხი იდო“. ეს კვერცხი დრაკონის გამოსაჩეკად არის შეძენილი. აქვე ბავშვები ეცნობიან სავარაუდო ლიტერატურასაც, რომლის სათაურებიც ინფორმაციულად დატვირთულია: „დრაკონების მოშენება: სიამოვნებაც და მოგებაც“ , „დრაკონების სახეობები დიდ ბრიტანეთში და ირლანდიაში“, „კვერცხიდან ჯოჯოხეთისაკენ“, „დრაკონის მოვლის სახელმძღვანელო“. აქვე ვიგებთ რომ „მაგთა საერთაშორისო კონვენციამ“ 1709 წელს კანონით აკრძალა დრაკონების მოშენება, რადგან „მაგლები მაშინვე მიხვდებიან ჩვენს არსებობას... რასაც მაგიის სამინისტრო მათ მიჩუმათებაზე მუშაობს! რომელიმე მაგლი შენიშნავს თუ არა დრაკონს, მაშინვე დავიწყების ჯადოს უკეთებენ“ /გვ.207/.

ფილოსოფიური ქვისგან განსხვავებით, რომელიც ნაწარმოების ბოლოს ნადგურდება, შავი კვერცხი არ ლაყდება, მისგან გამოდის ის, რასაც ელიან: „დრაკონი უკვე მკვდარ ვირთხებს მიირთმევდა, თანაც ძალიან ბევრს. - მიკბინა! თქვა რონმა და გასისხლიანებული ცხვირსახოცით გადახვეული ხელი უჩვენა. ეს დრაკონი ყველაზე საშინელი მხეცია, რაც კი მინახავს, მაგრამ ჰაგრიდი ისე ექცევა, თითქოს ბუნჩულა ბაჭია იყოს. მიკბინა და ჰაგრიდი აქეთ გამიჯავრდა, რატომ შეაშინეო. რომ მოვდიოდი იავნანას უმღეროდა.“ /გვ.212/

ამ სიტყვების წაკითხვისას უნებურად გახსენდება თანამედროვე ათონელი ბერის მამა პაისის (+1994) სიტყვები: „მსოფლიოში დღეს ძალიან ბევრი ეშმაკის მანქანებაა. ეშმაკის ამჟამინდელი პარპაში სახუმარო აღარაა, ვინაიდან თანამედროვე ადამიანებმა მას ბევრის უფლება მისცეს. ადამიანები განიცდიან საშინელ ეშმაკეულ ზემოქმედებას. ერთმა მათგანმა ეს უაღრესად მართებულად ახსნა: „ადრე, - თქვა მან, - სატანა დაკავებული იყო ადამიანებით, ახლა კი იგი მათით არაა დაკავებული. ბოროტს გამოჰყავს ისინი (თავის) გზაზე და ეუბნება: „გზა მშვიდობისა!“ ან „ბედნიერ მგზავრობას გისურვებ!“ და ადამიანებიც თავადვე მიეხეტებიან ამ გზაზე. ეს საშინელებაა!“

 

მესამე ნაწილი

„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

„ახმაურდა „ბაბა-იაგა“, დაიყვირა, ჩაჯდა როდინში და გოგონასაკენ გაქროლდა. ილთაქვით მიერეკება, ცოცხით ნაკვალევს შლის...“
ხალხური ზღაპარი

როგორ აჯობა როულინგმა მარქსს!

„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ ინგლისურად 1997 წელს გამოვიდა. ქართულად ეს წიგნი შარშან, 2002 წლის საშობაო „საჩუქრად“ მოგვევლინა და როგორც წიგნის გაოცებული გამომცემლები აღნიშნავენ ქართული სინამდვილისთვის სრულიად არანი- შანდობლივი სისწრაფითა და ტირაჟით გავრცელდა.

ჟურნალ „სარკეში“ (2003 წ. №2) გამოქვეყნებულ ინტერვიუში წიგნის გამომცემელი ბაკურ სულაკაური ხაზგასმით გამოკვეთს ავტორის განსაკუთრებულ მიდგომას: „გავმართეთ მოლაპარაკებები ავტორის აგენტთან... გავაფორმეთ კონტრაქტი. თარგმნამ დიდი დრო წაიღო. მათ მხოლოდ ის არ აინტერესებთ, რომ ლიცენზია გაყიდონ და ამაში ფული აიღონ. მათთვის მთავარია ნებისმიერ ენაზე კარგად თარგმნილი იყოს. ამ მიზნით აქვთ შედგენილი სპეციალური 50 გვერდიანი ინსტრუქცია, სადაც ჩამოთვლილია ყველა სახელი, სიტყვათა თამაში თუ რაიმე სირთულე, რომელიც შეიძლება მთარგმნელს შეხვდეს. 346 ტერმინია და თითოეულს თავისი ინსტრუქცია აქვს, როგორ უნდა ითარგმნოს, - პირდაპირ უნდა გადმოვიდეს, ადექვატი უნდა მოეძებნოს თუ სხვა რამ. სანამ თარგმანი დაიწყება, პირველ რიგში ითხოვენ, რომ ეს ყველაფერი დაზუსტდეს...“ ჯ. ქ. როულინგის ეს დამოკიდებულება სრულიად გასაგები ხდება თუ გავითვალისწინებთ მის მიერ პირველ წიგნში „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ მრავლად გამოყენებულ გაურკვეველ სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებიც ბავშვებს სხვადასხვა ჯადოსა თუ წყევლის დატვირთვით მოეწოდებათ. სიტყვა ტერმინი უკვე გულისხმობს რაღაც დარგის ან წიაღის სფეროში შეყვანას. ჩვეულებრივი ზღაპარი, მსოფლიოს ნებისმიერი ხალხის რომელ ენასაც არ უნდა განეკუთვნებოდეს, ასეთ დაძაბვას არ საჭიროებს. აგრამ აქ, თითქმის „რელიგიურ“ სიფრთხილესთან გვაქვს საქმე. მიზანი კი მეტად შორსმიმავალია - მთელი თაობებისათვის მისაღები, ნაცნობი და „მშობლიური“ უნდა გახდეს ჯადოქრობა, მაგია, „სამკალი კი ფრიად არს!“ და ყურნი კი სმენად - მეტად ცოტას ასხია!

ზემოთმოყვანილ ინტერვიუშივე ვკითხულობთ: „ბევრი გვეკითხება საბავშვო წიგნია და შიგნით რატომ არ არის ილუსტრაციებიო. საქმე ისაა, რომ არცერთ ენაზე ილუსტრირებული არ გამოსულა. ავტორი კრძალავს... ეს მისი ნებაა და ვისაც ამ წიგნის გამოცემა სურს, ავტორის მოთხოვნას უნდა დაემორჩილოს“. არც აქ არის ჯ. ქ. როულინგი უმიზნოდ კატეგორიული. მან იცის, რომ მსოფლიოს ბავშვთა ცნობიერებაში ღრმად შეღწევა და დამკვიდრება ამ გზით უფრო მისაღწევია, რათა მათი წარმოსახვა კონკრეტულ, დასაზღვრულ ჩარჩოებში არ მოექცეს და ისინი თავად გახდნენ საკუთარი ასოციაციური და კონტაქტური სურათხატების ავტორები.

„...ამ წიგნმა მთელს მსოფლიოში პოტერომანიის ტალღა გამოიწვია. ჩვენთან არავინ იცოდა, რომ ასეთი რაღაცეები, რაც თბილისში ხდება, ხდებოდა ყველა ქვეყანაში... ამ წიგნს აქვს ისეთი ხიბლი, რომელიც საყოველთაო ეიფორიას ქმნის. ფაქტობრივად წიგნები ერთ დღეში გაიყიდა. ასეთი რამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ მომხდარა... ამ წიგნით არა მარტო თბილისის, არამედ რაიონის მოსახლეობაც დაინტერესდა, რაც ასევე პირველი შემთხვევაა.“

ახალგაზრდა მწერლის ბიოგრაფიაში არის აფრიკაში ყოფნის ეპიზოდი. იგი ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „Amnesty International“-ში მუშაობდა, რომელიც აფრიკის ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს სწავლობდა, მსგავსი შემთხვევები იქ ან არ მომხდარა ანდა ინგლისელი ქალი ამას არ აუღელვებია. როგორც ის თავის ინტერვიუებში აღნიშნავს, მას ამ ორგანიზაციაში მუშაობა ყველაზე მეტად იმით დაამახსოვრდა, რომ: „ხანდახან კომპიუტერზე საკუთარი მოთხრობის აკრეფას ახერხებდა“.

ინგლისური, იმპერიული მედიდურობა-შერჩენილი ქალბატონი აფრიკაში საკუთარმა მატერიალურმა შეჭირვებამ ჩაიყვანა, თორემ რომ არა საკუთარი შემოქმედება, იქ ყოფნა დიდ თეთრ თუ შავ ბიოგრაფიულ ლაქად დარჩებოდა.

აქედან გამომდინარე, ნიშანდობლივია და გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ქართულენოვანი გამოცემის მესვეურებს არც წიგნის ყდის, დიზაინის გაკეთების უფლება ჰქონდათ: ზემოთქმულ ინტერვიუში ბაკურ სულაკაური აღნიშნავს: „- რატომღაც ამერიკული გამოცემის დიზაინია აღებული და არა - ინგლისური. ერთადერთი ქვეყანაა ინგლისი, სადაც განსხვავებული დიზაინით გამოვიდა წიგნი. დანარჩენ 60 ქვეყანაში ყველგან ზუსტად ასეთი გაფორმებაა.“

საკუთარი წარმომავლობისადმი მცირე თავმოდრეკის უფლება მწერალ ქალს ნამდვილად აქვს და თუ გავითვალისწინებთ ჯ.ქ. როულინგის მსოფლხედვისათვის ეს სრულიად კანონზომიერია, აფრიკელთ მსგავსად, დანარჩენი ხალხებიც მის ერთნაირ გულისხმიერებაში ვექცევით და კეთილი უნდა ვინებოთ და ჰარი პოტერის იმ გამოსახულებას დავჯერდეთ, რასაც იმეტებს ავტორი. მაგრამ ინგლისელი მწერალი ქალის დამოკიდებულებები ოკულტისტებისათვის ნიშანდობლივი რელიგიური რასიზმითაა გაჯერებული.

ამგვარად, მისი პიროვნული ხედვის კონტურები ასეთ ჩარჩოში ექცევა:

1. ინგლისელი და ყველა დანარჩენი;
2. ჯადოქარი და ყველა დანარჩენი.

ისტორიული მეხსიერება შეშფოთების უფლებას ნამდვილად გვიტოვებს, რადგან ამ ხედვის გამოკვეთილი პირმშო იყო ფაშიზმი. მან მსოფლიოს ერთი, მკაფიო გაკვეთილი უკვე ჩაუტარა, რომ აღარაფერი ვთქვათ კომუნიზმზე, რომლის სათავეები პოსტსაბჭოთა სივრცის მკითხველისათვის ისევ ბუნდოვანი რჩება. სხვათ შორის, მარქსის ქალიშვილი ელეონორა თავის წიგნში: „მავრი და გენერალი“ - იხსენებს: „ბავშვობაში მამა მე და ჩემს დას უამრავ საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა. მათ შორის ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა ელეონორას, იყო ვინმე ჰანს რეკლეს ამბავი. რეკლეს ამბავი მთელი თვეების მანძილზე გრძელდებოდა და არასოდეს ბოლოვდებოდა. სათამაშოების მეპატრონე რეკლე, მართალია, ჯადოქარი იყო, მაგრამ უამრავი ვალი ჰქონდა და არასოდეს ჰყოფნიდა ფული. ამიტომ თავისი სურვილის წინააღმდეგ, იძულებული გახდა მისთვის ძვირფასი სათამაშოები ნელნელა ეშმაკისათვის მიეყიდა. რეკლე უკანასკნელ წუთამდე ცდილობდა შეენარჩუნებინა სათამაშოები, მაგრამ ამაოდ, რადგან ეშმაკთან დადებული ხელშეკრულების გამო, თავს ვეღარ აღწევდა მას“.

„ - ზოგიერთი თავგადასავალი იმდენად საშინელი იყო, რომ მე და ჩემს დას თმები ყალყზე გვიდგებოდა“ - წერს ელეონორა მარქსი.

მარქსის ბიოგრაფი რობერტ პეინი ელეონორას ამ მოგონებას ასეთ კომენტარს უკეთებს: „ეჭვს გარეშეა ეს დაუსრულებელი ისტორიები რეკლეს შესახებ ავტობიოგრაფიულია... სამყაროს მარქსი დემონური თვალით უმზერდა და ასეთივე დემონური ბოროტებით მოქმედებდა. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მარქსმა შესანიშნავად იცოდა, ეშმაკის საქმეს რომ ასრულებდა.“

გიორგი მარჩენკოს შეძახილი: „განა ნორმალურია მამა შვილებს მსგავს ისტორიებს უყვებოდეს?“ დღეს განსაკუთრებული აქტუალობით ჟღერს. ჯ.ქ. როულინგიც თავის ეპიგრაფში ამ წიგნს უძღვნის: „ჯესიკას, რომელსაც უყვარს საინტერესო ამბები; ანას, რომელსაც აგრეთვე უყვარდა მათი მოსმენა...“ და ინტერვიუებში იმასაც ამხელს, რომ პოტერის პროტოტიპად საკუთარ თავს იგულვებს. არც მარქსი ითაკილებდა რეკლეს დაუსრულებელი ისტორიები XXI საუკუნის ინფორმაციული გავრცელების სისწრაფის მასშტაბებში მოექცია და როულინგიც თუ თავისი პატარების შეშინებას არად აგდებს, სხვისი შვილების გულისცემას რატომ დააყურადებს? მით უმეტეს, რომ აქ ადამიანთა მოდგმის „მაგლთა“ დიდი ნაწილია მსმენელი.

ჯადოქრები და მაგლები

„ - მაგლი!“ ასე ვეძახით ყველას, ვინც ჯადოქარი არ არის“, - განუმარტავს წიგნის „დადებითი“ გმირი პატარა ჰარის...

„მე ბებიამ გამზარდა. ბებია ჯადოქარია, მაგრამ ოჯახს ეგონა, რომ მე მაგლი ვიქნებოდი. ბებიაჩემის ძმა ელჯი სულ ცდილობდა, ჩემში ჯადოქრობის მონაცემები გაეღვივებინა. ამისთვის რას აღარ აკეთებდა. ერთხელ ხელი მკრა ბლექფულის პირსიდან ღრმა წყალში ჩამაგდო, კინაღამ დავიხრჩე. რვა წლამდე ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. ერთხელაც, ბებიაჩემის ძმა, ელჯი გვესტუმრა ჩაიზე. ზედა სართულზე ვიყავით. ფანჯარაში გამსვა და ფეხებით დამკიდა თავქვე. ამ დროს ცოლმა მას ბეზე შესთავაზა. ელჯიმ შემთხვევით ხელი გამიშვა. მე არ დავიმტვერი - დავეშვი ბაღის ბილიკზე და გზაზე გავედი. უნდა გენახათ რა სიხარული იყო. ბებია ტიროდა ბედნიერებისაგან. ოთახში რომ შევედი, შეწუხებულები დამხვდნენ. შიშობდნენ, ვაითუ ვერ გადარჩეს, ჯადოქრობა არ ეყოსო. ბებიაჩემის ძმას ისე გაუხარდა, გომბეშო მიყიდა“ - რა თქმა უნდა, დიდია სიხარული, როცა ბავშვი ფიზიკურ სიკვდილს გადაურჩება, მიამიტი, „მაგლი“ მშობლისათვის პატარა პერსონაჟის ეს ტიტინი ცრუ ილუზიის შექმნისა და ბავშვის „მადლითმოცულობის“ სტიმულადაც შეიძლება იქცეს, თითქოს ჯადოქრობას ადამიანის დაცვა-დაფარვა შეეძლოს. მაგრამ, გორის ციხიდან გადმომხტარი სექტანტებისა არ იყოს, ასეთ შემთხვევაში გარანტიები მეტად სათუოა, ხოლო სულიერი სიკვდილი - გარდაუვალი.

მწერალი ყველა შესაძლო შემთხვევაში „მაგლ“ ადამიანთა ნაწილს: ჩლუნგებად, უფერულებად, უსუსურებად ამკვიდრებს მკითხველის ცნობიერებაში: „-გაჩუმდი, შე გამოქლიავებულო!“ - ეუბნება ჰაგრიდი ჰარის ბიძას და ეს მიმართვა კაცობრიობის მთელ იმ ნაწილს წვდება, ვინც ჯადოქრობას არ მიმართავს.

ისევე, როგორც რეალობაში, ასევე ამ წიგნშიც ჯადოქრებს სძულთ მაგლები - უეშმაკონი და მდაბიოთა კატეგორიას მიაკუთვნებენ მათ.

სხვათა შორის ამგვარი „კლასიფიკაცია“ უძველესი დროიდან ჰქონდათ ძველ ერეტიკოს-გნოსტიკოსებს. ისინი ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფებად მიიჩნევდნენ „გილიკებს“, იმდენად რომ მათ ცხოველებთან აიგივებდნენ და მათი გადარჩენის ყოველგვარ შანსს გამორიცხავდნენ. გნოსტიციზმი რელიგიურ რასიზმად არის შეფასებული, აქ ადამიანები სულიერი წარმომავლობით ნაწილდება.

როულინგის „პოტერის“ ვერცერთ გვერდზე ვერ იპოვით დადებით პერსონაჟს „მაგლთა“ მოდგმიდან, ასეთთა მოძიებას მწერალი მხოლოდ უკვე პროფესიონალ ჯადოქართა და ჯადოქართა სკოლის „ჰოგვორსტსის“ მოწაფეთა შორის ახილვინებს დაინტერესებულ მკითხველს. ეფექტი და ზემოქმედება კი მეტისმეტად შთამბეჭდავია. რეალიზებულ წიგნთა რაოდენობა კი რამდენიმე მილიონს აღწევს. ამ ციფრების უკან კი ადამიანები და მათი მოქმედებებია საგულვებელი.

„ - მაგლები როგორი ხალხია?

- საშინელი. რა, ალბათ ყველა არა“./გვ.93/

წიგნის მკითხველ მოზარდთა აბსოლიტურ უმრავლესობაში, რომლებიც რა თქმა უნდა მაგლების ოჯახიდან არიან, აღმოაჩენენ, რომ თავიანთი არაჯადოქრული წარმომავლობის გამო საშინელნი (თუმცა ყველა არა) ყოფილან. თუმცა, ამგვარად „დაკომპლექსებულთათვის“ როულინგს 76-ე გვ.-ზე სანუგეშო სიტყვები დაუწერია: „რამდენი საუკეთესო ჯადოქარია მაგლების ოჯახიდან!“

ასე რომ ჰარის პატარა თაყვანისმცემლებმა გული არ უნდა გაიტეხონ, ვინაიდან მაგლების ოჯახებიდანაც გამოდიან ჯადოქრები, თანაც საუკეთესონი, ასე რომ ყველაფერი წინაა! ვერაფერს იტყვი, შესაშური დიდაქტიკაა!

 

მეოთხე ნაწილი

„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

„ახმაურდა „ბაბა-იაგა“, დაიყვირა, ჩაჯდა როდინში და გოგონასაკენ გაქროლდა. ილთაქვით მიერეკება, ცოცხით ნაკვალევს შლის...“
ხალხური ზღაპარი

როულინგის ეს ნაწარმოები სრულიად სამართლიანად არის მიკუთვნებული პოპ-კულტურის სფეროს. სწორედ ამიტომ გახდა იგი მისაღები ასეთი ფართო მასშტაბის მკითხველისათვის. 1997 წელს გამოსული წიგნის საერთო ტირაჟმა 135 მილიონ ეგზემპლიარს მიაღწია. ამას ემატება ნაწარმოების ეკრანიზაცია, ნაწარმოების გმირების თოჯინებისა თუ ნახატების რეალიზაცია. ყოველივე ამან ზღაპრული მოგება მოიტანა. „ჰარი პოტერის“ ლიტერატურულ რაობაზე თავად წიგნის ქართულენოვანი ვარიანტის გამომცემელიც არ დაობს და აღიარებს, რომ: „ეს არ არის მოვლენა ლიტერატურულ სამყაროში“. ჯ.ქ. როულინგის ნაშრომი სამართლიანად მიეკუთვნება პოპ-კულტურის სფეროს, პოპ-კულტურა კი თავის არსებობას გვაწვდის, როგორც ნორმას, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია. სწორედ ეს არის ის საშიში პოსტულატი, რამაც მოზარდის ფსიქიკას უმძიმესი კვალი შეიძლება დაამჩნიოს. ერთ-ერთ ინტერნეტ-საიტზე რომან ვერშილო წერს: „-ლიტერატურა მზერას მიმართავს განსაკუთრებულზე, არაჩვეულებრივზე, პოპ-კულტურა კი არის ცხოვრების წესი და კატეგორიულად არაა ხელოვნება. „პოტერი“ იძულებითი თავსმოხვევაა მკითხველისათვის, კონკრეტულ შემთხვევაში, ადრესატი ბავშვი და მისი მშობელია“. როულინგი მკითხველს ასეთ დილემას უქმნის: ან უინტერესო, უღიმღამო „გამოქლიავებული“ ხვედრი „მაგლური“ არსებობისა, ანდა ჯადოქრობის შესწავლა, სადაც უშრომელად, ოფლდაუღვრელად მოიპოვებ გასტრონომიულ სიკეთეებს. მთავარია, ეს ძირითადი მიმართულება გაირკვეს, შემდეგ პატარა არჩევანი იქნება გასაკეთებელი რომელი სფეროსკენ გაგიწევს გული: შავი მაგიისა თუ თეთრი მაგიისაკენ: ბოროტი, დამანგრეველი ძალმოსილების გამოყენებისა თუ „უბოროტო“, „ყოფისდამამშვენებელ“ ჯადოქრობას შორის. ვარდისფერი ქოლგის დახმარებით ნიჩბისმოუსმელად აღელვებულ ზღვაში გაცურვა ერთიშეხედვით ღიმილმომგვრელ ეპიზოდად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ როცა ეს ცხოვრების წესად მკვიდრდება, თვითგვემისა და სასჯელის ერთადერთ ფორმად შრომა და „მაგლთა შორის ცხოვრება“ ითვლება, როცა მთელი წიგნის ქვეტექსტი და აზრობრივი ლაიტმოტივია: „არ მესმის, როგორ ახერხებენ მაგლები მაგიის გარეშე არსებობას!“ /გვ.65/ მხვრეტავი წვეთი მხოლოდ ერთადერთ წერტილში ვარდება: გახდით ჯადოქრები! ესაა გამოსავალი! იქ ყველაფერია!

იქ მართლაც ყველაფერია, სინათლისა და სიწმიდის გარდა. სანაცვლოდ ხდება საგანგებო, მიზანმიმართული შეგუება მოკვდინებასთან, სისხლთან, სინესტესთან, სიბნელესთან. ერთიანად კი ხრწნასთან, სიმყრალესთან და სიბინძურესთან:

„აფთიაქში შევიდნენ. იქაურობა ისეთი მომაჯადოებელი იყო, იმდენი საინტერესო რამ აღმოჩნდა, ვინღა აქცევდა ყურადღებას საზიზღარ სიმყრალეს - თითქოს ლაყე კვერცხისა და დამპალი კომბოსტოს სუნი ერთმანეთში ირეოდა. იატაკზე ლორწოვანი სითხეებით სავსე კასრები იდგა... ჭერზე კი რა არ ეკიდა: შეკრული ფრთები, ბუმბულები, თოკზე ასხმული ეშვები, მოკაუჭებული ბრჭყალები“/გვ.77/.

პირველი წიგნის ბოლოს ითქმება ახალი „პოსტულატიც“: - „შენ ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და სხვაგვარად ფიქრობ... კარგად მოწყობილი ტვინისათვის სიკვდილი მორიგი დიადი თავგადასავალია“- ასე იწყება სიკვდილთან შეჩვევის, მისი ათამაშებისა და საბურთაოდ გამოტანის ეტაპი „პოტეროლოგიაში“. ქვეტექსტი დაახლოებით ასე ჟღერს: ვისაც კარგად მოწყობილი ტვინი არ აქვს საკუთარ თავს დააბრალოს! ვისაც იგი აქვს: გზა მშვიდობისა! ვიღაცაზე ხომ უნდა მიიმართოს, გამოიცადოს და მოქმედებაში მოვიდეს ჯადოქრობის სკოლის - ჰოგვორტსის გამოცდებისათვის გაწეული შრომა და უძილო ღამეები?

შურისძიება ამ წიგნში განსაკუთრებულად არის წახალისებული: „ჰაგრიდმა ლამის ძალით მოგლიჯა ჰარი პროფესორ ვინდიქტუს ვირიდიანის წიგნს, „წყევლა და საპასუხო წყევლა“ (მოხიბლეთ თქვენი მეგობრები და თავგზა აუბნიეთ მტრებს უთანამედროვესი შურისძიებით: გამელოტება, მუხლებში მოთენთვა, ენის ბორძიკი და უამრავი სხვა რამ).

- ვფიქრობდი, დადლის /ჰარის დეიდაშვილია ნ.ბ./ ვაჩვენებ-მეთქი სეირს.“- დაიწუწუნა ჰარიმ.

„-ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი აზრია, მაგრამ საქმე ის არის, რომ მაგლებისათვის აკრძალულია მაგიის გამოყენება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. თანაც, შენ ჯერ არ გამოგივა. ბევრი უნდა ისწავლო, რომ შეძლო“ /გვ.76- 77/.

„-რონი გაბრაზებული მიუბრუნდა ჰერმიონს: იცოდეთ, ვისწავლი ჭინკების იმ წყევლას და თქვენზე გამოვცდი /გვ.144/.

შხამების პირველივე გაკვეთილზე ბავშვებს „ცოცხალი სიკვდილის წამალი“ უსახელდებათ /გვ.127/ - ასფოდელო და აბზინდა.

სპეციალურ ლიტერატურაში აბზინდას გამოყენება რეალურად იწვევს პირღებინებასა და მოწამვლას /იხ. ს.ა. ჩაგელიშვილი, მ.კ. გოგორიშვილი საქართველოს სამკურნალო მცენარეები და მათი გამოყენება“ თბ. 1991 გამომცემლობა „მეცნიერება“/.

ამგვარად, შურისძიებით ავსებულ ბავშვს წყევლის ფართო სპექტრის გარდა, ბრაზის გასანელებელი კონკრეტული რეცეპტები მიეწოდება, თავი მხოლოდ იმით შეგვიძლია ვინუგეშოთ, რომ „ცოცხალი სიკვდილის წამლის“ მეორე კომპონენტი ასფოდელო საქართველოში გავრცელებული არ არის.

 

მეხუთე ნაწილი

„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

როულინგის აპოლოგეტთა დამცავი არგუმენტი სიუჟეტის ზღაპრული წარმომავლობაა... თითქოს ზღაპარი ყველაფერს დასაშვებად მიიჩნევს და მისი საზღვრები მხოლოდ ფანტაზიის ინდივიდუალურ მასშტაბებს შეესაბამება. ამ საკითხში გარკვეულ მკითხველთა ნაწილს კარგად მოეხსენება, რომ ზღაპრის სტრუქრუტა საკმაოდ მოწესრიგებულია, განსხვავებით ან გაჭიანურებული და ჯერ კიდევ დაუსრულებელი ამბისაგან, სადაც ასევე განსხვავებულად არის ესთეტიზირებული სიბნელე, ჭუჭყი და სიმყრალე.

აქ უფლისწულებს, მზეთუნახავებსა და კეთილ ფერიებს ვერ შეხვდებით. ავტორი, საშინელებათა უკვე გაჩვეულ კადრთა მსგავსად, მკითხველისათვის ჭარბი ადრენალინის გამოყოფაზე მუშაობს. ბაჭიებს, დათუნიებს, მელაკუდებს აქ გომბეშოები, ბუები, დრაკონები და ვირთხები ცვლიან. თუ რატომ, ამაზე იძულებული ვართ მძიმე, ღრმა ექსკურსი შემოგთავაზოთ. მანამდე კი რამდენიმე ციტატა წიგნიდან:

„კარზე დააკაკუნეს და კუპეში ის პუტკუნასახიანი ბიჭი შემოვიდა... ბიჭს თვალები ცრემლებით ავსებოდა.

- უკაცრავად, - მოიბოდიშა ბიჭმა, - სადმე გომბეშო ხომ არ გინახავთ?

ამათ თავი გააქნიეს, არაო. ბიჭი ატირდა...

- დამეკარგა! სულ გამირბის ხოლმე!

- გამოჩნდება სადმე, - ანუგეშა ჰარიმ.

- ჰო, - საწყლად თქვა ბიჭმა, - თუ სადმე ნახოთ... - და წავიდა.

- ნეტა რა ანერვიულებს? - გაიკვირვა რონმა. გომბეში რომ მყავდეს, რაც შეიძლება მალე დავკარგავდი მე თვითონ. თუმცა ჩემი ვირთხების პატრონი ამას არ უნდა ვამბობდე.

რონის მუხლებზე მოკალათებული ვირთხა ისევ თვლემდა.

- რომც მოკვდეს, განსხვავებას ვერ შეამჩნევ, - ზიზღით თქვა რონმა“ /გვ.98/

„ვიტრინებში გამოდგმული ჰქონდათ ღამურას ელენთითა და გველთევზას თვალებით სავსე კასრები“ /გვ.69/

აქ „ზღაპრის“ ფაბულა ბნელეთში ამოგზაურებს და იქ დარჩენის ნატვრასაც ამოათქმევინებს მის არასრულწლოვან და სულიერად ჩვილ მკითხველს.

სინათლის ესთეტიკაზე აღზრდილი მკითხველი კი ამ უკუღმართი ზღაპრიდან ნამდვილად ისმენს რას უამბობენ, რას ასწავლიან და როგორ წვრთნიან ჯადოქრები და ალქაჯები თავიანთ შვილებსა და აღსაზრდელებს.

არც შემთხვევითობით და არც ორიგინალობით არის გამოწვეული ზემოხსენებულ ცხოველთა ჩართვა როულინგის ნაწარმოებში. საქმე იმაშია, რომ დემონოლოგიურ თეორიაში: ოჯახის სული, პირადი დემონი, ჭინკა წმინდა ინგლისური და შოტლანდიური შენატანია. ევროპულ სასამართლოებზე ეს საკითხი ძალიან იშვიათად იხილებოდა. არსებობდა მოსაზრება, რომ ეშმა, რომელიც დადებდა შეთანხმებას ქალთან და ალქაჯად აქცევდა რომელიმე ნაკლებადცნობილ დემონს მიუჩენდა, რომელიც მცირე ზომის შინაური ცხოველის სახეს იღებდა. იგი იძლეოდა რჩევებს და ახორციელებდა პატარ-პატარა ბოროტგანზრახვებს და მათ შორის მკვლელობებსაც. ჯადოქარს შეეძლო მემკვიდრეობითაც მიეღო სხვა ალქაჯისაგან ზემოხსენებული სული, რომელიც მუდმივ ზედამხედველობას საჭიროებდა თავისი პატრონისაგან და პასუხისმგებელი იყო მასზე. „შინაური დემონი“ განსხვავდებოდა თავად ეშმასაგან - ბოროტების უმაღლეს განსახიერებისაგან, /მთ. 12, 24/. იგი ეწვეოდა ჯადოქარს და იღებდა ამა თუ იმ სულდგმულის სახეს. 1608 წელს გვაცომ, XVII საუკუნის მკვლევარმა, განმარტა: „ეშმაკს შეუძლია მოვლინება მრავალგვარი ეფემერული სახით: ესენია: ძაღლი, კატა, თხა, ხარი, კაცი, ქალი ანდა რქიანი ბუ“. კ.მეზერი ახსენებს „ადამიანის მწოველ ეშმას“, რომელიც ორი შხამიანი გომბეშოს სახით იყო წარმომდგარი. ზემოხსენებული სულები ითვლებოდნენ მფარველი ანგელოზების მოწინააღმდეგეებად (რასელ ჰოუპ რობინსი Энциклопедия Колдовства и Демонологии, "ЛОКИД", "МИФ", გვ.149). ჟორჟ გიფორდი განმარტავს: „ალქაჯებს ჰყავთ თავისი სულები. ზოგს ერთი, ზოგს მეტი: ორი, სამი, ოთხი ანდა ხუთი. ისინი სხვადასხვა ცხოველს ემსგავსებიან: კატებს, სინდიოფალებს, გომბეშოებს ანდა თაგვებს, რომლებსაც ისინი კვებავენ რძით, წიწილებით ანდა საკუთარი სისხლის წვეთით“ ("Dialogue Concerning Witches").

მრუდე ქუჩის „ბნელი მაღაზიიდან ჩუმი, ნაზი ჟივჟივი ისმოდა“. აქ შეიძინა ჰაგრიდმა ჰარისთვის ბუ. „-ჰო, შენი დაბადების დღის საჩუქარი ჯერ არ მიყიდია... მოდი, ცხოველს გიყიდი. გომბეშო არ გვინდა, მოდაში არ არის. დაგცინებენ. „კატები არ მიყვარს. ბუს გიყიდი. ყველა ბავში ამაზე ოცნებობს. თანაც მაგრად გამოგადგება. წერილები მიაქ-მოაქ“ /გვ.77/.

ჰოგვორსტის მოწაფეებს ზოგს ბაყაყი, ზოგს კი ვირთხა ჰყავს ოჯახიდან გამოყოლებული.

„ცა თითქოს ისე, უბრალოდ იყო მოქუშული და არაფერს გვამცნობდა იმის თაობაზე, რომ მალე მთელ ქვეყანაზე გასაოცარი ჯადოსნური ამბები დატრიალდებოდა... დღისით-მზისით ცაში ბუები სულ გუნდ-გუნდად დაფრინავდნენ. გამვლელები სულ პირდაღებულნი იდგნენ ქუჩაში და თითს ცისკენ იშვერდნენ. ზოგს ბუ არასოდეს ენახა, არც ღამით და, მით უმეტეს არც დღისით“ /გვ.8-9/.

არის შემთხვევები, როცა ეშმაკი საკუთარი სხეულებრივი არსებობისათვის ჰაერს არ სჯერდება და იყენებს ცხოველის სხეულს ანდა ადამიანისას, მარკოზის სახარებაში მოყვანილი ღადარინელი ეშმაკეულისა და უფსკრულში დანთქმული ღორების მსგავსად /მარკ. 5/

როულინგი პირდაპირ ასახელებს და აღწერს „გობლინებს“, ისინი ჯადოქრების ბანკს „გრინგოტს“ დარაჯობენ და მართავენ.

გავარკვიოთ, ვინ არიან ეს „გობლინები“?

მიხეილ პსელი აღწერს დემონებს, რომლებიც ცხოვრობენ მიწისქვეშ. მათ არ შეუძლიათ აიტანონ არც დიდი სიცხე და არც მზის სხივები. მან ასაგანგებოდ დაამუშავა ეშმაკთა სახეობები და ისინი, მათი ადგილსამყოფელის მიხედვით, ექვს სახეობად დაჰყო. გვაცომ "Compendium Maleficarium"-ში მეხუთე სახეობაში აღწერა მიწისქვეშა, მღვიმეებსა და უფსკრულებში მყოფი, ყველაზე დაცემული დემონები, მიწისძვრების გამოწვევისა და სახლის საფუძვლის შერყევის მოსურნენი.

მეექვსე საფეხურზე არიან სინათლის მოძულე დემონები, ისინი მხოლოდ ღამეში მოქმედებენ და ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელ საქმეებს სჩადიან. შიგნიდან შავები და აგზნებულები მუდამ საზარელი საქმეების ჩადენის მზადყოფნაში არიან. ოლაფა მაგნუსს /1555 წ./ აქვს გამოსახული უდაბლესი დემონები სატირები და გობლინები. /იხ. ილუსტრაცია/. იხილე გვ.159 ენციკლოპედიაში/.

სწორედ ამ ქვესკნელის მეხუთე და მეექვსე საფეხურის მკვიდრ გობლინებს იყენებს, როგორც პერსონაჟებს როულინგი და მათ სახელებსაც არ ერიდება.

„ - გრინგოტსი იცი სად არის? ასობით მილის სიღრმეშია ლონდონის ქვეშ. მეტროზე ბევრად დაბლა“ /გვ.63/ „ორფრთიან კართან ოქროსფრით გაწყობილი უნიფორმით იდგა... გობლინი... ჰარიზე ერთი თავით დაბალი იყო. მას შავგრემანი სახე, გონიერი თვალები, წამახული წვერი და ძალიან გრძელი თითები და ტერფები ჰქონდა“.

ასეთი „ტევადი ინფორმაციით“ ტვირთავს ბავშვთა მწერალი ქალი მომავალ თაობას და მათ წარმოსახვას ქვესკნელის შრეებისაკენ მიაქანებს.

ამგვარად სჯობს გვახსოვდეს, რომ „პოტერი“ არც ზღაპარია და არც ლიტერატურული ნაწარმოები, საპნის სერიალთა მსგავსად ამ წიგნების წარმოებაში ჩაშვება დედამიწის მოზარდთა და ბავშვთა შორის ოკულტურ-ჯადოქრული მიდრეკილებებისა და იდეალების დანერგვას ისახავს მიზნად და მომავალი თაობის ერთადერთი მიმართულებით გარეკვას ემსახურება.

 

მეექვსე ნაწილი

„ეშმაკთ და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

ფილოსოფიური ქვა

ახლა კი შევეცადოთ, გავარკვიოთ, რა იგულისხმება პირველი წიგნის სათაურად გამოტანილ „ფილოსოფიურ ქვაში“, ისიც საინტერესოა, რა მიმართებაში ამყოფებს როულინგი მასთან საკუთარ, ნახევრად პროტოტიპად აღიარებულ გმირს.

რაღაც საიდუმლოს, საკრალურისა და მეტად ფასეულის არსებობის შესახებ ფიქრს ჰარი იმ მომენტიდან იწყებს, როცა კი შეიტყობს, რომ იგი დედის დის - სულელურად დაფეთებული, საძულველი დერსლების ბრიყვთა ოჯახის ობოლი წარმომადგენელი კი არაა, არამედ ჯადოქრული წარმომავლობის და დაბადებიდან თავადაც სახელგანთქმული, საიდუმლო ძალმოსილების მქონე ადამიანი, რომლის მემკვიდრეობა გრინგოტსის ბანკის საცავებშია დაცული:

„გრიპჰუკმა კარი გამოაღო. შიგნიდან მწვანე ბოლი გამოვარდა და როცა გაიფანტა, ჰარიმ გაოცებისაგან პირი დააღო. საცავში ოქროს მონეტები გორებად იდგა, ვერცხლის ფული სვეტებად, ბრინჯაოს ხურდა კი გროვად ეყარა.

- სულ შენია, - გაუღიმა ჰაგრიდმა.

სულ ჰარისი? - დაუჯერებელია. ალბათ დერსლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, თორემ თვალის დახამხამებაში გააქრობდნენ აქედან. რამდენს აყვედრიდნენ, რა ძვირი ჯდება შენი შენახვაო. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი თურმე არსებობდა მისი საკუთარი ქონება, ლონდონის ქვეშ ღრმად ჩაფლული.“ /გვ.72/

ჯადოქრობის სკოლიდან გარიცხული, ნახევრად მაგლი-ნახევრად მაგი, ტყისმცველი ჰაგრიდი გრინგოტსის ბანკის 713-აკლდამიდან ჰარის დეპოზიტებთან ერთად ფილოსოფიურ ქვასაც გამოიტანს:

„713-ე აკლდამას კლიტის ჭუჭრუტანა არ ჰქონდა. - უკან დაიხიეთ, - თავმომწონედ თქვა გრიპჰუკმა, თავის გრძელი თითით ფრთხილად დააკაკუნა და კარი გაქრა... ეს სხვა ვინმემ რომ გააკეთოს, კარი შიგნიდან შეისრუტავს და შიგ გამოგამწყვდევს...

ჰარის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ამ საიდუმლო ოთახში მართლა რაღაც არაჩვეულებრივი ინახებოდა და იქაურობას თვალი მოავლო. სულ მცირე, ზღაპრული სამკაულები მაინც იქნებაო, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ სიცარიელე მოხვდა თვალში, შემდეგ შეამჩნია, რომ იატაკზე იდო ბინძურ ყავისფერ ქაღალდში გახვეული პატარა შეკვრა. ჰაგრიდმა სწორედ ეს აიღო და ღრმად შეინახა გულის ჯიბეში. ჰარის ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა იყო ეს, მაგრამ აღარ უკითხავს.

- წამო, ჩავსხდეთ ამ ჯოჯოხეთურ მანქანაში და სანამ არ გადმოვალთ არ დამელაპარაკო... თქვა ჰაგრიდმა.“

რა არის ფილოსოფიური ქვა და რა იგულისხმება ამ სიმბოლოს მიღმა ოკულტურ სინამდვილეში?

მთელს მსოფლიოში კერპთაყვანისცემის პირველ ობიექტად გვევლინება დაუმუშავებელი ქვა, - წერს გოდფრი ჰიგინსი წიგნში „კელტი დრუიდები.“ ეს ქვები დაფანტულია მთელს დედამიწაზე, რისი მაგალითიცაა მენგირები კარნაკში /ბრიტანეთი/, სადაც რამდენიმე ათასი გიგანტური ქვა თერთმეტ რიგადაა განლაგებული... / ენლი პ. ჰოლის ენციკლოპედია გვ.350/, მაგრამ ფილოსოფოსთა ქვა ნამდვილად ფილოსოფიურია. იგი გაიგივებულია მაგიურ ძვირფას ქვასთან, რომელთან შეხება ძირითად სუბსტანციებს ფასდაუდებელ განძად გარდაქმნის. იგი ადამიანის სრულყოფისა და განახლების უძველესი სიმბოლოა. დაუმუშავებელი ალმასი უსიცოცხლოდ გამოიყურება თუ მას იუველირის ხელი არ შეეხება. ფილოსოფიური ალქიმიური ხელოვნებით ადამიანთ „დაუმუშავებელი“ სულების „პოლირება“ და მათი ბრილიანტისებრ მოციალე სრულყოფილებამდე მიყვანა მაგალითად ჰერმეტიული როზენკრეიცერობის საიდუმლო საგანს შეადგენს.

ამპარტავნების ამ მწვერვალებიდან როგორი დასანახი იქნება მაკარი დიდის სულის თავმდაბლური თრთოლა უფლის წინაშე, როცა ეს უდიდესი მოღვაწე ამქვეყნიდან გასვლისას განდევნის ბნელ ჰაერის მცველთ, რომლებიც მისძახიან: ცხონდი მაკარი! ის კი საკუთარი უდიდესი ღვაწლის არად ჩამგდები ძრწის და ვიდრე არ შევა სასუფევლის ბჭეში ამბობს: ჯერ არა!

ვინც არ იცის, მისთვის დავწერთ ანტონ ჭყონდიდელისეულ გაფრთხილებას: „ამპარტავნების გზა არავის გქონდეთ, თორემ ქრისტესგან შორს იქნებით, რადგან ის სიმდაბლით ვიდოდა და ბრძანებდა: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა.“

თეორიულ დონეზე განა შესაძლებელია ოდესმე თავსებადი გახდეს „საკუთარი სულის ბრილიანტისებური ციალის ბრწყინვალების „მწვერვალისა“ და თავმდაბლობის ამ წარმოუდგენელი „უფსკრულის“ შეთავსება - „რადგან ვერვის ხელეწიფება ორთა უფალთა მონებად, ანუ ერთი მოიძულოს და განაგდოს...“

ოკულტურ სინამდვილეში ერთგვარად თავსებადი გახადეს ფილოსოფიური ქვისა და მასონური ტაძრის მსგავსებაც, რადგან ორივე მათგანი „იდეალის“ რეალიზაციის ილუზიას ქმნის. ანუ ვინც ფლობს ფილოსოფიურ ქვას ის ფლობს „ჭეშმარიტებასაც“, ეს კი ულევი სიმდიდრეა, რადგან წარმოადგენს უკვდავებას, ვინაიდან გონებამ არ იცის სიკვდილი... ყველა ადამიანის ამპარტავნებისადმი მიკმეული ამ შხამის ავკარგსა და ტყუილ-მართლის ზღვარს აქ ფსალმუნური წიაღსვლა გასდებს და სჯობს მისით გამოვიფხიზლოთ თავი: უფალმა „თხლეი ამა სოფლისაი არა წარმოაცალიერა, რაითა სუან იგი ყოველთა ცოდვილთა!“ და კიდევ: „სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან გაგანთავისუფლნეს თქვენ!“ მაგრამ ბავშვის სულში შეჭრილი ქარიშხლის ჩაცხრობა კი ნამდვილად გაგვიჭირდება:

„თავისი თავი დაინახა, გაფითრებული და შეშინებული. მაგრამ წუთიც და საკუთარმა ანარეკლმა გაუღიმა, შემდეგ ხელი ჯიბეში ჩაიყო, სისხლივით წითელი ქვა ამოიღო... ჰარიმ ცხადად იგრძნო, როგორ ჩაეშვა რაღაც მძიმე მის ნამდვილ ჯიბეში. დაუჯერებელი რამ მოხდა: ქვა ახლა მასთან იყო!“/გვ.257/.

„ - ქვა სარკიდან როგორ გადმოვიდა ჩემს ჯიბეში?“ - ეკითხება ჰარი ჯადოქრების სკოლის დირექტორს ალბუს დამბლდორს. „ეს ჩემი ერთერთი გენიალური გამოგონებაა. ქვას მხოლოდ ის მიიღებდა, ვისაც მისი პოვნა უნდოდა. პოვნა და არა გამოყენება. სხვები სარკეში მხოლოდ იმას დაინახავენ, თუ როგორ აკეთებენ ოქროს ანდა სვამენ სიცოცხლის ელექსირს“.

„მთავარია ქვა ვიხსენით. ახლა ქვა აღარ არის!“ - ასეთ საინტერესო წინადადებას წარმოთქვამს თეთრ მაგთა წარმომადგენელი ალბუს დამბლდორი.

გარდა იმისა რომ მწერალი ქალი ოკულტური თაყვანისცემის ობიექტის მნიშვნელობის დეფორმირებას მიმართავს, როულინგის ნაწარმოების პირველი წიგნის სახელწოდებაში გამოტანილი ეს სიმბოლო, რომელიც განსაკუთრებული დაცვის, მოქმედებათა მოტივაციისა და დადებითი გმირების თავგანწირვის საგანს წარმოადგენს დასასრულს არც მეტი არც ნაკლები ნადგურდება. /გვ261/. ჩვენ კი ვიცით, რომ „ბოროტებას არაფრის შექმნა არ ძალუძს, მას მხოლოდ არსებულის რღვევა შეუძლია!“, მაგრამ როგორი გადასატანი უნდა იყოს ბავშვისთვის მართალია როულინგის მიერ დამცრობილი და გაუფასურებული, მხოლოდ სიმდიდრისა და უკვდავების მომტანი და არა განმწმედელი ძალის მქონე საბრალო ფილოსოფიური ქვისათვის ამგვარი განაჩენის გამოტანის მოსმენა? „ - ბოლოს და ბოლოს რა ყრია ამ ქვაში! ბევრი ფული და ბევრი სიცოცხლე“ - ეუბნება პროფესორი დამბლდორი ჰარის. „მე ქვაზე კი არა შენზე ვღელავდი. ქვას რაც შეეხება, ის გავანადგურეთ“.

მიუხედავად იმისა, რომ წიგნში, ასე ვთქვათ, მთელი „ბიურგერული“ ჯადოქრული სამყარო ცდილობს, გადაარჩინოს ეს ქვა უმაღლესი ბოროტების ვოლდემორის ხელში მოხვედრისაგან, ჰარის გარეშე ეს განუხორციელებელი დარჩებოდა, სწორედ იგი ახერხებს ამას.

თუ ფილოსოფიური ქვა ადამიანის სრულყოფისა და განახლების ძველისძველი სიმბოლოა. „ჰაროლოგიაში“ მისი მნიშვნელობა გამდიდრებისა და უკვდავების შენარ- ჩუნების გამოყენებამდე დაიყვანება. მას სცილდება განწმედისა და განბრძნობის დატვირთვა, რადგან როულინგი ფიქრობს, რომ ამ საკითხებზე ფიქრით თავის შეწუხება აღარ ღირს და ეს სატყუარა ახალ თაობას სრულებით არ დასჭირდება და რეალურადაც ორივე: სიწმიდეცა და სიბრძნეც ჯოჯოხეთის სამყაროსთან არათავსებადი ცნებებია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ როულინგი ეშმაკთა მეექვსე კატეგორიის ერთერთი სახეობის - გობლინების დასახელებას არ გაურბის და თანაც ბნელეთის „ნათელი“ ანუ „თეთრი შრის“ სამსახურისათვის იყენებს, მცირეოდენ უცვლის პროფილს და მიწისძვრების მოსურნეთ მიწისქვეშ ფულებისა და პატიოსანი თვლების აწონის სამსახურში აყენებს. შესაძლოა ესეც იყო მათი გაბოროტებისა და როულინგზე თავდასხმების მიზეზიც...

2000 წლის 30 ივნისის ინტერვიუში მან აღიარა, რომ ჰარი პოტერზე პირველი წიგნის წერის დროს იყო განსაკუთრებულად დათრგუნული. დემენტორები (დემონური მხეცები) უბრალო პერსონაჟები კი არ არიან, არამედ იმ დათრგუნვის აღწერაა, რომელსაც ის შინაგანად განიცდიდა.

თავის დროზე ბულგაკოვი მოერიდა თავის რომანში ბელზებელის ცნობილი სახელწოდებების: მეფისტოფელის, ლუციფერის და ასმოდეის გამოყენებას და გერმანული წარმომავლობის ეშმაკის ერთერთი საზოგადო სახელი „ვოლანდი“ აირჩია. ასევე როულინგიც უმაღლესი ბოროტების განსახიერებას, „ვოლდემორს“ არქმევს. მისი „სახელის წარმოთქმაც კი უჭირთ“ პოტერის ჯადოქარ პერსონაჟებს და მას ასე მოიხსენიებენ: „ჩვენ-რომ ვიცით“! მხოლოდ ჰარის ეძლევა უფლება მისი სახელის თამამად წარმოთქმისა, „სახელის წარმოთქმის შიში საგნისადმი შიშს აძლიერებს“ /გვ.262/, „ჰარი, ის არ მომკვდარა. დადის თავისთვის, დაძრწის. ეძებს ვის შეუსახლდეს... ვერც მოკლავ, რადგან ფაქტიურად, ცოცხალიც არ არის“ /გვ.262/. სწორედ მას ხვდება პირისპირ ჰარი პოტერი და სტაცებს ფილოსოფიურ ქვას, ხოლო თავად ამ ქვის შექმნა მიეწერება დამბლდორის მეგობარს ნიკოლას ფლამელს, რომელმაც „გასულ წელს აღნიშნა თავისი ექვსას სამოცდამეხუთე წელი“ ანუ ამ „ქვის შემქმნელის“ ასაკი 666 წელია. ავიხსენოთ იოანე ღვთისმეტყველის სახარების აპოკალიფსისის XIII თავის მე-17-18 მუხლები: „და რათა არავის ხელეწიფებოდეს სყიდვად, ანუ განსყიდვად, გარნა რომელთ აქუნდეს ბეჭედი სახელისა მხეცისა მის, ანუ რიცხვი იგი მხეცისა, რამეთუ რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექვსი.“

„აქა არს სიბრძნეი, რომელსა აქუს გონებაი, აღიპყარნ რიცხვი იგი მხეცისაი, რამეთუ რიცხვი კაცისაი არს რიცხვი მისი ექუსას სამეოც და ექუს“ /აპოკ.XIII, 18/. აპოკალიფსისის განმარტებები საზოგადოდ მეტად მცირეა, რადგან მამები ერიდებოდნენ მასში დაფარული საიდუმლოებების გამოაშკარავებას. წმიდა მამა ანდრია კესარია-კაბადოკიელი აპოკალიფსისის ამ ადგილის განმარტებისას წერს: „ჭეშმარიტებაი სახელისა მისისაი ჟამმან გამოაცხადოს, რამეთუ უკუეთუმცა ჯერ-იყო განცხადებულად ცნობაი სახელისა მისისა მხილველსა მას, გამო-მცა-ეცხადა, არამედ არა ინება ღმერთმან საღმრთოთა წიგნთა შინა ბოროტისა მის სახელისა დაწერა.“

...რასაც ვერ კადრულობენ წმიდა იოანე ღვთისმეტყველი და წმიდა ანდრია კესარია- კაბადოკიელი კადრულობს ჯესიკა ქეთრინ როულინგი და ამ კაცის სახელს გვიცხადებს - სერ ნიკოლას ფლამელი! და ინგლისის დედოფალისაგან ამ წიგნის შექმნისათვის ქებასა და ჯილდოსაც იღებს. ამ წიგნის „გვირგვინად“ და „გასაღებად“ სწორედ ეს, ლამის სტრიქონშორისი, ავბედითი ბუტბუტი შეიძლება მივიჩნიოთ, რომელიც მწერალი ქალის შთაგონების სათავისაკენ მიგვითითებს.

მგონია, უადგილო სრულიად არ უნდა იყოს რიტორიკული შეკითხვის დასმა: ბატონებო! ფიქრობთ, რომ ეს არის ბავშვთა თემატიკა? აქ ქვეტექსტად ჩადებულია რაღაც გაუგონარი აბდაუბდა სიუჟეტი: უმაღლესი ბოროტება „ჩვენ-რომ-ვიცით“ ანუ ვოლდემორი საკუთარი ზეობის დროს ამარცხებს ყველა „თეთრ“ ჯადოქარს, მხოლოდ ჩვილი ბავშვი ჰარი, რაც ინგლისურ ენაში „ეშმას“ ევფემისტური, შენაცვლებადი სახელია (იხ. გაზეთი „ჩვენი ეპოქა“ 2003, 11-17 VI), ვერ ნადგურდება. იგი, მართალია ელვის ნაიარევით დადაღული რჩება, მაგრამ მთელი ათი წლით „სისხლის ბარონის“ უკუმქცეველი ხდება. ვოლდემორი ცდილობს ხელში ჩაიგდოს ციფრი 666 ხნის მქონე პიროვნების - ნოლკოლას ფლამელის მიერ შექმნილი ფილოსოფიური ქვა და აქაც ჰარი პოტერია, თავის მეგობრებთან ერთად, წინააღმდგომი. ოკულტისტების მიერ საუკუნეების მანძილზე ნალოლიალებ ქვას კი როულინგი თავის პერსონაჟს ერთი ხელისმოსმით გაანადგურებინებს.

აქ ბოროტება თითქოს სპირალისებური მოძრაობით ქვევით და ქვევით მიიწევს. ერთმანეთში გადადის და სახეს იცვლის. მთელს წიგნში ვერ იპოვით რომელიმე გმირის მოძრაობას, რომელის ქვევიდან ზევით მიემართება. აქ სვლა ყოველთვის დაღმავალია და მკითხველსაც ჯოჯოხეთისაკენ მიაქანებს.

 

მეშვიდე ნაწილი

„ეშმაკთა და მისთა მსახურთა წილი არ უდევთ არც ამ სოფელში და არც შემდგომად მისსა“
იოანე ბოლნელი

„უფალმა თხლეი იგი ამა სოფლისაი არა წარმოაცალიერა რაითა სუან იგი ყოველთა ცოდვილთა“
74-ე ფსალმუნი

(დასკვნა)

თბილისში 2004 წლის 23 იანვარს შედგა პრეზენტაცია წიგნისა „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ ეს არის ჯ. კ. როულინგის 1999 წელს გამოსული მეორე წიგნის ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანი.

...ფოიეს ამკობდ ბავშვთა საყვარელი გმირით - ჰარი პოტერით შთაგონებილი ნახატები... გასაგებია, ალბათ დიდია სურვილი კიდევ უფრო განმტკიცდნენ კითხვაში წიგნთან გაუცხოებული ჩვენი ბავშვები. რატომაც არა მშვენიერი დასამარცვლია:

„გველ-თე-ვზას ე-ლენ-თა!“
„წყე-ვლა და სა-პა-სუ-ხო წყევ-ლა!“
„გომ-ბე-შოს თა-თე-ბი!“

ამავე ლოგიკას თუ მივყვებით „გასამხირულებლად“ არც I წიგნში მოტანილი ბერტი ბოტის შემდეგი გემოს კამფეტების დამზადება და დარიგება იქნებოდა ურიგო: წვინტლის, ნარწყევისა და ყურის გოგირდის გემოიან კამფეტებს /იხ. გვ. 97, გვ.264,/ ჰარი პოტერის თაყვანისმცემელთათვის - წაკითხულის გამეორების ეფექტი ექნებოდა და II წიგნში ახალი, გონებისათვის წარმოუდგენელი საზიზღრობების გემოსთან მისადაგების მოლოდინსაც გაამძაფრებდა...

როგორც წინასწარ ცნობილი იყო ჯადოქრობის სკოლაში სწავლების მეორე წელი მეორე წიგნში: „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ კიდევ უფრო დამძიმებულია. პირველი წიგნში შემოტანილი ჯოჯოხეთური შრეები მეორე ტომში სანატრელი გაუხდება ბავშვებს, ისინი ხომ ჰარი პოტერთან ერთად ჰოგვორტსის - ჯადოქართა სკოლის მეორე კურსზე ინაცვლებენ.

წერილების ეს სერია დიდმა შეშფოთებამ დაგვაწერინა. მთელს სიუჟეტს აკრავს მოჩვენებითი კეთილშობილების რაღაც თხელი ფენა, რომელიც პერიოდულად აჩენს ეჭვს - იქნებ არც ისე ცუდადაა საქმე? მაგრამ საკმარისია ეს გარსი გაირღვეს და წუთხისა და შემზარავი პირველსახეების გასაოცარი, გადამლეკავი ნაკადი იფრქვევა. ეს ყოველივე, მწარე რეალობის გარდა კიდევ უფრო მწარე მომავლისაკენ გვახედებს: რითი აღვუდგეთ წინ მსოფლიოს ბავშვთა სრულიად გაუცხოებული თაობების ზიზღსა და სიძულვილს? როგორ დავიცვათ ჩვენი პატარები სიბნელის, სიმყრალის ესთეტიზირების, უფროსების მიმართ უნდობლობისა და შიშის ასეთი მძლავრი დარტყმისაგან? ეს „ნათესი“ ხომ სრული უეჭველობით აღმოაცენებს „თავის ეკალსა და კუროსთავს“!

წიგნები ჰარი პოტერზე ტოტალური უსიყვარულობით და უნდობლობითაა გაჯერებული, აქ მთლიანად არის უგულვებელყოფილი ოჯახი, საზოგადოება და მტრული დაპირისპირებაა მასწავლებლებთან ანუ აქ ბავშვის სასიცოცხლო გარემო მთლიანად დეფორმირებულია. ეს პრინციპი მხოლოდ თანამზრახველ მეგობართა ოთხეულზე არ ვრცელდება, ესენია: ჯადოქრული ენერგიით გამსჭვალული ჰარი, წიგნიერი ჰერმიონა, ბრიყვი, მაგრამ კეთილი რონი და შეუმდგარი ჯადოქარი, მარგინალი, ლოთი ჰაგრიდი, ყველა მათგანი „ცოცხზეა გადამჯდარი“ ანუ ჯადოქრობის გზით მავალი პერსონაჟია, სწორედ მათი ურთიერთობა აჩენს ზემოხსენებულ ილუზიას თითქოს აქ მეგობრობაზე, სიყვარულსა და ურთიერთთავგანწირვაზეა საუბარი. მთელს წიგნში, ყველა დანარჩენ შემთხვევაში, ისეთი სათნოებანი, როგორიცაა: მორჩილება და პატიება და ა.შ. შემოთავაზებული სინამდვილისათვის უადგილო, წარმოუდგენელი და მიუღებელია. ანუ ის თვისებები, რასაც ყველა კეთილგონიერი მშობელი ცდილობს გამოუმუშაოს შვილს აქ უარყოფილია. ახალი შაბლონის - ჰარი პოტერის ყველა მოქმედება მხოლოდ ურჩობითაა გაჯერებული. იგი ყოველთვის აკეთებს იმას, რაც „არ შეიძლება!“ მაგლების სამყაროშიც და ჯადოქრობის შემსწავლელ სინამდვილეშიც. მიღწეული და წახალისებული შედეგით კი მწერალი მოზარდს უქმნის ილუზიას, რომ სწორედ ეს გზაა გამარჯვებისაკენ მიმყვანებელი.

ქრისტიანული სამყაროს მიმართ ოკულტისტებისა და წარმართების ამ სერიოზულ რევანშს შეუძლებელია, ამ წიგნში მოტანილი ყველა ასპექტის მხილების ამომწურავი პასუხი დაახვედრო. თავად სიტყვა ოკულტიზმი ნაწარმოებია ლათინური სიტყვიდან ოცცულტუს და აღნიშნავს საიდუმლოს, დაფარულს. ეს არის სწავლება, რომელიც აღიარებს ადამიანისა და უხილავი, ბნელი ძალების კავშირს. ის მიუღწეველი რჩება საერთო ადამიანური გამოცდილებისათვის და მას ფლობს ადამიანთა ის ნაწილი, რომლებმაც გაიარეს განსაკუთრებული განდობა და ფსიქოლოგიური წრთვნა.

ცნობილია, რომ თავად განდობის რიტუალი ფსიქოლოგიურ ელდას, შერყევას, სიკვდილის განცდას და „ხელახალ შობას“ უკავშირდება, მიიჩნევა, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი ხედვის ახალი საფეხურის და სამყაროს ახლებურად აღქმის, ადამიანის დაფარულ ძალებში საიდუმლო ცოდნის შეღწევა, ბუნებასა და ადამიანებზე ზემოქმედების მოპოვება, არადა ქრისტიანული მსოფლხედვის შუქზე სრულიად ნათელია რომ მთლიანად ეს სწავლება სულის წარწყმედის უტყუარი გზაა და წმიდა მამათა მიერ საუკუნეების მანძილზე არაერთხელაა მხილებული.

ოკულტიზმის როლი და ზეგავლენის მასშტაბები საუკუნეების მანძილზე ხან იზრდება და ხან სუსტდება. იგი სხვადასხვა ეტაპზე რთულ ურთიერთობაში შედის კულტურასთან, მეცნიერებასთან, ფილოსოფიასთან, ხელოვნებასა და რელიგიასთან.

პირველივე საუკუნეებიდანვე ხდება დიდი ქრისტიანი მამების მიერ ოკულტიზმის მხილება და სულის ცხონების მოსურნეთა გაფრთხილება ამ საცდურის მიმართ.

შეიმჩნევა, რომ ოკულტური სინამდვილისთვის ნიშანდობლივი უძირითადესი პრინციპები გათვალისწინებულია პოტერის ავტორის მიერ. მთავარი პერსონაჟის ჰარის ცხოვრებაში განხორციელებული ფსიქოლოგიური ელდა, შერყევა, სიკვდილის განცდა და „ხელახალ შობა“ ჩვილზე თავად ეშმაკთ მთავრის მიერ თავდასხმით და ელვის ნაიარევის მიყენებით განხორციელდება, რასაც ავტორი არ აღწერს და საიდუმლოდ ტოვებს, მაგრამ შემდეგ როულინგი ცდილობს საყვარელ მოქმედ პირთან ჰოგვორტსის კედლებში განვითარებული საშინელებებიდან თავდაღწევის თანაგანცდით მკითხველისათვის სტრესების, ელდის მიყენების ეფექტების გარდა ჯადოქრული მეთოდებით გამარჯვების სიხარულსაც მიაღწიოს. შედეგად თანამედროვე ბავშვებში ჯადოქრებად ჩამოყალიბების ძლიერი იდეალი უკვე ჩამოყალიბებულ სახეს იღებს.

მაგრამ მოვალეობად მივიჩნევთ, რომ ყველას შევახსენოთ ადამიანის მტერთან გარიგებაში ყოფნას მეტად ხანმოკლე კეთილდღეობის მოტანა ძალუძს, საზღაური კი საკუთარი უკვდავი სულისა და თავად ამ ადამიანისთვის უძვირფასესი დასაყრდენების განწირულ სამიზნეებად დაყენებაა.

ძველ აღთქმაში ჯადოქრების მიმართ უსაშინლესი სასჯელები იყო დაწესებული, ხოლო ახალ აღთქმაში ბრძოლა უკვე გადატანილია არა თავად ადამიანის მიმართ, არამედ თავად იმ უხილავი, ბოროტი ძალის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს მოკვდავი არსების ხილული სხეულით.

ერთი თანამედროვე მოძღვარი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც ხელმძღვანელობს ოკულტიზმითა და ტოტალიტარული სექტებით დაზიანებულ ადამიანთა სარეაბილიტაციო ცენტრს, შემდეგ შეფასებას გვთავაზობს: „მიმაჩნია, რომ ჯოან როულინგის წიგნების გამოსვლა არამარტო უზნეობაა - არამედ ეს გენოციდს უახლოვდება. თავისუფალი გატაცება ჯადოქრობით, ოკულტიზმითა და ქრისტიანისათვის მიუღებელი გატაცებებით კარგს ვერაფერს მოგვიტანს. საუბედუროდ მე დამიგროვდა დიდი და სამწუხარო გამოცდილება იმ ბავშვებთან ურთიერთობისა, რომლებმაც გაუაზრებლად აიტაცეს ჰელოუნის აღნიშვნა. ასეთი დღესასწაულების შემდეგ ისინი იღებენ ფსიქოლოგიურ სტრესებს და ნევროლოგიურ სტაციონარებში ხვდებიან. ჩემთვის, როგორც ექიმისთვის განსაკუთრებულად ცხადია ამგვარი გატაცებების დამღუპველობა. ჩვენთან შემოდის „პოტერომანიის“ ტალღა და იგი სრული უეჭველობით დიდ ზიანს მოუტანს მოზარდ თაობას. მანიას მოსდევს ახალი ფსიქოლოგიური მოშლილობები და ეს უბედურების მხოლოდ ნაწილია.“

„დიდაქედ“ წოდებული თორმეტი მოციქულის მოძღვრება საცნაურს ხდის ყოველი ადამიანის საბედისწერო არჩევნის არსს: „გზა არის ორი: ერთი სიცოცხლისა და ერთი სიკვდილისა. ამ ორ გზას შორის დიდი სხვაობაა.“ რაც არ უნდა ძნელი სათქმელი უნდა იყოს ამ წიგნის ავტორი თამაშობს მოზარდის ჯერ განუმტკიცებელ ნებაზე და ცდილობს ბავშვები სიკვდილის გზაზე შეაყენოს. გაფრთხილდით, თქვენი შვილები სერიოზული საფრთხის წინაშე დგანან!

უწმიდესისა და უნეტარესის ილია II 2004 წლის საშობაო ეპისტოლის ქვემოთმოტანილი ნაწილი თითქოსდა საგანგებოდ ესადაგება ჩვენს წინაშე გაჩენილ განსაცდელს: „-შენ უნდა იყო იქ, სადაც უფალია, სადაც მეუფებს რწმენა, სასოება და სიყვარული. შენ უნდა იყო იმ წიაღში, სადაც ანგელოზთა და წმიდანთა დასია, რადგან გამოსყიდული ხარ მაცხოვრის სისხლით და არა გაქვს უფლება, არად ჩააგდო უფლის თავგანწირვა შენთვის.“

ნანა ბოკუჩავა

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 47-51, 2003 წ. № 1, 5, 2004 წ.